prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი XIV

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– XIV –

მეორე წლის შემოდგომამდის ბნელში ისხდნენ მამამზე და ბორდოხან. თერთმეტი თვე მიიწურა და უკვე მაცნენი უნდა დაეგზავნათ, წლისთავისთვის მოეწვიათ მოტირალნი და მოზარენი, სწორედ იმ ღამეს უსიამოვნო სიზმარი ნახა მამამზემ:

პაპისეულ საძუალეში, ჭიაბერის სამარხის ლოდზე ისხდნენ ვითომ იგი და ტოხაისძე, საფლავის ჯვარს შესცქეროდნენ დამწუხრებულნი.

ეს აღარ იყო უბრალო ქვის ჯვარი, რომელიც ბორდოხანმა აღამართინა კალატოზებს, არამედ კლარჯეთური ძელიცხოველი.

მიწაში ფესვები გაედგა ჯვარს და გაზრდილიყო, კაცის სიმაღლე გამხდარიყო. მაჯის სისხო ვაზი შემოხვეოდა გარს.

დააცქერდნენ: რქა აეყარა ვაზს.

გაოცდა მამამზე: ვინ დარგო ძელიცხოველი ჭიაბერის საფლავზე? ადგნენ, მიეახლნენ.

შეირხა რქანაყარი ვაზი.

დახედეს: აღარც ვაზი იყო სადმე, აღარც რქაი.

შეტოკდა უზარმზარი გველი, გარს შემოეჭდო ჯვარს. წაიგრძელა, წაიგრძელა კისერი, გაასავსავა თავი და ორკაპიანი ენით მისწვდა ღრუბლიან ცას.

გაიძრო ტოხაისძემ ჭიაბერისაგან ნაჩუქარი ხმალი და თავი წააცალა უხსენებელს.

მიწაზე დაეცა გველის თავი, პირი დააბჩინა და იქედნურად იცინის.

გამოეღვიძა მამამზეს, ადგა, სარკმლის ხვრელთან მივიდა, ცისკარი მოსდგომოდა ბნელ სავანეს.

ავადმყოფი ბორდოხან ბორგავდა თივაზე.

შავლეგ ტოხაისძე იხმო მამამზემ, სიზმარი უამბო.

სთხოვა: წამიყვანეო ჭიაბერის საფლავზე.

ციხის ეზო გადაიარეს.

ბნელში ჯდომას უცნაურად შეეცვალა მოხუცი. ნამჭვარტლარ მატყლივით გახდომოდა თმა-წვერი. ძლივს მოკელანობდა ცალკერძ სახლთუხუცესის მხარსა, ცალკერძ შინდის ჯოხს დაყრდნობილი.

მწუხარება მკერდზე მიყრდნობოდა საგოდებელში დუმილს. ხავსს დაეფარა წინაპართა საფლავები, შექანებულიყვნენ ქვის ჯვრები, სვიას, ხვიარას და კაჭაჭს მოეცვა ლოდები. ალვის ფოთლები მოწყენილად სცვიოდნენ მიწაზე.

განცვიფრდა მამამზე, ახალი სამარხი რომ ვერსად იპოვნა, ერისთავთ-ერისთავებისა და მათ თანამეცხედრეთა ხავსმოდებული ლოდები ეყარნენ ირგვლივ.

თავზე წაადგა ჭიაბერის საფლავს, ჯოხით გადაფოცხა ფოთლები.

შეშფოთდა მამამზე.

ვინ მოიპარა ლოდი? სიზმარი ენიშნა ანაზდად.

მე ავიღეო ლოდი, გამოუტყდა ტოხაისძე.

შესცქერის გაოგნებული მამამზე ტოხაისძეს და ასე ჰგონია გაგრძელდაო წუხანდელი სიზმარი.

«ეს ხომ პაპაჩემის, გვარამის ლოდია, შავლეგ».

«დიახ, ეს გვარამის ლოდია, პაპის შენისა, ერისთავთ-ერისთავო».

