– XXXV –
მარიამ დედოფალი ბიზანტიონს წასასვლელად ემზადებოდა, ამიტომაც აფხაზეთს გაემგზავრა სული წმინდის მოფენის დღეს.
გირშელის ნიშნობა წინა კვირას შესდგა. ქორწილს აჭიანურებდა გურანდუხტი რატომღაც.
ხან ამას მოიმიზეზებდა: შორენას მზითევს მოველიო კვეტარიდან, ხანაც თავის ძმას უცდიდა დაჩის, ცოტა-ერისთავს ცხრატბისას.
გიორგის ნანახი ჰქონდა შორენას მზითევი, მაგრამ ასე ვარაუდობდა მეფე: ალბათ სხვა საჭურჭლენიც ექნებაო ერისთავის ქალს გადამალული ფხოვში.
თავათ არა სწუხდა მაინცდამაინც გიორგი, გირშელის ქორწინება რომ გადასდეს შემოდგომის მიწურულისთვის.
პირიქით, ეს უნდოდა მეფეს: დედოფლის ბიზანტიონს წასვლამდი არ შემდგარიყო როგორმე იგი. მცირე იმედი ჭიატობდა სადღაც. ხანაც ყოველივე წაგებულად ეჩვენებოდა წინასწარ.
ეს შემოდგომა არც ისე შორს იყო.
მერმე?
მერმე იწყებოდა საშინელი და გადაუხიდავი უფსკრული. ფიქრიც უმძიმდა ამის გამო... თრიაქის წევასა და ღვინის სმას უმატა, უცნაურად გამოიცვალა, ნადირობასა და ქეიფს მიეძალა ბოლოჟამს.
ომის მონატრული იყო მეფე.
ისეთი ომი ატეხილიყო სარკინოზებთან, ან ბერძნებთან, ერთად დაღუპულიყვნენ თუნდაც გირშელი და გიორგი, ისე როგორც დაუღვლილ კამეჩებს მოაშთობს ხოლმე დიდროაის ჟამს არაგვი.
როცა გირშელი მცხეთაში იყო, გიორგი ყოველ წუთს უთვალთვალებდა მას, განსაკუთრებით საღამოობით არ აშორებდა თვალს, უცილოდ უნდა სცოდნოდა, თუ სად იყო ყველისციხის პატრონი ამ დროს?
ერთი რამ იყო სანუგეშო მხოლოდ: თავათ შორენა გულგრილად ეკიდებოდა თავის საქმროს, გაცილებით უფრო ტფილად ეპყრობოდა გიორგის, ამიტომაც მოუხშირა წვეულებებს, ნადიმობასა და ნადირობას მეფემ.
არც გურანდუხტი ანებებდა დანიშნულებს პირისპირ შეყრას და ეს ამბავი განუსაზღვრელად ახარებდა გამიჯნურებულ მეფეს.
თიბათვის პირველს გირშელი ყველისციხეში იხმეს საერისთავოს საქმეების მოსაგვარებლად.
ორი კვირაც ვეღარ მოითმინა სასიძომ და კვლავ ჩამობრუნდა მცხეთაში.
სწორედ იმ საღამოს, როცა ყველისციხის პატრონი კვლავ ეწვია მეფეს, ზვიად სპასალარი დაუბარებლად გამოცხადდა სასახლეში.
უცნაურად აღელდა გიორგი, როცა ზვიადის ტლანქი ნაბიჯები შემოესმა დიდ დარბაზში მარტო მჯდომარეს.
მსახურთუხუცესი შემოჰყვა სპასალარს, სელი მიაწოდა სტუმარს. მოუთმენლად წამოდგა ზვიადი, მისთვის უჩვევი მღელვარებით მოახსენა გაფითრებულმა მეფეს:
მსტოვარებს უსიამო ამბავი მოეტანათ ფხოვიდან. კვეტარის საბრძოლო გოდოლების კვლავ აგებას შესდგომიანო ხევისბერები. თვალდამწვარი კოლონკელიძე ვერაფერს ხედავს, მაგრამ ისე იქცევა თურმე, სმენაც წართმევიაო ვითომდაც.
«კოლონკელიძე წაჰკიდებია მოღალატე მამამზე ერისთავს, - განაგრძო სპასალარმა, - კიდევაც რომ აჯანყდნენ ფხოველნი, მამამზე და ტოხაისძე არ მიეშველებიან ერისთავს, არა!
