თავი XL
. გაუშვა მოხუცი. ამ თავში მოთხრობილია, თუ როგორ დასაჯა მეფემ „შანდლის ქურდი“. გირშელი მართლაც ვერ ადგა ორ კვირას, უმისოდ ძალიან მოეწყინა გიორგის. აღარც ნადირობები იმართებოდა, არც ნადიმები. შავარდნები და მიმინოები ხარიხებზე ამთქნარებდნენ. დაცალებული ავაზა დღედაღამ ბრდღვინავდა, „ჰურრაჰხ, ჰურრაჰხ“ იძახდა გაავებული, ფარშავანგები უხეშად ჩხაოდნენ სასახლის ბაღში, საჩიხეში ბღაოდა ნებიერა, ნატრობდა ფხოვის მთებსა და მჟავე წალს. გიორგი ადგებოდა ხოლმე, წავიდოდა, თვითონ ნახავდა, რომელი ირემი ბღავისო ასე საწყალობლად? როცა გაიგებდა, რომელი იყო, უკვირდა: როგორ დამსგავსებიაო შვილი დედას, ირმების ჯოგშიც. და ახსენდებოდა კოლონკელიძისეული ფურირემი, რომელმაც ტყვეობაში თავისუფალი სიკვდილი არჩია სიცოცხლეს. ხანგრძლივი წვიმები დაიწყო, სრულიად უჩვეულო ამ დროს მცხეთაში. მარიამ დედოფალი უფლისციხეში ჩამოვიდა აფხაზეთიდან, მელქისედეკმა წერილი მოიწერა, ბიზანტიელი სტუმრები მომყავს, ერთი თვის შემდეგ ვიქნებიო მცხეთაში. სტუმრები სასახლიდან წავიდნენ, მეძავი ქალებიც გაიკრიფნენ მცხეთიდან. ცოქალამ, ანუ „თევზისფერმა ძროხამ“, ნოკორნას წაიყვანა ნათია, საფირონისთვალებიანი ქალწული, რათა ჯაჭვით დაბმული წმ. გიორგის შვილიანად გაჰყოლოდა ახალ სამფლობელოში. დაჩიმ და რუსუდანმა ცხვილოსციხეს მიაშურეს, რადგან ცოქალას დედოფლის ეშინოდა, ხოლო „ულვაშიან“ რუსუდანს კათალიკოს მელქისედეკისა. დღისით დაუცხრომლად წვიმდა. ღამე ოდნავ გადაიდარებდა. ციხის ჩარდახზე ადიოდნენ მეფე და ფარსმანი, უთვალთვალებდნენ მთვარეს, რადგან ურჩხულის მსგავსი არმური გარს ეხვეოდა მნათობს, ფარსმანის სამთვარიოც ცუდ ამბებს იუწყებოდა. ეზოსმოძღვარის სვირინგებიც ვერ იძლეოდნენ სანუგეშო ნიშანს. გიორგი დიახაც ნატრობდა, კეთრი აღმოაჩნდესო ეგებ, მაგრამ რაკი ეს სვირინგები ოდნავ გაშავდნენ, უკვე შიშმა აიტანა უშიშარი გიორგი. თურმანიძე არტანუჯს წასულიყო, ამიტომაც საღამოსთვის ახმობინა ფარსმანი. შაბათს მთელი დღე შინ იჯდა გიორგი, ხან ფსალმუნს კითხულობდა, ხან თრიაქს ეწეოდა, ხანაც ფარსმანის ახალ სამთვარიოს ფურცლავდა, უგუნებოდ იყო, ავაზისაგან გირშელის დაკბენაც ოდნავ ქენჯნიდა. სადილის შემდეგ წვიმამ გადაიღო, მელანქოლიამ წამოუარა, ისევ მოენატრა ველებზე ხეტიალი, ისევ მოუნდა წრის გარშემო ტრიალი, მალემსრბოლი უშიშარაისძე ახმობინა, პიპა. ასე შეუთვალა ფარსმანს: „ეზოსმოძღვარი ინახულე და მოდიო ახლავე, მამცნე, რა სჭირსო ხუცესს?