თავი XXXV
– XXXV –
დედოფალი მარიამი ბიზანტიაში წასასვლელად ემზადებოდა, ამიტომ სულიწმინდის მოფენის დღეს აფხაზეთს გაემგზავრა.
გირშელის ნიშნობა წინა კვირას შედგა. გურანდუხტი რატომღაც ქორწილს აჭიანურებდა.
ხან ამას მოიმიზეზებდა: შორენას მზითევს ველოდებიო კვეტარიდან, ხანაც თავის ძმას, დაჩის, ცხრატბისას ცოტა-ერისთავს, ელოდებოდა.
გიორგის ნანახი ჰქონდა შორენას მზითევი, მაგრამ მეფე ასე ვარაუდობდა: ალბათ ერისთავის ქალს სხვა განძეულიც ექნება გადამალული ფხოვში.
მეფე გიორგი დიდად არ სწუხდა, რომ გირშელის ქორწინება შემოდგომის ბოლოსთვის გადაიდო.
პირიქით, ეს უნდოდა მეფეს: დედოფლის ბიზანტიაში წასვლამდე არ შემდგარიყო როგორმე ქორწილი. პატარა იმედი ჭიატობდა სადღაც. ხანაც ყოველივე წინასწარ წაგებულად ეჩვენებოდა.
ეს შემოდგომა არც ისე შორს იყო.
მერე?
მერე იწყებოდა საშინელი და გადაულახავი უფსკრული. ამის გამო ფიქრიც უმძიმდა... თრიაქის მოწევასა და ღვინის სმას მოუხშირა, უცნაურად შეიცვალა, ბოლო დროს ნადირობასა და ქეიფს მიეძალა.
მეფეს ომი ენატრებოდა.
ისეთი ომი ატეხილიყო სარკინოზებთან ან ბერძნებთან, რომ ერთად დაღუპულიყვნენ თუნდაც გირშელი და გიორგი, ისე როგორც დაუღლელ კამეჩებს მოაშთობს ხოლმე დიდი წყალდიდობისას არაგვი.
როცა გირშელი მცხეთაში იყო, გიორგი ყოველ წუთს უთვალთვალებდა მას, განსაკუთრებით საღამოობით არ აშორებდა თვალს, აუცილებლად უნდა სცოდნოდა, სად იყო ყველისციხის პატრონი ამ დროს?
ერთი რამ იყო სანუგეშო მხოლოდ: თავად შორენა გულგრილად ეკიდებოდა თავის საქმროს, გაცილებით უფრო თბილად ეპყრობოდა გიორგის, ამიტომაც მეფემ წვეულებებს, ნადიმობასა და ნადირობას მოუხშირა.
არც გურანდუხტი ანებებდა დანიშნულებს პირისპირ შეხვედრას და ეს ამბავი განუსაზღვრელად ახარებდა შეყვარებულ მეფეს.
ივლისის პირველ რიცხვებში გირშელი ყველისციხეში იხმეს საერისთავოს საქმეების მოსაგვარებლად.
ორი კვირაც ვეღარ მოითმინა სასიძომ და კვლავ ჩამობრუნდა მცხეთაში.
სწორედ იმ საღამოს, როცა ყველისციხის პატრონი კვლავ ეწვია მეფეს, სპასალარი ზვიადი დაუბარებლად გამოცხადდა სასახლეში.
უცნაურად აღელდა გიორგი, როცა ზვიადის უხეში ნაბიჯები შემოესმა დიდ დარბაზში მარტო მჯდომარეს.
მსახურთუხუცესი შემოჰყვა სპასალარს, სკამი მიაწოდა სტუმარს. მოუთმენლად წამოდგა ზვიადი, მისთვის უჩვევი მღელვარებით მოახსენა გაფითრებულმა მეფეს:
მსტოვრებს უსიამო ამბავი მოეტანათ ფხოვიდან. ხევისბერები კვეტარის საბრძოლო კოშკების კვლავ აგებას შესდგომიანო. თვალდამწვარი კოლონკელიძე ვერაფერს ხედავს, მაგრამ ისე იქცევა თურმე, თითქოს სმენაც წართმევიაო.
„კოლონკელიძე მოღალატე მამამზე ერისთავს წაჰკიდებია, – განაგრძო სპასალარმა, – კიდევაც რომ აჯანყდნენ ფხოველნი, მამამზე და ტოხაისძე არ მიეშველებიან ერისთავს, არა!
