– XXVI –
როცა მეფემ ინით შეიღება წვერი, გაოცებული მიაშტერდა გირშელი.
«იცი, გიორგი, უცნაურად მაგონებ ალ-ჰაქიმს, სწორედ ასეთი წითური წვერი ჰქონდა ხალიფას, მკვიდრი ძმა ეგონები სარკინოზებს მისი».
«სარკინოზებთან ომებში ეხმარებოდა მამაჩემი კეისარს, დიაცთა მოყვარული იყო ბაგრატ კურაპალატი თურმე, ვინ იცის, ეგებ ხალიფას დედას გადააწყდა სადმე».
გირშელმა გაიღიმა.
«დამავიწყდა შენთვის მეამბნა: სწორედ იმ ღამეს, როცა გულიამები დავხოცეთ, ხალიფი ალ-ჰაქიმი სასეირნოდ წასულა და უკვალოდ დაკარგულა თურმე».
გიორგი გაოცდა და გირშელმა დასძინა:
«ასე რომ, შენ შეგიძლია სარკინოზების ღმერთად გამოაცხადო თავი».
იცინოდნენ, აღმა მიჰყვებოდნენ არაგვს.
«ღმერთი არ გაგიწყრეს, გირშელ, არავისთან წამოგცდეს, თორემ ამასაც მკრეხელობად ჩამომართმევს კათალიკოსი».
შესდგნენ მცირე ხანს.
მოგელავდა გაშმაგებული მდინარე, სოჭის ძელები მოჰქონდა, ყინულის ხორგები და დამხრჩვალი ცხენები.
უღლიანი კამეჩები მოეტაცნა წყალს. თავ-კისერი მოუჩანდათ ბედშავებს მხოლოდ, საწყალობლად ყოყინებდნენ, ნაპირისაკენ იცქირებოდნენ.
იძალებდა ორთაგანი ერთი, ზეაისროდა თავის კერძ უღელს, დასძირავდა მეორეს წყალში.
მოჰქონდა დაუღლებულნი არაგვს, მორიგეობით ყვინთაობდნენ ბედშავნი.
«ასე გადაჰკიდებს ხანდახან ორ კაცს ერთ უღელზე ბედი».
ესა სთქვა გიორგიმ და გირშელმა მიუგო:
«ან ერთს დაახრჩობს, ან მეორეს ბოლოს».
«შესაძლოა, ორივენი მოაშთოს ერთად».
ვიღაც ვაჟები გაშიშვლდნენ რიყეზე, ცურვით გაეკიდნენ წყალწაღებულ პირუტყვებს.
«სიყრმეში მე და შენაც გადაგვილახავს ასეთ დროს არაგვი, ბიჭი ხარ და ახლა გადასცურავ».
ეუბნება გირშელი დეიდაშვილს.
გიორგის გაახსენდა მუდმივი ჯიბრი სიყრმის მეგობართან.
«რატომაც არა, შენ თუ მტკვარი გადასცურე გუშინწინ, ნუთუ მე არაგვს ვერ მოვერევი?
«უნდა გითხრა, მტკვარი არ ყოფილა ასე მოდიდებული იმ ღამეს».
მცირე ხნის შემდეგ ამბობს:
«ჩვენ ორივეს გვჯობნიდა ერთი მდაბიორი».
«რომელი?..
«დრუიძე?...
«არა, გაბოი, ვგონებ, რა გვარი იყო გაბოი!»
«კოხრიჭისძეა გაბოი. მის სახლში მივდივართ სწორედ».
ესა სთქვა გიორგიმ, არაგვს მიჰხედა კვლავ. კამეჩებს მისწეოდნენ ბიჭები. გაუხარდა, რადგან კამეჩები უყვარდა გიორგის.
მუდამ უკვირდა: რად ყოყინებსო ასე ნაღვლიანად ეგზომ ძლიერი ცხოველი?
ახლაც ეს უთხრა მეგობარს.
