prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი XXXVIII

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– XXXVIII –

საერისთავოებში მშვიდობა სუფევდა სხვა მხრით.

მარიამ დედოფლის აფხაზეთში დაყოვნებამ და მელქისედეკ კათალიკოსის კლარჯეთს გამგზავრებამ ფრიად საამური გახადა სასახლეში ცხოვრება.

ეზოსმოძღვარს უცნაური სვირინგები გამოაყარა ტანზე. არა მარტო მეფე, მთელი სასახლე, მთელი მცხეთა და უფლისციხე ამას ნატრობდა: კეთრი აღმოაჩნდეს ეზოსმოძღვარს ეგებ და ამ სვირინგებს თან გადაჰყვესო გულბოროტი ხუცესი.

გიორგი და გირშელი ხან უფლისციხეში ნადირობდნენ, ხანაც მცხეთაში ქეიფობდნენ იდუმალ.

ნადიმებს ნადირობა მოჰყვებოდა ხოლმე. ნადირობას ისევ ნადიმი, ჯირითი, ჰოროლის ტყორცნა და ცხენბურთი.

ბოლოს მოაღწიეს ცხრატბის ერისთავმა დაჩიმ და მისმა მეუღლემ რუსუდანმა.

დაქალებულიყო ფანასკერტელის ასული, მონაზვნური სიყვითლე უკვე გადასცლოდა სახიდან, მკერდი აბურცვოდა, თეძოები დამრგვალებოდა, ახელებდა ვაჟკაცებს ბეჭედივით ვიწრო ტუჩპირის ზემოთ ოდნავ, ოდნავ შესამჩნევი ბუსუსები, ულვაშის დარი.

ვნებიანად აფახულებდა გრძელწამწამიან თვალებს, ურიდოდ დადიოდა ქალაქში, თრიაქსა სწევდა იდუმალ, კვიცივით უკან დასდევდა მეფე გიორგის.

გიორგი და გირშელი იოლად ათრობდნენ დაჩი ერისთავს, მორიგეობით დაათრევდნენ სანადიროდ მის ცოლს.

გააშაირეს მცხეთელებმა დიაცი.

ცხრატბის ერისთავის მეუღლეს ცხრა ღამეც არ გაუთევიაო ქმართან.

ქმრისათვის თვალის ასახვევად მუდამ ლოცულობდა ერისთავის ცოლი, ხატებსა და ლოცვას მიანება იგი ქმარმა, გირშელსა და გიორგის აეკიდა თავადაც.

ღვინის სმაში იჯაბნებდნენ მეფე და ერისთავი მას, სამაგიეროდ ჰოროლის ტყორცნაში სჯობნიდა ორივეს.

დაჩის სრულიადაც არ აწუხებდა თავის დისწულის, შორენას მოსალოდნელი ქორწილის ამბავი.

სასახლის ჭორები გამოეკითხა წინასწარ, ყურმოკვრით გაეგო:

მეფე გიორგის თვალი უჭირავსო ყველისციხის პატრონის სასძლოზე.

ამიტომაც ურჩია დისწულს: მე ისეთი ამბები მესმის, გათხოვებაზე ხელი აიღე სრულად, მონაზვნად აღიკვეცეო მცხეთაში.

სასახლეში სტუმრობის დროს მიმინოების ლაზურად გაწვრთნამ გაიტაცა დაჩი, გულით ეწადა თავის საერისთავოში შემოეღო ეს ახალი დარგი ნადირობისა.

გვიან ღამემდის არა სცხრებოდა ციხეების ჩარდახებზე სტუმრების, სეფექალების, რაინდების ხარხარი და კისკისი.

უომრად მოწყენილი აზნაურები მოგროვდნენ მცხეთაში, უამრავი სიძვის დიაცები თან ჩამოჰყვა საერისთავოებიდან მათ, მოხუცებული ერისთავების ახალგაზრდა ცოლები და აზნაურების ქვრივები.

კათალიკოსისაგან კურთხევის მისაღებად ჩამოსულიყვნენ ისინი მცხეთაში, რაკი მელქისედეკი მანდ არ დაუხვდათ, ბახუსისა და აფროდიტეს წყალობასაც დასჯერდნენ ბოლოს.

