თავი LXI
– LXI –
ვაი, ჩემს საშოს, რადგან გაგაჩინე, ვაი, ჩემს ძუძუებს, რადგან გაგზარდე, ვაი, ჩემს ბაგეებს, რადგან გიძახოდი და ხმა არ გამეცი, ვაი, ჩემს თვალებს, რადგან შენ გიტირე.
ღამემ ნაბდის კარავი გაშალა ხილნარში, რატისეულ სასახლეში თავის ელჩებს აგზავნიდა.
აღარ თენდებოდა, აგვისტოს სიცხე ბნელსაც ვერ გაენელებინა.
ერთადერთი ჭაღის გარშემო თვალისმომჭრელი სისწრაფით ცეკვავდნენ ფრთამოხატული, მუქი ფერის პეპლები.
ავადმყოფი ბორგავდა, ის არც ამ პეპლებს ხედავდა, არც ღამურებს, რომლებიც ჭერს ქვეშ დაცოცავდნენ. ჩრდილები ირგვლივ ნელა მოძრაობდნენ, ჭაღის ალზე პეპლები იწვოდნენ, ძირს ცვივოდნენ განწირულები, მაგრამ ღამე მაინც ახალ-ახალ ლაშქარს უგზავნიდა ჭაღის შუქს. პეპლები ცეკვავდნენ, ჩრდილები დარბაზში ნელა მოძრაობდნენ.
მამალი ხოხობი ვაჟკაცურად ებრძოდა ღამეს წიწამურის ველზე.
არსაკიძემ თავი ასწია, სიცხისგან გაოგნებულმა. სარკმლიდან ლურჯი, სრულიად ლურჯი ცა მოჩანდა, ზუსტად ისეთი, როგორიც ქარიშხლის შემდეგ შავი ზღვაა.
ვარსკვლავები მაინც ანათებდნენ სიბნელეს, ოქროსფერ წამწამებს აფახულებდნენ.
ნონაი ბალახებს ხარშავდა თავის ოთახში და როცა ცრემლი მოაწვებოდა, კაბის კალთით იწმენდდა თვალებს.
ნონაი წუხდა, არც ბოდოკია ჩანდა სადმე, აღარც მომაკვდავის დედა.
ავადმყოფმა ისევ ასწია თავი, კონსტანტინეს ასე მოეჩვენა:
ბუს ბარტყი უხმობსო ღამეს. თვალი დახუჭა, ნელი, ნელი ხმით თქვა: „წყალი“.
ავადმყოფს სწყუროდა, იქვე იდგა წყალი. მარჯვენა მკლავი აღარ ჰქონდა, მარცხენას კი მხარში დაჭრილი ვეღარ ხმარობდა.
ხედავდა: წყალი ნაპირებიდან გადმოდიოდა. არა, ზღვა იყო ეს, ლურჯი ზღვა, ოქროს თევზები ხომ არ თამაშობდნენ შიგ?
ზღვისპირას ლაზური სოფელი და ეკლესია დალანდა, ალვის ხეები, ლაზური ოდა, ალვის ხეები, ცამდე მაღლები.
შემდეგ მთები გამოჩნდნენ, ფხოვის მშვენიერი მთები. აქაც უხვად იღვრებოდა კლდეებიდან წყალი, მაგრამ მაინც არავის მოჰქონდა იგი.
ფხოვური ქვითკირის პატარა ეზოში შავით მოსილი ქალი დაფათურობს, შავი ფხოვური მანდილი ახურავს.
ცალ ხელში სისხლიანი, შავტარიანი დანა უჭირავს. შავი ცხვრისთვის უძგერებია ყელში და წყალი კი არა, სისხლი მოთქრიალებს. არსაკიძე მისწვდა, მაგრამ დედა გაბოროტდა, ახლოს არ გაიკარა თავისი საყვარელი უტა.
კლდეებიდან იღვრებოდა წყალი, ქუხდნენ ფხოვის მშვენიერი ჩანჩქერები, მაგრამ მთებში აუტანელი სიცხე იდგა.
