– XXII –
მოწეულიყო არე გაზაფხულისა. ლაინისფერ მთებზე ალაგ-ალაგ ელავდა ხასხასა სითეთრე. მწვანე შემოსდგომოდა არაგვის ხეობას.
ჰყვაოდა ნუში.
ქედანისფერი, მგლისფერი და ზღვისფერი ებრძოდნენ ურთიერთს კორდებზე ....
მზე ეთხოვებოდა მცხეთის ტაძრების მოოქროვილ გუმბათებს.
კონსტანტინე არსაკიძე ნელი ნაბიჯით ჩამოდიოდა ერთსართულიან ქვითკირის სახლიდან, რომელსაც ჩარდახმორღვეული კოშკი ჰქონდა უკან მოდგმული. ხურსი აბულელის სახლთუხუცესს რატის ეკუთვნოდა ეს პატარა სასახლე ოდესღაც.
როცა ხურსი სარკინოზებთან გაიქცა, სახლეული და სახლთუხუცესი თან წარიტანა, მხევალი ნონაი დასტოვა შინ.
მერმე ის იყო, ხუროთმოძღვარის ხარისხი მიუბოძა გიორგი მეფემ არსაკიძეს და ეს სასახლეც მას გადასცეს.
ხილნარი ერტყა სასახლეს გარშემო, ირანულ გეგმაზე მოწყობილი ბაღჩა, ათიოდე საფუტკრეც შიგ.
მოხუცებული ნონაი მრავალ წელს მარტოკა ცხოვრობდა ამ უკაცრიელ სახლში.
ყველაზე ადრე მწერი და ქვეწარმავალი შეიცნობს ხოლმე კაცთა ოჯახის იავარყოფას.
ობობები შეესია კუთხეებს, ხოჭოებით გაივსო კარადები და განჯინები, მორიელებმა გამოსტეხეს ქვითკირი, ცეცხლისფერი მორიელები ზიმზიმებდნენ თაროებსა და ფანჯრის რაფებზე.
ნონაი თავგამოდებით ებრძოდა მათ, ბოლოს გაქცევა გადასწყვიტა, დედათა მონასტერში მონაზვნად აღკვეცას აპირებდა, რადგან ამბავი მოუვიდა - რომელიღაც ომში მოჰკლესო რატი.
სწორედ ამ დროს დააბინავეს ტყვეყოფილი ლაზი მუნ. სიხარულისაგან ცას ეწია ნონაი.
მამისეულ ოჯახში ნებივრად აღზრდილს მეურნის ნიჭი არ მოსდგამდა არსაკიძეს. განდგურების კიდეზე იყო მიმდგარი რატისეული სასახლე.
შერყეულიყვნენ თავკიდურები, ბალავარი მიწისძვრას დაეხეთქა, სახურავის ფიქალი ალაგ-ალაგ ქარს გადაეძრო. ხეხილი დაეზრა ყინვას.
მიმხედავი არავინ სჩანდა.
არსაკიძე დღენიადაგ ხარაჩოებზე დაბობღავდა. მთელს საქართველოში დაეხეტებოდა, ციხეთა და ეკლესიათა მშენებლობას თვალს ადევნებდა. დაქანცული, კირში ამოთხვრილი ბრუნდებოდა ნასამხრალზე შინ, ზეზეურად წაიხემსებდა, კვლავ სამუშაოს მიუჯდებოდა.
თავათ ხაზავდა გეგმებს, ასწორებდა სხვის მიერ დახატულ დეტალებს, არ ენდობოდა ხელოსნებს, ხანაც საჭრეთელს წაავლებდა ხელს, აქანდაკებდა ბარელიეფებს, ჩუქურთმებსა სჭრიდა უდრეკ ლოდებზე, საფრესკე ნახაზებს ამზადებდა თავათ.
საკუთარ შვილსავით უვლიდა ნონაი ჭაბუკს. იტანჯებოდა მოხუცი დიაცი არსაკიძის უმწეობისა და სიბედშავის შემყურე. დღენიადაგ შრომაში გართულს ჭამაც ავიწყდებოდა. ჯამიანად უკან დასდევდა ნონაი.
შესჭამეო რამე, ევედრებოდა თავის ახალ ბატონს, რომელსაც ბატონობის უნარიც არ აღმოაჩნდა.