გიორგისა და გირშელის ყმაწვილურ გართობას ერთიც შეემატა ახლა.

ერთმა ინგილომ ორი ავაზა მოჰგვარა ჰერეთიდან მეფეს.

სწორედ იმ დღეს პირველი ბავლი გაეგდოთ გიორგისა და გირშელს მიმინოებისათვის სასახლის ბაღში.

კონსტანტინე არსაკიძე მოეწვია საგანგებოდ მეფეს, ლაზურად უნდა გავაწვრთნევინოთო მიმინოები.

რა დროს ბავლია, ფიქრობდა გულამრეზილი კონსტანტინე, კლარჯეთიდან მობრუნებულ მელქისედეკისათვის მოთავებული უნდა დაეხვედრებინა სვეტიცხოველი.

ბიზანტიელ სტუმრებს თან ჩამოიყვანდა არტანუჯიდან მელქისედეკი, რადგან რამდენიმე კვირის შემდეგ უნდა ეკურთხებინათ ტაძარი კიდევაც.

ესეც არ იყოს, აღარ მოსწონდა ხუროთმოძღვარს ბაზიერობა მეფისა, რადგან ეს ასეა, დიდი ქმნილების შემოქმედს თავმოყვარეობაც შეუდგება ხოლმე მეფისაზე აღმატებული ხანდახან.

ავაზების ჩამოყვანის ამბავი ელვასებრ მოედო სასახლეს.

სასახლის ბაღში მოგროვდნენ სტუმრები, სეფექალები და რაინდები.

გიორგი და გირშელიც გამოჩნდნენ, ჯაჭვისფერი მიმინოები უსხდათ მარცხენაზე ორივეს, ქვიშისფერი ჯაჭვი ეცვათ თავათაც.

არსაკიძეს გადასცა თავისი მიმინო მეფემ, მიეახლა ინგილოს და ეკითხება:

«როგორ დაიჭირე, ძია კაცო, ეს ავაზები?»

«ორმოს ამოვთხრით ხოლმე, მეფევ ბატონო, უკაცრიელ მთებში, წვრილი წნელებით გადავხურავთ მას, ძაღლის ლეკვს ყურში გავუყრით ანკესს, გრძელ საბელს მივაბამთ ზედ.

ეს საბელი მონადირეს უჭირავს ხელში. უშიშარ სახუნდარში ჩასაფრულს მახლობლად.

ზის მთელი ღამე ეს ლეკვი ორმოს თავზე, მეფევ ბატონო, სველი მჩვრებით პირახვეული მონადირე სახუნდარიდან უთვალთვალებს.

ხანგამოშვებით გამოსწევს საბელს, ანკესი ააყვირებს ლეკვს, ძაღლის ხორცი ძლიერ უყვარს ავაზას. სუნს აიღებს, ხმას შეიცნობს, მიწაზე გალურსული მიეპარება, ერთბაშად კამარას გააკეთებს ჰაერში, ისკუპებს, ზედ დააცხრება ლეკვს.

წნელები ვერ შეიმაგრებს მხეცს და ორმოში ამოჰყოფს იგი თავს».

«მერმე?»

ეკითხება მოუთმენლად გიორგი.

«მერმე შევკოჭავთ, წავიყვანთ, თვალს ავუხვევთ, ვცემთ და ვაშიმშილებთ, ისევ ვაშიმშილებთ, ისევ ვცემთ».

«ეგვიპტეში მახეებით იჭერენ ავაზას».

შენიშნა ყველისციხის პატრონმა.

გირშელმა აიჩემა, ანჩაბაისძის ასული და ცოტა-ერისთავის დაჩის მეუღლე, რუსუდან, წარგზავნეს შორენას მოსაყვანად.

მეფემ ფარსმანი ახმობინა, ვითარცა ყოვლისმცოდნე და მჩხიბავი.

ინგილო მიწაზე იჯდა, ცალ ხელში ორი საბელი ეჭირა, ცალშიაც შოლტი.

როცა გარსმოჯარულ უცხოთ შეუღრენდნენ ავაზები, ატკაცუნებდა შოლტს ისევე, როგორც ჩვენი მეურმე აშინებს ხოლმე კამეჩებს ტკაცანით. სამეფო ბაღში ირანული ვარდები გაშლილიყვნენ, სისხლივით წითელი ზოგნი, ნუშისგულივით თეთრნი, მოყვითალონი სხვანი, ყვითელი კი არა, ძველთუძველესი სპილოსძვლის ფერისანი.

