prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი V

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– V –

გაჭიანურებულმა მწუხრმა ფრიად მოქანცა კათალიკოსი. მას გულის მანკი სჭირდა. ფეხები უსივდებოდა. წირვა გათავდა თუ არა, თვალთ დაუბნელდა და მცხეთელი ეპისკოპოზი რომ არ მიშველებოდა, წაიქცეოდა.

მერმე ჩვეულებისამებრ ეახლნენ მისი სიყრმის მეგობრები: ბერი გაიოზი და მამათა მონასტრის მამაი სტეფანოზ. მხრებში ამოუდგნენ და მონასტერში წაიყვანეს.

მელქისედეკს ასე სჯეროდა: თუ გსურს ზეგავლენა მოახდინო ერზე, იგივე უნდა სჭამო, რასაც მრევლი სჭამს, და ისევე ჩაიცვა, რაც მას აცვია, სხვა მხრით უნდა ეცადო იშვიათად ეჩვენო ხალხს.

თვალს შეგაჩვევენო...

ამიტომაც იშვიათად ეჩვენებოდა მრევლს, დიდ ხატობათა და დღეობებზე დასწრებას გაურბოდა, თვით მეფის სასახლეში დიდ დარბაზობას ერიდებოდა ისეთ დღეებში, როცა სხვა ქვეყნის დესპანები, მეფეები ან ერისთავები მიდიოდნენ ხოლმე. დიდ აზნაურთა სახლებში გამართულ ნადიმებსა და ქორწილებს არასოდეს დაესწრებოდა. აზნაურთა შორის მომეტებულნი მწვალებლებად და მკვრეხელებად მიაჩნდა.

ეკლესიიდან გამოსული უბრალო ბერის ჩოხას იცვამდა ჯვალოსას.

რაც შეეხება ყოველდღიურ პურობას, სტეფანოზ ბერის საოსტიგნოში, ბერებისა და მორჩილების თვალწინ სჭამდა მხალეულსა და საერთო სამარხვოს.

ამ საღამოსაც გაიოზ ბერისა და სტეფანოზ წინამძღვრის შორის უჯდა სუფრას მელქისედეკი და ოსპის გბოლვილს შეექცეოდა ხის კოვზით.

მთელი დღის ნამარხულევს იამა ოსპის წვენი, მეორე ითხოვა და სწორედ ეგეც მიართვა ქერა კულულიანმა მორჩილმა, კოვზით აიღო ოსპის წვენი და პირისაკენ რომ მიჰქონდა, სწორედ ამ დროს, რამდენიმე ნაბიჯის სიშორეზე ვიღაცამ იკითხა ხმამაღლა:

კათალიკოსი თუ ბრძანდებაო აქ?

კათალიკოსმა ეს გაიგონა და გაიოზს უჩურჩულა: ჩემი აქ ყოფნა არავის ამცნოთო.

ვიდრე მოხუცი გაიოზ წამოდგომას შესძლებდა, შავანაფორიანმა გაარღვია ბერებისა და მორჩილების ბრბო, თავს წაადგა კათალიკოსს.

ქედმოდრეკილი მიეჭრა ეზოსმოძღვარი, თავისი მარადსველი, მსუქანი ტუჩებით დაულოშნა მარჯვენა, მერმე კრძალვისაგან აცახცახებული უკუდგა და მოახსენა:

მეფე სადარბაზოდ იწვევსო შენს მეუფებას.

მელქისედეკი დააფიქრა განმეორებით მიპატიჟებამ, ასე გაიფიქრა: ფარსმან სპარსის ამბავი აწუხებსო.

მელქისედეკს ფრიად არ მოსწონდა ამ «საეჭვო უშჯულოს» ყოფნა მეფის კარზე, მით უმეტეს, არავინ იცოდა დაბეჯითებით, მართლაც სპარსი იყო იგი, სარკინოზი თუ ბერძენი?

ფარსმან სპარსი შერქმეული სახელი უნდა ყოფილიყო, არსებითად ნამდვილი მისი ვინაობა და სადაურობა არავინ უწყოდა.

ყოველი ენა, ყოველგვარი სჯულის კანონი ზედმიწევნით იცოდა: ქართული, არაბული, თურქული, ირანული და ბერძნული.

ჯერ კიდევ ბაგრატ კურაპალატს აუხირდა მელქისედეკი ამ «წარმართის» გამო, მერმე ის იყო მოანათვლინა მეფემ ორმოცდახუთი წლის კაცი.