დიდონი და ღალღაიც გადასდგომიან, მეფევ ბატონო, კოლონკელიძეს.
გაზაფხულზე თავს დასხმიან საერთო ჯარით, საცხოვარი და ხვასტაგი წაუსხამთ კიდევაც.
ერთი უსიამო ამბავიც საჭოჭმანოა ოდნავ, - შემოდგომის დამლევს მამამზის ქალი, კატაი, უნდა შეირთოს სახლთუხუცესმა ტოხაისძემ თურმე».
კარგად იცნობდა მეფე გიორგი თალაგვა კოლონკელიძეს, თუმცა ცოლ-შვილი მცხეთაში ჰყავდა მძევლად, მაგრამ თავაწყვეტილი ერისთავი უდიდესი განსაცდელის წინაშეც უკან არ დაიხევდა, თუ შურისგების საქმე ამას მოითხოვდა მისგან.
როცა ზვიადმა მოხსენება დაასრულა, მეფე სახეზე მიაჩერდა სპასალარს და ეუბნება:
«მერმე?»
«მერმე შენი ბრძანებაც თუ იქნება, მე აგრე მგონია, მეფევ ბატონო, ლაშქარი უნდა წარვგზავნოთ დაუყოვნებლივ ფხოვს, კოლონკელიძე უნდა შევიპყრათ ახლავე. თავი მოვკვეთოთ მოღალატეს, სანამ მამამზე ერისთავსა და დიდოელებს შეირიგებდეს, არა?»
მეფე თავჩაქინდრული იჯდა და სდუმდა.
ზვიადმა ეს დუმილი თანხმობის ნიშნად მიიჩნია და განაგრძო უფრო თამამად:
«ახალი ამბოხის თავკაცებიც ახლავე შევიპყრათ, შვიდივე ხევისბერი, არა?..
მუროჩი ქალუნდაური, მამუკა ბალაშაური, მარტია ბაღათაური, ზეზვაი მისურაული, ბედია ბებურაული, უშიშა ღუდუშაური და შიოლა აფხანაური».
ამათაც დავაყრევინოთო დაუყოვნებლივ თავები, ესეც უნდა განეცხადებინა სპასალარს, მაგრამ როცა ხევისბერების ჩამოთვლა მოათავა, გიორგის თავი არ აუღია, ზედაც არ შეუხედავს მისთვის, იჯდა და მდუმარებდა კვლავ...
და მაშინ მიხვდა ზვიადი, თანხმობის ნიშანს რომ არ მოასწავებდა დუმილი მეფისა.
გააოცა და შეაძრწუნა ამ ამბავმა გიორგი.
ომიო?
ომი დიახაც ენატრებოდა, მაგრამ არა შინაური, არამედ გარეშე მტერთან, შინაური ომები სძაგდა ჟამის დღესავით მეფეს.
გარდა ამისა იგიც იცოდა: შორენა დიდად გამბედავი და თავნება დიაცი იყო, დაბრმავებულ ერისთავის დალაშქვრა თუ საჭირო შეიქმნებოდა, ვინ იცის, რას მოიმოქმედებდა თვალებდამწვარი მამის მხოლოდშობილი ქალი?!!
გირშელის ჯვრისწერა საერთოდ არ შესდგებოდა, ალბათ. ეს არ აწუხებდა გიორგის. მთავარი ის იყო, ომის ატეხამდის ერისთავის ქალი კვლავ ღართისკარის ციხეში უნდა დაემწყვდიათ უცილოდ.
ესეც იყო, ზვიად სპასალარის სიფრთხილე მუდამ გადაჭარბებულად ეჩვენებოდა მეფეს. არც მსტოვარების ნაუწყები მართლდებოდა ყოველთვის.
იცოდა: გადაჭარბებულ სიფრთხილეს თან რომ სდევენ მოჩვენებანი.
ამას ეტყოდა ხოლმე ზვიადს:
შენმა მსტოვარებმა თუ მუდამ მართალი სთქვეს, შიმშილისაგან ამოსწყდებიანო უცილოდ.
ბოლოს თავი აიღო გიორგიმ. სპასალარი დაითხოვა. ასე უთხრა: ხვალ გეტყვიო პასუხს.
გუნებაში ასე გადასწყვიტა: თავათ წასულიყო უჯაროდ, უამალოდ ფხოვს, როგორც მონადირე და მოქეიფე ვინმე რაინდი.