ჰყვაოდნენ ბაღის ყაყაჩოებიც. სუსამბარები და ნარგიზები, ნაირ-ნაირი მიხაკები, რომელთა ფერების ასაწერად წამალი არ ეყოფოდა ადამიანის სიტყვას.

იისფერნი, მზისფერნი, სინგურისფერნი, ჟრუნნი, მოწითანო, მოლურჯო და სავსებით ლურჯნი, კარაქისფერნი და ხოხბის ყელისფერნი, ფარშავანგის ბოლოსებრ მოხატულნი, ჰინდური ყვავილები ნაირ-ნაირნი.

ტალავერებზე მიშვებულნი იყვნენ ხატაური გლიცინიები და ხვიარები სხვადასხვა ჯიშისა.

ერთ ტალავერს ქვეშ თავი მოეყარათ სტუმრებს, რაინდებს, სეფექალებს, საერისთავოებიდან ჩამოსულ ლამაზმანებს.

აქ იყო თმოგვისციხის პატრონის მხოლოდშობილი ასული დედისიმედი, პირმშვენიერი, მკერდსავსე ქალწული, რომელსაც მშვილდივით მოდრეკილი წარბები ჰქონდა, ხოლო ხელები რძიარძიასავით თეთრი, და გრძელი თითები, სწორედ ისეთი, როგორსაც ანგელოზებისას ჰხატავდნენ ხოლმე ფრესკოს ოსტატები იმჟამინდელნი.

შარვაშისძის უმრწემესი ქალი ხათუნა, ლურჯთვალებიანი, ლელივით რხეული დიაცი.

პირველ ცოდვასავით მღელვარების მომგვრელი თუთაი, ვარდანისძის ქვრივი, ტანმორჩილი, მაგრამ ეშხიანი დედაკაცი.

ერისთავის, გვარამ აბულელის სამივე ქალი: ერთი ქერა, ერთი შავგვრემანი და ერთიც «მზისსახიანი» (როგორც ყმაწვილკაცები უწოდებდნენ მას).

ულამაზეს სეფემოახლეთა წრეშიაც ბრწყინავდა ცხვილოსციხის პატრონის მეუღლე ცოქალა, უზადოდ მშვენიერი სხეული-ჰქონდა მას, მაგრამ თევზისებრ თვალები უჭკუო გამომეტყველებას აძლევდნენ პატრონს (ამიტომაც «თევზისფერი ძროხა» შეარქვა მეფე გიორგიმ ცოქალას).

მკერდგათქვირული, მაღალთეძოიანი ფაშფაშა დიაცი იყო იგი, გამომწვევი გარეგნობის და საქციელისა.

მეორე სახელიც ჰქონდა ცოქალას, ცხვილოსციხის პატრონის მეუღლეს, «აპოკალიპსური მეძავი» შეარქვა მას ეზოსმოძღვარმა ამბროსიმ.

ფრიად შორეული ნათესავი იყო ცოქალა მეფისა.

ასე ამბობდნენ: იდუმალი ხარჭააო მისი «თევზისფერი ძროხა».

საჭოჭმანო ეს იყო, ცოქალაი სწორედ ისეთ დროს ჩამოდიოდა «სალოცავად» მცხეთაში, როცა მარიამ დედოფალი აფხაზეთს ან კლარჯეთს გაემგზავრებოდა მონასტრების მოსახილველად.

«თევზისფერ ძროხას» თან ახლდა უფროსი ქალი, ნათია, ჯეირნის ნუკრივით მორცხვი, ახლად შეღერებული ქალწული.

სხეული დედისა გამოჰყოლოდა ნათიას, მაგრამ საფირონისფერი თვალები ჰქონდა.

ისე ნაზად აფახულებდა შავსა და გრძელ წამწამებს, ასე იტყოდი, თალხი პეპლები არხევენო მის თვალის უპეებზე ფარფლებს.

ამ გოგონას მთვრალი გამოხედვა აქვს, ამიტომაც მომწონსო, წამოსცდენია თრიაქით მთვრალ მეფე გიორგის ერთხელ.