იმ საღამოსაც ჩრდილივით მიიპარებოდა არსაკიძე ბინიდან. ბაღჩაში კაჭაჭსა სთხრიდა ნონაი.
გამოუდგა.
დღეს უმადოდ ისადილე, ბატონო, მცირეოდენი კორკოტი მაინც ინებეო, ევედრებოდა. არსაკიძეს ეჩქარებოდა, მაგრამ ხათრი დასდო მოხუცებულს. დედას აგონებდა იგი უცნაურის მზრუნველობითა.კორკოტიც არა ჰქონდა მოთავებული, კეცზე შემწვარი ორაგულები მოურბენინა ნონაიმ.
მაგვიანდებაო, მოიმიზეზა არსაკიძემ, ხელიდან დაუძვრა მხევალს.
ბაღჩა გადაიარა თუ არა, ფარსმანის სახლს მოჰკრა თვალი.
შევალ და ვინახულებ ავადმყოფ ოსტატს, ეს გაიფიქრა და სწორედ ამ დროს ძელსა ჰკრეს მთავართა სანათლოის ეკლესიაში. ეზოსმოძღვარის გუშინდელი საყვედური გაახსენდა ანაზდად: წირვასა და მწუხრზე ვერ გხედავენო, ლაზო.
შემდგომ ამისა, ძველთუძველესი ისტორიები წამოიწყო ხუცესმა: ლაზები იყვნენო პირველქრისტეანნი საქართველოში, მათ აღმართესო ძელი პატიოსანი პირველად. თუ წარმართმა ფხოველებმა არ გადაგარჯულეს, შენ უნდა იყვეო სანაქებო სჯულისმოყვარე.
ამ თავაზიან შეგონებაში უცილოდ ერია იდუმალი ქირდვა. კარგად იცოდა არსაკიძემ, გულბოროტი რომ იყო ეზოსმოძღვარი ამბროსი, ენაჭარტალა და მთესავი ღვარძლისა.
ახლა, როცა დიდი ხნის წამების შემდეგ ბედმა გაუღიმა, რაღად სჭიროდა მიუსაფარ ტყვე ლაზს ამ ქვეყნის ძლიერთა გულისწყრომის დამსახურება.
დაქანცული იყო მთელი დღე ხარაჩოებზე თრიალისაგან, შინგაბრუნება ყველაფერს ერჩია, მაინც მიეძალა გზას.
მარტის მზეს სიმხურვალე დარჩენოდა მთების უბეებში, ხვადაბუნების პაწია ვენახებს სხლავდნენ. ალაგ-ალაგ კოცონები ენთო ბაღის კუთხეებში, ლიწინ-ლიწინი გაჰქონდა წალამს.
რქა აეყარა ვაზს, აყვავებულიყო ფშატისა და ატმის ხეები, ლერწები დასწითლებოდა ნერგებს, მანეულის ბუჩქები ყვითლად ღვიოდნენ. ცეცხლმოდებულ ჯაგებს წააგავდნენ ისინი.
მწუხრი მშვიდობისას უსურვებდა არსაკიძე ვენახებში მომუშაკეთა.
ბავშვებს სიმღერით შემოჰყავდათ მთავართა სანათლოის გარეუბანში ღორ-ხბო. მათ უკან კამეჩის ჯოგები მოიზლაზნებოდნენ თემშარაზე, ნახირები მოსდებოდნენ გზებსა და შუკებს, ყოყინებდნენ თავაწეული კამეჩები, ჭიხვინებდნენ უბელო ჭაკები, ფალნიანი აქლემები მოაკატუნებდნენ თავს, ქერა კვიცები მოკუნტრუშობდნენ ტალახიან გზებზე.
კორდი აიარა თუ არა, სვეტიცხოველი გამოჩნდა შორიდან. თავის საყვარელ ქმნილებისაკენ გაექცა თვალი.
გაიხარა ოსტატის გულმა. ორი წლის წინათ მიწას არ აჩნდა ბალავარი ამ ადგილიდან. ახლა ხარაჩოების მთელი ტყე იდგა ოთხივე კიდეს. სვეტები, კოჭები, კაკუტები, ლატნები, ხარიხები და ძელები................
სამკუთხედი, ოთხკუთხედი, ჯვარედინი, წრიული და მანდიკური ხაზები, ეს ყოველივე ისეთ შთაბეჭდილებას ჰბადებდა შორიდან, გოლიათური ქარის წისქვილები აუგიათო, ქორედ-ქორედი ხუხულები, დევის ყმაწვილთა სათამაშოდ გაკეთებული.