თავათ შეემოწმებინა ეს ყოველივე, რათა უსაზმნოდ არ დაღვრილიყო სისხლი.
მხოლოდ ერთი რამ აბრკოლებდა ამ საქმეს: არ უნდოდა გირშელი მარტო დაეტოვებინა მცხეთაში. გულცივად ექცეოდა თავის საქმროს შორენა, მაგრამ ვინ იცის, ხვალ ან ზეგ რა მოხდებოდა მათ შორის?!
კანონად ჰქონდა მიჩნეული მეფე გიორგის: მსტოვრებსა და დიაცებს ნურვინ ენდობაო ბოლომდის.
იმ ღამესვე გაუზიარა ეს ამბავი გირშელს, წასვლას ვაპირებ, მაგრამ როგორ დაგტოვოო სტუმარი მარტო?
გირშელიც განსაცდელის მოყვარული იყო ბუნებით, მუდამ საფრთხე ენატრებოდა რაინდს.
ეგეც ეწადა ერისთავს, თავისი მომავალი ცოლოური ენახა, თანაც ჯიხვებზედაც წაინადირებდნენ გზადაგზა, ხატობაში წაიქეიფებდნენ სადმე.
ერთ დარბაზში მოთავსდნენ ყმაწვილებივით იმ ღამეს, ისევ იგონებდნენ სიყრმეს, იცინოდნენ, ხუმრობდნენ საწოლში.
იმ ღამესვე გადაწყდა: იდუმალად გაპარულიყვნენ მცხეთიდან, ზვიადის მეტს არავის სცოდნოდა ფხოვს წასვლის ამბავი.
ძველმანები თან წაეღოთ მრავალნაირი, წვერი ინით შეეღებათ, არავითარი ამალა არ წარეტანათ თან, ეს ყოველივე მართლაც ყმაწვილურ ხალისს ჰგვრიდა ამ იდუმალი მოგზაურობის გმირებს.
მხოლოდ ორი მხლებელი გააფრთხილეს, მალემსრბოლი უშიშარაისძე პიპა და კოხრიჭისძე გაბოი, ძველი მეჯინიბე.
აფხაზური სატალახო ცხენებით უნდა ემგზავრათ, რადგან არაბული ან თექური ულაყები არ გამოდგებოდა მთაში.
* * * * * * * უთენია გავიდა ოთხი გადაცმული მხედარი მცხეთიდან. რკინის ჩაბალახები ეხურათ თავზე, ჟანგისფერნი თორნი ზედ ეცვათ, ღარიბული თექანი მიჰქონდათ უნაგირების ტახტაზე მიკრულნი.
ლაღბობით დაიწყეს მგზავრობა: მეჯინიბე და მალემსრბოლი წინ გაუშვეს პირველად.
იცინოდა თავათ ახმახი გირშელი, მალემსრბოლის უშიშარაისძის ანაგობის გამო.
ტანმორჩილ, სატალახო ცხენზე იჯდა ეს უზარმაზარი დევკაცი, თავზე ძველთაძველი ჩაფხუტი ეხურა (ბაგრატ კურაპალატის ჟამინდელი). ნახმლევებისაგან კიდეშელეწილი, ხელში ჰოროლი ეჭირა თოროსანს, ხოლო ფეხები თითქმის მუხლამდის უწევდა აფხაზურ ცხენს.
(უკანიდან შეეხედა ვისმეს, თავათ გირშელიც ასეთი მოსჩანდა თავის ცხენზედაც).
«გლახუნა, რა ჰქვია შენს მალემსრბოლს, მუდამ მავიწყდება მისი სახელი?»
«პიპა»,
ეუბნება გიორგი.
«ამხელა კაცს ვინ დაარქვა პიპა!?»
ხარხარებდა გირშელი.
«მე დავარქვი, სიყრმეში. ისე ბერძნული სახელი ჰქვია. ანაქსიმანდრეს, მცხეთის მიტროპოლიტს, მაქსიმეს მოუნათლავს მას ჟამსა შინა.
შენ კარგად იცი, მე ყველაფერი მეზიზღება ბიზატიური».
ჯერ საფურცლეშიაც არ იყვნენ მისული, საშინელი ხვატი დააცხრა მიწას, მოფუყულნი სტიროდნენ იფნის, მურყანის და ტირიფის ფოთლები, ხვატისაგან დახეთქილ მიწაზე მიაჯირითებდნენ დასიცხული მხედრები გაღვარულ ცხენებს.