ეზოსმოძღვარი და სასახლის სხვა ჭორიკანები ასე ფიქრობდნენ:

«თევზისფერი ძროხა» ხარჭად ჰყავდა მეფეს, დედოფლობა ეწადა ცოქალას, მაგრამ თვალებმა უღალატეს, ახლა თავისი ქალის, ნათიას ტახტზე აყვანას მიელტვისო ერისთავის ქალი.

როცა ლამაზმანების კრებულს პირმშვენიერი ანჩაბაისძის ქალი, «ულვაშიანი» რუსუდან - ცხრატბის ერისთავის მეუღლე და კოლონკელიძის ასული მიეახლნენ, ერთბაშად დაჩრდილა თანადამსწრენი შორენამ.

ოდნავ ნაღვლიანი ეჩვენა კოლონკელიძის ასული მეფეს.

ეკბატანის ვარდივით ბრწყინავდა იგი უმშვენიერესს დიაცებსა და ყვავილებს შორის.

შორენა მიესალმა თანადამსწრეთა, არც მეფისა, არც გირშელისათვის თვალი არ გაუმართავს. ზედაც არ შეუხედავს ზეზისა და ოქსინოს ჯუბაჩებში მორთულ რაინდებისათვის, კონსტანტინე არსაკიძეს შეჰხედა იდუმალ, ბრწყინვალე, თოროსან ვაჟკაცებს შორის ლანდივით მდგარს.

უბრალო, ფხოვურ ჩოხაში მორთული, არამიწიერ არსებას მიაგავდა იგი ლოყებღაჟღაჟა, კურატივით ჩასუქებულ მამაკაცთა წრეში.

ბოროტი მზერა წაატანა «თევზისფერმა ძროხამ» კოლონკელიძის ასულს, შემდგომ ამისა გიორგის შეხედა შეფარვით.

მღელვარება შეატყო მეფეს.

არა მარტო მანდილოსნები, რაინდებიც არ გაჰკარებოდნენ ავაზებს ჯერაც.

ხვადი იწვა, ძუ იდგა.

შორენას სახე გაუბრწყინდა. უშიშრად მიეახლა ძუს, სწორედ ამ წუთში გიორგიმ თვალი შეავლო დიაცსა და მხეცს.

რაღაც საერთო ჰქონდათ ამ ავაზასა და ამ ქალს.

არსაკიძე შეკრთა, არ ავნოსო ნადირმა შორენას.

მოწითალო და მოყვითანო ზოლები გადასდიოდა თხემიდან კუდის წვეტამდის ძუს, წითლად და ყვითლად სხურვებული ჰქონდა ტყავი, ოქრომკედის დორივით მოხატულს.

ეს იყო მხოლოდ, ფორეჯები ბეწვისა უფრო წვრილად დაწინწკლული სჩანდა, ვიდრე ვეფხვისანი.

ყბები, მუცელი და ფეხები ქვედა მხარენი ჩალისფერი, კუდიც უფრო ჭრელჭრულა, ვიდრე მიწაზე მწოლიარე ხვადს, ფხოვურ შიბებისდარ რკალებს მოთეთრო რგოლები თიშავდნენ აგრეთვე ჩალისფერ წვეტამდის.

ვეფხისაზე უფრო წვრილი თვალები ჰქონდათ ორივეს და როცა ხვადიც ზეწამოდგა, შორენამ შენიშნა: იოგებმაგარ, მაღალ ფეხებზე იდგნენ ორივენი.

ზურგზე ხელი გადაუსვა ძუს, თვალები განაბა ავაზამ და ისეთი კრუტუნი ამოუშვა, როგორიც კატას სჩვევია ხოლმე პატრონის კალთაში მყუდროდ მონებივრეს.

რაინდები აიმღვრნენ, როცა გამბედაობით აჯობა დიაცმა მათ.

ახლა მეფეც მიეახლა ავაზას, გაუხარდა, როცა არც მას შეუღრინეს მხეცებმა.

თავის ძველ ავაზებს არ უმადლოდა გიორგი.

ხუშტურიანნი იყვნენ ისინი, ჟამიდანჟამზე მენადირეთუხუცესსა და მენადირეებს არ იკარებდნენ ხოლმე.