ამ უწესრიგო, უსწორო ხაზების ქაოტიურ ზესწრაფვაში მხოლოდ ოსტატის თვალი თუ ამოიკითხავდა მომავალი ნაგებობის ანაგობას დიდებულს.
არავინ ისე არ იტანჯება მატერიის ქაოსის შემყურე, როგორც ხელოვანი ამქვეყნად.
არსაკიძე გრძნობდა, მეფემ და კათალიკოსმა უდიდეს ოსტატს რომ შეარკინეს იგი. მოხუცებულ ბრძენკაცს უნდა შებმოდა მოკრძალებული, თავმდაბალი ჭაბუკი, მის ქმნილებას უნდა დაეჩრდილა ყველა ტაძარი ფარსმანის მიერ აგებული სამცხეში.
ღმერთმია მოწამე, მას არ მოუწადინებია ეს. არსაკიძის სახელს დასწვდნენ და ესროლეს იგი ფარსმანს, როგორც ხელკეტი მწიფე ნაყოფს.
ხალხს გულამაყი ეგონა არსაკიძე - უთვინიერესი ბუნებით. ჯერ კიდევ ფარსმანისაგან ჰქონდა მინიშნული კონსტანტინეს: ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს.
არც თუ ოდესმე გაბედავდა არსაკიძე არაგვისა და მტკვრის შესართავთან ტაძრის აგებას უკვარცხლბეკო ვაკეზე.
აღმოსავლეთიდან ჯვარის ტაძარი გადმოსცქერის მას, სარკინეთისა და ზედაზენის მთების გვირგვინი, ჩრდილოეთიდან ყაზბეგის მწვერვალიდან ყინვის ბექთარებში ჩაჭედილი მარადჟამობა.
ეს ყოველივე კარგად ესმოდა არსაკიძეს, ამიტომაც ებრძოდა იგი ამ უხეში ლოდების ქაოსს, როგორც კოჭლი იაკობი თავის მრისხანე ღმერთს.
ორი წლის წინათ ეს ლოდები, ეს ძელები, ეს აგურები უწესრიგოდ ეყარნენ მიწაზე, დაჰხედა ოსტატის თვალმა, შეეხო ოსტატის ხელი, ქვა ქვაზე შესდგა, აგური აგურს წაეპოტინა, კედლებმა მხარი მისცეს ურთიერთს, თაღებმა კამარა შეჰკრეს, გუმბათმა ნაგებობა დააგვირგვინა. მალე მიეახლება ნაოსტატარს ოსტატი, ქაოსს შემოაცლის სრულყოფილს, ბედნიერი შემოქმედი, შესძახებს ქმნილებას: იქმენინ ნათელი!
და ცას მისწვდება ლოდების უცნაური ჰარმონია ცადატყორცნილი და ცაშივე გაყინული სამარადჟამოდ.
«კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე.
უდიდესი სიამაყე შეუდგება გულს, როცა შემოქმედების შენის ნაყოფი ცხოვრებასა და მიწას სამკაულად გამოადგება».
უბანი გაიარა ამ ფიქრით მოცულმა ჭაბუკმა, ველი დაიწყო უკაცრიელი. გუგულის ხმა მოისმოდა შორიდან. გაზაფხული გაუბედავად მოსდგომოდა არაგვის ხეობას, გუგული უხმობდა თითქოს მთების უბეებში დაყოვნებულს.
ბეხრეკა მუხა გაეჭაბუკებინა გაზაფხულის სუნთქვას ძალოვანს. გალურჯებულიყვნენ შტოებზე ლერწები, ია გამოსულიყო აქა-იქ კორდებზე, ავშანის მხმარ ბუჩქებში განაბული. ფაჩუნებდა ღობემძვრალა ნაზამთრალ ფოთლებში, წითური ჯინჭველების ქარავანი აღმა აჰყოლოდა დაკორძებულ მუხის ტანს. ხოლო ქვევით, დაღვარჭნილ ფესვებთან, შავი ჯინჭველები მისეოდნენ გვამგამოფატრულ, ყვითელ მუხლუხას, ფუსფუსებდნენ გრძელულვაშიანი მეკობრენი, სიცოცხლე ზეიმობდა სიკვდილის კარზე.
კორდზე წამომჯდარი მწყემსი სალამურს უკრავდა. თხები დაკუნტრუშებდნენ ქარაფების ფერხთით. ციკნები კიკინებდნენ მაყვლოვანში მონავარდენი.
ძელსა ჰკრეს სამთავროს ეკლესიაში.
მწუხრზე ეჩქარებოდა არსაკიძეს, გადასწყვიტა მოკლეებით მოეჭრა სასაფლაოზე გზა.
საწყალობელი იყო ძველთაძველი საგოდებელი.
ქართული, ბერძნული, არაბული წარწერანი მოსჩანდნენ ლოდებზე, ფრინველთა სკორეს წაებილწათ უპატრონო სამარხები.
ყორნები წამოიშალნენ ქვის ჯვრებიდან, უკმაყოფილო ყრანტილით მიაშურეს მუხოვანს. მიდიოდა არსაკიძე, შრიალებდნენ ანწლისა და ავშანის მხმარი კლერტოები. თვალს გადაჰკრავდა გზადაგზა წარწერებს, ხანაც სამარხებზე დაყუნცულ ვერძებს გადაჰხედავდა. ზოგ წარწერას კიდევ გაარჩევდა თვალი, ხავსს წარეხოცა ზოგიც.
ქართველები ბერძნები, სარკინოზი, ყველა წამხდარიყო სიკვდილის წინაშე. ამსოფლიურ ამაოებას მისტიროდნენ, შენდობასა და მოხსენებას ითხოვდნენ ყველანი.
«ნუთუ ცოცხალთა ღმერთი უნდა იყოს იგი, ვისაც ეს მზეგადსული თაობანი შეჰღაღადებენ? თუ სიკვდილის უფალია, ჩრდილების ქვეყნისა და შავეთის თავადი?»
საგოდებელი გადაიარა არსაკიძემ და შეღმართი მოათავა. ანწლისა და ავშანის კლერტოები წელამდის წვდებოდა, უსიცოცხლო შარიშური გაჰქონდა ნაზამთრალ ღეროებს.
იძალა სალამურის ხმამ, ძახილს მოუხშირა გუგულმა.
ასე გამოდიოდა: პანის სალამური და გუგულის ხმა უხმობდნენ გაზაფხულს. ამ გავერანებულ საგოდებელშიაც გადმოსულიყო იგი, რადგან ავშანისა და ანწლის ნაფესვარებიდან თავი წამოეყო მორჩს, ყურდაცქვეტილი ყლორტები უღიმოდნენ ცას. აზმორებდა მიწას სიმხურვალე გაზაფხულისა. სადაცაა ჟვერს უნდა ამოეხეთქა და ამ ველურ ვეგეტაციას წარეხოცა ეს ხავსიანი ლოდები და ქვის ჯვრები. ეს წარწერანი, ამაოებისა და სიკვდილის მაუწყებელნი.
გუნება შეეცვალა არსაკიძეს, კიდევ ერთხელ გადაჰხედა სვეტიცხოველს. კორდი აირბინა ისე მსუბუქად, თითქოს ხელმეორედ შობილიყო ამ ქვეყანაზედ.
მოდიოდა მტკიცე ნაბიჯით და ფიქრობდა თავისთვის:
"ხელოვნებაა თავად უკვდავება.
მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი...
ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი".
შედრკა საკუთარი ფიქრის წინაშე და ეკლესიისაკენ მიმავალ ბილიკს მიჰყვა აჩქარებული ნაბიჯით.
ძელსა ჰკრეს სამთავროში ხელახლა.
ზღვა ხალხი ეტეოდა ეზოში, გალავნის გარშემო მოჯარულიყო ბრბო. ბალღებიანი დიაცები კარიბჭეში ისრისებოდნენ, ჭიხვინებდნენ ქვის ყორეებთან დაბმული ულაყები, დიდკაცების თოროსან ცხენებს დაასეირნებდნენ მეჯინიბენი.
მათხოვრები, ჯამბაზები და მუცლით მეზღაპრენი ქოთქოთებდნენ კარიბჭეებთან. ისმოდა ურთიერთი აღრეული გალობა, ტირილი, ბავშვების ღნავილი და ცხენების ჭიხვინი.
შესავალთან ვიღაც მოხუცი შეაყენა არსაკიძემ.