«ჭიაბერის ლოდი რაღა იქნა, შავლეგ?»

«გადავმალე, ერისთავთ-ერისთავო, ჭიაბერის ლოდი».

«რადა ჰქენი ეს, შავლეგ?»

«საჭიროდ ვცანი და იმადაც, ერისთავთ-ერისთავო».

«როგორ თუ საჭიროდ სცანი?»

«არ ვიცი, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე!»

«რას როშავ, ბედშაო შავლეგ?»

«სიბრძნის დედაა სიფრთხილე, ერისთავთ-ერისთავო».

«გარკვევით თქვი, რისი თქმაც გწადის?»

«სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ ყოველივე ერთად არ ითქმის ერისთავთ- ერისთავო».

«მაინც?»

«განა არ იცი, გიორგი მეფე გულმხეცია, თუ საქმე მისჭირდა და ცოცხლებს ვერა დაგვაკლო რა, მიცვალებულზე იძიებს შურს».

მამამზეს მუხლი მოეჭრა, პაპისეულ ლოდზე ჩამოჯდა, ხელისგულზე ყბა დააყრდნო და მიწას დააჩერდა მდუმარედ.

«განა არ გახსოვს, ერისთავთ-ერისთავო, ხურსი აბულელი სარკინოზებთან რომ გაექცა მეფეს, - ციხე წარუღო, ხურსის ვაჟების ძვლები ამოსთხარა აბულელთა საძუალედან, ღორსა და ძაღლს ათრევინა». «ჰო მაგრამ, მეფე შეგვირიგდა აკი, ჭიაბერის ტირილს დაესწრო, ორმოცზედაც აქ იყო».

«ამის მიზეზი სხვა იყო, ერისთავთ-ერისთავო».

«მაინც რაო?»

«სხვას ვისმეს უჭვრეტდა ჭიაბერის ტირილზე მეფე».

? ? ?

«ვის გულისხმობ მაინც?»

«შორნას, კოლონკელიძის ქალს».

«ნუთუ ისე გულბოროტია გიორგი? არა, ამას ვერ დავიჯერებ, შავლეგ, ისე გულწრფელად მისტიროდა იმ დღეს ჭიაბერს».

«სტიროდაო? ეგ რად გიკვირს, ერისთავთ-ერისთავო? მკვლელებსა და ლოთებს აგრე სჩვევიათ, ჯერ ღვინითა და სისხლით გაილეშებიან, შემდგომ ამისა მოჰყვებიან ცრემლების ნთხევას».

«რას ამბობ, შავლეგ?..

მკვლელიო? რა ბრალი მიუძღვის მეფე გიორგის ჭიაბერის სიკვდილში? ძელიცხოველის რისხვამ იმსხვერპლა ჭიაბერი».

«ძელიცხოველის რისხვამო? ნუთუ შენაც გჯერა ეს ზღაპარი, ერისთავთ-ერისთავო, მსტოვარმა ბერებმა გაავრცელეს იგი ქორსატეველას ციხეში.

თუ მაგ ჯვარს შერისხვა შეეძლო, თალაგვა კოლონკელიძე უნდა მოეკლა უწინარეს ყოვლისა, ფხოველთა ამბოხი თალაგვამ წამოიწყო აკი?»

მამამზე დადუმდა, ისევ დააშტერდა ჭიაბერის საფლავს.

«გარკვევით თქვი, რისი თქმაც გინდა, შავლეგ?»

«გიორგი მეფემ და ზვიად სპასალარმა მოჰკლეს ჭიბერი! ამის თქმა მინდოდა, ერისთავთ-ერისთავო, სხვა არაფერი».

«ღმერთს ნუ ჰგმობ უსაფუძვლოდ, შავლეგ».

«საფუძველს თუ მოიკითხავთ ეგეც ხელთა მაქვს, ერისთავთ-ერისთავო.

რა საფუძველი?..

პირუთვნელად მოგახსენებ, სანამ ბორდოხან, შენი თანამეცხედრე, ბნელსა ზის, ძელიცხოველის ჯვართან მიმიყვანე და ყოველივეს ნათელს ვყოფ შენ თვალ წინ».