“ თვითონ მალემსრბოლს უბრძანა: „ორი ცხენი მზად გყავდეს საღამოსთვის, საფურცლესკენ გავისეირნოთო მე და შენ ორნი“. როცა ფარსმანი საწოლის დარბაზში შევიდა, მეფე თვალდახუჭული იწვა პირაღმა, ხელები მკერდზე დაეკრიფა, ნატანჯი სახე ჰქონდა, ალაგ-ალაგ დანაოჭებული. ჭაღარაც მეტად მოუჩანდა გაბურძგვნილ თმიდან. სასთუმალთან ორი ვერცხლის შანდალი იდგა. ცვილის სანთლები ლიცლიცებდნენ, ცვილისფერი დასდებოდა სახეზე მეფეს. ტაბლაზე ნარგილე იდგა, თრიაქის სუნი დაკმეულიყო დარბაზში. მეფემ თვალი გაახილა, ფარსმანს ახედა და ამ წუთში შემოესმა დაცალებული ავაზის: „ჰურრაჰხ, ჰურრაჰხ“... უშიშარაისძეს უბრძანა: „სელი მოართვიო სტუმარს“. „ინახულე ეზოსმოძღვარი?“ – ეკითხება ფარსმანს, ხვნეშით ქვე დამჯდარს. „ვინახულე ავადმყოფი, მეფევ ბატონო“. „იცოდე, დღეს მაინც მხოლოდ მართალი უნდა მითხრა, ფარსმან“. „განა ოდესმე ტყუილი მომიხსენებია, მეფევ ბატონო, შენთვის?“ „მხოლოდ სულელები ეუბნებიან მართალს, ჩემო ფარსმან, მეფეს“. „ეგეც სწორია, მეფევ ბატონო, მაგრამ ერთი დღე მაინც უნდა გამოურიოს მართლის თქმისა კაცმა“. „მაშ ეს საღამო იყოს ასეთი“. მეფემ გაიცინა და ფარსმანს ძალიან ესიამოვნა. „როგორ გგონია, კეთრი ხომ არ სჭირს ხუცესს?“ „არა, ბატონო, არ უნდა იყოს კეთრი“. „ან ჟამი იყოს ეგების?“ „არა მგონია, ჟამის ნიშანი რომ იყოს ეგ სვირინგები“. „მაშ შენ მარწმუნებ, ამ საღამოს მხოლოდ სიმართლის სათქმელად ხარ მოსული, ფარსმან?“
„მეფევ ბატონო, ჩემი მოხუცი სხეული ყოველთვის მხოლოდ სიმართლის სათქმელად მემსახურება.“
„რა გითხრა ახლა, ფარსმან!“
„ის მითხარი, რაც გინდა, მეფევ ბატონო.“
„მაშ სად იყავი ამდენ ხანს? დილიდანვე სულ სიმართლეს ეუბნებოდი ქვეყანას, არა?“
„გუდამაყრისკენ, ღამით მიმავალ თევზებს ვითვლიდი.“
„რამდენმა აიარა ამ საღამოს ზევით?“
„იმდენმა, რამდენი სიტყვაც მაქვს შენთვის სათქმელი, მეფევ ბატონო, მართალი.“
„მაინც რამდენი იქნება ისინი?“
„რამდენი კითხვაც ექნება ჩემს პატრონს ჩემთვის.“
„ამ თევზებივით ხომ არ გაქრება მერე ის სიტყვები, ბერიკაცო?“
„არა, ჩემი სიტყვები ნელა დაიწყებენ მოქმედებას სიჩუმეში, სრულიად ნელა ჩასწვდებიან მსმენელს და ისე გვიან მიწვდებიან გულს, როგორც ნარგილეს მილში გატარებული თრიაქის კვამლი; გვიან მიაღწევენ მსმენელის გულამდე და გვიან, გვიან გამოავლენენ თავიანთ ზემოქმედებას.“
მეფემ თავი ასწია, ორივე შანდალი თვალით ანიშნა და სტუმარს უთხრა:
„მე ხშირად ჩამეძინა შენი ჯადოსნური საუბრის დროს, ფარსმან. თუ ახლაც მომეკიდა ძილი, მაშინ ადექი, აიღე ეს შანდლები. როგორც კი მცირე დარბაზს გასცდები, მსახურები დაგიხვდებიან ტალანში. დღეს მითხრეს, რომ სასახლეში ალყა და ქონი გამოლეულა. მიუტანე ეს შანდლები მათ.