პიპამ ნეშო აკინძა, მუზარადზე წამოიცვა, გაბოი ხუმრობდა: დათვოულად გამოდგებაო ყანებში პიპა.
დასიცხული კამეჩები ეყარნენ ჭალების ჭოჭში, ნაღვლიანად ყოყინებდნენ მხედრების დანახვისას.
ენაგამოვარდნილი ჯოგის ძაღლები ფეხებში უცვიოდნენ ცხენებს. ღუღუნებდნენ განკერძოებულ მუხებში შეკუჟული ქედნები, დასამწყურვებლად მიიწევდნენ გზადაგზა ცხენები.
ცას აწყდებოდნენ საირაოზე გადმოსული ქორები, წრეებს ხაზავდნენ გაკრიალებულ ცარგვალზე, საწყალობლად ყიოდნენ, ცას შესტიროდნენ გადარუჯულ მიწის სიმძიმილს.
სურათზე ნახატივით მოსჩანდნენ ციხეების, ეკლესიების და ქვითკირების კონტურები უსაზღვრო სილურჯეში. ხვლიკები გადარბოდნენ გზებზე. ძერასფერ ქარაფების კიდეებს შეფარვით ეტმასნებოდნენ თავაწეული გველები. არაგვი მოხტოდა ლოდებზე. კლდეებს აწყდებოდა მდვრინავი ეხო.
არაგვის პირად დაისვენეს, ტიკი გახსნა გაბოიმ, წაიხემსეს, თითო-ოროლა მოზვრის ყანწი დასცალეს.
დასთქვეს: გუდამაყარს ვუწიოთო საღამოს, და განაგრძეს გზა.
ეკლესიამ იელვა მთაზე, მონასტრის თეთრი კედლები გამოჩნდა შორიდან.
სოფელშიაც არ იყვნენ შესული, ყანებიდან გამოვიდა ფეხშიშველა მონაზვნების მთელი ლაშქარი.
მიდიოდნენ შავადმოსილი, თავდაბურული დიაცები, მტვერში ამოსვრილი ძაძები ეცვათ.
«როგორ უძლებენ ამ შავებში ამნაირ ხვატს?»
ეუბნება გირშელი გიორგის.
«სიცხეს დიაცი უფრო იტანს».
მიუგო გიორგიმ.
მეწინავე მონაზონს თეთრ ტილოში გახვეული თიხის ლაზარე მიჰქონდა.
ფქვილის ტომრებსა და თეთრ ტოპრაკებს მიათრევდნენ სხვანი.
მიდიოდნენ ფეხშიშველა მონაზვნები, გალობდნენ:
ლაზარე მოდგა კარსა,
აბრიალებს თვალსა...
გიორგი და გირშელი მხარმარცხნით მიჰყვებოდნენ გზას. იდუმალ უჭვრეტდნენ მონაზვნებს.
გადაიხარა გირშელი ცხენიდან, უჩურჩულა გიორგის:
«არაფერი ისე შემზარავი არაა ამქვეყნად, როგორც მახინჯი დიაცები ერთად შეყრილნი. როგორი მოდრეკილი, კუკუმოქცეული, დაღრეჯილი ანაგობა აქვთ ამ საცოდავებს!»
მართლაც საშინელი ფიგურები მიფორთხავდნენ მტვერში. თოჯინებსავით გამოჩორგვილნი, თეძოდაშლილნი, ფეხმოქცეულნი, მენჯბრტყელნი და თავწვრილა, მხარგანიერნი, გრძელწელიანნი, მოკლეფეხება, დათვოულის ძელივით აყლაყუდანი ზოგნიც.
«ლამაზებიც არიან შიგადაშიგ, - ეუბნება ხმადაბლა ყველისციხის პატრონს გიორგი, - აბა დააკვირდი ქარაფის პირად მიმავალთ, აშოლტილი გოგონებია ისინი, მე დავინახე ჯერ კიდევ მაშინ, როცა მთავარ გზაზე გადმოუხვიეს».
ცხენები ააჩქარეს, გაუსწორდნენ მეწინავეთა. შეფარვით უჭვრეტდნენ ეს დიაცები თოროსან რაინდებს, შესწითლებოდათ დასიცხული ლოყები.