დიდოელები და ღალღაელებიც გადასდგომიან, მეფევ ბატონო, კოლონკელიძეს.
გაზაფხულზე თავს დასხმიან საერთო ჯარით, საქონელი და ქონება წაუსხამთ კიდევაც.
ერთი უსიამო ამბავიც ოდნავ საეჭვოა, – შემოდგომის ბოლოს მამამზის ქალი, კატაი, უნდა შეირთოს სახლთუხუცესმა ტოხაისძემ თურმე.“
მეფე გიორგი კარგად იცნობდა თალაგვა კოლონკელიძეს, თუმცა ცოლ-შვილი მცხეთაში მძევლად ჰყავდა, მაგრამ თავაწყვეტილი ერისთავი უდიდესი განსაცდელის წინაშეც უკან არ დაიხევდა, თუ შურისძიების საქმე ამას მოითხოვდა მისგან.
როცა ზვიადმა მოხსენება დაასრულა, მეფე სახეზე მიაჩერდა სპასალარს და ეუბნება:
„მერე?“
„მერე შენი ბრძანებაც თუ იქნება, მე ასე მგონია, მეფევ ბატონო, ლაშქარი უნდა გავგზავნოთ დაუყოვნებლივ ფხოვში, კოლონკელიძე უნდა შევიპყროთ ახლავე. თავი მოვკვეთოთ მოღალატეს, სანამ მამამზე ერისთავსა და დიდოელებს შეურიგდებოდეს, არა?“
მეფე თავჩაქინდრული იჯდა და დუმდა.
ზვიადმა ეს დუმილი თანხმობის ნიშნად მიიჩნია და უფრო თამამად განაგრძო:
„ახალი ამბოხის თავკაცებიც ახლავე შევიპყროთ, შვიდივე ხევისბერი, არა?..
მუროჩი ქალუნდაური, მამუკა ბალაშაური, მარტია ბაღათაური, ზეზვაი მისურაული, ბედია ბებურაული, უშიშა ღუდუშაური და შიოლა აფხანაური.“
ამათაც დაუყოვნებლივ უნდა დააყრევინოს თავები, ესეც უნდა განეცხადებინა სპასალარს, მაგრამ როცა ხევისბერების ჩამოთვლა დაასრულა, გიორგის თავი არ აუღია, ზედაც არ შეუხედავს მისთვის, იჯდა და ისევ დუმდა...
და მაშინ მიხვდა ზვიადი, რომ მეფის დუმილი თანხმობის ნიშანს არ მოასწავებდა.
ამ ამბავმა გააოცა და შეაძრწუნა გიორგი.
ომიო?
ომი დიახაც ენატრებოდა, მაგრამ არა შინაური, არამედ გარეშე მტერთან. შინაური ომები დღის შუქივით სძულდა მეფეს.
გარდა ამისა, ისიც იცოდა: შორენა ძალიან გაბედული და თავნება ქალი იყო. დაბრმავებული ერისთავის წინააღმდეგ ლაშქრობა თუ საჭირო გახდებოდა, ვინ იცის, რას მოიმოქმედებდა თვალებდამწვარი მამის ერთადერთი ქალი?!!
გირშელის ჯვრისწერა საერთოდ არ შედგებოდა, ალბათ. ეს არ აწუხებდა გიორგის. მთავარი ის იყო, რომ ომის დაწყებამდე ერისთავის ქალი აუცილებლად ღართისკარის ციხეში უნდა დაემწყვდიათ.
ესეც იყო, ზვიად სპასალარის სიფრთხილე ყოველთვის გადაჭარბებულად ეჩვენებოდა მეფეს. არც მსტოვრების ნაუწყები მართლდებოდა ყოველთვის.
იცოდა: გადაჭარბებულ სიფრთხილეს თან სდევენ მოჩვენებები.
ამას ეტყოდა ხოლმე ზვიადს:
„შენმა მსტოვრებმა თუ ყოველთვის სიმართლე თქვეს, შიმშილისაგან ამოწყდებიანო აუცილებლად.“
ბოლოს გიორგიმ თავი ასწია. სპასალარი დაითხოვა. ასე უთხრა: ხვალ გეტყვიო პასუხს.
გულში ასე გადაწყვიტა: თავად წასულიყო უჯაროდ, უამალოდ ფხოვში, როგორც მონადირე და მოქეიფე რაინდი.
თავად შეემოწმებინა ეს ყველაფერი, რათა უაზროდ არ დაღვრილიყო სისხლი.
მხოლოდ ერთი რამ აფერხებდა ამ საქმეს: არ უნდოდა გირშელი მარტო დაეტოვებინა მცხეთაში. შორენა გულცივად ექცეოდა თავის საქმროს, მაგრამ ვინ იცის, ხვალ ან ზეგ რა მოხდებოდა მათ შორის?!
მეფე გიორგის კანონად ჰქონდა მიჩნეული: მსტოვრებსა და ქალებს ნურავინ ენდობაო ბოლომდე.
იმ ღამესვე გაუზიარა ეს ამბავი გირშელს, წასვლას ვაპირებ, მაგრამ როგორ დაგტოვოო სტუმარი მარტო?
გირშელიც ბუნებით განსაცდელის მოყვარული იყო, რაინდს ყოველთვის საფრთხე ენატრებოდა.
ესეც უნდოდა ერისთავს, თავისი მომავალი ცოლი ენახა, თანაც გზადაგზა ჯიხვებზეც ინადირებდნენ, სადმე ხატობაში იქეიფებდნენ.
იმ ღამეს ყმაწვილებივით ერთ დარბაზში მოთავსდნენ, ისევ იგონებდნენ ბავშვობას, იცინოდნენ, ხუმრობდნენ საწოლში.
იმ ღამესვე გადაწყდა: იდუმალად გაპარულიყვნენ მცხეთიდან, ზვიადის მეტს არავის სცოდნოდა ფხოვში წასვლის ამბავი.
თან მრავალნაირი ძველი ტანსაცმელი წაეღოთ, წვერი ინით შეეღებათ, არავითარი ამალა არ წაეყვანათ. ეს ყველაფერი მართლაც ყმაწვილურ ხალისს ჰგვრიდა ამ იდუმალი მოგზაურობის გმირებს.
მხოლოდ ორი მხლებელი გააფრთხილეს: სწრაფი მორბენალი უშიშარაისძე პიპა და ძველი მეჯინიბე კოხრიჭისძე გაბოი.
აფხაზური სატალახო ცხენებით უნდა ემგზავრათ, რადგან არაბული ან თექური ულაყები მთაში არ გამოდგებოდა.
დილით ადრე ოთხი გადაცმული მხედარი გავიდა მცხეთიდან. თავზე რკინის ჩაფხუტები ეხურათ, ჟანგისფერი აბჯარი ეცვათ, უნაგირზე კი ღარიბული თექის საბნები ჰქონდათ მიბმული.
მხიარულად დაიწყეს მგზავრობა: ჯერ მეჯინიბე და მალემსრბოლი გაუშვეს წინ.
თავადი, მაღალი გირშელი იცინოდა მალემსრბოლ უშიშარაისძის აღნაგობის გამო.
ეს უზარმაზარი, გოლიათი კაცი პატარა, სატალახო ცხენზე იჯდა. თავზე ძველებური ჩაფხუტი ეხურა (ბაგრატ კურაპალატის დროინდელი). ჩაფხუტი ხმლის დარტყმებისგან დაზიანებული იყო. ხელში თოროსანს ჰოროლი ეჭირა, ფეხები კი აფხაზურ ცხენს თითქმის მუხლებამდე უწვდებოდა.
(უკნიდან რომ შეეხედა ვინმეს, თავად გირშელიც ასეთი ჩანდა თავის ცხენზე).
„გლახუნა, რა ჰქვია შენს მალემსრბოლს, სულ მავიწყდება მისი სახელი?“
„პიპა,“ – ეუბნება გიორგი.
„ასეთ დიდ კაცს ვინ დაარქვა პიპა?!“ – ხარხარებდა გირშელი.
„მე დავარქვი, ბავშვობაში. ისე ბერძნული სახელი ჰქვია. მცხეთის მიტროპოლიტს, ანაქსიმანდრეს, მაქსიმედ მოუნათლავს თავის დროზე.
შენ კარგად იცი, მე ყველაფერი მეზიზღება, რაც ბიზანტიურია“.
საფურცლეშიც კი არ იყვნენ მისული, მიწას საშინელი სიცხე დაატყდა. იფნის, მურყანის და ტირიფის ფოთლები სიცხისგან დაჭკნობილი ტიროდნენ. დასიცხული მხედრები სიცხისგან დამსკდარ მიწაზე აჭენებდნენ გაოფლიანებულ ცხენებს.
