თავი XLIV
საღამომდე იხეტიალა არსაკიძემ ჭალებში. მზეზე დამწვარი, ქარცემული დაბრუნდა მცხეთაში საღამოსას. უამრავი ყაყაჩო და ხორბლის თავთავი მოიტანა თან.
ისევ დაიწყო წვიმა.
ჯერ ოდნავ, ოდნავ ჟინჟღლავდა, ბოლოს ცამ დაიქუხა, ელვის ლეკურებმა მწვერვალებს თავზე გადაამსხვრია. სეტყვამ უმოწყალოდ შემუსრა ყვავილები და ხეხილი.
მოუსვენრად დაწრიალებდა არსაკიძე. დაფეთებული ნონაი უკან დასდევდა. მას უკვირდა, როგორ ძლებსო უსმელ-უჭმელი ბატონი?
როცა მხევალმა დარბაზში ჭაღების ანთება დაიწყო, არსაკიძემ დაითხოვა: "წინა ღამის უძინარი ვარ, ნუ აანთებო ჭაღებს". თავის ოთახში გაგზავნა მხევალი, თავად კი პირქვე დაემხო ტახტზე. ის უსმენდა წვიმის შხაპუნს და ფიქრობდა, ამ წვიმაში თუ მოვაო შორენა?
მოვიდოდა? რა ეთქვა მას თავად?
ერთ სასწორზე ორი უძვირფასესი ქმნილება დაჰკიდეს.
ეს საღამო გამოარკვევდა, რომელი მათგანი გადასწონიდა:
სვეტიცხოველი თუ შორენა?
ორივენი ერთსა და იმავეს მოითხოვდნენ მისგან: სიცოცხლეს.
განა მარტო სიცოცხლეს მოითხოვდა ქალი? ის ვაჟკაცური სიტყვის გატეხას, პატიოსნების და ოსტატობის უძვირფასეს ნაყოფს მოითხოვდა.
მხოლოდ ახლა ეკითხებოდა იდუმალ თავის თავს:
ხომ არ ეწადა, წვიმას არ გადაეღო, შორენა არ მოსულიყო, არ მოსულიყო არც დღეს, არც ხვალ და არც არასოდეს, არც არაფერი ეთქვა მისთვის იმ "მეორე გზის გამო"?
არსაკიძე ხედავდა, რომ ეს გზა ისევე უიმედო იყო, როგორც ყოველი სხვა გზა შორენას წინაშე.
ვთქვათ, არსაკიძე ნებას დაჰყოლოდა, არც ისე იოლი იქნებოდა მცხეთიდან გაპარვა.
ფხოვში დაწყებული მოძრაობა ზვიადის მზვერავებს არ გამოეპარებოდათ.
მეფე გიორგის უთუოდ მიჩენილი ეყოლებოდა ერისთავის ქალისთვის მზირები.
დღისით ვინ გაუშვებდა ორ ცხენოსანს მცხეთიდან? როგორც კი საღამო დადგებოდა, ციხეების კარები იკეტებოდა.
მას მცხეთაში განაგონი ამბავი მოაგონდა: გადაცმული მამამზე ერისთავის შეპყრობა.
არსაკიძემ ისიც იცოდა, რომ ფხოველებს შორისაც არ იყო თანხმობა: მუროჩი ქალუნდაური და უშიშა ღუდუშაური ერთმანეთს ებრძოდნენ იდუმალ.
თალაგვა კოლონკელიძეს დროებით უჭერდნენ ხევისბერები მხარს.
დაამარცხებდნენ ზვიადის ლაშქარს? მეორე დღესვე თავს წასჭრიდნენ თვალდამწვარ ერისთავს, რადგან გიორგი მეფისადმი სიძულვილი აერთიანებდა ხევისბერებსა და ხევისთავებს მასთან.
მონასტერში აუცილებლად არეულობა იქნებოდა, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებდნენ თუ დამარცხდებოდნენ. ორივე შემთხვევაში შორენას გარდაუვალი სიკვდილი ელოდა.
ამ ფიქრებში ჩაფლულს ძაღლის ყეფა მოესმა.