უბრძანე: არ გამაღვიძონ, სანამ მალემსრბოლი, პიპა, არ მოვა.“
ეს უთხრა და მეფე დადუმდა.
მცირე ხნის შემდეგ ბერიკაცს უთხრა:
„სიტყვისა და თრიაქის მსგავსება კარგად გამოხატე ცოტა ხნის წინ. ახლა ისიც მითხარი, რითი არ ჰგავს კაცის სიტყვა ბანგს?“
„რითი არ ჰგავს კაცის სიტყვა ბანგს?“ გაიმეორა ფარსმანმა.
„მხოლოდ იმას ათრობს თრიაქი, ვისაც ასმევენ ხოლმე, მაგრამ სიტყვას ერთს ეტყვი ხშირად და ათასებს ეძგერება, როგორც ირიბად გასროლილი ქვა.“
„ქვაო? ვის გაუგია ირიბად გასროლილი ქვა?“
„ჩემს ბავშვობაში ერთხელ ცარიელი კოკების მსხვრევა დამჩემდა. მე და ჩემი ტოლები საჯინიბოს კედლის გასწვრივ დავამწკრივებდით ცარიელ კოკებს. მერე მივადგებოდით და კედელს დავუშენდით ქვას. ნასროლი ქვები უკან ბრუნდებოდნენ და განუკითხავად ამსხვრევდნენ კოკებს.
განრისხებული აღმზრდელი მოგვისწრებდა, ჩვენ კი დავიფიცავდით: ცარიელი კოკებისთვის ქვები არ გვისვრიაო.“
მეფე დადუმდა, შემდეგ ამის შემდეგ ფარსმანს ჰკითხა:
„რატომ მეჩურჩულები ამ საღამოს, ფარსმან? მე ოდნავ მთვრალი ვარ, მართალია, თრიაქისგან, მაგრამ ასე ვფიქრობ, ჯერ შორსაა ძილი. გარდა ამისა, შენ ისე ბრძნულად მესაუბრები, შესაძლოა, დიდხანს არც დამეძინოს.“
„მე ერთი მწვრთნელი მყავდა, სიბრძნისმეტყველი, ქაიროში. აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალი-აშარი ერქვა სახელად იმ ბრძენს. თვითონ გიჟივით დადიოდა ამ ქვეყანაზე, სხვებს კი სიბრძნეს ურიგებდა.
ის ითვლებოდა იდუმალთა მცნობად და ჩურჩულის ოსტატად ალ-ჰაქიმის სასახლეში ოდესღაც.
სწორედ მან მასწავლა, მეფევ ბატონო, რომ დიდი ჭეშმარიტებები ჩურჩულით უნდა უთხრა დიდკაცებს ყურში, ხოლო ის, რაც დიდ ბაზრებში აზარტული თამაშის დროს უნდა წამოგცდეს, ისე უნდა იყვირო, როგორც წყლისა და თაფლის გამყიდველები ყვირიან ქაიროში, რათა ჯადოქრებმა და ჯამბაზებმა გაიგონონ, თაფლი და წყალი შეისყიდონო შენგან.“
„აბა ერთს გკითხავ და მალე მაინც პირდაპირ მიპასუხე.“
„მე არასოდეს არ ვლაპარაკობ პირდაპირ, რადგან ირიბად ნათქვამი უფრო პირდაპირ ჭრის, მეფევ ბატონო, ყოველთვის.
მე და ჩემს ტოლებს რომ პირდაპირ დაგვეშინა ცარიელი კოკებისთვის ქვები, აუცილებლად ცხვირ-პირს ჩაგვილეწავდა აღმზრდელი.