«შენ რა გგონია, - ამბობს გირშელი, - ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამქვეყნად.
მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულობენ.
არაბეთში მომისმენია ლომების ბუხუნი. გამოდგებიან უდაბნოში, შემზარავად გრგვინავენ, ამაზრზენია მათი უცნაური გლოვა».
მდუმარედ მიჰყვებოდნენ ორივენი ნაპირს.
გირშელი ბანიან სახლს მიაჩერდა ერთს.
- გახსოვს, გიორგი, მზრდელს რომ გავეპარეთ კვირაცხოვლობას. ვიღაც ლოთებმა ღვინო გვასვეს, აგვეკვიატა ერთი კუზიანი. იმ სახლის სარდაფში ჩაგვიყვანა, მეძავებთან.
გამოგვიდგნენ ჭარმაგი კაცები, თქვენ რა გინდათო მეძავებთან, ღლაპებო?
დაგვიცაცხანეს, დარცხვენილნი გამოვიპარეთ».
გიორგის გულიანად გაეცინა ამის გამგონეს.
იმ სახლის ბანზე ახლაც ისხდნენ ქალები.
გადასცქეროდნენ მოზღვავებულ არაგვს.
ვიღაც ვაჟებს ბადე ამოჰქონდათ წყლიდან.
გიორგი და გირშელი გადადგნენ კბოდეზე.
ბადე გაშალა მებადურმა თუ არა, ორაგულები, ციმორები და კალმახები აცეკვდნენ რიყეზე.
თევზი გვიზიარეთო, გადასძახეს გოგონებმა ყმაწვილებს.
გირშელი ათვალიერებდა გზადაგზა ქუჩებს, უთვალთვალებდა ბაღებსა და ბანებს.
ზედიზედ იგონებდა სიყრმეს.
მამლების, ვერძების ბრძოლას, ბერიკობასა და ჭონას. მთვარიან ღამეში სასახლიდან გაპარვას, მზრდელის ბუზღუნსა და არაგვში თევზაობას.
ოჩხის ამოღებას, ჩანგლების სროლას, თოვლის გოდოლების აგებას და მათ შემუსვრას.
ამ საუბარში გართულნი მოსულიყვნენ მთავართა სანათლოის უბანში.
როცა ხურსისეულ სასახლემდის მიაღწიეს, გირშელი ყმაწვილივით ატყდა: მაინც მდაბიორებს ვგავართ, სასახლის ეზოში შევიჭვრიტოთ, ფხოველი დიაცები დავლანდოთო შორიდან მაინც.
გიორგიც გააყმაწვილა სიყრმის ტკბილმა მოგონებებმა, თავათაც ეწადა ასეთი რამ მოემოქმედნა, მაგრამ ეს არ უნდოდა გირშელის თანხლებით ექნა.
სტუმარი მაინც არ იშლიდა თავისას. თვალმოკვრით მაინც ვნახოო შორენა.
გიორგი დაფიქრდა: ვაჲთუ სხვარიგად ახსნასო, ხურისისეულ სასახლის ბაღში შეიყვანა გირშელი.
აივანზე ბნელოდა.
გულით უნდოდა არავინ დახვედროდათ შინ.
ძაღლები აყეფდნენ ანაზდად.
ფხოველი დიაცი გამოეგება ხილნარში შესულებს, ტანმორჩილი, ნაყვავილევი.
«- მწუხრი მშვიდობისა» შეაგება სტუმრებს.
შორენა იკითხეს.
დიაცი შეკრთა.
ათანასე ბერმა წაიყვანაო სალოცავად ზედაზენს შორენა და მოახლეები მისი. ვარდისახარიღა დარჩა შინ, რაკი შეუძლოდ იყო იმ დღეს.
ვარდისახარს ვუხმობო, თუ გნებავთ.
ამას ამბობდა ჩოფურა დიაცი.
ვარდისახარის ნახვა არავის ეწადა, ამიტომაც გაბრუნდნენ ანაზდად.