წამოხტა და კიბეზე ჩაირბინა.
ერისთავის ასულს, შორენას, სანადირო ტყავის კაბა ეცვა, კვერნის ბეწვისგან შეკერილი. ტარსიკონის წაღებიც დასველებოდა წვიმაში. ის სრულიად გაფითრებული შემოვიდა დარბაზში.
გაიხადა ტყავის კაბა, ქუდი მოიხადა.
ხატაური შავი აბრეშუმის სამოსზე გადმოეყარა გახურებული, ოქროსფერი თმა.
მოწყენილი ჩანდა. მისი გულწრფელი და ნათელი თვალები სრულიად უმანკო ბუნებას ამჟღავნებდა.
მისი პირი გონების წამღები იყო, ბროწეულის ყვავილისფერი. ოდნავ გაბუტული ზედა ტუჩი საყვარლად ამობურცვოდა, როგორც გულნატკენი ბავშვის ბაგე.
წვიმის წვეთები მიშხეფებოდა ლოყებზე, მაგრამ ამ მშვენიერი სახის მნახველი როგორ იფიქრებდა ოდესმე, რომ თვალმშვენიერ შორენას ცრემლები დასცემოდა, ან ეს ლოყები, ძველებური სპილოს ძვლის ფერისანი, ცრემლებით დასველებულიყო?
და რა საშინელი იყო არსაკიძისთვის მხოლოდ იმის წარმოდგენა, რომ ეს სანატრელი, ძვირფასი არსება ბედს უღვთოდ გაეწირა.
ისიც იყო, რომ ეს განწირულება არსაკიძის თვალში მას კიდევ უფრო მეტად ანათებდა, რადგან კონსტანტინეს ბუნებით ყოველივე განწირული უყვარდა.
არსაკიძე მიუახლოვდა, შუბლზე აკოცა, მეორე მხარზე მარჯვენა ხელი შემოხვია, მაგრად მიიკრა და ლოყაზე აკოცა. მისი სხეული ჰარილესავით რბილი იყო, მისი სუნთქვა კი ისეთი, როგორც ზაფხულის ჰაერი ვენახებში, როცა ფშატი ყვავის ვაზებსა და ყაყაჩოებს შორის.
„რა ძლიერი ყოფილხარ, უტა!“ – ეუბნება შორენა.
„ძლიერი მანამდე ვიყავი, სანამ შენი სიყვარული მათრობდა, საყვარელო“ – ამის თქმა უნდოდა ვაჟს, მაგრამ არაფერი უთხრა, რადგან იცოდა, რომ ქალებს უძლურება არ უყვართ.
„თუმცა რა, შენ ხომ მოქანდაკე ხარ, უტა, სხვას ვის უნდა ჰქონდეს უფრო ძლიერი მკლავი, ვიდრე მოქანდაკეს, ქვასთან მებრძოლს!“
„კარგი იქნება, ჩემო, უძლიერესი მკლავი მართლაც ხელოვანისათვის მიეცა ბედისწერას, მაგრამ ჩვენზე უფრო ძლიერი მკლავები, სამწუხაროდ, სხვებს ასხია მხრებზე“.
ქალს შავი ხატაური ფარჩის სამოსი მოუწონა.
„ვინძლო ხარაჩოდან ჩამოვვარდე, ჩემო, ან მორიელებმა დამგესლონ ამ უბედურ სახლში, მაშინ ამ შავი კაბით მოდი, ეს დალალები დაიშალე თავთუხის თავთავების ფერისა და ასე მიტირე, იცოდე“.
„რა მორიელები? რას ამბობ, უტა?“
„არაფერია, ეს ვიხუმრე მხოლოდ – რატისეულ სასახლეში მორიელებს რა უნდა?!“ – ეს უთხრა და ქალი დაამშვიდა.
შემდეგ ხელახლა შემოხვია მხარზე მარჯვენა ხელი, ახლა უფრო ნაზად, ტახტთან მიიყვანა და დასვა. აიღო ყაყაჩოებისა და თავთუხის თავთავების კონა, ფეხქვეშ დაუყარა საყვარელ ქალს და სიზმარი უამბო.