თავსაფარებიდან ელავდნენ ნაღვლიანი, ღამეზე უშავესი თვალები. სხვანიც შენიშნა გირშელმა: ქერათმიანი, თეთრყირმიზა დიაცები, ოდნავ ჭორფლიანი, მკერდსავსენი და თეძოსავსენი, სწორბარკლიანი, დროშის ტარივით აშოლტილი დედაკაცები.
უთვალთვალებდნენ დასიცხული მეფე და ერისთავი სიმრგვლისა და სირბილის ტოკას ძაძით შეფარვულს, განიერი თეძოების რყევას.
მტრედის ხუნდივით პაწია და თეთრი ფეხები მიტოპავდნენ მტვერში...
გიორგი კვლავ გადმოიხარა ცხენიდან, გირშელს ეუბნება ჩურჩულით:
«ვინ დასწყევლა ეს მშვენიერი დიაცები, მუდამ მგლოვიარენი იყვნენ, ჭკნობას შეუნახონ მშვენება, რათა ერთ დღეს მოვიდეს სიკვდილი და ისე მოიმკას ისინი, რომ ერთხელ მაინც არავინ იგემოს მათი მშვენიერი სხეულის სიმწიფე!»
«იცი, გლახუნა, სარკინოზების ქვეყნებში უზომოდ მახელებდა ჩადრიანი დიაცების მზერა, როგორც ენკენისთვის მიწურულში თეთრ ყურძენს ამოდ შეაყვითლებს ხოლმე მზვარე, ისე ამშვენებს მუსლიმთა ქვეყანაში ჩადრის ჩრდილი დიაცის სახეს.
მუდამ მახელებდა ეს უცნაური სიყვითლე, ჩადროსნების ღაწვზე დაჭერილი შეფარვით.
მაჰმადიანი დიაცებიც კარგი ბოზებია ზოგნი, მიდიხარ ხანდახან ქუჩაბანდში, მწუხრისას, ზღვაური აფრიალებს კაბებსა და ჩადრებს. ჩამოგიქროლებს ჩადროსანი პირშებურვილი, თუ მოეწონე, წაეხმარება ნიავს, ხელს აჰკრავს უცაბედად ჩადრს და გაჩვენებს ირანულ ვარდზე უტურფესს პირს.
მე იმ ვარდს ვგულისხმობ, გლახუნა, ეკბატანას ბაღში რომ ჰყვავის ხოლმე სულ პირველად, ვარდობის თვეში.
წითელი არ გეგონოს იგი, არამედ ძველთუძველესი სპილოსძვლისფერისა, შენ რომ სკიპტრა მაჩვენე ერთხელ, ბაგრატეული, სწორედ იმ ფერისა, გლახუნა, გესმის?
სწორედ იმ ფერის დიაცები მიყვარს, გლახუნავ, მე, ჩადრის ჩრდილში შენახული, იშვიათად, სავსებით იშვიათად თვალნაკრავი, გესმის?»
«მოკლედა სთქვი, გირშელ, სიმოკლე ამშვენებს ხანდახან სათქმელს, შენს საცოლეს რომა აქვს, კოლონკელიძის ქალს, სწორედ ისეთი, არა?»
თავი დაუქნია გირშელმა ცბიერად მომღიმარე გიორგის და დეზი ჰკრა ცხენს, რადგან ბოგირზე გადასვლისას გაოჩნდა იგი.
აღმართი მოათავეს, მონაზვნებმა მარჯვნით გადაუხვიეს, ჭილყვავივით შეესიენ ისინი კალმუხის ქუდივით აწოწილ გორაკს.
დაღმართიდან ოციოდე თოროსანი რაინდი ამოდიოდა, როცა ოთხ მხედარს გაუსწორდნენ, შესძახეს:
ვინა ხარო?
გიორგი მეფის ყმანი ვართო.
შეაგებეს ოთხთა.
დაქვეითდნენ მხედრები, პატივითა ხილვა მოუწყვეს, ოთხივენი გადაჰკოცნეს და გაუდგნენ მცხეთისკენ გზას.
გიორგიმ განაგრძო გირშელის მიერ შეწყვეტილი საუბარი.
«თუ შენ ჩადრის ჩრდილში დამშვენებულნი აგრე გყვარებია, არც ის ბეხრეკა ფარსმანი ყოფილა უჯილაგო».
«მერმე შენ რა ჰქენი, გლახუნავ?»