მოწყურებული ქორები უწყლო ცას აწყდებოდნენ.
„წყალიო“, დაიძახა არსაკიძემ უძლური ხმით და ბავშვივით იტირა, რადგან დედამაც არ მოუტანა წყალი.
შეეშინდა: არავინ ნახოსო ცრემლი. საბნიდან მარცხენა ხელი გამოიღო, თვალზე დაიფარა.
გამოემშვიდობა მთებსა და ზღვას, გამოემშვიდობა თავის ტკბილ, მაგრამ გამწარებულ სიყრმესა და სიჭაბუკეს.
ასე მოესმა ავადმყოფს: რაღაც ფაჩუნობსო კუთხეებში. რაღაც დაეცა სველ ღაწვზე, უკბინა. ხოჭო ხომ არ იყო ეს?
ამასაც გრძნობდა: საბნის ქვეშაც ფაჩუნობდა რაღაც, უცებ გააჟრჟოლა და აცახცახდა, შემდეგ ჩრდილები დარბაზში ნელა მოძრაობდნენ.
უზარმაზარი ლანდი ჩამოვიდა კედლიდან, მგლისებრმა თვალებმა გაიელვეს სიბნელეში.
და მხატვარს ებრძოდა გრძელწვერა მოხუცი, შემდეგ მან მისწვდა ჭრილობიან ბარძაყს და დიდი ბარძაყი დაუბუშა.
მოეძალა მცოცავი ლანდი, მგლისებრი თვალები შემოანათა და სული სთხოვა.
მხატვარმა მგლისებრთვალება მოხუცებულს სული არ მისცა.
დიდხანს ებრძოდა მამალი ხოხობი ღამეს წიწამურის ველზე.
* * * * * * *
ბოლოს გათენდა, გარეთ შუქმა ლიცლიცი დაიწყო, ცამ ყაყაჩოები დაათოვა მწვერვალებს, იისფერი შუქი იფრქვეოდა, როგორც ფხოვის მთებიდან ჩანჩქერები.
შორენა ჩამოვიდა კედლიდან, შავი, ხატაური ფარჩის კაბა ეცვა, ოქროსფერი თმები მხრებზე გადმოღვრილიყო, მოდიოდა ყაყაჩოების ველზე, თავთუხის თაველებს ესროდა უტას, ყაყაჩოებსა და თავთუხის თაველებს.
სამჯერ დაუჩოქა სანატრელმა, დიდოსტატს სული სთხოვა.
კონსტანტინეს თვალებიდან ცრემლი წვიმდა, მაგრამ საყვარელსაც ვერ მისცა მან სული, რადგან ის სვეტიცხოველისთვის ჰქონდა შეწირული.
გათენებამდე ჩამოვიდა ფხოვიდან დედა და როცა მორიელებისგან დაკბენილი შვილი დაინახა, გაქვავდა თურმე.
...და ეს ამბავიც ავაზის დღეს მომხდარა.
- ეპილოგი -
ათას წელს იწვიმა და იქუხა იმ დღიდან საქართველოს თავზე, ათას წელს იგორა ქვადქცეულმა სულმა.
ჩემს ბავშვობაშიც მინახავს კაცის სიმაღლე ლოდი, რომლის გამოც ასე ამბობდნენ მცხეთაში: კონსტანტინე არსაკიძის დედააო გაქვავებული.
ეს ლოდი მართლაც მანდილიან ფხოველ ქალს ჰგავდა. შარშანაც ვნახე ძველ სასაფლაოზე, მცხეთაში.
წელსაც მოვიკითხე, ასე მითხრეს: მშენებლობაზე წაიღესო სადღაც.
მას შემდეგ არ მიძებნია იგი, რადგან ამასობაში უკვე დავასწარი მშენებლობის გენიას და ქვაში ჩაკირული საიდუმლო სიტყვაში განვაცხადე.
ტფილისი.
1939 წელი.