prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი XVII

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– XVII –

გამოჩნდა თუ არ ოჩანის ციხე, ზვიადმა აქაც ორად გაჰყო ლაშქარი, ერთს ტაოელი აზნაური ფანასკერტელი უსარდლა, მეორეს თავად წარუძღვა წინ. ფანასკერტელი ჩრდილოდან შემოუვლიდა ციხეს, იმ მხრიდან, საიდანაც ხატის ტყეები გარს ერტყა მას.

წინასწარ იცოდა ზვიადმა:

ფხოველები ხატის ტყეებში არ დადგამდნენ ფეხს, ხოლო ზვიადი და მისი ლაშქარი ჯერ ხევ-ხევ ივლიდნენ და როგორც კი გაუსწორდებოდნენ ოჩანის ციხეს, ზეგანზე ამოვიდოდა ჯარი, აღმართებს შეჰყვებოდა ფიცხლავ.

თუ მძევლებს მისცემდნენ, ხომ კარგი, თუ არადა ზვიადისა და ფანასკერტელის ლაშქარი მაკრატელივით მოიკეცებოდა სამკუთხედად მთებში შემოჭრილი, სალტეებში მოიქცევდა მტერს.

ოჩანის ციხეს ჩრდილოეთიდან გორმახები საზღვრავდა. დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან მიუვალი ქარაფები, ხოლო სამხრეთიდან ოდნავ დაქანებული ვაკე, რომელსაც ამომშრალი ხევი.ზღუდავდა, ხევის კიდეს მეჩხერი ტყე მისდევდა თელისა, აქა-იქ ღიჭიანი და კატაბარდი.

ხევი ღრმა იყო. ცხენოსანს კარგად დამალავდა, ნახირებსა და ჯოგებს ბილიკებით დაეკბილა ხევის კიდე ალაგ-ალაგ.

ამ ბილიკებით უნდა ესარგებლნა ხევიდან ვაკისკენ ამომავალ ლაშქარს.

ზვიადი სარკინოზებთან ნაბრძოლი იყო მრავალგზის, მან კარგად იცოდა: როცა საიერიშოდ მიმავალ ცხენოსან ჯარს თხრილი ეგულება უკან, ეს უკუქცევის ფიქრს ახშობს მხედრების გულში.

სარკინოზები საგანგებოდ აკეთებდნენ თხრილებს, ამ შემთხვევაში თვით ბუნება წამოშველებოდა სპასალარს.

ზვიადმა ბრძანა: ყოველ მეორე მხედარს ხევში დაეტოვებინა ცხენი. ყოველ ცხენოსანს თითო-თითო ხლებოდა ქვეითი, ზოგი შუბით, ზოგი ქამანდით, ზოგიც ჰოროლითა.

სპასალარმა იგიც იცოდა, მთეულების ჯარს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ ფხოველნი და დიდონი მთაში გაზრდილ მუხლმაგარ ცხენებზე ისხდნენ.

ზვიადს წესად ჰქონდა, ცხენოსან ლაშქართან ბრძოლაში მტრის ცხენის დაშვება შუბით, ჰოროლით ანდა ქამანდით.

ვიდრე ჭაბუკი კონსტანტინე ციხემდის მიაღწევდა, ზვიადის ლაშქრის მოახლოვება გზირებმა აცნობეს კვეტარის ციხისთავს კიდევაც.

როგორც კი ხევში შემავალი ლაშქარი შენიშნეს მეციხოვნეთა, ქოსსა ჰკრეს ოჩანის ციხეში.

გოდოლების ჩარდახებზე კოცონები აანთეს და ჩამოეგებნენ ვაკიდან ამომავალ მტერს.

ჩრდილოეთიდან ფანასკერტელის ჯარი მოიპარებოდა ხატის ტყეებში. ზვიადის ლაშქარი ვერ დაფარა მეჩხერმა თელიანმა.

ერთ წუთში აივსო ვაკე ფხოველთა და დიდოელთა ცხენოსნებით... ჯერ დიდოელნი ეძგერნენ შეღმართში ამავალ მხედრებს, ცხენები დაუხოცეს მეწინავეთა. თელიანი და ჯაგნარი ხელს უშლიდა ბრძოლას, ამიტომაც ხმალი ვერ იხმარეს ზვიადის სპათა.

ხევი ვიწრო იყო,ზვიადის ლაშქარს კიდემდის გაევსო იგი.

ვაკეზე ასასვლელი ბილიკები არც ისე ბევრი იყო, ამიტომაც ურთიერთს აწყდებოდნენ ცხენოსნები. დიდოელნი ბილიკები ყელებში უხვდებოდნენ, უმოწყალოდ სცემდნენ ცხენსა და კაცს.

