– XIX –
გიორგი პირველს თორმეტი წლისას დაადგეს სამეფო გვირგვინი თავზე, სათამაშოების ნაცვლად სკიპტრა შეაჩეჩეს ხელში.
ადრიან სიყრმეშივე შეება იგი ბიზანტიის კეისარს პირველად. ბასიანის ომიდან უვნებლად გამობრუნებულმა კათალიკოსი მიუგზავნა ბასილის, ზავის პირობა მისცა, «მის ნოხს დაადგა ფეხი», როგორც იმჟამინდელ ბიზანტიაში იტყოდნენ ხოლმე.
როგორც გიორგი მეფეს, ისე ბიზანტიის კეისარს მუდმივი ომი ჰქონდათ დიდგვაროვან აზნაურებთან. პატრიციუსი ქსიფე გადაუდგა ბასილის და ნიკიფორე კისერმოქცეულს დაუკავშირდა, ბარდა ფოკასძეს. გიორგიმ დრო იხელთა, აჯანყებულებთან მოლაპარაკება დაიწყო, თანადგომა აღუთქვა კეისრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
განდგომილი ფოკა და ქსიფე ურთიერთს წაეკიდნენ, ფოკა მოჰკლეს, თავი მისი კეისარს მიართვა შერიგების გუნებაზე დამდგარმა ქსიფემ.
ბასილიმ მოღალატის თავი გიორგი მეფეს გაუგზავნა ძღვნად, ამგვარად ამცნო: არ გენდობიო ფიცის გამტეხელს.
უხტიკესთან სასტიკად დაამარცხა კეისარი მეფემ, წარჩინებული სტრატიგები, კატეპანები ბრძოლის ველზე დასტოვეს ბიზანტიელებმა, რამდენიმე ათასი სტრატიოტი დაჰკარგეს.
დიდძალი აბჯრის ალაფა ჩაუვარდა ქართულ ჯარს ხელში: არანგები, აქლემები, ჯორები, ლოდსატყორცნები და ციხეთა მმუსვრელი ტარანტები. დამარცხებული უკუიქცა მაკედონელი ბარბაროსი.
ვასპურაკანის პროვინციის მმართველმა, კომნინმა, სარკინოზებთან შეტაკების წინა დღეს ერთგულების ფიცი ჩამოართვა თავის ჯარს, ან გაემარჯვათ, ან თავის სტრატიგთან ერთად მომკვდარიყო ყველა მონასპა.
მსტოვარებმა დააბეზღეს სტრატიგი კომნინი, გიორგი აფხაზთა და ქართველთა მეფესთან იყოო შეთქმული, იმპერატორობას მიელტვოდაო.
კომნინი შეაპყრობინა ბასილიმ, თვალები დაუბნელა, თვალები დასწვეს მასთან ერთად შვიდ პატრიციუსს. შემდგომ ამისა მსტოვარებს ამბავი მოჰქონდა გიორგი მეფესთან, ახალი ომისათვის ემზადებაო კეისარი, ხმელეთიდან და ზღვიდან შემოტევას აპირებს, საომარ ხომალდებსა და დრომონებს აგებსო სასწრაფოდ.
კეისრის წინააღმდეგ ბრძოლის ჟინმა და საქართველოსთვის წართმეული პროვინციების დაბრუნების წადილმა ბიზანტიასთან სჯულის ერთიანობა გადაავიწყა გიორგის, ახლა ალ-ჰაქიმთან გამართა მიწერ-მოწერა მეფემ.
ალ-ჰაქიმი 11 წლისა ავიდა ხალიფის ტახტზე. მან გაუგონარი სისასტიკით გაითქვა სახელი ქრისტიანების უწყალოდ მმუსვრელმან.
სავსებით გახელებული და დაუდგრომელი ბუნების კაცი იყო ხალიფი.
ხან ბრწყინვალე ამალითურთ დაჯირითობდა ხალხით სავსე მოედნებზე, ხანაც «ღმერთის გამოცხადებას» მოწყურებული დაეხეტებოდა მუკატტამის უკაცრიელ მთებში, მისტიური ჰალჲუცინაციები აწვალებდა ბნედიანს.