ფხოველი დიაცი არ მოეშვა: რომელი სოფლისანი ხართ, ან ეს გვარქვით, რად იკითხეთო პატრონი ჩვენი?
კლარჯეთელი მწირები ვართო, კოლონკელიძის ნაცნობნი ძველნი.
მაშ მოიცადეთ, სადაცაა მოვლენო, ემუდარა ფხოველი დიაცი.
მცირე ხნის შემდეგ გამოგივლითო კვლავ, დაუბარა გიორგიმ, ქუჩაბანდისკენ გადაუხვიეს.
როცა სამეფო საჯინიბეს ჩაუარეს, გირშელმა აიჩემა: შენი კვიცების ქება გამიგია, მაჩვენეო ახლა.
თავლაში შესვლისთანავე ეცათ ის სუნი, რომელიც ცხენისმოყვარულთ არა სძაგთ ხოლმე.
პატრონის დანახვაზე ჭიხვინი მორთეს საომარმა ცხენებმა.
გიორგის განუზომლად უყვარდა ისინი. ჭირთამთმენნი მრავალთა, მრავალი ომის თანაზიარნი.
ეს ცხენებიც ისევე დაჩეხილნი იყვნენ, როგორც მათი პატრონის ჯერაც ახალგაზრდა სხეული.
ხუმრობით იტყოდა ხოლმე გიორგი:
«ეს კარგი, ჩვენ კაცნი რომ ვხოცავთ ურთიერთს, მაგრამ ამ საცოდავ პირუტყვებს რას ვემართლებით, ნეტავ?»
სათითაოდ მიეახლა თითოეულს, ეფერებოდა, ყურებზე, საოლავებზე ხელს უსვამდა, თვალებს უკოცნიდა, საალერსო სახელებს ეუბნებოდა სათითოოდ.
ეს მშვენიერი ერთგული ცხენებიც იფერებდნენ ალერსს, ხვიხვინებდნენ, ფრუტუნებდნენ, ალერსიანად თავს უქნევდნენ პატრონს.
სტუმარს ეუბნება გიორგი:
«შენ გეტყვი, გირშელ, ხვალ რომ ტახტიდან გადამაგდოთ ერისთავებმა, მეჯინიბედ დავდგები უთუოდ, ცხენებს მოვუვლი და ეს მომგვრიდა უდიდეს ბედნიერებას».
აღტაცებული შესცქეროდა ყველისციხის პატრონი ნაომარ იაბოებს, მკერდდაჩეხილ ულაყებს, არაბულ კვიცებსა და თექურ ჭაკებს.
სიყრმის მეგობარს მიუბრუნდა:
«იცი, გიორგი, ომში ცხენები მეცოდება ყველაზე მეტად, მრავალგზის მინატრია: ოღონდ ცხენს ნუ გამომიკლავენ ბრძოლაში და მე მზადა ვარ თავათ შევუშვირო მტრის ისარს მკერდი.
როცა ქაჩაბურაისძე წარმტაცა მტკვარმა, ცხენი შემეცოდა და, ამიტომაც არ დავიზოგე თავი, მეჯინიბეს მივუგდე ჩემი, მხარულით გავსდიე მეაბჯრეს».
საჯინიბოს ეზო გადაიარეს.
გაბოის სახლში ბჟუტავდა ჭაღი.
ეს იყო ჩვეულებრივი სოფლური დარბაზი უზარმაზარ დედაბოძზე დაყრდნობილის სახურავითა. ჩაჩხები ეკიდა სხვენზე. მჭვარტლში გამურული სრულიად.
დაფაცურდა გაბოი.
შუაცეცხლზე ჯაჭვი იყო ჩამოშვებული. ბატი ეკიდა ზედ.
დიაცი კერას უჯდა.
ტრიალებდა ბატი, ძირს დადგმულ ტაფაზე იღვრებოდა ცხიმი.
ფრთას აწობდა დიაცი ცრმელში, უსვამდა ისევ ბატს.