გაოცდა მამამზე, რაღაც საშინელი და გაუგონარი მზაკვრობისათვის უნდა აეხადა საფარველი შავლეგს.

მამამზემ იცოდა გულმხეცი რომ იყო გიორგი მეფე, მაგრამ თუ მას ფარისევლური ცრემლის ნთხევაც შეეძლო, ეს არ ეგონა მას!

მის ხელში დავაჟკაცდა გიორგი, ტლანქია იგი და გულზვიადი, მაგრამ მლიქვნელიც თუ იყო, ეს არ იცოდა მამამზემ.

ციხე-დარბაზში რუსუდანსა და კატაის ეძინათ ჯერაც, როცა მამამზემ და ტოხაისძემ დიდი დარბაზი გაიარეს და ჭიაბერისეულ საწოლში კარი გადაიკეტეს, ტოხაისძე ჯიქურ მიეჭრა ძელიცხოველის ჯვარს.

მამამზეს შვილივით ჰყავდა იგი გამოზრდილი და შეძრწუნდა, როცა ტოხაისძე ასე უშიშრად მიეახლა «სასწაულთმოქმედ კლარჯეთელ ჯვარს». არ იცოდა, თუ რას მოიმოქმედებდა ტოხაისძე, ხელი არ ახლოო, უნდა ეყვირა, მაგრამ ცნობისწადილმა შეიპყრო და შეიკავა თავი.

ტოხაისძემ გადმოიღო ძელიცხოველი. ლუსკუმა გახსნა და ჯვარი ამოიღო, სუნი უდინა და ისევ დაასვენა ტაბლაზე.

«აბა მობრძანდი, ერისთავთ-ერისთავო, და უყნოსე ამ ჯვარს».

მამამზე წამოდგა, გარღვეულივით დაბარბაცდა, მაგრამ ღონე მოიკრიფა, მიეახლა, დასწვდა და უყნოსა ჯვარს.

სუნი თუ მოგდისო? ეკითხება ტოხაისძე.

«სუნი დიახაც უდის, მერე რა? შეიძლება ეს ოფლის სუნი იყოს, ადამიანის ოფლის სუნი, ხანგრძლივად ნახმარსა და ნაამბორებ ჯვრებს რომ უდის, ამგვარი. სხვა რამ სუნიც რომ უდიოდეს, მერმე რა?»

«რაო და, მე ამას მოგახსენებთ, ეგ ჯვარი მოწამლულია, ერისთავთ-ერისთავო».

«რას როშავ, შავლეგ, გონს მოდი, ბედშავო».

«მე იმას მოგახსენებთ, რომ ეს ჯვარი მოწამლულია, სხვას არაფერს».

«ყველა, ყველა, მაგრამ მელქისედეკ კათალიკოსი ამას არ იკადრებდა. როგორ? მელქისედეკმა ეს იცოდა და განზრახ აამბორებინა ჭიაბერს?»

«არა, შესაძლოა ეს არ ცოდნოდა მელქისედეკს, მაგრამ იგი რეგვენია მხოლოდ. მელქისედეკი იმჯერად ბრმა იარაღი იყო მეფისა და სპასალარის ხელში».

«არა, შენ სცდები, შავლეგ, ჩვენ ხომ ვიცით, კოლონკელიძეც ეამბორა ჯვარს, მაგრამ არა ვნებია რა».

«ეგ მეც ვიცოდი, ერისთავთ-ერისთავო, ამიტომაც დაგეთხოვეთ გასულ კვირას, კვეტარის ციხეში გახლდით, თალაგვას წვრილად გამოვკითხე, კოლონკელიძეს ლუსკუმისათვის ამბორუყვია მხოლოდ.

ხოლო ჭიაბერს... ხომ გახსოვს, დიდ დარბაზში, ჩვენ თვალწინ გაახსნევინა მელქისედეკმა ჯვარისმტვირთველს ვაშკარანები, ხოლო ლუსკუმა თავათ გახსნა, ძელიცხოველის ჯვარი ამოიღო და ტუჩისპირამდის მიუტანა ჭიაბერს».