ხან ათი ათასებს მოასრევინებდა ჯალათებს, ხანაც მეფურ საჭურჭლეთა გასცემდა უხვად. თავის ქვეშევრდომების მიერ ღვთაებად აღიარებას მიელტვოდა და მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა დრუზების სექტამ «ღმერთად» გამოაცხადა იგი.
ფატიმიდების დინასტიის ვარსკვლავი ამოდიოდა. აღორძინებული ისლამი ბიზანტიის სამანებს აწყდებოდა, ალ-ჰაქიმი გააფთრებული მუსრავდა ქრისტიანებსა და ებრაელებს, დაუცხრომლად ებრძოდა იმ «ძაღლს», ბასილი კეისარს.
კეისარმა დავით კურაპალატი დალაშქრა 988 წელს, შემდგომ ამისა ანტიოქიაში წარგზავნა დომესტიკი დიდძალი ჯარით.
ალ-ჰაქიმმა რელიგიური ომი გამოაცხადა ქრისტიანეთა წინააღმდეგ, ამას მოჰყვა იერუსალიმის ტაძრის დანგრევა, მონასტრებისა და ეკლესიების გადაბუგვა სინას მთაზე, ანტიოქიასა და ეგვიპტეში.
მელქისედეკ კათალიკოსს დიახაც არ მოსწონდა გიორგი მეფის დაკავშირება სარკინოზების ხალიფასთან, არც თუ ბიზანტიის სამტრო პოლიტიკას იზიარებდა იგი.
მელქისედეკი გარეგნულად ექვემდებარებოდა გიორგის, მაგრამ ქრისტეს მოსაყდრეს ურყევად სჯეროდა, რომ «მეფე ქვეყანასა ზედა ხელმწიფეა, ხოლო ქრისტე - ზეცისა, ქვეყნისა და ქვესკნელისა».
ქართული ლაშქრის მიერ ოლთისის ეკლესიის შემთხვევით გადაწვას ყოველ წელს ხელახლა შეახსენებდა ხოლმე კათალიკოსი მეფეს, ხან მის «ურწმუნოებას» აბრალებდა იგი ამას, ხანაც ალ-ჰაქიმის «წარმწყმენდელ ზეგავლენას».
ოლთისის ეკლესიის ნაცვლად სამი საყდარი ააგებინა კათალიკოსმა გიორგის სამცხეში, ერთი მათგანი მეხმა დააქცია, ორიც მიწისძვრამ იმსხვერპლა ზედიზედ.
მიწისძვრამ დააქცია იმავე წლის აღდგომის დღეს სვეტიცხოველის ტაძარიც, აბულ-ყასიმის მიერ იავარქმნილი პირველად.
ახლა ეს ეწადა მელქისედეკს: ოლთისის ეკლესიის სამაგიეროდ სვეტიცხოვლის აგების ხარჯები ეკისრნა გიორგის.
ბოლოს დაითანხმა მეფე, სამნაირი გეგმა წარმოადგენინეს ხუროთმოძღვართა უხუცესს - ფარსმან სპარსს.
ფარსმანის გეგმით ახალი სვეტიცხოველი უნდა ყოფილიყო ერთნავიანი ტაძარი, რომლის ოთხივე ფასადის რელიეფები ირანული ალეგორიებით იქნებოდა გადატვირთული. ფრთოსანი ცხენების, ძაღლების, სირაქლემების, გრიფონების ფიგურებითა.
ქართული წარმართობის გამოძახილიც ცხადდებოდა კედლების ბარელიეფებში, თავაღერილ, კუდაშვერილ ხარებს ტოტემის ნიშნებით ჰქონდათ დადაღული ფერდები, ქრისტიანთა თვალის ასახვევად ამ ცხოველებს ჯვარი ჰქონდათ დადგმული რქებს შორის.
გუმბათის ფრიზებში, კარიბჭეების სიახლოეს, პანიურად აღტყინებულ, შიშველ ფიგურებს ღვინით სავსე ყანწები ეჭირათ ხელში, ყურძნის აკიდოებით დაფარული ჰქონდათ სხეული სანახევროდ.
