თავი LIII
– LIII –
ტაძრის კურთხევის დღეს ხალხი ნიკოფსიასა და დარუბანდს შორის გადაშლილი საერისთავოებიდან დაიძრა. არც ტაძარში, არც მის ეზოში და არც მცხეთაში ეტეოდნენ სტუმრები.
კათალიკოსი მელქისედეკი წირავდა, მასთან ერთად თორმეტი თანამწირველი ეპისკოპოსიც ქართულად და ბერძნულად.
გიორგის ბერძნული ლაპარაკიც არ მოსწონდა, ამიტომაც დაღვრემილი უსმენდა ბიზანტიელ არქიელებს. ისინი დიდი ემოციით ლაპარაკობდნენ და მღეროდნენ ამ მშვენიერ ენაზე.
წირვის შემდეგ კანკელის წინ დადგა მგლისებრი თვალებიანი, პატარა მოხუცი. თავიდან თითქოს ოდნავ უხალისოდ ლაპარაკობდა, სიტყვები თავდაპირველად ნაცარში გახვეული ნაკვერჩხალივით ღვივდებოდა.
მელქისედეკი ათასჯერ გაგონილ ბიბლიურ მითებს უტრიალებდა, მაგრამ ისე კარგად ყვებოდა ამ ყველაფერს, რომ დიდი და პატარა გატრუნული უსმენდა.
მისი ყოველი სიტყვა სპილენძივით მტკიცე იყო, და ზუსტად ისე, როგორც თრიაქი შეუმჩნევლად მოედება ხოლმე გულს, ძარღვებში სისხლს ააჩქარებს, ოცნება აზვირთდება, ქვიშის კიბეს მიადგამს ცას, ასე დაეუფლა იგი სპილენძივით მტკიცესა და თრიაქივით დამათრობელს, სალმასურის ჯაჭვივით ელვარე ქართულ სიტყვას და შეაჯიბრა იგი ასევე მშვენიერსა და ასევე ვაჟკაცურ ბერძნულს.
მელქისედეკის აზრები როდი ხიბლავდა გიორგის, არამედ მისი უცნაური რიტორიკა, ამიტომაც პირველად თავის სიცოცხლეში უდიდესი სიყვარულით უსმენდა კათალიკოსს.
თავის ქადაგებაში მელქისედეკმა ორი რამ განსაკუთრებით აღნიშნა. „წმინდათა სწორი დედოფალი მარიამი“, ამ ტაძრის დიდი მოამაგე, ავად გახდაო იერუსალიმში გამგზავრების წინა კვირას.
ახლა არსაკიძის საფრთხის ხსენება დააპირა, მაგრამ მოერიდა დედოფლის გვერდით მის მოხსენიებას, ერთბაშად ისევ ბიბლიურ მითებს მიუბრუნდა, ებრაელთა ეგვიპტიდან გამოყვანას შეეხო, ყოველი ერი თავის ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს, ყოველი ხალხი თავისუფალი უნდა იყოსო, როგორც ღმერთი.
დიდი ტაქტით მიუბრუნდა ანტიოქიის პატრიარქთან ურთიერთობას, აქ სარკინოზებს გადასწვდა, გზები მოგვიჭრესო მაგ წყეულებმა. არსებითად უხაროდა კიდევაც გულში, რომ სწორედ ამის გამოც დაკარგა ანტიოქიის პატრიარქმა ის ათასი ოქროს დინარი, ხარკად შეწერილი ათასი ქართული სოფლისთვის.
არ უხსენებია ისიც, როცა გზა გაიხსნა, გიორგი მეფის ხმალმა რომ გადაჭრა გზა.
ამ ადგილას უფრო გულმოდგინედ მიუგდო გიორგი მეფემ ორატორს ყური, რადგან მელქისედეკი 1021 წლის ზავს შეეხო. ქვეყანამ იცოდა: სწორედ გიორგის ხმალმა გაჰკვეთა ის საბელი, რომლითაც ბიზანტიის ეკლესია ბოჭავდა ქართულს.
ბოლოს იგი მოიგონა, ვისი ხსენებაც გულით უნდოდა პირველად.
„წყეულმა ოვსებმა“. მძიმედ დაგვიჭრესო სვეტიცხოვლის ამგები, დიდოსტატი არსაკიძე, კიდევ ერთხელ შეაჩვენა რატომღაც ოვსები, „უსაჩინოესი ერისთავის, გირშელის მკვლელნი“.
როგორც კი ქადაგება დაასრულა, საკაცით შემოაყვანინა კონსტანტინე არსაკიძე.
ოსტატმა თვალი მოავლო ოქროთი, ვერცხლითა და ძვირფასი თვლებით მორთულ ტაძარს, ცრემლი მოადგა, მაგრამ დაიმორჩილა მღელვარება, ჩუმად, სრულიად ჩუმად წაიბუტბუტა:
„იქმენინ ნათელი!“
კათალიკოსმა თვალი დაადგა ცვილივით გაყვითლებულ სახეს, მიუახლოვდა, შუბლზე აკოცა, მერე გაბრუნდა, გვერდით ჩაუარა, როგორც კეისრის მიერ ნაჩუქარ ღვთისმშობელს, ისე უამრავ წმინდანის ხატს, პირდაპირ მივიდა უცნობი ქართველი ოქრომქანდაკებლის მიერ შესრულებულ წმინდა გიორგის ხატთან.
ორივე ხელი მოსჭიდა, ადგილიდან დასძრა და შეჰღაღადა:
განკურნეო დიდოსტატი არსაკიძე.
მერე მთელმა ერმა, ტაძრის შიგნით და ტაძრის ეზოში შესძახა ღვთაებას:
„განკურნე დიდოსტატი!“
შორენა და გურანდუხტი ერისთავთა ქალებთან იდგნენ, როცა კოლონკელიძის ასულმა არსაკიძის დაღლილ სახეს თვალი ჰკიდა და ტაძარმა იგრიალა „განკურნეო“, მას ხმა ჩაუწყდა ყელის არეში, დაიჩოქა, ლოცულობდა თავისი ბავშვობის მეგობრის განკურნებისთვის, ქალბატონების ფარჩის კაბებს ამოფარებული ტიროდა, ევედრებოდა წმინდანს.
გურანდუხტმა უკმაყოფილოდ აზიდა წარბები, შორენას ქვითინი რომ შემოესმა, აცახცახდა.
ვაითუ მეფის ყურამდე მიიტანონო ეს ამბავი! რადგან მეფე გიორგიმ პირადად აცნობა მას, როგორც კი დედოფალი იერუსალიმში გაემგზავრება, მეორე დღესვე შევირთავო შორენას.
სწორედ ამიტომაც ღელავდა: „ვიღაც უბრალო მშენებლის, ისიც ლაზის“ განკურნებისთვის რატომ აწუხებსო მომავალი დედოფალი წმინდა გიორგის?