prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი VII

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– VII –

მეორე დღესვე ქორსატეველას ციხისაკენ დიდძალი ამალით გაემგზავრა მელქისედეკი. ოთხი ეპისკოპოზი იახლა: იშხნელი, მაწყვერელი, ანჩელი და მტბევარი. ორასზე მეტი ხუცესი და ბერი, ბერთა შორის თორმეტი გამოცდილი მსტოვარი გაატანა სპასალარმა კათალიკოსს, ბერის ჩოხაში გამოწყობილნი.

მათ დაწვრილებით უნდა შეესწავლათ ერისთავის კარისა და საერისთავოს ცხოვრების ყოველი საიდუმლო და კათალიკოსის მობრუნებამდის საჩუქრად მოეხსენებინათ მეფისათვის.

ამ პროცესსიას ჯვარის მტვირთველნი მიუძღოდა წინ, ამინაშატის ხატი და ძელიცხოველი მიჰქონდა თან.

ქორსატეველამდის ექვსიოდე ეჯი უკლდათ, როცა მამამზე ერისთავი დიდის ამალით შემოეგება ქრისტეს მოსაყდრეს წინ.

თვალი მოჰკრა თუ არა მღვდელმთავარს, მამამზე მყისვე დაქვეითდა, ისრის მისაწვდენი ადგილი ფეხით გამოიარა თავისი სახლთუხუცესის ტოხაისძის თანხლებით, მიუახლოვდა, მუზარადი მოიხადა და ეამბორა ხელზე საპატიო სტუმარს.

კათალიკოსი ოქროს ზანზალაკებით მორთულ ჯორზე იჯდა და ასე მიდიოდა ბზის ტოტებით მორთულ გზაზე. ხეობის უბეებში მოგროვილი თავშიშველა მონები, დედაკაცები, ბავშვები, ქადაგები და მათხოვრები უკან მისდევდნენ ამალას, მკერდზე მჯიღს იცემდნენ, გალობდნენ ოსანას.

მამამზემ შავლეგ ტოხაისძეს წამუყო, ორივენი კვლავ შესხდნენ ცხენებზე და უკან მოექცნენ პროცესიას.

იჯდა თორიანი გოლიათი ჩალისფერ იაბოზე, თავის უზარმაზარი ცხენის დაცქვეტილ ყურებს შორს გადახედავდა ჯორზე დაყუნცულ ჩია ბერიკაცს, შავჩოხიანი ბერების ლაშქარსა და მათ წინ მდებარე ცარიელ გზას. აღელვებული ცქმუტავდა უნაგირზე.

მოღუშულმა ერთბაშად კისერი მიიდრიკა გვერდით მომავალ მხედრისაკენ და ეკითხება ტოხაისძეს:

«რად იგვიანებს, თუ იცი, ჭიაბერი, შავლეგ?»

«ჭიაბერი და მისი ამალა მზად იყვნენ, რა მოგახსენოთ, ერისთავთ ერისთავო!»

«უბედურება ის იქნება, თუ ჭიაბერი გაჯიქდა ისევ და არ შეეგება კათალიკოსს».

თითქმის ჩურჩულით სთქვა მამამზე ერისთავმა. ცხენს წაუტლაშუნა მათრახი.

ამის თქმა მოასწრო მამამზემ და ადგა გზის ასაქცევთან ბუღი.

თავისი გაჯაგრული, შავი მარჯვენა თვალზე მიიჩრდილა შავლეგ ტოხაისძემ და მზერა მისი ანაზდეულად მისწვდა მუზარადებისა და თორ-აბჯარის ლაპლაპს შორეულ მზვარეში.

«მოდიან, მოდიან»... წამოიძახა ტოხაისძემ. მამამზემაც იფარა ხელისგული, მაგრამ ვერაფერი დაინახეს მისმა თელგამიანმა, ჭროღა თვალებმა, რომელნიც დათვის მიერ დატორვის შემდეგ არ აპირებდნენ სავსებით გაჯანსაღებას.

«ჭიაბერია, ჭიაბერი, ერისთავთ-ერისთავო», სთქვა ტოხაისძემ და გაჰქუსლა თავის ძუძუმტეს შესახვედრად ცხენი.

«უთხარი უეჭველად ემთხვიოს კათალიკოსს ხელზე», დააბარა სახლთუხუცესს მამამზემ. ვიდრე ტოხაისძე სადავის მოკრებას მოასწრებდა და დეზს ჰკრავდა ცხენს.

ზუჩიანი, თორიანი მხედრები ქევქევით მოაჯირითებდნენ ცხენებს, როცა კათალიკოსის ამალას გაუსწორდნენ, დაწინაურდა ოქროს მუზარადიანი, მშვენიერი ვაჟკაცი, დაქვეითდა და მეაბჯრეს მიუგდო ცხენი.

მუზარადი მოიხსნა, თავთუხისფერი კულულები გადმოიღვარა მის მაღალ შუბლზე. დიდრონი, ცისფერი თვალები მიაშტერა კათალიკოსის დალეულ ავადმყოფურ სახეს, ღილივით წვრილსა და ციმციმა თვალებს. თავისი გოლიათური მარჯვენა გაუწოდა სტუმარს. ზიზღნარევი ძრწოლით აღვსილმა თავი მოიდრიკა, ცივად ეამბორა მის დამჭკნარსა და გრძელ თითებს (ამ წუთში ფეხზე მდგომარე ჭიაბერი გაცილებით უფრო მაღალი მოსჩანდა, ვიდრე ჯორზე მჯდომარე მელქისედეკ კათალიკოსი).

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.