საამური სუნი იდგა ქოხში. ნერწყვი მოადგათ გირშელსა და გიორგის.
ერთადერთი უცხოთაგანი დაუხვდათ მუნ, უნდილაისძე, ჯავახელი მეცხვარე.
«აბა თუ იცნოთ ჩემი სტუმარი?»
ეუბნება სიყრმის მეგობრებს გიორგი.
ვერც გაბრიელმა, ვერც ქიტესამ და ვეღარც ესტატემ ვერ იცვნეს სტუმარი.
მეფეს არ უნდოდა გირშელის ვინაობა შეეცნო მეცხვარეს, ამიტომაც ეუბნება დამხვდურთ: «კარგი, დასხედით, ჯერ, დაგვალევინეთ ღვინო, მერმე გაგაცნობთ ამ ვაჟკაცის ვინაობას».
გაბოი სხვენზე აძვრა, სამწლიანი დუმა ჩამოიღო.
უცნაური სიღატაკე სუფევდა ირგვლივ. ჯვალოს ძონძები ეკიდა კედლებზე, დაფხრეწილი მუთაქები და დოშაკები ეგდო კუთხეში, სამი აკვანი იდგა საწოლის წინ, საწყალობლად ღნაოდნენ ბალღები.
უმწეოდ სტიროდა პატარა ბიჭუნა, მერმე სლოკინი აუვარდა, ხველა დააწყებინა, ყვინჩილასავით ყიოდა თანაც.
დიაცები სუფრის თადარიგით იყვნენ გართულნი, ბალღებისთვის არავის ცხელოდა.
გიორგი მივიდა, დაუყვავა პატარას.
საჩვენებელი თითი დაადო ნიკაპზე.
ეუბნება:
«ალალი, ალალი!»
დუმა ქვაბში ჩააგდეს, ლოქო მოართვეს სტუმრებს. ქინძის სუნი ეცა დამშეულ გირშელს, უარესად გაუხელდა მადა.
გიორგი თავათ მიუჯდა კერას. ფრთა გამოართვა დედაკაცს. თავათ აწობდა ცხიმში, ჯაჭვზე დაკიდებულ ბატს უსვამდა ნელ-ნელა.
«რამდენი შვილი გყავს, ქალო?»
ეკითხება გიორგი დიაცს.
«მენა? მენა, ორი».
«ტყუპები?»
«ტყუპები».
მიუგო დარცხვენით დიაცმა.
«გაგიზარდოს, გაგიზარდოს, ქალო».
ისევ ჩააწო გიორგიმ ტაფაში ფრთა, ბატს წასცხო კვლავ და ეკითხება დიაცს:
«ეს მესამე ვისია, ქალო?»
«ჩემი დაი სტუმრადაა ჩვენსას, იმისია ი პატარაი, ყივანა ხველა შეეყარა ბედშავს».
გირშელი ხარბად სჭამდა ლოქოს, ესტატეს სავსე ხელადები მოჰქონდა ჭურიდან.
«ერთ ძმაკაცთან ვიყავი სადილად დღეს, მშიერი დამტოვა მაგ ოჯახქორმა».
ესა სთქვა გირშელმა, ლავაში დაახვია ნიჩაბისებრ ხელით, წვენში ჩააწო და ჩაიბღუჯა პირში.
ღვინო მოსწყურდა სველი ხელადების დანახვისას გიორგის. გირშელმა მორიგი ჯამი გადასცა ესტატეს.
ეუბნება:
«ჩვენი გლახუნა ვადღეგრძელოთ ამ ჯამით».
გიორგიმ სასმური გამოართვა მეგობარს. ზეასწია და ამბობს:
«ჯერ ჩემი სტუმარი მიდღეგრძელეთ, იკუნკელისძე».
გირშელმა გაიღიმა და არა სთქვა რა.
«ეგ კაცი ცოლის შესართავადაა მცხეთას ჩამოსული, ადიდებული მტკვარი გადაულახავს.