ათენში ერთი ღვთაების კერპი მდგარა თურმე. იმ ღვთაებასაც იდუმალთა მცნობად მიაჩნდათ ბერძნებს. ის არაფერს იტყოდა პირდაპირ, ყველაფერს ირიბად ამბობდა, ყოველთვის მხოლოდ ანიშნებდა.“
მეფემ დაამთქნარა, თვალი დახუჭა, ისევ ფარსმანს მიუბრუნდა:
„ახლა ეს მითხარი, როგორ მოგწონს ხუროთმოძღვარი არსაკიძე, ფარსმან.“
„არაფერი უჭირს, კარგი ვაჟია არსაკიძე, ლაზი, მაგრამ ის უკეთ ხატავს, ვიდრე აშენებს. მელქისედეკის მიერ მისი დანიშვნა მაინც ერთ უცნაურ ამბავს მახსენებს...“
„კათალიკოსს არ დაუნიშნავს იგი, მე თვითონ ავარჩიე არსაკიძე, ფარსმან.“
მოხუცი შეკრთა და დადუმდა.
სახლის ბაღში ხვადი ავაზა ღრიალებდა: „ჰურრახ, ჰურრახ“.
„ნუ გეშინია, ჩემო ფარსმან, რაც არ უნდა მითხრა ახლა, ამისთვის დღეს არ დაგსჯი.“
„მეფეებს ასე გჩვევიათ: თუ მართლის მთქმელი იმ დღეს დაინდეთ, სამი წლის შემდეგ სამჯერ აზღვევინებთ სიმართლისთვის.“
„არც სამი დღის და არც სამი წლის შემდეგაც... ვფიცავ.“
ფარსმანი ყოყმანობდა და გიორგიმ გაუღიმა.
„მაინც რას გახსენებს არსაკიძის დანიშვნა, ფარსმან?“
„ჯოჯოხეთში მღვდლები ეშმაკებს გაუწყვეტიათ და ყვავი დაუნიშნავსო თურმე მღვდლად ღმერთს.“
მეფემ გადაიხარხარა და ფარსმანი გამხნევდა.
„სვეტიცხოველი როგორ მოგწონს, ახლად აშენებული?“
„ახალი წიგნის შესახებ არაფერი ითქმის, სანამ ათასჯერ არ გადაწერენ მას სხვები. არც ახლად აშენებული ტაძრის შესახებ ითქმის ამაზე მეტი, სანამ ათასი წლის მიწისძვრები არ გამოსცდიან მის ნაგებობას.“
„შენ ისევ ირიბად და გაუგებრად ლაპარაკობ, ფარსმან.“
„მე მაინც ასე მგონია, მეფევ ბატონო, ახლაც, საუკეთესო წიგნი მაინც ის არის, რომელიც ჯერ არავის დაუწერია. რაც შეეხება ტაძრებიდან საუკეთესოს, ჯერ არ აშენებულა ასეთი დედამიწაზე.“
„ახლა ჩემი ვაზირების შესახებაც უნდა მითხრა ცოტა რამ, რომელი უფრო მოგწონს მათ შორის, ფარსმან?“
„მხოლოდ ის, რომელიც ერთ დღეს მაინც ეტყვის თავის პატრონს სიმართლეს.“
„მერე, რომელია ასეთი?“
„ვფიქრობ, შენს ვაზირებს ყველას სათითაოდ ეშინია შენი. ჩემზე უკეთ მოგეხსენება, მლიქვნელების რჩევები არც ერთ მეფეს არ გამოსდგომია ჯერ.“
მეფე თავქვე დაწვა, ხარხარებდა, ხელით იწმენდდა სიცილისგან გადმოღვრილ ცრემლს.
ფარსმანი უფრო და უფრო გამხნევდა.