გველცემულივით წამოიჭრა მამამზე.

«შენი ნათქვამი მეჭეშმარიტა, შავლეგ, მაგრამ როგორ შევამოწმოთ მოწამლულია თუ არა ჯვარი?»

«ბრძენთა ხმობა არ დაგვჭირდება, ერისთავთ-ერისთავო. ჭიაბერის შავი მწევარიც იოლად გამოარკვევს ამას. ეს ძაღლი სიცოცხლში უერთგულესი იყო, მაინც სიკვდილის პირზეა ბედშავი, უკანასკნელად დაუმოწმებს თავდადებას პატრონს».

ესა სთქვა და დარბაზიდან გავიდა ტოხაისძე.

შეძრწუნდა მარტო შთენილი მამამზე, თვალი დაადგა ძელიცხოველს. ჯვარი თუჯისფრად იყო გამხდარი, საუკუნეთა მანძილზე ნალოშნს ალაგ-ალაგ სიშავე გადაცლოდა, სწორედ იმ ადგილზე, სადაც უკოცნიათ იგი, იმ ადგილზე, სადაც ჭიაბერი ეამბორა უკანასკნელად.

მიუახლოვდა მამამზე ჯვარს.

მივალ და ვემთხვევიო, ეს ბოლოს მოუღებსო გაგრძელებას იმ საშინელი სიზმრისას, რომელსაც ცხოვრება ერქვა, მაგრამ უკუიქცა, ეს უნდოდა: ღვთისა და კაცის მუხანათობაში დარწმუნებულიყო სავსებით.

შემდგომ ამისა... შემდგომ ამისა ახალი მიზანი ექნებოდა მის ცხოვრებას - ჭიაბერის სისხლის აღება.

ჰაერი ეცოტავა, წამოდგა, ციხის სამზერთან მივიდა. აქედან მოსჩანდა წინაპართა საძვალე და ძველთაძველი სამლოცველოს ნანგრევი. აჩქარებულა ტახაისძე, სანამ მამამზე ცოცხალია, ჭიაბერის საფლავს ვერავინ შეუბღალავს. გამობრუნდა, თვალი გადაავლო ჭიაბერისეულ სამოსს ზეზისას, მის თორსა და მის მუზარადს, კედელზე დაკიდებულ ქეიბურებსა და ხმლებს.

«მე მოვეკალი იმ ოხერ ჯვარს, შვილო, და შენ აგეღო ჩემი სისიხლი, აჰ, ნეტავ მართლაც»..

ტოხაისძე აღარსად სჩანდა, მთელ საუკუნედ მოეჩვენა წამი.

კარი შემოაღო შავლეგმა. შავი მწევარი მოჰყავდა საბელით. მოდიოდა შავი მწევარი, სიზმარში ნახულ გველივით მოიკლაკნებოდა იგი.

ტოხაისძემ ქონის ნაჭერი ამოიღო ჯიბიდან და გაუსვა ძელიცხოველს სწორედ იმ ადგილზე, სადაც აჩნდა მრავალგზისი ნაამბორევი, ზედ ცხვირთან მიუტანა მწევარს ჯვარი, ძაღლმა დაჰყნოსა იგი, სისხლისფერი ენით გალოკა ძელი.

შავლეგ ტოხაისძემ აიღო ჯვარი, ისევ ლუსკუმაში ჩასდო და ტაბლაზე დასდო.

«ქრისტეს ჯვარი იყო ჩვენი ხალხის უბედურების მიზეზი მთავარი. ამ ბოროტების სათავე ბიზანტიონია, ერისთავთ-ერისთავო.