გაჯიქდებოდნენ, გალიიდან ვეღარ გამოჰყავდათ, ცუდი კვება ჰქონდათ მუდამ ამრეზილთ.

მოთავდებოდა ნადირობა, ქამანდით უხდებოდათ დაჭერა.

მენადირეთუხუცესი თავს იმართლებდა: დაგვიბერდნენ ავაზები, სიბერეში უხალისო ხდებიანო ისინი.

როცა ახალი ავაზები მოიყვანა ინგილომ, გიორგის უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მენადირეთუხუცესის გადაყენება.

ღელავდა გიორგი, ფარსმან სპარსი რომ არსად სჩანდა.

ეგებ ავად გახდაო ბერიკაცი, მაინცდამაინც დღეს.

არ კი იცოდა, განზრახ რომ იგვიანებდა ფარსმანი.

ხუროთმოძღვართუხუცესის პატივი აჰყარეს, ახლა მენადირეთუხუცესობას მიელტვოდა იგი.

იცოდა ფარსმანმა: სასახლეში არავინ ჰყავდა ავაზების გამწვრთნელი გიორგის, ამიტომაც თავპატიჟს იდებდა იგი.

ბოლოს, როგორც იქნა, მოაღწია ფარსმანმა.

მეფეს თაყვანი სცა, სტუმრებს მიესალმა, თამამად მივიდა ავაზებთან.

ყვრიმალები დაუსრისა ხვადს, ზურგზე მოუალერსა ძუს.

მეფეს მიუბრუნდა და მოახსენა:

«სპარსული პალანგებია, მეფევ ბატონო, ესენი, ჰინდონი ჰონიგას უწოდებენ, ხანაც კერკალს, მეგვიპტელნი გნოს».

«თუ არ ვცდები, ჩიტად უხმობენ ჰინდონი, აა?»

სიტყვა ჩაურთო მეფემ.

«დიახ, ჩიტასაც იტყვიან, ავაზები მრავალგვარნი არიან მაინც...»

ფარსმანს ბევრი რამ ჰქონდა წაკითხული ამ მხეცების გამო არაბულად, მათი წვრთნისათვის მხოლოდ მცირეოდენი სმენოდა ქაიროში. ამიტომაც შეეკითხა ინგილოს:

«გინადირნია ამ ავაზებით, კაცო?»

«ჯეირნებზე მყოლია, ბატონო».

«მშველზე?»

ინგილომ კეფა მოიფხანა, ყოყმანით უთხრა:

«მშველზე ჯერ არა, ბატონო»...

«ვის დააგეშინე ეს ავაზები, კაცო?»

«დიაცს მივუსვამდი ხოლმე თვალახვეულ ავაზას, ბატონო, მერმე ყურში უყვიროდა, ან ზღაპრებს უამბობდა ხოლმე დიაცი, ამრიგად ადამიანის ხმას შეაჩვევდა მხეცს».

მეფეს მიუბრუნდა ფარსმანი ღიმილით.

«ავაზა ერთადერთი ცხოველია, მეფევ ბატონო, დიაცის ლაყბობას რომ უძლებს ხანგრძლივად».

ესა სთქვა ფანასკერტელის ქალსა და ცხვილოსციხის პატრონის მეუღლეს შეჰხედა შეფარვით.

«თევზისფერი ძროხა» აიმღვრა, მას დიაცების მოდგმისათვის მესიტყვეობა ჰქონდა რატომღაც ნაკისრი, მხარზე ხელი დაადო გიორგის, ყვრიმალთან მიუტანა პირი და უჩურჩულა:

აქამდის რად არ ჩაგიძაღლებიაო ეს ენაჭარტალა ბებერი, გიორგი?

ფანასკერტელის ქალმაც იწყინა, მაგრამ იგი გაიტრუნა, რადგან მისი ქმარი დაჩი გვერდით ედგა, ფარსმანის ხსენებასაც ერიდებოდა მის სიახლოეს.

მოხუცმა იგრძნო, ცოტა უხეში რომ მოუვიდა ეს ხუმრობა, სხვა მანდილოსნებსაც შესცინა, ისევე მეფეს გაუმართა თვალი და დასძინა:

«დიაცივით გულბოროტია ავაზა, ტანხატულა და პირმშვენიერი, დიაცივით რბილი და ტფილი.