ვაჟკაცთა წესია ასეთი: გულისმიჯნურისთვის არ დარიდება საფრთხისა».
გლახუნამ თვალი მოავლო მიწურს, რა დარწმუნდა, დიაცები გაკრებილანო:
«არა, გატყუებთ, ბიჭებო, მას ერთი სიძვის დიაცი ჰყავს მცხეთაში, ამადაც გაუწირავს თავი».
გაბომ შენიშნა: გლახუნა ეჯიბრებოდა ღვინის სმაში უცხოს. ამიტომაც უჩურჩულა ესტატეს:
ცოტა არაყი ჩაუსხიო მაგ გოლიათს ყანწში, თორემ დაგვათრობსო ყველას.
გიორგის მოუბრუნდა შემდეგ ამისა:
«საჭმელს მიეძალე, გლახუნა, თორემ ეგ ღვინო მატყუარაა, იცოდე».
გლახუნამ ბარკალი აგლიჯა ბატს. გირშელი უხმოდ ილუკმებოდა, ნადირისებრი კბილებით გლეჯდა ხორცს, ძვლებს ხრავდა, ილოკავდა ცხიმში ამოსვრილ ხელებს.
მადიანად შეექცეოდნენ მდაბიორებიც. ამათ შემყურეს გლახუნასაც მოეცა მადა.
როცა მეინახეთა და ოჯახის წევრთა სადღეგრძელოები ჩამოთავდა, უნდილაისძეს გადახედა გიორგიმ. რა დარწმუნდა, აღარ არისო იგი უკვე ამ სოფელს, მოზვრის ყანწი ზეასწია და ამბობს:
«ერთი სადღეგრძელო მეც მათქმევინეთ, კაცნო, ხომ გახსოვთ სიყრმის მეგობარი ჩვენი, დედიჩემის დისწული - გირშელი».
«როგორ არ გვახსოვს, გლახუნავ, გვითევზავნია არაგვში მასთან».
მიაძახეს სამთა.
«ჰოდა... სარკინოზებს გამოჰქცევია, ყველისციხეში ჩასულა აღდგომა დღეს.
ვადღეგრძელოთ, ბიჭებო, გირშელი.
გეხსოვნებათ, ალბათ, ღვინის სმაში გვეჯიბრებოდა ოდესღაც. აქა გვყავდეს, ვუჩვენებდით სეირს».
«ჰაი, ჰაი, აქა გვყავდეს ნეტა!»
როხროხობს გაბოი.
ნადირისებრი ღოჯები გამოაჩინა გირშელმა, ყანწი დასცალა და ბატის კურტუმს დაუწყო ღრღნა. ერთ წუთში აელეწა სახე, უცნაური რყევა შეიცნო, ჯამში ჩააგდო ცხიმიანი ხორცი.
გული აერია, მაგრამ თავი შეიკავა, ორივე მკლავით მუხლის თავს მოეჭიდა.
გაბრიელმა ჯიხვი გაავსო კიდემდის.
წესისამებრ ვადღეგრძელოთო მეფე გიორგი.
ჩამოიარა ჯიხვმაც. უხმოდ ჭამას შეუდგნენ მეინახენი კვლავ.
ესტატემ ესა სთქვა მხოლოდ.
«რასა სჭამს ნეტავ ი ბედშავი მეფე გიორგი ახლა?»
«სამი წლის დუმას შეექცევა ალბათ ჩვენსავით, ირმის მწვადები გამოულეველიაო სასახლეში თურმე».
გაიხუმრა უნდილაისძემ.
მეფე გიორგი მართლაც სჭამდა სამი წლის დუმას იმ წუთში.
გაეცინა.
პეშვით მოიწმინდა ულვაშიდან ცხიმი.
გიორგის შეეშინდა, ჩემი ვინაობა არ შეიცნოსო მეცხვარემ.
წამუყო გაბრიელს:
კიდევ ატაკეო მოზვრის ყანწი უნდილაისძეს.
კიდემდის გაავსო თამადამ ყანწი.