ისიც უთხრა: როგორც კი სვეტიცხოველს დავასრულებ, ის სიზმარი აუცილებლად უნდა დავხატოო.
„მე ვეღარ ვნახავ, სამწუხაროდ, იმ სურათს!“ – მშვიდად, ნაღვლიანად ამბობს შორენა.
ახლა ხარაჩოების გამო აწრიალდა ქალი:
„რას დაძვრები ამ საშინელ ხარაჩოებზე, უტა, ერთხელ ძლივს გადარჩი სიკვდილს, ხომ დაასრულე ტაძარი, არა?“
მცირე ხნის შემდეგ დასძინა:
„მეფე გიორგი და მელქისედეკ კათალიკოსი ისეთი გულბოროტი ადამიანები არიან, სულ ერთია, მაინც არ დაგიფასებენ შრომას“.
„განა მეფისა და კათალიკოსის წყალობის მოლოდინში შევალიე სვეტიცხოველს მთელი ჩემი ძალა?
მე ჩემი ხელოვნება სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდა, ჩემო, ამიტომაც თავი განწირული მაქვს“.
„მაშ შენ სიცოცხლე ქვაზე ნაკლებად გყვარებია, უტა?“
„განა ქვაა სვეტიცხოველი, ჩემო? ის ახლა ქვა იყო და გახდა. ის უფრო უკვდავია, ვიდრე ასიათასი მოკვდავი ადამიანის სული“.
„მაინც სვეტიცხოველი გირჩევნია შენ ყველაფერს, უტა“.
არსაკიძემ იგრძნო, რომ ქალი ამ ტაძრის მიმართ ეჭვიანობდა.
ახლა ორივე მკლავი მაგრად შემოხვია ტანზე, მაგრად მიიკრა მკერდზე, კისერზე აკოცა სწორედ იქ, სადაც მანიაკის მარგალიტები კოცნიდნენ ყოველდღე შორენას.
ჩურჩულით ეკითხება:
„თუ გიყვარვარ, ჩემო?“
კოლონკელიძის ქალმა თავისი ზღვისფერი თვალები შეავლო ბავშვობის მეგობარს. ვაჟი შეეცადა ამ კითხვის პასუხი ამოეკითხა მათში, მაგრამ ისე დაბინდული ეჩვენა ეს თვალები, როგორც ნაავდრალი ზღვა.
თავი ჩაჰქინდრა არსაკიძემ. ქალი უსიტყვოდ მიუხვდა მისი მოწყენის მიზეზს, თავზე ხელი გადაუსვა ვაჟს.
შეკრთა არსაკიძე, მეხის ნაპერწკალივით დაუარა სხეულში ამ ხელისგან გამოწვეულმა ჟრუანტელმა. ისევ თვალებში ჩაჰხედა შორენას და ეუბნება:
„მე არ ვარ ღირსი, რომ ვინმეს ვუყვარდე, ჩემო. შენ მართალი ხარ, მე მეძავ ქალებს დავურიგე შენდამი სიყვარული. გაძარცვული დაგიბრუნდი სხვა ქვეყნიდან. სამშობლოშიც მფლანგველი დავრჩი, ამიტომაც ბედმა უსასტიკესად დამსაჯა.
მფლანგველებს ასეთი ბედი ეწვევა მუდამ. სხვის საგანძურთა ქურდები საკუთარსაც ვერ შეინარჩუნებენ.
ბედისწერას ასე დაუდგენია ჩემთვის: თავად მიყვარდეს, მაგრამ სანაცვლოს არასოდეს ვეღირსო.
შენ რომ კარგად მყავდე, შენი ცხოვრება დაწყობილი მეგულებოდეს, ალბათ მეყოფოდა სულგრძელობა და ამასაც შევეგუებოდი, მაგრამ შენ საფრთხეში ხარ და ამიტომაც მომეძალა შენდამი სიყვარული, ჩემო“.
ქალი აილეწა.
„უჩემოდ ვინ გაგაცნო ჩემი საიდუმლო, უტა? ვარდისახარი რომ არ ყოფილა შენთან?“
ვაჟმა დაამშვიდა შეშფოთებული ქალი: „თვალით არ მინახავსო, რა ხანია, ვარდისახარი“.