ეკლესიაში სიარულითა და მარხულობით თავს არ იწუხებდა ფარსმანი.

მსტოვარ ბერებს ამბავი მიჰქონდათ კათალიკოსთან, ჩუმჩუმად დასცინისო კიდევაც ქრისტეს სჯულს. მარიამის უხრწნელობის დოგმას აპამპულებდა თურმე და როცა თრიაქით დათვრებოდა, მოურიდებლად ხითხითებდა: ღვთისმშობელს იმდენი შვილი ჰყოლია, რამდენიც ანგელოსი დაეტევაო ნემსის წვერზე.

ეს ოხუნჯობაც ორპირულად იყო მოსაზრებული. თუ ეტყოდნენ, ნემსის წვერზე ბევრზე ბევრი ანგელოსი დაეტევაო, იგი მიუგებდა: თქვენ არ გცოდნიათ ანგელოსი კაცისოდენა რომ არისო, ხოლო თუ ვინმე მიუგებდა, საერთოდ ანგელოსს როგორ დაიტევსო ნემსის წვერი, - თქვენ არ გცოდნიათ ანგელოსი უხორცონი რომ არიანო.

მერმე მოჰყვებოდა იმდენს ანგელოსების უხორცობის გამო, თავბრუს დაახვევდა მსმენელს.

როგორც ყოველ ავანტჲურისტს (და შუა-საუკუნეებში ისინი გაცილებით მეტნი იყვნენ, ვიდრე ჩვენს დროში), მასაც რამდენიმე ხელობა ჰქონდა მომარჯვებული.

უკანასკნელად მზის საათების მოწყობას მიჰყო ხელი, დაეთრეოდა საერისთავოებში, მზის საათებს აწყობდა, მთვარის «ხელთაის» სწერდა, ხანდახან ნადიმებზე მიიწვევდნენ, როგორც ხუმარას და მოცლილს, მოხუც აზნაურებს აცინებდა, ყოველ სარწმუნოებას აპამპულებდა იდუმალ (რათა საკუთარი დაემალა), ყოველი ეროვნების კაცს ამასხარავებდა (რათა საკუთარი არ გაემხილა როგორმე).

კათალიკოსი დიდხანს ეძებდა რაიმე საბაბს, არსებითს, რათა მცხეთიდან მისი გაძევება მოეთხოვნა მეფისაგან და ახლა გახარებული იყო მელქისედეკ, რომ სწორედ ეზოსმოძღვარმა მიაწოდა მას ასეთი, ფრიად გამოცდილმა ჭორიკანამ და მოენემ.

ფარსმან სპარსი დედათა მონასტერს შესჩვეოდა, მცირეწლოვან, მორჩილ ქალწულებს საჩუქრებით გაიტყუებდა მთავართა სანათლოის ერთ ბნელ ქუჩისკენ, სადაც გაუქმებული ბაზილიკის უკან, ბნელ სენაკში ცხოვრობდა თავათ, და ნამუსს ახდიდა თურმე.

უკანასკნელად ფანასკერტელის ქალისთვის დაედგა თვალი. ცამეტი წლის გოგონა ძალით გაეხრწნა (იგი ეზოსმოძღვარის ნათესავი აღმოჩნდა). თუ აფხაზეთიდან, კლარჯეთიდან და ფხოვიდან ჩამოყვანილ მონათა შვილების გაუპატიურებამ დაუსჯელად ჩაუარა ფარსმანს, ფანასკერტელი დიდი აზნაური იყო და აქ უეჭველად მოძებნილი იყო ის ფონი, რომელსაც მკრეხელი ფარსმანი უცილოდ უნდა დაეხრჩო.

გამოძიება დასრულებული იყო, მაგრამ ჯერ სხალტბის ეკლესია არ მოეთავებინა ფარსმანს და კათალიკოსი ჯერ არ აპირებდა საქმისთვის მსვლელობის მიცემას, მეფესთან შეხვედრასაც ამიტომ გაურბოდა, ვაჲთუ გიორგიმ შემავრდომოსო ფარსმანი.

ეზოსმოძღვარის პირით შემოთვლილ ხელმეორედ წვევას, ცხადია, ვერ გაექცეოდა მელქისედეკი. ოდნავ გულნაწყენი იყო ამ მიპატჟებით, მაგრამ ერთბაშად გადასწყვიტა დაესწრო როგორმე მეფისათვის და დაბეჯითებით მოეთხოვა ამ ბილწი წარმართის დასჯა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.