ჰკითხავდა:
ხატობაზე ხომ არ მოსულაო ეს ამდენი ხალხი?
არა, ხატობა როდიაო, მელქისედეკ კათალიკოსი იქადაგებს მწუხრის შემდეგ, ამადაც მოაწყდაო ხალხი.
არსაკიძეს არ უყვარდა ის უცნაური სუნი, ადამიანების გაჭექილ ეკლესიებში რომ ხდება საცნაურ, მხოლოდ ეს უნდოდა ლაზს, ეზოსმოძღვარი დაელანდა როგორმე, ამის შემდეგ მოხდილად ჩათვლიდა მოვალეობას ამჯერად.
ხალხით გაჭედილიყო ტაძარიც, მაინც ყველა შიგ შესვლას მიესწრაფოდა. ორ-ორ კაცს გამოჰყავდათ გულშემოყრილი ქალები,ერთ მანდილოსანს, გოლიათურ ანაგობისას, ოთხი ვაჟკაცი შესდგომოდა, სავსებით ფერმიხდილს ძლივს მიათრევდნენ ბრბოში.
კლიროსიდან მოისმოდა სულზე უტკბესი გალობა. ეს გალობა უყვარდა არსაკიძეს. მხოლოდ ამისთვის დადიოდა წირვაზე, მაგრამ ტაძარში ისეთი ზუნი იდგა, მხოლოდ კანტიკუნტად მოესმოდა მგალობელთა ხმა.
მწუხრი მოთავებული იყო, როცა არსაკიძემ ტაძრის შუაგულამდის მიაღწია ძლივს.
კათალიკოსს ქადაგება უკვე დაეწყო.
რა უცნაურია ბრმა შემთხვევის ძალა! სწორედ იაკობის მიერ ღმერთთან შებრძოლებას ეხებოდა მელქისედეკი.
..."და წიაღ მოიკრიბა იაკობ ყოველივე, როცა იყო მისი და დადგა იგი მარტოი მუნ და ერკინებოდა მას კაცი ვიდრე განთიადამდე.
და ვითარ იხილა რამეთუ ვერ უძლავს მისსა მიმართ, შეეხო ვრცელსა ბარკლისა მისისასა და დაუბოშა ვრცელი ბარკლისაი იაკობისი, ბრძოლასა მას მისსა მისთანა და ჰრქვა: განმიტევე მე, რამეთუ აღმოხდა ცისკარი.
და მან ჰრქვა: რაი არის სახელი შენი?
ხოლო მან ჰრქვა: იაკობ».
ეს ადგილი ზეპირად წარსთქვა მელქისედეკმა.
შემდგომ ამისა მტკიცე და შუდრეკელი ხმით განაცხადა:
მოწესეებსა და მღვდლებს მართებთო კარგად განმარტება ამ ადგილისა, რადაგნ მწვალებელნი და მკრეხელნი აუგად იყენებენო იაკობის მიერ ღმერთთან ბრძოლის ამბავს.
ამქვეყნიური სახელითა და პატივით გულმოცემულნი შემოქმედს უტოლებენ თავს, ღმერთთან შერკინებას მიელტვიანო.
აქ ხმა აუმაღლა კათალიკოსმა და იქედნური ღიმილით დასძინა: ამ საცოდავებს ის ავიწყდებათ, ბარკალი რომ მოსტეხაო ღმერთმა თავის უფალთან მორკინე იაკობს.
ბიბინებდნენ კანკელის წინ სანთლები, ელავდა ოქრომკედი კათალიკოსის ომფორზე, ციმციმებდნენ ვარშამანგის ალმასები.
ღაწვისთავები შესწითლებოდა მელქისედეკს, მომნუსხველი მზერით შესცქეროდა იგი გარს მოჯარულ ბრბოს.
ამ წუთში ასე ეგონა არსაკიძეს: მას ერთს შესცქეროდა კათალიკოსი, ეჭვი აღეძრა მცირეოდენი. წეღანდელი ფიქრი ხომ არ შეიცნოო ამ მოხუცმა გრძნეულების ძალით?
ჯიქურ შეხედა კათალიკოსს, მაგრამ მალე თავი დაჰხარა, ვერ აიტანა მელქისედეკის დაძაბული მზერის სიმძაფრე.