შენი ცოლ-შვილის სადღეგრძელოსა ვსვამთო.
წელი მოსტეხა მუხრანულმა ჯავახელს. თავი ჩაჰკიდა და დაიწყო თვლემა.
გირშელსაც ძლიერ მოეკიდა ღვინო. როგორც ყველაფერში, სმაშიაც ეჯიბრებოდა თავის ნათესავს.
გამწედ სვამდა თავათ, გიორგის მიერ დაცლილ ყანწებსა და ჯამებს უთვალთვალებდა თანაც.
«ჩემთან ჯიბრი გადაგიტანს, იკუნკელისძევ».
მიაძახა გლახუნამ, სულმოუთქმელად გამოსცალა უზარმაზარი ჯამი და ისევ გირშელს გადაულოცა.
გირშელმა მიამიტად შესცინა.
ქიტესა, ესტატე და გაბოი გაოცებულნი იყვნენ.
არაოდეს ენახათ, ასე ხალისიანად რომ ესვა მეფეს.
გირშელმა თრობა შეიცნო უკვე.
აუხირდა გიორგის: დღეს ეს ვიკმაროთ, წამო, ხურსისეულ სასახლეში შევიჭვრიტოთო.
გიორგიმ იცოდა: სმა რომ შეეწყვიტათ, გირშელი უთუოდ წაათრევდა ფხოველი დიაცების სანახავად მასაც. თავს ვერ შეიკავებდა სასძლოს დანახვაზე მთვრალი, მთელი ქვეყანა გაიგებდა ამ ამბავს.
ანიშნა გიორგიმ გაბრიელს: გაეგრძელებინა როგორმე სმა.
მიცვალებულთა შენდობანი მოთავდა.
ომებში დახოცილი მეგობრები მოიგონეს.
ადგილის დედაც ადღეგრძელეს ბოლოს.
წამოდგა ძველი მონადირე, ესტატე.
«ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ მამალ ორაგულს, აღმა რომ მიჰყვება ამაღამ არაგვს, უფსკრულებში დაეძებდეს თავის დედალს, ვაჟკაცურად მიარღვევდეს ტალღებს, რათა გუდამაყარში წამოეწიოს და მისწვდეს საწადელს».
გიორგის გულზე ეცა ეს სადღეგრძელო.
გირშელი მოაგონა ამ ორაგულმა რატომღაც.
ბრაზი წაეკიდა, მაგრამ დადუმდა.
მოზვრის ყანწმა ჩამოიარა კვლავ. გირშელს სასმური ჩამოართვა გიორგიმ, ცერის ფრჩხილზე დააპირქვავა.
ახლა ქიტესამ აიღო ყანწი.
«ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ ფურირემს, რომელიც საჩიხეში ჰყავს დამწყვდეული მეფე გიორგის, მყვირალობის დრო მოდგება თუ არა, აბღავლდება და ეძახის გულის სწორს».
გირშელს ნებიერა გაახსენა ამ სადღეგრძელომ, ხოლო ნებიერამ - შორენა. მხარზე დაეყრდნო თავის ნათესავს და უჩურჩულა:
თუ შენ არ წამოხვალ ახლავე, მე წავალ და ვინახულებო ფხოველ დიაცებს.
იჭვნეულობა გულზე წაეკიდა გიორგის.
ცოტა მადროვე, წამოვალო ახლავე.
ესა სთქვა, ჯიხვი გაავსო კიდემდის.
ხელში აიღო და ამბობს:
«ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ ხარირემს, რომელიც საფურცლეს ტყეში დასდევდეს ამ წუთში თავის ფურს და სხვა ხარი თუ შეეზიარა, რქებით გამოფატრავს მეტოქეს».
ხარირემის სადღეგრძელომ წააქცია გირშელი.
გული აერია თუ არა, წამოვარდა, მაგრამ პურის კიდობანს გადააწყდა ბნელში და დაყორდა სოხანეზე დევკაცი.
ოთხმა ვაჟკაცმა ძლივს გაათრია გირშელი ფარდულში. ჩალაზე დააწვინეს, ნაბადი დაახურეს ზედ, მაგრამ გაბრიელის ნაბადი კვირისთავამდისაც არ მისწვდენია გოლიათს.
გირშელმა ხვრინვა ამოუშვა მყისვე.
გიორგი გამობრუნდა და ეუბნება მეგობრებს:
«იცით, ბიჭებო, ეგ კაცი ვინ არის?
გირშელია, დედიჩემის დისწული».
«შე კაცო, დროზე რომ გეთქვა, არ დავათრობდითო ასე უღმერთოდ».
ამბობს ნაღვლიანად გაბოი.
სამივენი მიეახლნენ გირშელს და გადაჰკოცნეს მძინარე.
«იცით, ბიჭებო, მეცნაურებოდა ეგ კაცი, მაგრამ ნახმლევი მებლანდებოდა თვალში».
ესა სთქვა ესტატემ.
უკვე შეღამებული იყო, როცა სტუმარი გამოაცილეს სამთა.
საჯინიბოში გავიაროთო, მოისურვა გიორგიმ.
როცა შიგ შევიდნენ, ოქროსფერი ულაყი შემიკაზმეო, ეუბნება გლახუნა გაბრიელს.
კოხრიჭისძე გაშრა, მხრები აიჩეჩა.
რა დროს შეკაზმვააო ცხენისა?
უჩვეულოდ გაფიცხდა გლახუნა.
მეფე გიორგი გიბრძანებს: ახლავე შეჰკაზმეო ცხენი.
ბუზღუნით დაითრია უნაგირი გაბომ.
გაოგნებული შესცქერიან ესტატე და ქიტესაც მეფეს.
ბუნებით მშვიდსა და თავაზიანს არ სჩვეოდა ამნაირი ჭირვეულობა.
ბოლოს ხნით უფროსმა მოიკრიბა მხნეობა. ქიტესა მიეჭრა და ეუბნება გიორგის:
უკეთუ არ გვამცნობ თუ სად მიდიხარ, შენს ნაბრძანისს არ შევასრულებთო.
«ბევრს ნუ ლაყბობ, შენ გეტყვი, ესტატე, გაიქე, უშიშარაისძე აქ მომგვარე ახლავე, ზედაზენს უნდა წავიდე ამაღამ».
???
«არაგვი გაცოფებულია და ზედაზენს ამაღამ წასვლა?!»
დაუჩოქა ჭაღარა ქიტესამ.
«სამივენი დაგვხოცე, თუ გნებავს, არ გაგიშვებთ ზედაზენს ამაღამ».
გაბრიელმა უნაგირი ძირს დასდო. ფერხთით დაუვარდა გაგულისებულს.
ჩვენ გადავლახავთ შენს მაგივრად არაგვს, რასაც გვიბრძანებ, აგისრულებთო ახლავე.
«არა, ჩემს მაგივრობას ვერ გასწევთ თქვენ».
«მაშ რაც გენებოს, ის გვიყავი, არ შეგიკაზმავთ, გლახუნავ, ცხენს».
ესა სთქვა გაბომ და უნაგირი კვლავ შეიტანა თვალში.
დაუჩოქა ქიტესამ გიორგის, სიყრმის მეგობრობა მოაგონა, ნუ დაადგამო გაბოის პურ-მარილს ფეხს!
საქმე რა მისჭირად, დედის სული დააფიცა ბოლოს.
დედა უყვარდა გიორგის ყველაზე მეტად ამქვეყნად. აქ კი მოტყდა უცნაურად გაჯიქებული.
«მაშ ჩამომეცალეთ სამივენი ახლავე, მარტოობა მომნატრებია».
განაცხადა გლახუნამ მტკიცედ.
სამივენი გადაჰკოცნა მთვრალმა.
«ბატონი ბრძანდები, ვარდი გფენია შენს გზაზე».
მიუგო ქიტესამ...