კიდევ ერთი ზნე სჭირს დიაცური ამ ნადირს, მაგრამ მეშინია, არ შემრისხონ ლამაზმანებმა, ამიტომაც სხვა დროს მოგახსენებთ, მეფევ ბატონო, ამას».

გიორგიმ ისევ გაუღიმა ბერიკაცს, მერმე ყველისციხის პატრონს მიუბრუნდა და ეს უთხრა:

«შენ რას იტყვი, გირშელ, წავიყვანოთ ეს ავაზები სანადიროდ დღესვე?»

გირშელი დაფიქრდა.

ბოლოს ეუბნება მეფეს:

«მე მეშინია, გიორგი, არ გაგვექცნენ მიუჩვეველნი, მოდი, შევიცადოთ, დავაკვირდეთ ერთ კვირას».

ახლა ინგილო დაჰკითხა გიორგიმ.

«მე წამიყვანეთ, მეფევ, ბატონო, თან, თავი მომჭერით, თუ ჩემს მიერ დაგეშილი ავაზები გაგვექცნენ».

მაინც გირშელის ნათქვამი უფრო სარწმუნოდ მიიჩნია მეფემ.

* * * * * * *

იმ დღესვე შეუდგნენ მშველზე ნადირობის სამზადისს.

გირშელი ამტკიცებდა: ურმით ტარება აბრაზებსო ავაზებს, ეგვიპტეში ეტლით დაჰყავდათო ეს მხეცები მონადირეებს.

უფლისციხის სასახლეში ოდითგანვე ეგდო მწვანე ეტლი, რომელიც ბასილი კეისარმა მიუბოძა ბაგრატ მესამეს, კურაპალატის ხარისხთან ერთად.

ეს ეტლი ისევე სძაგდა გიორგის, როგორც ბიზანტიის კეისარის სახსენებელი. სიჭაბუკეში სანადირო ძაღლებს დაათრევდა ამ ეტლით მეფე, ბოლოს მელქისედეკი აუხირდა: პატივი ეციო ქრისტიან კეისარს, თუ შენ არ ჩაჯდები კურაპალატისეულ ეტლში, ძაღლებს მაინც ნუ ჩასვამო შიგ.

ახლა სწორედ ეს მწვანე ეტლი მოატანინა მეფემ.

წესისამებრ, წითელი აბრეშუმით აუხვიეს ავაზებს თვალები და ეტლში ჩასვეს.

მონადირენი დაფრთხნენ, უშიშარაისძემ იკისრა მათ გვერდით ჯდომა.

ერთადერთი უსიამო ამბავი ჩრდილავდა მონადირეთა სიხარულს. სწორედ წინა ღამით საშინელმა ხურვებამ წამოუარა ინგილოს.

შორენას ძლიერ ეწადა ამჯერად სანადიროდ წასვლა, არსაკიძეს სთხოვა, უთუოდ უნდა წამოხვიდეო მშველზე სანადიროდ.

თანაც დასძინა: მეფე გიორგიმ გთხოვა, მიმინოებიც თან წამოიყვანოო, ლაზურად გაწვრთნილნი.

თავდაპირველად უარზე იდგა ხუროთმოძღვარი მეფისა.

დღეს თუ ხვალ ტაძარი უნდა მოვათავო, სანადიროდ სად მცალიაო?

«გარდა ამისა, მე არ შემიძლია მლიქვნელისა და კარისკაცის მოვალეობა ოსტატის საქმესთან შევათავსო, თუ ხუროთმოძღვრის ხარისხი ბაზიერთუხუცესობასაც მოასწავებს, მაშინ იმ ტაძარს დავამთავრებ და ისევ კირითხურო გავხდები უბრალო».

არსაკიძე ჰხედავდა: ცუდ საქმეს რომ გადაჰკიდა იგი მიმინოების ლაზურად გაწვრთნამ, მეტი გზა აღარ იყო, ბოლოს დაუთმო შორენას.

უთენია გავიდნენ მცხეთიდან მეფე და მისი ამალა, რაინდები, სეფექალები და სტუმრები.