ისრით და შუბით განგმირული მხედრები ძირს ენარცხებოდნენ, კოტრიალით სცვივოდნენ ხევში. დამფრთხალი ცხენები ყალყზე დგებოდნენ, ჭიხვინით ვარდებოდნენ კბოდეებიდან.

ერთბაშად ყორნების ლაშქარმა დაფარა ხევი, თელებზე ჩამომსხდარნი შემზარავად ყიოდნენ.

ჭიხვინებდნენ უპატრონო ცხენები, კვნესოდნენ დაჭრილები, ველურად ყიჟინებდნენ დიდოელნი და ფხოველნი.

ცხენი დაუჭრეს ხევიდან ამოსვლისას ზვიადს. წაიქცა ზვიადის ცხენი. ისკუპა აბჯრის მტვირთველმა, მარქაფა შეაგება მყისვე, სცა ჰოროლი დიდოელ შუბოსანს, კბოდედან გადააგდო ზვიადმა დევკაცი.

შეკრთა ერთი ფრთა შეღმართში ამავალ ჯავახელებისა, ხევისაკენ მიაბრუნეს ცხენები.

მაშინ განრისხდა ზვიად სპასალარი, «შეუზახნა ლაშქარს, სცეს მეფის სპათა საყვირთა და მიეტევეს, ვითარცა მხეცნი».

მოათავეს შეღმართი, გაივაკეს ქვეითად მომავალ სამცხელთა, ისევ მოასხდნენ ცხენებს. ამოიწვადეს ჯავახელებმაც ჯავარდნები და შეუტიეს მტერს.

მოისრნენ დიდძალი ფხოველნი და დიდონი, მწკრივად დაწვნენ ოჩანის ციხის სანახებში მკერდგანგმირულნი.

ხელახლა სცეს საყვირი მეფის სპათა და მარჯვენა ფრთა დაწინაურდა, ზურგზე მოექცა ციხისკენ მიმავალ სერს.

ფხოველთა ჯარს ხევისბერი ღუდუშაური მეთაურობდა. მთის ცხვირზე უკვე აცნობეს, ხატის ტყე გადმოლახაო კახაის ლაშქარმა.

იცოდა: ფხოველნი ხატის ტყეებში არ შევიდოდნენ, დიდოელთა დიდი რაზმი წარგზავნა. კახას ლაშქარს არც ჰოროლი უხმარია, არც შუბები, - ტყიდან გამოსვლის უმალვე ხმალდახმალ ეძგერნენ ცხენოსნები მტერს, - რადგან ახოში შემოეყარნენ დიდონი მათ.

განცვიფრდნენ დიდოელნი, როცა მათ ხმლები ყინვის ლოლუებივით მილეწეს კახას სპათა ჯავარდნებმა.

ღუდუშაური დიდოელთა საშველად აპირებდა ციხისაკენ მიბრუნებას. ამ დროს შედრკნენ დიდოელნი და ხატის ტყეებისაკენ გაჰქუსლეს ცხენები. კახას ლაშქარმა თავი ააღირა, გულდაგულ გამოემართა ციხის გოდოლისაკენ. მიხვდა ღუდუშაური, თავათ ციხეს რომ მიშველებოდა, ზვიადის სპანი ზურგში მოექცეოდნენ, ამიტომაც საშინელი ყიჟინი მორთო ხევისბერმა, ხმალი იშიშვლა და ხუთასზე მეტი ცხენოსანი მიაგდო ზვიადის ლაშქრისკენ გულდაგულ.

ახლა ტაოელებმა გამართეს ჯავარდენები და შეეგებნენ სერის თავზე მამაც ხევისბერს.

მაშინ თავის უზარმაზარ ულაყს დეზი ჰკრა ზვიად სპასალარმა, ხევისბერის ტანმორჩილ ჩერქეზულს აძგერა მკერდულით. მხარი აქცევინა ღუდუშაურმა ცხენს, თავათ ხმალი გადაუქნია სპასალარს, მაგრამ ხმალს ხმალი შეაგება ზვიადმა და ვადა შერჩა ხევისბერს ხელში.

ვიდრე ჰოროლს მიაწვდიდნენ ღუდუშაურს, მოუნაცვლა ზვიადმა და აბჯრიანად გაჰკვეთა იგი წელამდის.

ხევისბერის ვაჟი თორღვა გამოენთო სპასალარს, მაგრამ უმუხთლა ქედფიცხელმა ულაყმა, მისი ხმალი სპასალარს ასცდა და ზვიადის ცხენს წააცალა ორივე ყური.

ფხოველნიც დარწმუნდნენ, ძვალისა და ფოლადის მკვეთელი ხმლები რომ ჰქონდათ სამეფოის სპასთა, პირი იბრუნეს, და გაჰქუსლეს ხატის ტყეებისაკენ ცხენები.

შეანგრიეს თუ არა ციხის კარები, დაზავება ითხოვა ციხისთავმა მყისვე, მძევლების მოცემას დაჰირდა ზვიადს.