«რა და ფარსმანი სადედო მონასტერს შეეჩვია მცხეთისას, ულამაზეს გოგონებს ახადა ნამუსი. შარვაშისძის ქალს ნაბიჭვარი გაუკეთა, მონათა შვილებს ნუღარ იკითხავ, ბოლოს ფანასკერტელის ქალი მოიგდო ერთი, სწორედ მასაც ჰქონდა ძველი, ძველი სპილოსძვლისფერი ღაწვები. შენ რომ გყვარებია, სწორედ ისეთი, გირშელ».
«მერმე?» ეკითხება მსუნაგი გირშელი.
«მერმე და ბისტი... შე რა გგონია, ჩვენი კანონები მხოლოდ სულელებისთვისაა დაწერილი, ჩემო გირშელ. ჭკვიანები ისე აჭახრაკებენ თავიანთ დანაშაულს, მათ მაგივრად სულელები გაებმებიან ხოლმე მახეში.
მელქისედეკ კათალიკოსი კალიასავით ახტა და დახტა, უსასტიკესად დასჯა მოითხოვა მისი».
მეფე გაუჯავრდა ცხენს, გირშელმა ვეღარ მოითმინა და ისევ იკითხა:
«მერმე შენ რა ჰქენი, გლახუნავ?»
«მე რა უნდა მექნა? ფარსმან სპარსი ციხეთა მშენებელია საუკეთესო მთელს აღმოსავლეთში, ვიღაც ფანასკერტელის გომბიოს გამო ხომ არ მოვსჭრიდი თავს?
დავაჯილდოვეთ პირიქით ამისთვის, ზვიად სპასალარი შემომიჩნდა: ფარსმანმა ზოგი რამ საიდუმლო იცის ჩვენი, ეს უნდა დავტყუოთო, ამიტომაც შევრთეთ, შენ რომ იცოდე ვინ?»...
გირშელმა ცხენი შეაყენა.
ვინაო?
იკითხა.
«ვინა და ვარდისახარი, შენი საცოლეს, შორენას პირისფარეში.
შენი მსუნაგობის ამბავი ვიცი, ეს დიაცი რომ ნახო, შესაძლოა ქორწილი მეორე შემოდგომამდის გადასდო კიდევაც».
გირშელი დაინტერესდა, გაუღიმა გიორგის, მერმე ყმაწვილურად, ქარაფშუტულად ეკითხება მეფეს:
«სადაა მერმე ის დიაცი ახლა?
შენ ხომ იცი, ბებრის ცოლი ფრიად ტკბილია».
«მაგის ჟინი მეცა მჭირს, გირშელ, თუ სადმე მოვახელე, შენს წყალობას არ მოვუცდი, იცოდე».
გიორგიმ ცხენი შეაყენა, რადგან უშიშარაისძე და კოხრიჭისძე აღარსად სჩანდნენ.
აზღვავებული ხალხი შესეოდა ყანებს. დროშები და ხუცები წინ მიუძღოდნენ ბრბოებს.
მდინარეებში საბანაოდ მიჰქონდათ ხატები.
ფეხშიშველა დიაცები გალობდნენ ლაზარეს, ორღობეებში ბიჭები წყლით წუმპავდნენ გოგოებს. ტკარცალებდნენ გაქცეული დიაცები.
გიორგიმ ერთ ხილნარში გადაიხედა:
«ფშატი აყვავებულა ამ სოფელში, გირშელ, გოგოები ათქვირებულან მიტომაც».
ეუბნება ყველისციხის პატრონს.
სიცხისაგან შეჭარხლული გირშელი გაოგნებული იჯდა უნაგირზე, მაინც უთვალთვალებდა ფეხშიშველა დიაცებს. განზრახ ჩამორჩებოდნენ მეფე და ერისთავი მხლებლებს, სტკბებოდნენ მრუში ამბების მოყოლითა და ბილწსიტყვაობით.
ქუშამომჯდარი ხვნეშოდა აფხაზური ცხენი გირშელის გოლიათური სხეულის ზიდვისაგან. ციხე-სოფელში შევიდნენ უკვე. სახედრები ღრიალებდნენ ქედზე გადმომდგარნი, კოკებით დატვირთულებს მოაჯირითებდნენ სხვათა, მიწამდი უწევდნენ ფეხებს ვირზე გადამჯდარი ვირგლა ბიჭები.