მწვანე ეტლში უშიშარაისძე იჯდა, ორი თვალახვეული ავაზა გვერდით ჰყავდა, მათი საბელები ხელში ეჭირა.

ყვავილებითა და მანეულის შტოებით მორთული იყო მწვანე ეტლი.

მეფე გიორგი, გირშელი, განმგეთუხუცესი, შორენა, არსაკიძე, ცხრატბის ერისთავი დაჩი და მისი მეუღლე რუსუდანი, «თევზისფერი ძროხა», საფირონისთვალებიანი ასული მისი და ფარსმან სპარსი უკან მიჰყვებოდა ეტლს.

ფარსმანი წარამარა დეზს უშენდა აფხაზურ სატალახო ცხენს, რადგან მუდამ მეფის გვერდით ეწადა სვლა, რათა ავაზების გამო საუბრით ახალი თანამდებობა ხელში ჩაეგდო როგორმე.

ხან მეფეს ლიქნიდა გზადაგზა, ხანაც საინგილოდან მოყვანილ ავაზებს აქებდა.

სამი ერისთავი, შვიდი თოროსანი რაინდი მათ შორიახლო მოაჯირითებდნენ არაბულ იაბოებს.

მთლად ბოლოს, ღვინის რუმბებითა და ხორაგეულით დატვირთულ ურმებს ცხენდაცხენ მოჰყვებოდნენ მენადირეთუხუცესი, მერემეთუხუცესი, ათი მონადირე, სამი ბაზიერი და ესტატე.

სწორედ ამ ბაზიერებს მიჰყავდათ აბრეშუმის «პერანგში» შეფუთვნილი, ლაზურად გაწვრთნილი მიმინოები, ერთი მეფისა, ერთი შორენასა და ერთიც გირშელისათვის.

მეფე გიორგი ჩინებულ გუნებაზე იყო, დაუცხრომლად მიაჯირითებდა თავის ოქროსფერ ულაყს, ფრიად კმაყოფილი იყო იმითაც, კიდევ ერთხელ რომ მოუხერხდა საქვეყნოდ გაპამპულება კეისრის მიერ ნაბოძებ მწვანე ეტლს.

გირშელსა და მის საცოლეს მოუბრუნდა და ეუბნება:

«როგორც ვატყობ, ნამეტნავი პატივი მოსდის კეისრისეულ მწვანე ეტლს. აქამდის ძაღლებს სვამდა ბაზიერი ესტატე შიგ, ახლა მეფური სისხლის ნადირები მგზავრობენ ამ ეტლით. შენ ხომ იცი, გირშელ, ბასილი კეისარს მიკიტნის სისხლი უდუღს ძარღვებში?!»

გირშელმა გაიღიმა და თავის საცოლეს გადახედა.

ჰშვენოდა ცხენოსნობაც შორენას.

ფარსმან სპარსი უკვე მისწეოდა მეფეს, უკითხავად ჩასჩარა საუბარში სიტყვა:

«დიახაც მეფური სისხლისაა, მეფევ ბატონო, ავაზა.

უფრო მეტს მოგახსენებთ, ბახუსის დედამძუძედ ითვლება იგი, ასეთია გადმოცემა ბერძნული: ძუძუს აწოვებდა თურმე ძუ ავაზა ბახუსს, ძევესისა და ზემელეს ძეს».

მეფე გიორგი ისევ შორენას ესაუბრებოდა მწვანე ეტლისა და ბასილი კეისრის გამო, ასე რომ მას არც კი გაუგონია ფარსმანის ნათქვამი.

ფარსმანმა მიმოიხედა, «თევზისფერი ძროხა» ხელში შერჩა. რადგან იგიც მეფე გიორგის გვერდით სვლას მიელტვოდა, მაგრამ ცხენოსნობაში გამოუცდელ ცოქალას წესისამებრ ვერ წარემართნა თავისი თექური იაბო. ამიტომაც მას უამბო ფარსმანმა მეფისათვის სათქმელი. არც «თევზისფერ ძროხას» გაუგონია მისი ნათქვამი, იგი შურისაგან ამრეზილი იყო, რაკი ჰხედავდა, რომ მეფე გიორგი არც მასა და არც საფირონისთვალებიან ნათიას ყურადღებას არ აქცევდა. შორენას ესაუბრებოდა გზადაგზა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.