იმ დღესვე თავი მოჰკვეთეს ციხისთავს და გოდოლის ჩარდახიდან გადმოჰკიდეს იგი თოკით.

ორი ათასი აბჯრის ალაფი აიღო ზვიადმა და დაარღვია ოჩანის ციხე.

უთენია მიჰყვა ხეობებს, უგრძნეულოდ და უბრძოლველად გასწია კვეტარისაკენ.

გზადაგზა პურ-მარილით ეგებებოდნენ ფხოველნი. ყელზე საბელშებმული ხევისბერები ითხოვდნენ ზავს.

გააფთრებულმა ზვიადმა ბრძანა და სამრეკლოზე დაჰკიდეს ისინი იმავე საბელებით, რომელნიც მორჩილების ნიშნად გამოებათ თავათ. გზადაგზა ხიზანი და აბჯრის ალაფი აიღო, მძევლები ჩაიბარა ხევისთავებისაგან.

ყველას აგრე ეგონა: კვეტარის ციხის ასაღებად მიემართებოდა ზვიადის ლაშქარი. სპასალარმა განზრახ აირჩია პირდაპირი გზები, რათა შიშის ქარი შესდგომოდა ერისთავს.

კოლონკელიძეს კონსტანტინე არსაკიძის მოსვლამდის აცნობეს მსტოვარებმა მეფის ლაშქრის შემოსვლა ფხოვში. სამი დღით ადრე მამამზე და ტოხაისძე იუწყებოდნენ: დიდძალი სპით მოდიანო მეფე და ზვიადი.

თავდაპირველად გუდამაყარში უნდა შებმოდა ერისთავი ზვიადის ლაშქარს, მაგრამ აქ მოხდა ასეთი ამბავი:

მამამზეს და ტოხაისძეს პირობა ჰქონდათ, კოლონკელიძე არაგვის ხეობაში გადმოსვლას თუ მოასწრებდა, მხოლოდ მაშინ შეუერთდებოდნენ ისინი მეამბოხეებს.

ახლა, როცა სპასალარმა დაასწრო კოლონკელიძეს, ისინი უარზე დადგნენ, რადგან იცოდნენ: ქორსატეველას მიწასთან გაასწორებდა გზადგავლილი ზვიადი.

კოლონკელიძემ ასე ივარაუდა: ჯერ ხევისთავებისა და ხევისბერების მიერ მოგროვილ ბრბოებს უნდა შელეწნოდა ზვიადის ლაშქარი, ხეობების თავებში აღმართულ გოდოლებს გამკლვებოდა. როცა კვეტარს მიეახლებოდა, ციხიდან გამოვიდოდა კოლონკელიძე და კვეტარის სანახებში შეებრძოლებოდა მას.

თუ საქმე მისჭირდებოდა, კვეტარის ციხეში ჩაიკეტებოდა კვლავ.

ზამთარს გულისხმობდა მოკავშირედ. უსურსათოდ დარჩენილნი სპანი მეფისანი ვერ გააწევდნენ გაზაფხულამდის.

ოჩანის ციხის აღებამ, დიდოთა ლაშქრის უკუქცევამ, კახაის მიერ ფხოვის მთების ჩაკეტვამ, ბოლოს ფოლადისა და ძვალის მკვეთელ ჯავარდენების გამოჩენამ თავზარი დასცა კოლონკელიძეს.

ზვიადთან მძევლების გაგზავნას აპირებდა ერისთავი და სწორედ ამ დროს მალემსრბოლი მოვიდა უფლისციხიდან. მეფე გიორგი ტაძრეულითა და დიდის ლაშქრით მობრძანდებაო კვეტარს. მძევლებსა და ზავის პირობის შეკვრას მოითხოვსო, რათა შემდეგ საერთო ჯარით გაილაშქროსო კახეთ-ჰერეთის ქორ-ეპისკოპოზის წინააღმდეგ.

თალაგვამ კარგად იცოდა «უშიშო იყო გიორგი, ვითარცა უხორცო», მაგრამ ეს გარეშე მტრებთან ომებში, ხოლო საერისთავოებში სისხლის ღვრას გაურბოდა იგი. მართალია, ზვიადი მუდამ სისასტიკეს მოითხოვდა, მაგრამ სამაგიეროდ მელქისედეკ კათალიკოსი მხარს უჭერდა სათნო თათბირით მეფეს.

ამიტომაც აგრე იფიქრა კოლონკელიძემ; ზვიადმა დალაშქრა ფხოვი, დიდონი უკუაქცია. მეფე სისხლის ღვრას ერიდება და შემირიგებსო უთუოდ.

პირველი ამბოხიც მანვე აპატია, ძელიცხოველის ლაშქრობა აკმარა ორივე ერისთავს.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.