სარკმელების ირგვლივ შემოვლებულ როზეტებსა და ჩუქურთმებში ოსტატური მიმიკრიით ჩახლართული იყო დაწყვილებული გველების ხატებანი.
ეკლესიის შიგნით ოთხსავე კესონში თვით მეფეების, მღვდელმთავრებისა და ანგელოსების ფიგურებიდანაც გამოსჭვიოდა ჰელლენური სიშიშვლე და მშვენება ხორცისა.
სამივე გეგმა ამგვარი შინაარსისა იყო მეტნაკლების სხვაობით, ამიტომაც სამივენი უარჰყო მელქისედეკმა.
ახლა კათალიკოსმა მოიხმო ბერძენი ოსტატები ბიზანტიიდან.
გიორგის დაკვირვებულმა თვალმა მყისვე შენიშნა, რომ ამ გეგმების მიღება მოასწავებდა მიბრუნებას იმ ზეგავლენისაკენ, რომელიც ქართულ ხუროთმოძღვრებას ორი საუკუნით ადრე დაძლეული ჰქონდა უკვე.
უდაბნო იცქირებოდა კესონებში მოთავსებულ მღვდელმთავრების ფრესკებიდან. განკითხვის დღისა და ჯოჯოხეთის ხატებანი შეიცავდნენ საშინელ მუქარას ყოველივე ადამიანური ვნებების მიმართ.
გუმბათის თაღიდან ამას ყოველივეს გადმოსცქეროდა ნამსჭვალიანი, ხორცდაშრეტილი ნაზარეველი.
ყველაზე მეტად ერთმა ფრესკამ აღაშფოთა გიორგი მეფე. შარავანდიანი ბასილი კეისარი კლიტეებს აბარებდა აღმოსავლეთის მოსაქცევად წარგზავნილ წმ. მამებს; ბასილი კეისარი, რომელსაც «ძაღლს» უწოდებდნენ არა მარტო სარკინოზები, არამედ ქართველები, სომხები და ბულგარელებიც.
ამ ფრესკის დანახვისას ბრაზისაგან გახელდა გიორგი, მაგრამ მოხუცებულ კათალიკოსს ვერაფერი შეჰკადრა, ადგა და გავიდა დარბაზიდან უხმოდ.
ახლა სხვა ოსტატების ძებნას შეუდგა კათალიკოსი და სწორედ ამ დროს დაიწყო ფხოველთა ამბოხი.
* * * * * * *
ძელიცხოველის მიერ ჭიაბერის მოკვლევამ გიორგიც დააფიქრა და შეაშფოთა. მეფემ თავის თვალწინ მოაწამვლინა ხის ჯვარი ფარსმანს, მაგრამ რაკი ერთი და იმავე ჯვარის ამბორმა ჭიაბერი მოჰკლა და კოლნკელიძეს არ ავნო, ამან დააეჭვა გიორგიც.
ვაჲთუ ფარსმანის წამალს არც კი ემოქმედნოს და მართლაც მოეკლასო ძელიცხოველს ჭიაბერი.
ცხადია, ჯვარის მოწამვლის ამბავი კათალიკოსისათვის არ გაუმხელია გიორგის, ამიტომაც ვეღარც ისა ჰკითხა მას, თუ ჭიაბერი სად ემთხვია ჯვარს, ან კოლონკელიძე სად ეამბორა?
ამას ერთი უცნაური ამბავიც დაერთო კიდევ: მცხეთის სასახლეში დავით კურაპალატისეული ხატი ჰქონდა გიორგი მეფეს ერთი წმ. გიორგის ხატი ვერცხლნაქანდაკევი. ეს წმ. გიორგი უშველებელი ჯაჭვით ჰყავდა საწოლის დარბაზში დაბმული, რადგან ოდითგანვე ასეთი გადმოცემა არსებობდა აფხაზთა მეფეების ოჯახებში:
ეს ხატი თუ ჯაჭვით არ დააბა პატრონმა, მოიხსნება და წავაო სადმე. ასე ჰყოლია თურმე დაბმული იგი თვით კურაპალატს უფლისციხეში, ხოლო ბაგრატ III-ს ქუთაისის სასახლეში.