გული უწუხდება კონსტანტინეს, ბრბოში გაჭექილს. ოფლის სუნი მისწვდა მის სათუთ ყნოსვას, ოფლისა, საკმეველისა და მირონის სუნი ურთიერთში აღრეული.
კარებისკენ უკუიქცა.
მიდიოდა. კი არ მიდიოდა, მხარულით მისცურავდა თითქოს. არსაკიძე ჯერ კიდევ არ იყო გამოსული ტაძრიდან, როცა მელქისედეკმა ქადაგება მოათავა.
ნამდვილი ბრძოლა გაიმართა ყოველ კუთხეში.
აბობოქრდა ხალხი, დიდი და მცირე საკურთხევლისაკენ გაეშურა კათალიკოსის დამჭკნარი ხელის ამბორსაყოფად, მაგრამ რადგანაც ბრბოს მრავალი ათასი პირი ჰქონდა, ხოლო მელქისედეკს ერთადერთი მარჯვენა, საშინელი სრესა გაიმართა.
ოთხივე კარიდან შემოაწვა გაჭექილ ტაძარს ხალხი.
მთავარდიკვნის კათედრა წააქციეს.
ერთბაშად იკივლა ვიღაც დედაკაცმა. მცირე ხანს ზუზუნებდა შეტბორებული ბრბო, თოთო ბავშვის ცხედარი ამოტივტივდა ორი ვაჟკაცის ხელებზე.
არსაკიძე შეჰზარა თავგასრესილ ბალღის შეხვედამ, თვალი აარიდა და მთელის ძალღონით დაიძრა გასასვლისაკენ, დაქანცულობა გადაავიწყდა გაგულისებულს, ბოლოს ძლივს გავიდა ეზოში საკინძეშემოხეული.
იმხანად ასეთი ჩვეულება დასჩემდა არსაკიძეს.
ყოველ ეკლესიას საგანგებოდ ატოლებდა სვეტიცხოველის მომავალ შენობას. ამიტომაც ორჯერ შემოუარა სამთავროს ეკლესიას ბნელში. ნაბიჯით გამოზომა სიგრძე და სიგანე. გაცილებით უფრო დიდი აღმოჩნდა ახალი სვეტიცხოველი. იამა ეს ამბავი ოსტატს.
მუდამ ასეთი ყოფილა ხელოვანის ბედი.
როგორც ტოილოთი დაბმული ცხენი გარს უვლის ხოლმე დღედაღამ პალოს, აქ მოსძოვს მცირეს, იქ მოიბალახებს, დადის წრის გარშემო გაჩხიბულივით, ასევე ოსტატს მუდამ თვალწინ უდგას შემოქმედების თვისის საგანი, სულ ერთია, სეირნობს იგი, ლხინს ეძლევა, ან და მაშინაც, როცა ბრბოში უსაქმურად დაეხეტება, მარადჟამს თავის პირმშოს დასტრიალებს გონების თვალით.
მთვარე ამოსულიყო უკვე.
ცაცხვის ჩრდილში იდგა არსაკიძე, მძინარე ქალაქს გადასცქეროდა. ჩრდილის კარიდან ეზოსმოძღვარი გამოძვრა. პირდაპირ შეეჩეხა ბნელში მდგარ ხუროთმოძღვარს.
"მწუხრი მშვიდობისა".
წაიბუტბუტა არსაკიძემ, მაგრამ ეზოსმოძღვარი ისე გაოგნებულ იყო, არც კი სმენია ეს მისალმება.
სჩანდა: ვიღაცას უთვალთვალებდა იგი ეკლესიის ეზოში.
კისერი წაიგრძელა ხუცესმა და მიჰყვა დიაცების ერთ ჯგუფს, საქალებოდან გამოსულს იმ წუთში.
არსაკიძეს ცნობის წადილი მოეძალა.
ნაბიჯს აუჩქარა.
შენიშვნა: ფხოვურ სამოსში გამოწყობილ მხევლებს ვიღაც მანდილოსანი მიჰყავდათ ეზოში.
მიუახლოვდა თუ არა, ვარდისახარის შინდისფერი თავშალი შეიცნო არსაკიძემ.
შესაძლოა შორენა მოჰყავდეთო, ეს გაიფიქრა და წამოეწია. ორიოდე ნაბიჯით გაუსწრო მოახლეებს, უკან მოიხედა ფრთხილად.
თავჩაღუნული მოდიოდა შორენა, სახეს არიდებდა ცნობისმოყვარეთა დაჟინებულ მზერას. გამსჭვირვალე ბლონდი ებურა პირზე, ბროწეულის ყვავილის დარი, სითვით ამოქარგული.
ორი შკვარიანი მოახლე გვერდით მისდევდა. სიყვითლის იერი გადასდიოდა ღაწვებზე. არსაკიძეს ვერ გაეგო, შუქის ანარეკლი იყო ეს, თუ ბუნებრივ ფერად ქცეოდა იგი ტყვეს?
არსაკიძემ შენიშნა, ვარდისახარმა შეიცნო იგი.
ორჯერ მოიხედა ზედიზედ, მზერა აარიდა ჭაბუკმა ქალს.
სწორედ ამ დროს გაიელვა მის წინაშე ეზოსმოძღვარის ლანდმა.
გაეცალა არსაკიძე შაოსანს. ნელის ნაბიჯით მიდიოდა ბრბოში. ცალკერძ ფხოველ ქალების გუნდს უთვალთვალებდა, ცალკერძ შავ ანაფორას ხუცისას.
ისევ მოუარა წადილმა. უნდოდა როგორმე წამოსწეოდა ფხოველ დიაცებს, მწუხრი მშვიდობისა მაინც ეთქვა შეფარვით.
უცნაური ხმები დადიოდა ბოლო ხანს შორენას გამო მცხეთაში. საბელით გადააპარესო იგი მოახლეებმა ღართისკარის ციხიდან ღამით. ფხოვს გაქცეულაო თორ-აბჯარში გადაცმული ტყვე, ახალ ამბოხებას აწყობსო ერისთავის ასული ახლა.
სულ სხვას ამბობდნენ სხვანი: უფლისციხეში ჰყავსო კოლონკელიძის ქალი მეფეს, დასნეულდაო ბნელში ჯდომისაგან შორენა.
ასეთი რამეც განაგონი ჰქონდა არსაკიძეს: ბედიის მონასტერს წარგზავნაო იგი კათალიკოსმა, მონაზვნად აღკვეცილაო მუნ.
დაწინაურდა არსაკიძე ბრბოში, ისევ წაებლანდა მის მზერას ეზოსმოძღვარის შავი ანაფორა.
მშვენიერი საღამო იყო, გაზაფხულის ამო სუნთქვით დამტკბარი. ცაცხვების შტოები ელავდნენ ვარსკვლავებით, მთვარე გადმოსულიყო სარკინეთის შავჯაგრიან ზურგზე. ფხოველი ქალების დანახვამ უცნაურად ააფორიაქა არსაკიძე, ტკბილი სიყრმე მოაგონა თავისი, ბედითად შეწყვეტილი ლხენა სიჭაბუკისა.
ვიწრო ქუჩაში მოლაშლაშებდა მლოცველების ბრბო. მარტოობა მოუნდა გულდარდიან ჭაბუკს. ქუჩის გასწვრივ ნანგრევები იყო ძველი, მათ ჩრდილს შეაფარა თავი. მიდიოდა დარდიანი, თავჩაქინდრული.
ვიღაცამ უბიძგა მკლავი. რიდით პირახვეული ლანდი ეუცნაურა. შეკრთა, აღელდა, ვარდისახარი შეიცნო მყისვე.
თილისმურად უღიმოდა დიაცი.
წნორის ფოთოლივით ცახცახებდა ვარდისახარი, შორს მიმავალ მოახლეების ჯგუფს არ აცილებდა თვალს.
«სად იყავი აქამდის, რად არ სჩანდი მცხეთაში?»
ეს ჰკითხა არსაკიძემ პირველად.
"ღართისკარის ციხეში ვისხედით"...
«ახლა?»
ახლა შეგვიწყალაო მეფემ, ხურსისეული სასახლე მიგვიჩინა. იმასაც ამბობენ, დროებითა ვართო მანდ, აფხაზეთს გვგზავნისო კათალიკოსი.
არსაკიძე გაოცდა. სიზმარი ეგონა ეს ყოველივე.
«შენი ამბავი წვრილად გვამცნო ჩვენმა მოძღვარმა, ათანასე ბერმა. მეფეს გაუცვნიხარ ნადირობის დროს, წარჩინება მიგიღიაო. შორენა გახარებულია ამ ამბით.ფხოვიდან თუ გსმენია რაიმე?»