პიპამ ნეშო აკინძა და მუზარადზე წამოიცვა. გაბოი ხუმრობდა: პიპა დათვად გამოდგებაო ყანებში.
დასიცხული კამეჩები მდინარის პირა ტყეების ჭაობებში ეყარნენ, მხედრების დანახვისას ნაღვლიანად ყოყინებდნენ.
ენაგამოვარდნილი ჯოგის ძაღლები ცხენებს ფეხებში უცვიოდნენ. განცალკევებულ მუხებში შეკუჟული ქედნები ღუღუნებდნენ. ცხენები გზადაგზა წყურვილის მოსაკლავად მიიწევდნენ.
ცას აწყდებოდნენ საირაოზე გადმოსული ქორები, წრეებს ხაზავდნენ გაკრიალებულ ცარგვალზე, საწყალობლად ყიოდნენ, ცას შესტიროდნენ გადამწვარი მიწის ტკივილს.
სურათზე ნახატივით ჩანდა ციხეების, ეკლესიების და ქვითკირის შენობების კონტურები უსაზღვრო ლურჯ ფონზე. ხვლიკები გადარბოდნენ გზებზე. ძერასფერი კლდეების კიდეებს ფრთხილად ეტმასნებოდნენ თავაწეული გველები. არაგვი ხტოდა ლოდებზე. კლდეებს ეჯახებოდა მდინარის ხმაურიანი ექო.
არაგვის პირას დაისვენეს, გაბოიმ ტიკი გახსნა, წაიხემსეს, თითო-ოროლა მოზვრის ყანწი დასცალეს.
დათქვეს: საღამოს გუდამაყარში უნდა მივიდეთო, და განაგრძეს გზა.
ეკლესიამ იელვა მთაზე, მონასტრის თეთრი კედლები გამოჩნდა შორიდან.
სოფელშიც არ იყვნენ შესული, ყანებიდან ფეხშიშველა მონაზვნების მთელი ლაშქარი გამოვიდა.
მიდიოდნენ შავადმოსილი, თავდაბურული ქალები, მტვერში ამოსვრილი ძაძები ეცვათ.
„როგორ უძლებენ ამ შავებში ასეთ სიცხეს?“ – ეუბნება გირშელი გიორგის.
„სიცხეს ქალი უფრო იტანს,“ – მიუგო გიორგიმ.
წინამძღოლ მონაზონს თეთრ ტილოში გახვეული თიხის ლაზარე მიჰქონდა.
სხვებს ფქვილის ტომრები და თეთრი ტოპრაკები მიჰქონდათ.
ფეხშიშველა მონაზვნები მიდიოდნენ და გალობდნენ:
ლაზარე მოდგა კარსა, აბრიალებს თვალსა...
გიორგი და გირშელი მარცხენა მხარეს მიჰყვებოდნენ გზას. იდუმალად აკვირდებოდნენ მონაზვნებს.
გირშელი ცხენიდან გადაიხარა და გიორგის ჩურჩულით უთხრა:
„არაფერი ისე შემზარავი არაა ამქვეყნად, როგორც მახინჯი ქალები ერთად შეყრილნი. როგორი მოხრილი, კუკუმოქცეული, დაღრეჯილი აღნაგობა აქვთ ამ საცოდავებს!“
მართლაც საშინელი ფიგურები მიფორთხავდნენ მტვერში. თოჯინებივით გამხდარნი, თეძოდაშლილნი, ფეხმოქცეულნი, ბრტყელმენჯიანი და თავწვრილა, მხარგანიერნი, გრძელწელიანნი, მოკლეფეხება, დათვის ძელივით მაღლები ზოგნიც.
„ლამაზებიც არიან შიგადაშიგ, – ეუბნება ხმადაბლა ყველისციხის პატრონს გიორგი, – აბა დააკვირდი კლდის პირას მიმავალთ, მაღალი გოგონებია ისინი, მე დავინახე ჯერ კიდევ მაშინ, როცა მთავარ გზაზე გადმოუხვიეს“.
ცხენები ააჩქარეს, წინამძღოლებს გაუსწორდნენ. ეს ქალები ფარულად აკვირდებოდნენ აბჯრიან რაინდებს, სიცხისგან ლოყები შეწითლებოდათ.
თავსაფარებიდან ელავდნენ ნაღვლიანი, ღამეზე უშავესი თვალები. სხვებიც შენიშნა გირშელმა: ქერათმიანი, თეთრყირმიზა ქალები, ოდნავ ჭორფლიანი, მკერდსავსენი და თეძოსავსენი, სწორფეხება, დროშის ტარივით მაღალი ქალები.
დასიცხული მეფე და ერისთავი თვალს ადევნებდნენ სიმრგვალისა და სირბილის მოძრაობას, რომელიც ძაძით იყო დაფარული, განიერი თეძოების რყევას.
მტრედის ბარტყივით პატარა და თეთრი ფეხები მიტოპავდნენ მტვერში...
გიორგი კვლავ გადმოიხარა ცხენიდან, გირშელს ჩურჩულით ეუბნება:
„ვინ დასწყევლა ეს მშვენიერი ქალები, რომ მუდამ მგლოვიარენი იყვნენ, სილამაზე ჭკნობას შეუნახონ, რათა ერთ დღეს მოვიდეს სიკვდილი და ისე მოიმკას ისინი, რომ ერთხელ მაინც არავინ იგემოს მათი მშვენიერი სხეულის სიმწიფე!“
„იცი, გლახუნა, სარკინოზების ქვეყნებში უზომოდ მახელებდა ჩადრიანი ქალების მზერა. როგორც სექტემბრის ბოლოს თეთრ ყურძენს ასე გააყვითლებს ხოლმე მზე, ისე ამშვენებს მუსლიმთა ქვეყანაში ჩადრის ჩრდილი ქალის სახეს.
მუდამ მახელებდა ეს უცნაური სიყვითლე, ჩადრიანების ლოყაზე ფარულად დაჭერილი.
მაჰმადიანი ქალებიც კარგი მეძავები არიან ზოგნი. მიდიხარ ხანდახან ქუჩაში, საღამოსას, ზღვის ქარი აფრიალებს კაბებსა და ჩადრებს. ჩამოგიქროლებს ჩადრიანი, სახედაფარული ქალი, თუ მოეწონე, ნიავს წაეხმარება, უცებ ხელს აჰკრავს ჩადრს და გაჩვენებს ირანულ ვარდზე უფრო ლამაზ სახეს.
მე იმ ვარდს ვგულისხმობ, გლახუნა, ეკბატანას ბაღში რომ ყვავის ხოლმე სულ პირველად, ვარდობის თვეში.
წითელი არ გეგონოს იგი, არამედ ძველთუძველესი სპილოსძვლისფერია, შენ რომ სკიპტრა მაჩვენე ერთხელ, ბაგრატეული, სწორედ იმ ფერისაა, გლახუნა, გესმის?
სწორედ იმ ფერის ქალები მიყვარს მე, გლახუნავ, ჩადრის ჩრდილში შენახული, იშვიათად, სრულიად იშვიათად თვალნაკრავი, გესმის?“
„მოკლედ თქვი, გირშელ, სიმოკლე ამშვენებს ხანდახან სათქმელს. შენს საცოლეს რომ აქვს, კოლონკელიძის ქალს, სწორედ ისეთი, არა?“
თავი დაუქნია გირშელმა ცბიერად მომღიმარ გიორგის და დეზი ჰკრა ცხენს, რადგან ბოგირზე გადასვლისას შეყოვნდა იგი.
აღმართი დაამთავრეს, მონაზვნებმა მარჯვნივ გადაუხვიეს, ყვავებივით შეესიენ ისინი კალმუხის ქუდივით წაწვეტებულ გორაკს.
დაღმართიდან ოციოდე აბჯრიანი რაინდი ამოდიოდა, როცა ოთხ მხედარს გაუსწორდნენ, შესძახეს:
ვინ ხართო?
გიორგი მეფის ყმები ვართო, – შეაგებეს ოთხმა.
მხედრები ჩამოქვეითდნენ, პატივით მოკითხვა მოუწყვეს, ოთხივენი გადაკოცნეს და მცხეთისკენ გაუდგნენ გზას.
გიორგიმ განაგრძო გირშელის მიერ შეწყვეტილი საუბარი.
„თუ შენ ჩადრის ჩრდილში დამშვენებულნი ასე გყვარებია, არც ის მოხუცი ფარსმანი ყოფილა უნიჭო“.