ფხოველთა ამბოხების დაწყებამდისაც მელქისედეკსა და ეზოსმოძღვარს ფრიად აწუხებდა ერთი რამ: ისინი ჰხედავდნენ გიორგი მეფე უფრო და უფრო გულგრილი ხდებოდა სარწმუნოების მიმართ.
ყოველივე ამას ფარსმანს აბრალებდნენ ისინი. ფანასკერტელის ქალის საქმემ საბოლოოდ გადააწყვეტინა კათალიკოსს; ფარსმანი უნდა გაეგდო მცხეთიდან როგორმე, საამისოდ უმთავრესი იყო: სარწმუნოებაში განმტკიცება გიორგი მეფისა.
სწორედ იმ დღეებში, როცა ავადმყოფი მელქისედეკი მცხეთას მიბრუნდა, დედოფალი აფხაზეთს წავიდა, ხოლო მეფე კვეტარის ერისთავის დასალაშქრავად გაემგზავრა, ეზოსმოძღვარმა ბნელი ღამე შეარჩია, მეფის საწოლ დარბაზში შეიპარა, ბოქლომი დაამსხვრია, ჯაჭვი ახსნა, წმ. გიორგის ხატი მოიპარა და ნოკორნას მონასტერში ჩაუტანა დაყუდებულ ბერს ევდემონს.
დაანამუსა თანაც, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ განეცხადებინა: ხატი თავათ ჩამოვიდაო ნოკორნაში.
ეზოსმოძღვარი არც მოსტყუვდა თავის ვარაუდში: კვეტარიდან დაბრუნებულ მეფეს შიშის ზარი დასცა წმ. გიორგის სასახლიდან «გაპარვამ».
ეზოსმოძღვარი ახმობინა მსახურთუხუცესს მყისვე, საწოლის დარბაზში ჩაიკეტა და მთელი ღამე აკითხვინებდა ფსალმუნს.
მალე კათალიკოსიც გამომჯობინდა.
მელქისედეკმა როგორც კი შენიშნა, კვლავ მიუბრუნდაო სარწმუნოებას გიორგი, ეზოსმოძღვარს უბრძანა: დაბადება უკითხეო მეფეს, განსაკუთრებით დანიელი, თავი მეოთხე, სადაც მოთხრობილია თუ როგორ დასაჯა ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფე იერუსალიმის ტაძრის შემუსვრისთვის ღმერთმა.
შემდგომ ამისა თავათ მიჰყო ხელი შეგონებას მელქისედეკმა.
არწმუნებდა, თუ სვეტიცხოველს ამაგებინებ, მოგიტევებსო «ოლთისში ჩადენილ მკრეხელობას უფალი».
იმჟამად გიორგის მთელი გულისყური ციხეების შეკეთებისაკენ იყო მიქცეული.
თმოგვის ციხე დაანგრია მიწისძვრამ. შესაკეთებელი იყო ციხე კლდეკარისა, ქანდაციხე, ბერციხე, ციხე-ბოდოკი, ციხე-კაბერი, ქოლოთკვირი და აწყვერი, ოძრახეს ციხე-ქალაქი და მგელციხე.
განსაკუთრებით საშურო იყო: ანაკერტის, ფანასკერტის, ბოლოციხის, კუმერლუხის და თუხარისის ციხეების შეკეთება, რადგან ბასილი კეისარი ყველაზე ადრე სამცხისა და ტაოს სიმაგრეებს მოადგებოდა.
გარდა ამისა, ნაალაფავ ლოდსატყორცნებისა და ტარანტების შეკეთებასა და მათი ბადალების გაკეთებას ჰპირდებოდა ფარსმანი გიორგის, საამისოდ დიდძალი ოქრო სჭირდებოდა მეფეს.
ბოლოს იმდენი უჩიჩინეს მას, რომ ხარჯებისა და მონების მიცემას დაჰპირდა გიორგი კათალიკოსს. ეს კიდევ ცოტაა, უცნაურად აეკვიატა მეფეს ოლთისში ეკლესიის ჩვენება. და ეს ამბავი დაიწყო ასე: