– XLIII –
კონსტანტინე არსაკიძეს მთელი ღამე არ სძინებია. ყურს უგდებდა წვიმის შხაპუნს, შიშობდა, ვაჲთუ ხვალაც არ გამოიდაროს, ვჲათუ არ მოვიდესო შორენა.
გაიხარა. როცა საწოლშივე შეაგება ალერსიანი სხივები მზემ.
მშენებლობას მიაშურა უზმოზე, მაგრამ ეს იყო, თვით საყვარელი ქმნილების დანახვამაც ვეღარ მოჰგვარა ხალისი.
უგუნებოდ აძლევდა პასუხს კალატოზების და მხატვრების შეკითხვებს. ყველა გაოცებული იყო იმ დღეს მისი დაუდევრობისა და გულგრილობის გამო.
წარამარა ეკითხებოდა ბოდოკია: ავათ ხომ არა ხარ, ოსტატო, ხომ არ იტკივებო თირკმელებს?
იჯდა ქვის სახელოსნოში ოფლში გაწურული თავხელისძე. თეძამის ქვაზე სჭრიდა ფრთოსანი ლომის ხატებას.
წვალობდა მეჩუქურთმე, უმარჯვოდ ხმარობდა სატეხს. უკანკალებდა ხელი.
ლომის ფიგურა კარგად იყო ამოჭრილი სიბრტყეზე, მაგრამ ოსტატის თვალმა ეს შეამჩნია, სწორედ ფრთები ვერ გამოჰყავდა “ქრისტიან ოსტატს”.
მოუხეშავად გამოეკვეთა ფრთები, ქვაში არ იყო გამჟღავნებული ის სირბილე, გაშლილი ფრთისათვის ხელის შეუვლებლად რომ ეცემა ხოლმე კაცის თვალს.
გამოართვა თავხელისძეს საჭრეთელი, დაისვენეო, ძიაკაცო, მცირედი, ეს უთხრა, თავათ დაჯდა მის ადგილს ხუროთმოძღვარი მეფისა.
სწორედ ის მცირე ღარები უნდა ამოეჭრა ზედ, ზეაშვერილ მხარს ფრთოსნისას რომ აჩნია ხოლმე.
უცნაურად გაჯიუტდა ქვა, დაარტყამდა საჭრეთელის თავს კვერს, კვნესოდა ლოდის ნაჭერი, უკანასკნელი ცეცხლით იგერიებდა თავს ოსტატის შემოტევისაგან გაგულისებული ქვა, ხედავდა ოსტატი, ისეთივე უხეში ხაზები გამოჰყავდა მის ხელში საჭრეთელს, როგორიც “მეჯადაგე ოსტატებს” სჩვევოდა ეს.
მოხუცი მეჩუქურთმეც ამჩნევდა ქვის ურჩობას და ოსტატის ხელის მოცარვას.
ოფლი გადაასკდა არსაკიძეს შუბლზე, იგიც სახოცით იწმენდდა შუბლს, მარცხენათი კვერსა სცემდა უმოწყალოდ, მაგრამ საჭრეთელიც ეურჩებოდა მარჯვენას.
ბოდოკია მოვიდა ბედად, ჩუქურთმიანი ლოდი უნდა ჩავდგათო კარიბჭის თავზე ერთი, კალატოზები გთხოვენო თათბირს.
გაუხარდა არსაკიძეს იდუმალ, სირცხვილს რომ გადაარჩინა ხმობამ.
ლოდი აიტანეს მშვიდობით.
გაეცალა კალატოზებს ხუროთმოძღვარი მეფისა. ნატრობდა: ნეტავ არ მკითხავდნენ არაფერს, თუნდაც ერთ დღეს, ერთ დღეს მაინც ვეკუთვნოდეო ჩემს თავს.
დადიოდა დარცხვენილი ოსტატი, ტაძრის გარშემო დაყიალობდა უსაზმნოდ.
ისე ათვალიერებდა კარ-ფანჯრების სამკაულებს, ფასადების ბარელიეფს, ლავგარდანების ჩუქურთმებს, თითქოს იგინი სხვის მიერ ყოფილიყვნენ შესრულებულნი.
როგორი უდრეკი ძალმოსილება ჰქონია მათ ოსტატს, რა ძალას დაუმორჩილებია ლოდების უჯიათობა ასე?!
მარმარილოსთვის სიტფო უსესხებია სულს, გრანიტისათვის ჰარილესებრი სირბილე.
ჩუქურთმებსა და როზეტებს ისეთი სილბო გადაჰკრავდა ზედ, როგორიც სალმასურის ჯავშანს გადასდის ხოლმე, ვერცხლის ჯავშანს სამფარეშოსანს, ხანაც აბრეშუმის ქსოვილებს რბილი და მსხვილი ზეზისაგან შემტკიცულთ.
ჭავლისებრ მღელვარება ეტყობოდა ზოგთა ზედაპირს, ისეთი ჰარმონიული, კლაკნია ხაზები, როგორიც ვაზის ლერწმებს სჩვევიათ ხოლმე, ხვიარების კლერტოებს, ნიამორებისა და მშვლების გადრეკილ ზურგებს, ან არადა ზღვაურის სუნთქვით შეტოკებულ ყანებს, როცა მოდგება საღამოს ბორიო, გადაიჯირითებს ოქროს თაველებზე, დააუთოვებს თავთუხის ზღვას.
მარყუჟიანი დეტალები, მცენარეულის სახეები ისე ფაქიზად იყვნენ შესრულებულნი, როგორც ახლადმოსული პწკალები ვაზისა, ან ის უმცირესი, ნატიფი ხაზები, ვაზის ფოთლებს წაღმართ მხარეზე რომ ამჩნევია (ან არადა თელის მორს, სწორად გადახერხილსა და ცვილით გასიპულს).
ძლიერად გავლებულ, მომრგვალებულ ნახაზებს მოჩვენებითი დრეკადობა ირმის რქებისა ზედ ემჩნევოდათ.
თვალისმომჭრელი მიმიკრიით ხიბლავდნენ მნახველს იდეალურად სწორ კვადრატების კიდეებზე მიყოლებული წრეები, ყოველი მათგანი თანაბარის სისწორით იყო შესრულებული, სხვადასხვაგვარი ჩუქურთმებით შემკულნი.
ერთად შეავლებდი თვალს?
ერთნაირი გეგონებოდათ, ხოლო ცალ-ცალკე - სხვადასხვაგვარი როზეტებით ნაქარგი!
და მთელი მრავალკიდოვანი ბუნება სიბრტყით განფენილი სამყაროისა, ისე ამოდ, ისე ჰარმონიულად, ისე რბილად გამოთქმულიყო ქვაზე, როგორც თავათ ღმერთს არ მოჰგონებია მისი მოცემა.
ასე, ცვილივით მორჩილი, ვაზის ლერწივით დრეკადი, ჯეჯილის ზედაპირივით რბილი იყვნენ ეს ლოდები ოსტატის ხელში ოდესღაც და ახლა საჭრეთელის მონატრული, უაღრესად ნებისდამყოლი თეძამის ქვაც წინ აღუდგა ოსტატს, ცეცხლს აფრქვევდა პირიდან და ეურჩებოდა მის მარჯვენას, ვისაც ეროსი ჩასვლოდა გვამში.
... ნურავის გაუკვირდება ეს, რადგან ეროსი ზარმაცების ღვთაებაა, იგი ნადიმებს უფრო მეტად ეტანება, ვიდრე ქვის სახელოსნოებს.
სიმთვრალეში მიუდგა მამამისი თავის ცოლს, ძევესის ბაღში ნაქურდალ ნექტარით გალეშილი.
ამიტომაც ხხვის ვენახებსა და სხვის საცოლეებს უთვალთვალებს მუდამ ეროსი, ნაქურდალი ღვინისა და სიყვარულისაგან გალოთებული.
ასე უკითხავად შეიპარება იგი თავათ ოსტატების გულშიაც, საყვარლისათვის ოცნებას, ღვინის სმასა და მუსიკობას მოანატრებს გამიჯნურებულს.
* * * * * * *
ბოდოკიას გადააპირა ორიოდე დავალება არსაკიძემ, ჩვეულებრივზე ადრე წავიდა მშენებლობიდან, გამოიპარა, როგორც ზარმაცი მონა.
მთავართა სანათლოის გარეუბანში, ღვინოს სვამდნენ ერთ ვენახში მეზვრენი, შეიპატიჟეს, ყველი, მწვანილი, ახალი კიტრები მიართვეს, ხელადით ასვეს წითელი ღვინო.
მეზვრენი ისევ საქმეს მიუბრუნდნენ, ხოლო შეზარხოშებული არსაკიძე მცხეთიდან გავიდა, საფურცლისკენ მიჰყვა ტყეებსა და ველებს.
მიიმღეროდა მთვრალი, უცნაურ შაირებს ამბობდა მარტოხელი მგზავრი, მღეროდა, ღაპაღუპით ჩამოდიოდა ცრემლები.
ქარი სცემდა სახეში, მიდიოდა, მიიმღეროდა, უკითხავად მოსული ცრემლი ღაწვისთავზე ჩამოდიოდა, კარგად არ იცოდა მთვრალმა, ვინ მოჰგვარა ეს ცრემლი?
ქარმა თუ ქალმა?..
* * * * * * *
შეგონება:
ასეთი უგულო ვინმეა ეროსი, იგი მამაც მეფეებს დაალაჩრებს, თრიაქის სმასა და უსაზმნო ლოთობას შეაჩვევს, ხოლო დიდოსტატებს, რომელნიც მტკიცე ხელით აქანდაკებდნენ თეძამის ქვაზე როზეტებსა და ყურძნის მტევნებს, მეჯადგე ოსტატებს დაამსგავსებს და გაახელებს. ბოლოს მინდვრებზე სახეტიალოდ წარგზავნის რათა საყვარლისათვის აკრეფინოს წარმავალი ყაყაჩოები ველისა.