დამპალი ქალაქია ბიზანტიონი. ბასილი კეისრის სასახლეში ბევრი რამ გავიგეთ ჭიაბერმა და მე. თვალების დაბნელება, ადამიანის ცოცხლად დამარხვა, ძელზე გაყვანა, მოწამლვა, ორივე ხელის მოჭრა და მკვლელის მიჩენა. ეს ყოველივე ბიზანტიონში ისწავლეს ჩვენმა მეფეებმა. ბასილი კეისარმა ცეტინიუმთან ბრძოლის მეორე დღეს ხუთმეტ ათას ბულგარელს დასთხარა თვალი.

ახლა უფლისწული ბაგრატი ჰყავთ მანდ ბერძნებს მძევლად, იქ უკეთეს ამბებს აწავლიან მას და როცა იგი მობრუნდება, მაშინ გვიხაროდეს...

შემზარავი სისატიკე გამოიჩინა თავათ გიორგი მეფემ ოლთისში, ათასზე მეტ ბერძენ მონასპას თვალები დასთხარეს. ორი ათას ტყვეს თავი წააცალეს, სამასი ტყვე ცოცხლად დამარხეს.

დამპალი ქალაქია ბიზანტიონი, გარყვნილებისა და მუხანათობის ბუდე. სამი თვე ემზადებოდა ბასილი კეისარი სარკინოზების წინააღმდეგ სალაშქროდ. სასახლეში ვცხოვრობდით ჭიაბერი და მე, ერთი სომეხი დაგვიმეგობრდა ანისელი, იგი გვიამბობდა ყოველივეს წვრილად.

საეკლესიო კრებები მიდიოდა იმჟამად. ორი თვე გაგრძელდა ერთი. ეს გამოჩერჩეტებული პატრიარქი სრულიადის აღმოსავლეთისა, ქორეპისკოპოზნი, ეპისკოპოზნი, სწავლულები და ბერები ორი თვე ზედ ასქდებოდნენ ურთიერთს იმის გამოსარკვევად, თუ რამდენ ანგელოსს დაიტევს ნემსის წვერი?

კეისრის სასახლე ომის სამზადისში იყო, მაინც ამ კრებებს ესწრებოდა დიდი და მცირე. სარკინოზების საფრთხე კარზე იყო მოსული.

წევსო თუ დგასო მამაღმერთი? შეუძლია თუ არა ღმერთს უმამოდ შვილი გააჩინოს, უველოდ მთაი, ან მეძავი აქციოს ქალწულად?

ყველა ამის გამო ქაქანებდა და კამათობდა. ეს იყო...»

შავლეგ ტოხაისძეს სიტყვა პირში გაუწყდა, შავი მწევარი უეცრად წაიქცა და დაიწყო ფხარკალი, ისევ აიღო თავი, წინა თათებზე წამოიწია, იატაკზე დაეცა კვლავ, ტარაბუასავით დატრიალდა რკალივით მოდრეკილი ძაღლი, პირიდან დუჟი მოსდიოდა კარაქის ფერი და ხაოდა საწყალობელად.

მამამზე და ტოხაისძე თავზე დაადგნენ სულთმობრძავ ცხოველს.

წინა თათების ჭანგებით ფხაჭნიდა იგი იატაკს, მერმე უკანა ფეხები შეატოკა და კვლავ ასტეხა ფხარკალი, უკანასკნელად დაიწკმუტუნა, წაიგრძელა კისერი, ცილისფერი გუგები შემოაშტერა მამამზესა და ტოხაისძეს, მინებდა სიკვდილს.

«ახლა ხომ გჯერა, ერისთავთ-ერისთავო, ქრისტეს შჯული დიაცების და ბალღების თვალის ასახვევად რომ გამოუგონიათ ხუცებს?»

ორივე ხელისგული შუბლზე იტკიცა მამამზემ: ავაიო წამოიძახა და წელში მოდრეკილი ჩამოჯდა სელზე.

ტოხაისძე დარბაზიდან გავიდა და როცა მწევრის ლეში გაიტანეს, იგი კვლავ მობრუნდა.

თავი აიღო მამამზემ:

«შენ მართალი ხარ, შავლეგ, ცამდე მართალი, დიაცებისა და ბალღების მეტს არავისა სწამს ქრისტეს ჯვარი».