ეუბნება სხაპასხუპით ვარდისახარი, ხურვება შეყრილივით უცახცახებს ყბები.
ფხოვიდან არაფერი მსმენიაო ჯერაც.
ქალი გაოგნებული შესცქეროდა ვაჟს. არსაკიძეს ბრბოსკენ გაექცა თვალი. ხელი მკლავზე წაავლო გაშტერებულ ქალს.
«გესმის ვარდისახარ, გესმის, მეც თქვენს ახლოს მიმიჩინეს ბინა. შებინდებულზე მოდი როგორმე, ნონაი იკითხე, სახლთუხუცესის რატის მხევალი. ახლა წადი, ეზოსმოძღვარი გვითვალთვალებს ვგონებ».
რიდე აიფარა დიაცმა, კედელს აეკრა და ისაფრა ჩრდილი, ბნელში წალასლასდა ლანდი.
უცნაურად მოსწყდა არსაკიძე იოგებში. ნაბიჯს უკლო, სასაფლაოსკენ გადავივლიო, გაიფიქრა მარტო შთენილმა.
ცა იისფერი იყო, ვარსკვლავები მჭმუნვარედ აფახულებდნენ მოოქროვილ წამწამებს.
ვარდისახარის სქელი ტუჩები თვალწინ დაუდგა, ვნებისაგან უელავდა დიაცს თვალები.
ფხოვური მაღალი ცა მოგონდა. ვარდისახარის რბილი და ტფილი სხეულის სიტკბო, თავის წაწალთან გათენებული ღამეები.
საოცარმა ნდომამ იფეთქა ჭაბუკის გულში.
ისევ აუჩქარა ნაბიჯს. ფხოველი დიაცები აღარ სჩანდნენ ბრბოში, ლანდივით მოეჩვენა ვარდისახარი წეღან, უნდოდა შორენასთვის სახეში ჩაეხედნა, წამიერად ენახა სიყრმის მეგობარი როგორმე.
ახლა თუ წაახელებდა იგი, არ მოერიდებოდა ეზოსმოძღვარს, ახლოს ჩაუვლიდა, მწუხრი მშვიდობისაო, -ეტყოდა მაინც.
პატარა სამლოცველოს გვერდით ვიწროვდებოდა ტალახიანი ქუჩა. მლოცველების ბრბო შეტბორდა. არსაკიძემ ისარგებლა ამით.
ისევ წააწყდა მისი თვალი შინდისფერ თავსაფარს. შორენას მოქარგულმა ბლონდმაც გაიელვა მკვარის სინათლეში.
ახლა ეს შენიშნა არსაკიძემ, - გარსმოჯარული მცხეთელი დიაცები. მომეტებულის გულისყურით უჭვრეტდნენ ერისთავის ქალსა და მის მოახლეებს.
ფხოვური ჩოხა ეცვა კონსტანტინეს, მიახლებოდა ფხოველ დიაცებს?
ეს თვალში ეცემოდა ყველას.
კვლავ მოუდუნდა ნებისყოფა ჭაბუკს, შესაძლოა, ქალებს დაუშავდესო რამე.
ორი ყმაწვილი ქალი უკან მიჰყვებოდა ფხოველ ტყვეებს. მანდილიანი ეჩურჩულებოდა რიდემოსხმულს.
რიდით შებურვილმა რაღაცა ჰკითხა მანდილიანს (ეს ვერ გაარჩია არსაკიძემ). პასუხი გაიგონა მხოლოდ:
«კოლონკელიძის ასულია, შორენა».
«დედოფალივით ქალია, არა?»
ამას ამბობდა მაღალი მანდილოსანი.
«არც ბევრი უკლია»...
ეუბნება რიდემოსხმული.
«რად იტყვი მაგას,ქა?»
«გიორგი მეფის ხარჭაა, ხომ იცი»...
სამსჭვალივით ეცა ეს სიტყვები არსაკიძეს.
უნდოდა მივარდნოდა ენაჭარტალა დიაცს, მიეხლა: სტყუიო.
თავი შეიკავა, გველცემულივით გამოტრიალდა, პირდაპირ შეეჩეხა მის უკან მომავალ ეზოსმოძღვარს, მდუმარედ ჩაუარა მას და ბნელ შუკაში გაუჩინარდა.