– VI –
დარბაზში ფეხი შესდგა თუ არა უსიამოდ შეიშმუშნა მელქისედეკი, ტაბლას გარს მოსხდომოდნენ გიორგი მეფე, ზვიად სპასალარი და ფარსმან სპარსი.
დარბაზის შუაგულში მიწვეულს უსიამო სუნი ეცა, ეს არ იყო ხანდაზმული სუნი ქონისა, არამედ რაღაც მურტალი, უცნაური სუნი.
ეგებ ამ წარმართს უდიოდესო, გაიფიქრა მელქისედეკმა და მიესალმა დამხვდურთ.
სამივენი ზეწამოიჭრნენ, სპასალარმა სელი დაუდგა, მეფემ დაბრძანება სთხოვა. ყველანი დასხდნენ, მხოლოდ ფარსმან სპარსი ფეხზე დარჩა და უცდიდა კათალიკოსი როდის უბრძანებდა დაჯდომას.
მელქისედეკი ტაბლას დააჩერდა, ამინაშატის ხატსა და ძელიცხოველის ჯვარს მოჰკრა თვალი.
გიორგიმ მოიკითხა კათალიკოსი, მადლობა მოისმინა მისგან, შემდგომ ამისა ეს უთხრა:
«შენ გიბრძანებია, უნეტარესო, ნააღდგომევს მამამზის საერისთავოში მივალო. ეს ხატი (თვალით აჩვენა ამინაშატის ხატი) მამამზეს მიართვი ჩემგან, ხოლო ძელიცხოველის ჯვარი - ჭიაბერს».
მელქისედეკმა შენიშნა, ლუსკუმიდან ამოღებული იყო იგი.
«ჩემი სახელით უბრძანე, შენს თვალწინ ეამბორონ ორივენი ჩემგან ნაძღვენ ხატსა და ჯვარს, კოლონკელიძესთან ყოველივე კავშირი გასწყვიტონ, კოლონკელიძეს ჩვენ მოვუვლით (ესა სთქვა და სპასალარს გადაჰხედა).
უბრძანე ქრისტეს სჯულს დაუბრუნდნენ, თავისი ქალი კატაი ტაოელ აზნაურს ტარიჭისძეს მიათხოვოს მამამზემ და არა ტოხაისძეს, იმ მელაძუა სახლთუხუცესს. ჭიაბერმა არ გაბედოს კოლონკელიძის ქალის შორენას შერთვა (ესა თქვა და მუშტი დაარაკუნა ტაბლაზე მეფემ), თორემ ერთი თვის შემდეგ ქორსატეველას ციხეს შემოვეწყობი ჩემის ლაშქრითა, ჭიაბერსა და მამამზეს თავები არ შერჩებათ მხრებზე».
მტკიცედ, აუღელვებლად სთქვა მეფე გიორგიმ და მზერით ამცნო კათალიკოსს, თუ ასე არ მოხდა, შენი ლოცვა-კურთხევა ვერას უშველისო განდგომილთ.
კათალიკოსს ეზოსმოძღვარის ნაჩურჩულევი გაახსენდა, მამამზის წასვლის შემდეგაც ჯარის გაგზავნას აპირებენო ქორსატეველას ციხეში, მეფის ნათქვამი რა ისმინა, გაუხარდა, თათბირნი ჩემნი შეუწყნარებიაო გიორგის. ავადმყოფობა მოძალებული ჰქონდა, მაგრამ სისხლისღვრის ჩამოვარდნას საერისთავოში წასვლას არჩევდა.
თავი აიღო მელქისედეკმა, კმაყოფილი სახით თანხმობა ამცნო სიტყვის დაძვრამდის გიორგის; წარბშეყრილი და მოღუშული იჯდა ზვიად სპასალარი, ფარსმან სპარსი კვლავ ფეხზე იდგა, დაქანცულობას ვაგლახად დაეღრიჯა მისი დამჭკნარი და ქოსა სახე.