„ხომ გახსოვს, თქვენთან რომ ვიყავი იმ საღამოს, ხათუთაის, მხევალს, დასძინებოდა, ამიტომაც უნებლიედ მოვისმინე, რაც ხევისბერებს შენ უთხარი, ჩემო“.
შორენამ თავი ჩაჰქინდრა, შემდეგ თვალი გაუსწორა კონსტანტინეს:
„მე ამისთვის არ მოვსულვარ, უტა, არც რაიმე მსხვერპლს მოვითხოვ შენგან. უთქმელადაც ვიცი, შენ ვერც შეძლებ ამას. მეც უანგარო ვარ ჩემს გრძნობაში მუდამ. ჯერ არავინ მყვარებია ამქვეყნად იმისთვის, რომ სანაცვლო მოეზღო ვინმესთვის.
პირდაპირ გითხრა? ისიც კარგად მესმის – შენსა და ჩემს შორის რა მაღალი კედელი აღუმართავს ბედს. შენი სვეტიცხოველის სიმაღლე ქვის კედელი, უტა“.
„მე ასე მგონია, ჩემო, შენმა სიცოცხლემ რომ ეს მოითხოვოს, მე საკუთარს იოლად დავთმობ, იცოდე“.
ქალმა შეხედა, არსაკიძემ უსიტყვოდ შეატყო: ქალმა დაიჯერა ეს. „შენმა ბედნიერებამ თუ მოითხოვა, სვეტიცხოველსაც გავწირავდი, ალბათ“. ეს „ალბათ“ გულზე მოხვდა ქალს, ხოლო ამ სიტყვების მთქმელს გულის კუნჭულში, სადღაც გაუელვა აზრმა: ეს ვერ არისო სრულიად სწორი.
შორენას თვალებშიც იგივე ამოიკითხა ვაჟმა.
„...მაგრამ უმთავრესი მაინც ისაა, – სწრაფად დაამატა უკვე ნათქვამს. – ადამიანებს ასე ჰგონიათ, როცა ერთ უსამართლობას მეორეთი ცვლიან, მდგომარეობის შეცვლა მოუტანდეს თითქოს მათ შვებას.
მე არც გიორგი მეფის ქება-დიდების მთქმელი ვარ, არც მელქისედეკ კათალიკოსის მგალობელი. მაგრამ არ მგონია, შვიდმა ხევისბერმა უფრო სწორი კანონები შექმნას ახლა, ვიდრე თუნდაც ერთმა გულბოროტმა მეფემ.
ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობას, რომელიც ჩემს ხალხს ხვდა წილად და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას თავად დაუმყარებია. – ამიტომაც ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქანდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს.
ყოველი კაცისათვის სანატრელი წყობა ჯერაც არსად დამყარებულა, ჩემო.
თქვენს ხევისბერებს ჯერაც ცხვრის სუნი უდით და შენ ხომ იცი, ფარას თუ ყოჩი არ წარუძღვანე, სულელი ცხვარი კლდეზე გადაცვივა.
შენი სიტყვები მკაფიოდ მესმოდა ღია კარიდან. ჩემისთანანი თუნდაც ათასიც წამოგეხმარონ და ვაჯობოთ კიდევაც ზვიადის ლაშქარს, მეორე დღესვე იგივე დატრიალდება ფხოვში, რაც კვეტარის ციხეში მოხდა იმ ღამეს.
ერისთავი უსინათლოა, შენ ქალი ხარ, ხევისბერები და ხევისთავები ერთმანეთს დაერევიან, ამასობაში გზებიც გაიხსნება, ზვიადის ლაშქარი მოვა ხელახლა, დიდსა და მცირეს გაჟუჟავენ, იცოდე“.