„მერე შენ რა ქენი, გლახუნავ?“
„რა და ფარსმანი მცხეთის დედათა მონასტერს შეეჩვია, ულამაზეს გოგონებს ნამუსი ახადა. შარვაშისძის ქალს უკანონო შვილი გაუჩინა, მონების შვილებს ნუღარ იკითხავ. ბოლოს ფანასკერტელის ერთი ქალი მოიგდო, სწორედ მასაც ჰქონდა ძველი, ძველი სპილოსძვლისფერი ლოყები. შენ რომ გყვარებია, სწორედ ისეთი, გირშელ“.
„მერე?“ – ეკითხება ხარბი გირშელი.
„მერე და ბისტი... შენ რა გგონია, ჩვენი კანონები მხოლოდ სულელებისთვისაა დაწერილი, ჩემო გირშელ. ჭკვიანები ისე აჭახრაკებენ თავიანთ დანაშაულს, მათ მაგივრად სულელები გაებმებიან ხოლმე მახეში.
მელქისედეკ კათალიკოსი კალიასავით ახტა და დახტა, უსასტიკესად დასჯა მოითხოვა მისი“.
მეფე გაუჯავრდა ცხენს, გირშელმა ვეღარ მოითმინა და ისევ იკითხა:
„მერე შენ რა ქენი, გლახუნავ?“
„მე რა უნდა მექნა? ფარსმან სპარსი ციხეების საუკეთესო მშენებელია მთელ აღმოსავლეთში. ვიღაც ფანასკერტელის გომბიოს გამო ხომ არ მოვჭრიდი თავს?
პირიქით, დავაჯილდოვეთ ამისთვის. ზვიად სპასალარი შემომიჩნდა: ფარსმანმა ზოგი რამ საიდუმლო იცის ჩვენი, ეს უნდა დავტყუოთო, ამიტომაც შევრთეთ, შენ რომ იცოდე ვინ?“...
გირშელმა ცხენი შეაყენა.
„ვინო?“ – იკითხა.
„ვინ და ვარდისახარი, შენი საცოლის, შორენას პირისფარეში.
შენი სიხარბის ამბავი ვიცი, ეს ქალი რომ ნახო, შესაძლოა ქორწილი მეორე შემოდგომამდე გადადო კიდევაც“.
გირშელი დაინტერესდა, გაუღიმა გიორგის, მერე ყმაწვილურად, ქარაფშუტულად ეკითხება მეფეს:
„სადაა მერე ის ქალი ახლა?
შენ ხომ იცი, ბებრის ცოლი ძალიან ტკბილია“.
„მაგის სურვილი მეც მაქვს, გირშელ, თუ სადმე მოვახერხე, შენს წყალობას არ დაველოდები, იცოდე“.
გიორგიმ ცხენი შეაყენა, რადგან უშიშარაისძე და კოხრიჭისძე აღარსად ჩანდნენ.
უამრავი ხალხი შეესიოდა ყანებს. დროშები და მღვდლები წინ მიუძღოდნენ ბრბოებს.
მდინარეებში საბანაოდ მიჰქონდათ ხატები.
ფეხშიშველა ქალები გალობდნენ ლაზარეს, ორღობეებში ბიჭები წყლით წუმპავდნენ გოგოებს. გაქცეული ქალები ტკარცალებდნენ.
გიორგიმ ერთ ხილნარში გადაიხედა:
„ფშატი აყვავებულა ამ სოფელში, გირშელ, გოგოები ათქვირებულან მიტომაც,“ – ეუბნება ყველისციხის პატრონს.
სიცხისგან შეწითლებული გირშელი გაოგნებული იჯდა უნაგირზე, მაინც თვალს ადევნებდა ფეხშიშველა ქალებს. განზრახ ჩამორჩებოდნენ მეფე და ერისთავი მხლებლებს, ტკბებოდნენ გარყვნილი ამბების მოყოლითა და ბილწსიტყვაობით.
დაღლილი ხვნეშოდა აფხაზური ცხენი გირშელის გოლიათური სხეულის ტარებისგან.
უკვე შევიდნენ ციხე-სოფელში. ქედზე მდგომი ვირები ღრიალებდნენ. სხვები კი კოკებით დატვირთულ ვირებს მიერეკებოდნენ. ვირებზე ამხედრებული პატარა ბიჭები ფეხებს მიწამდე აშვებდნენ.
– XXXVI –