«შესაძლოა, მაგ გამოყრუებულ კათალიკოსს და ორიოდე ბერს მცხეთაში»...

«შესაძლოა»...

მცირე ხანს ორივენი სდუმდნენ, ბოლოს მამამზემ დაარღვია დუმილი: «არც გიორგი მეფეს სწამს ქრისტე და მისი ჯვარი ბასიანთან ომის დროს კეისარმა ითხოვა მშვიდობა. ზავის წერილი მიუგზავნა გიორგიმ, შემდგომ ამისა განავლინა მეფემ ზვიადი, დალაშქრა ზვიადმა კიდე ბასიანისა და აოტნა ბერძენთა სპანი.

ბასილი არ მოელოდა ქართველთაგან მუხანათობას. ბრძანა კეისარმა ჰოროლის წვერზე დაკიდება ზავის წერილისა.

აღმართა ჰოროლი და სთქვა:

«იხილე, უფალო, წერილი ესე და საქმენი, რომელსა იქმან».

შემდგომ ამისა გადმოიღო კეისარმან ძელიცხოველი, დააჭდო მიწაზე და შეჰღაღადა: «უკეთუ მიმცე ხელთა მტრისასა, აღარ თაყვანი გცე უკუნისამდე».

მერმე ის იყო, ჩვენ დავმარცხდით, უკუვიქეცით და ოლთისი გადავწვდით გზაში. ქალაქიდანაც არ ვიყავით გასული, მოახსენეს მეფეს, უფლის სახლი იწვისო, გიორგიმ გადახედა ცეცხლშემოგზნებულ ეკლესიას, ზვიადს უბრძანა ჩააქრობინეო, მერმე ცხენს დეზი ჰკრა.

ცეცხლში გახვეულ საყდარს გულგრილად მიჰხედა უკანასკნელად.

ადგა მამამზე, ჭიაბერისეული მუზარადი და ხმალი გადმოიღო, ტაბლაზე დასდო და ეუბნება ტოხაისძეს:

«შემომფიცე, შავლეგ, ჭიაბერის სისხლი ავიღოთ. შენ ჭიაბერის ძუძუმეტე ხარ და ფიცვერცხლი გაქვს მასთან ნაჭამი».

«მე იმ დღეს შევფიცე მის საფლავს, როცა პაპისეული ლოდი დავადევი ზედ.

არ გვინდა ქრისტეს ჯვარი, არ გვინდა მეფე გიორგი, არც ზვიად სპასალარი, არც მელქისედეკ კათალიკოსი, მცხეთა და უფლისციხე ისეთივე ბუდეა გულარძნილობისა, როგორიც ბიზანტიონი.

ბერძნებს ეს უნდათ, ჩვენი ბომონები ვგმოთ და მათ ეკლესიებში ვილოცოთ, წინაპართა ჩვენი სალოცავები შეგვიმუსრეს, თავიანთი ხატები და ჯვრები შემოგვაჩეჩეს ხელში.

ბერძნებს ეს სწადიათ, ჩვენი ენა დაგვავიწყონ და თავიანთი შემოგვჩარონ პირში, ჩვენი წარსული დავივიწყოთ და მათი შევისწავლოთ, ჩვენი სამოსი შემოგვაძარცვონ, მათი ჩავიცვათ. თუ ჩვენი კერპები ვახსენეთ და მათი დავგმეთ, მყისვე პირზე აკერიათ: «მკრეხელი, მწვალებელი და მსტოვარი».

ამიტომაც გვინდოდა მე და კოლონკელიძეს მეფე გიორგი შეგვეპყრო, ჭიაბერი ტახტზე დაგვესვა. მცხეთას ავიღებდით, უფლისციხეს შემოვეწყობოდით, თმოგვის ციხეს ავიღებდით და ციხეს ფანასკერტისას, დედოფალს ბედიის მონასტერში მონაზვნად აღვკვეცავდით, ამირას ტფილისიდან გავაგდებდით, არმაზსა და ზედაზენს აღვადგენდით, მელქისედეკ კათალიკოსსა და მის შავჩოხიან მსტოვრებს ქართლოსის საფლავზე დავაკლავდით, მაგრამ შენ ტყვედ გვეგულებოდი მცხეთაში, მე იმ თავიდან არ მომწონდა ახალწელს სადარბაზოდ მცხეთაში წასვლა».