„მეფეებს ერთი ასეთი უბედურება სჭირთ: მშიშრები რომ ვაზირებად არ გამოდგებიან, ეს ხომ ისე აშკარაა, როგორც არაგვის დაღმა დინება?“
„უეჭველად სწორია ეგეც.“
„მაშ თუ ეს სწორია, რა უნდა ქნას მეფემ? ჯერ არც ერთ მეფეს ჭკვიან ვაზირებს არ გაუხდიათ ბრძენი. თუ ისეთი ვაზირები გაიჩინა, რომლებსაც მეფის შიში აღარ ექნებათ, მაშინ ისინი თვითონ წაეპოტინებიან ტახტს!“
ესეც დაუდასტურა მეფემ.
ღიმილით ჰკითხა ისევ:
„კიდევ რა სენი სჭირთ მეფეებს, ფარსმან?“
ფარსმანი დადუმდა, ოდნავ შეყოყმანდა.
„მე უკვე მომეკიდა სადილის შემდეგ მოწეული თრიაქი. შენი სიტყვების ზეგავლენა ჯერ არსად ჩანს. შენ ხომ იცი, სიმთვრალეში ძალიან კეთილი რომ ვარ, ფარსმან?“
„შენ სიფხიზლეშიც კეთილი ბრძანდებით, მეფევ ბატონო, ყოველთვის.“
მეფემ ყური არ ათხოვა ბოლო სიტყვებს და განაგრძო:
„ერთხელ ვიღაც მთვრალმა უბრალო კაცმა ცხენი გამომიკლა მცხეთაში. მე გამიხარდა, თვითონ რომ გადავრჩი. გარდა ამისა, მთვრალი ვიყავი, უბრალო კაცის სამოსში გადაცმული, ამიტომ არაფერი ვუთხარი მთვრალს.“
„ეგეც გამიგია, მეფევ ბატონო.“
მიუგო ღიმილით ფარსმანმა.
„კიდევ რა თვისება სჭირთ მეფეებს, ეგეც მითხარი ბარემ.“
„ქედმაღლობა მეფეების უდიდესი უბედურებაა. მეფე ყოველ ქვეყანაში მარტოხელაა და ერთადერთი. ისიც ხომ ცხადია, მარტოსული არასოდეს იქნება მთელი.
რამდენადაც უფრო აღმატებულია მარტოსული, მან უფრო კარგად იცის, რომ ერთი კაცი თავის უდიდეს სიბრძნეშიც გიჟად ითვლება ყოველთვის.“
„მერე, მერე?“
ჰკითხა მეფემ და თრიაქისგან არეული თვალებით შეხედა ბერიკაცს.
„მერე მარტოსული მიმოიხედავს ხოლმე და რადგან თავის მსგავსს ვერავინ ნახავს სხვას, მას ხელიდან ეცლება კაცთა მოდგმის უძვირფასესი სამკაული – თავმდაბლობა.“
ორივე დადუმდა. სასახლის ბაღიდან ისევ მოისმა დაცალებული ავაზის „ჰურრახ, ჰურრახ“...
„ნამდვილი თავმდაბლობა, – განაგრძო ფარსმანმა, – არასოდეს აურიო მონისა და მლიქვნელის თავმდაბლობაში, არც იმ ღარიბის თავმოდრეკილებაში, რომელიც პატრონს ფეხსაცმლის თასმებს უკოცნის.
უდიდესი უბედურება მაშინ ეწვევა კაცს, როცა მას დაავიწყდება, რომ ყოველი ადამიანი უფლისწულია.
მეფეებსა და გიჟებს თვისებად სჭირთ ხოლმე, სხვაზე უფრო აღმატებულად ჩათვლიან თავიანთ თავს და ვინც მათ გაუტოლდება, აუცილებლად თავს წააცლიან, ხოლო ის, ვისაც უმცირესზედაც აღმატებულად თავი მოაქვს, სწორედ ის არის ქედმაღალი, მეფევ ბატონო.
მე რომ მესია გზაში შემხვდეს და მითხრას, სხვას ჯობიხარო, ასე მივუგებდი: შენ არ ყოფილხარ-მეთქი მესია.