ორივე იდაყვი მუხლზე დაებჯინა, ხელისგულები სახეზე შემოედგა. ქალი ბავშვივით უსმენდა არსაკიძეს. შემდეგ წამოდგა, აუღელვებლად, მშვიდად ეუბნება ვაჟს:
„შენ ხომ იცი, უტა, ხანდახან გონებაა დახშული, ხანაც გულის კარია ღია. შენი ნათქვამი სწორი იყოს იქნებ, მაგრამ მათთვის ჩემი გული დახურულია.
მე სიტყვა მივეცი ხევისბერებს უკვე, წყაროს თვალის წმინდა გიორგის დღეობაზე ფხოვში ვიქნები და იქ დაველოდები-მეთქი ზვიადის ლაშქარსა და სიკვდილს.
მე არ მოვსულვარ შენთან, რათა რაიმე თანადგომა გთხოვო. დიდი ხანია, რაც ჩვენი გზები გაჰყარა ცხოვრებამ. არც მე მაქვს უფლება შენგან მოვითხოვო თავდადება, რადგან არც მე გამიწირავს შენთვის ყველაფერი.
მე რომ ჭიაბერის საცოლე არ გავმხდარიყავი, გონს მოსვლა დამეცლია შენთვის, მეცადა, ვიდრე შემთხვევით, შენც გაიგებდი, რომ არა ხარ ჩემი ძუძუმტე, მაშინ უფლება მექნებოდა შენთვის მეთქვა: ადექი, გავიპაროთ მცხეთიდან და ჩავუდგეთ-მეთქი სათავეში ფხოველთა ამბოხს.
მეც იგივე მომიზღო ბედისწერამ, არც მე შემძლებია ყველაფერი გამეწირა სიყვარულისათვის, და ამიტომაც მეც შენსავით დავისაჯე, უტა:
ისიც იცოდე, არავინ ისე არ ისჯება ამ ქვეყანაზე, როგორც ის, ვინც ყველაფერს არ შესწირავს თავის სიყვარულს.
ასეთები მუდამ მარტოკანი დარჩებიან ამ ქვეყანაზე და არავინ ისე საცოდავი არაა, როგორც მარტოსული, უტა“.
ამ სიტყვებმა გააოცა არსაკიძე.
არსაკიძე წამოდგა და ისევ შეხედა შორენას. ქალი კი არა, თითქოს ღმერთი ლაპარაკობდა მისი მშვენიერი, ბროწეულის ყვავილივით წითელი, ბავშვური ტუჩებიდან.
შემდეგ ერთმანეთს მოეხვივნენ და დიდხანს კოცნიდნენ. ისინი კოცნიდნენ იმისთვის, რომ გაეხსენებინათ კვეტარში გატარებული ახალგაზრდობა, დაკარგული ბედნიერება, უსიყვარულოდ გატარებული წლები და სხვისთვის გაფლანგული ტანჯვა. მერე ისევ მოესმათ საყვირის ხმები მუხნარის ციხიდან. შორენამ უთხრა:
„ახლა უკვე გვიანია, უტა.“
ისინი ისევ გადავიდნენ ბაღში, განცალკევებით გაუყვნენ ბნელ ქუჩებს. როცა ხურსისეული სასახლის ჭიშკართან მივიდნენ, შორენამ კონსტანტინეს უთხრა:
„წასვლის წინა დღეს კიდევ გნახავ, უტა.“
როცა არსაკიძე შინ დაბრუნდა და ჭაღები ჩააქრო, გაახსენდა, რომ მღამიობების (ღამურების) გაგდება დაავიწყდა.
ის მოუსვენრად ტრიალებდა საწოლში. ღამურები წრიპინებდნენ, კუთხეებში რაღაც ფაჩუნობდა.
ძილი არ ეკარებოდა. გვერდს იცვლიდა, ხანაც ბალიშს. პირქვე იწვა სიბნელეში და ნატრობდა:
„სად დაიკარგნენ ის წყეულები? გამოძვრნენ ბნელი ნაპრალებიდან და დამგესლონ ცეცხლისფერმა მორიელებმა, ბარემ.“
– XLV –
მეორე დილით, ჯერ კიდევ ნასვამზე, ირმის ბღავილმა გამოაღვიძა მეფე. მესაწოლემ (მეფის მსახურმა) დრო იხელთა და ახალი ამბავი ამცნო.