«ვაჲ, ჩემს თავს! - სთქვა მამამზემ, შუბლზე შემოიკრა ხელი, - ნეტავ წამოსულიყავით და ჩემთვის წაეჭრა მეფე გიორგის თავი. იმ ტიალ დათვს არ გადავყროდი ნადირობისას, გავექცეოდი უთუოდ».

«თავათ მეფეც ბიზანტიონის მტერია, მაგრამ დაბნეულია გიორგი. მელქისედეკ კათალიკოსსა და ფარსმან სპარსს შორის ირყევა მუდამ.

ზოგს ასე ჰგონია: კოლონკელიძის მიერ შემუსრული ხატების ბედი აწუხებდა გიორგის. ჭიაბერი რომ შორენას ირთავდა, ეს ახელებდა მეფეს.

შარშანწინ მცხეთობისას ნახა შორენა პირველად. სავსებით გადაავიწყდა, რომ იგი მეფე იყო და თავდაჭერა მართებდა. კათალიკოსი და დედოფალი ტაძრეულს შეატოვა, ყმაწვილივით აგვეკიდა მე და ჭიაბერს.

როცა წამოსვლა დავაპირეთ, შორენას მიეჭრა, ცხენზე ასვლაში უშველა თავათ, შემდგომ ამისა, უნაგირზე გადამჯდარ ქალს მისწვდა, ცხენი იფარა, საწმერთულის ტოტი აუწია და აკოცა წვივზე. ჭიაბერს ეს არ დაუნახავს, რადგან იმ წუთში ჯდებოდა ცხენზე.

ჭიაბერის ტირილში მე თვალს არ ვაშორებდი მეფეს, იგი შეფარვით უჭვრეტდა მგლოვიარე ქალს. ორმოცზედაც იმიტომ მოვიდა, შორენა ენახა ხელახლა».

წამოდგა მამამზე ერისთავი, ჭიაბერისეული ხმალი აიღო ხელში.

ორხოვით დაფარულ ტაბლაზე დაარჭო და ტოხაისძეს უთხრა:

«შემომფიცე, შავლეგ, მხოლოდ იმისთვის ვიცოცხლოთ, ჭიაბერის სისხლი ვაზღვევინოთ მეფე გიორგის».

«ვფიცავ წინაპრების ჩვენის სალოცავს, გველსავით წავაცალო გიორგი მეფეს თავი».

ეს თქვა შავლეგ ტოხაისძემ, დაიჩოქა და ზეასწია თავისი გაჯაგრული, შავი მარჯვენა.

ენიშნა მამამზეს სიზმარი.

მეორე დღესვე კოლონკელიძესთან გაგზავნა შავლეგ ტოხაისძე, რათა ყოველივე წვრილად მოეხსენებინა ტოხაისძეს მისთვის. დასთქვეს: ჯერ ეკლესიებისა და ხატების შემუსვრას დაიწყებდა კოლონკელიძე, მერმე არაგვის ხეობაში გადმოვიდოდა, საერთო ძალით შემოეწყობოდნენე უფლისციხეს და მცხეთას.

ბორდოხან იმ დღესვე ბნელიდან ამოიყვანა მამამზემ, ძაძა გაიძრო და ცოლს ამცნო: შავლეგ ტოხაისძეს უნდა მივათხოვოთო კატაი.

შეკრთა ბორდოხან, მეფის მიერ მელქისედეკის პირით დანაბარები გაახსენდა მყისვე, შეშინებულმა ამის თქმა შეჰბედა ქმარს:

«მეფე რას იტყვის?...

«მეფეს მე გავცემ პასუხს».

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.