მეფეები და ლომები მარტოობაში ხდებიან ამპარტავნები. ამპარტავნდებიან და მოიწყენენ, მარტოხელები იღუპებიან კიდევაც.“
ფარსმანმა კვლავ გაიგონა ხვადი ავაზას ღრიალი:
„ჰურრახ, ჰურრახ“
საღამო უკვე მოსწოლოდა დიდი დარბაზის სარკმელს, დახედა მეფის საწოლს.
თვალდახუჭული იწვა მეფე გიორგი. ცვილის სინათლისგან მოფენილი შუქი უსიცოცხლო სიყვითლეს აძლევდა მის სახეს. ის მძინარეს კი არ ჰგავდა, არამედ მიცვალებულს.
ჩასძინებიაო, გაიფიქრა ფარსმანმა.
ადგა, შანდლები თან წაიღო და ფეხაკრეფით, სულგანაბული გაიპარა.
მცირე დარბაზის ტალანამდეც არ იქნებოდა მისული, უშიშარაისძე შემოვიდა საწოლის დარბაზში.
მეფე წამოდგა და მალემსრბოლს უთხრა:
„ფარსმან სპარსმა ვერცხლის შანდლები მოიპარა. ერთი წამოეწიე, პიპა, და ორიოდე პანღური ამოჰკარი მაგ მოხუც ძაღლს.“
როცა გიორგი და პიპა სასახლის კიბეზე ჩამოდიოდნენ, ფარსმან სპარსი იქვე იჯდა. ის წამოდგა, მეფეს მიუახლოვდა და უთხრა:
„შენ ხომ დამპირდი, მეფევ ბატონო, რომ სიმართლის თქმისთვის არ დამსჯიდი?“
მეფემ წარბები აზიდა, თითქოს ერთბაშად გაუკვირდა.
„განა სიმართლისთვის დაგსაჯეს მართლა? შენ დღეს სასჯელი მიიღე სასანთლეების მოპარვისთვის.“
ფარსმანი გაოცდა.
მეფემ გაუღიმა და მოხუცს უთხრა:
„შენ ირიბი, გადაკრულად ნათქვამი სიტყვები გყვარებია, ჩემო ფარსმან. მეფეებს კი ირიბი, გადაკრული სასჯელები სჩვევიათ ხოლმე.“
* * * * * * *
ერთი სიმართლე მაინც დაუმალა ამ საღამოს ფარსმანმა გიორგის. მან შეამჩნია, რომ ეზოსმოძღვარს დროის ნიშნები, ანუ ჟამის სვირინგები, ეტყობოდა. კიდევ ერთი რამ, რაც გიორგის მოახსენა, მცდარი ამბავი იყო. ამის გამო წაიკითხეთ ეს:
შ ე გ ო ნ ე ბ ა:
ერთხელ სამი მუსიკოსი გამოვიდა მოედანზე საღამოს.
ისინი იდგნენ და ტკბილად უკრავდნენ.
ირგვლივ შეკრებილი ხალხი მათ გარშემო ფერხულს უვლიდა. ისინი ხარობდნენ სალამურის, ჭიანურისა და სტვირის შეწყობილი მუსიკისგან აღფრთოვანებულნი.
ერთი ყრუ მიუახლოვდა ამ მუსიკოსებს. მას არც ხმა ესმოდა და არც სიტყვა.
„რა სულელია ეს ხალხი!“ – გაიფიქრა ყრუმ.
„სამი კაცი ხელს აფათურებს. ერთს ლერწამი აქვს პირში გაჩრილი, მეორეს ხის ნაჭერი უჭირავს და ხისვე ჯოხით უხახუნებს ზედ. მესამეს კი გაბერილი ტყავის გუდა პირთან მიუტანია. ეს ამდენი ხალხი კი გიჟივით ცეკვავს ამის შემყურე!“
იცოდე, მკითხველო, როცა შურით სავსე, წარუმატებელი ხელოვანი ვერ ხედავს ოსტატის მიერ შექმნილი ნაწარმოების სიდიადეს, ის ამ ყრუს ჰგავს, იმ სამი ტკბილი მუსიკოსის დაკვრის ვერ გამგონეს.