prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი LVIII

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– LVIII –

მეორე დღესვე, კათალიკოსის მოსაყდრის, რაჟდენის საიდუმლო ბრძანებით, ბაგინეთის სადედო მონასტერში მონაზვნად აღკვეცეს კვეტარის ერისთავის, კოლონკელიძის ასული, შორენა.

შუშანიკი დაარქვეს მას, რადგან ასეთ შემთხვევაში მხოლოდ პირველ ასოს სახელისას უცვლელად უტოვებდნენ აღკვეცილს.

შორენასათვის მოულოდნელი არა ყოფილა ეს სასჯელი.

მას ასე ეგონა: ცოლობაზე უარი ვაკადრე მეფეს, განრისხდა და მომიზღოო სამაგიერო.

ამასაც გულმშვიდად შეეგება იგი, კარგად იცოდა: ხუროთმოძღვარს, ლაზს, არ მიათხოვებდნენ ერისთავის ასულს.

მცხეთაში მაინც აუტანელი გახდა ცხოვრება. გაბოროტებული გურანდუხტი გესლავდა დღენიადაგ თავის მხოლოდშობილ ასულს.

მცხეთის ჭორებმა თავი მოაბეზრეს შორენას, ოდესღაც მისი ერთგული მოახლენიც აჰყვნენ სეფექალებისა და ერისთავთა ცოლების სისინს, სასახლესა და გურანდუხტს შორის მიმოჰქონდათ ენა.

კოლონკელიძის მეუღლეს სავსებით უღირსად ეჭირა თავი.

დიდხანს ცდილობდა ემაჭანკლა მეფისათვის როგორმე, როცა ვერაფერს გახდა, დაუზოგავად სცემდა და ლანძღავდა შორენას.

მოეწონა "შუშანიკს" სადედო მონასტრის მდებარეობა, მთელი მცხეთა ხელისგულზე სჩანდა აქედან.

მონასტრის გარშემო კვიპაროსები იდგნენ. შეღამებისას გიშრის შანდლებივით შეეჯიბრებოდნენ ისინი ვარსკვლავებით მოოჭვილ ცას.

შორს იყო აქედან სასახლის ჭორები. ერისთავთა ცოლების სისინი, კავკასიონის მწვერვალები მოსჩანდნენ, მთლად მშვენიერი, საფირონის გოლიათები.

დილას და საღამოს ისეთი სპეტაკი ღრუბლები დაეფინებოდნენ ირგვლივ მოჯარულ მთებს, როგორც ბავშვების უცოდველი სიზმრები.

ეს დაკრიალებული სენაკებიც მოეწონა შუშანიკს. დიდად მორწმუნე არ იყო ფხოვში გაზრდილი ქალი, მაგრამ სიამოვნებით ისმენდა სძლისპირებს, თავათაც გალობდა მწუხრისას.

სხვა დებთან ერთად ამზადებდა საჭმელს, სენაკებს ჰგვიდა, ჭურჭლებს რეცხავდა, ძონძებს კერავდა, ნუშის გულივით თეთრი ხელებით ხეხავდა ქვაბებს.

ერთხელ მივიდა მასთან ჭაღარა მონაზონი, დაჲ ეფემია, ხელიდან წაჰგლიჯა სპილენძის ქვაბი, ცოდვააო ეგ ხელები ამ ქვაბების სახეხად.

არ დაანება შუშანიკმა მოხუცებულ მონაზონს, უმცროსი უნდა ემსახუროსო უფროსს.

რა გახდა, ქალო, შენი უმცროსობა, შენც ჭაღარა ხარ და მეცა, ორივე მხცოვანები ვართო მე და შენ!

ეს უთხრა ეფემიამ, მოეხვია შუშანიკს, გადაჰკოცნა მისი მშვენიერი, ცვილის ფერი ლოყები, ცვილისფერი კი არა, ძველთუძველესი სპილოს ძვლის ფერისა.

დაჰკოცნა მისი ნაადრევი ჭაღარა, ბალღივით მიიხუტა მკერდზე.

ნაყვავილევი იყო ეფემია, სახით მახინჯი, მაგრამ სპეტაკი სულითა და ჭირთამთმენი მრავალთა.

ბედს მოეძულებინა სიყრმიდანვე იგი. კლარჯეთში უყიდნია ვიღაც დიდ ვაჭარს დიაცი, უფლისციხის მონათა ბაზარზე მიუყიდნია ერთი ირანელისათვის.

ირანში ქართველ მეღვინეს შეუძენია ეფემია, ბოლოს მცხეთაში ჩამოსულა მხევლის პატრონი, ულოცნია, მეორე დღეს მომკვდარა კიდევაც.

ეფემიას ცხოვრებაც მოთავებული აღმოჩნდა ამ ხეტიალში, ბაგინეთის სადედო მონასტერს შეჰკედლებია.

დედის გულარძნილობით დამწუხრებული, შვილივით მოეკიდა ეფემიას შორენა, ღამით მიიწვენდა მრავალტანჯული დიაცი, ეფერებოდა ბნელში მის მშვენიერ თავს, ჩუმად სტიროდა შუშანიკ ბალღივით...

კვიცივით უკან დასდევდა "დედა ეფემიას", ხანაც განმარტოვდებოდა მონასტრის გვერდით, კვიპაროსის ქვეშ, გადასცქეროდა ძირს გადაშლილ მცხეთას.

ამას ნატრობდა მხოლოდ: თავის საყვარელ უტას ჯანმრთელობის ამბავი გაეგო როგორმე.

ეს იყო ოღონდ, აქაც არ ანებებდნენ მარტო ყოფნას შუშანიკს.

მისი სილამაზის, მისი უდროო ჭაღარის გამო ლაპარაკობდა დიდი და მცირე.

თავათ არავის უმხელდა თავის ვინაობას, მაინც დაიწყეს დიაცებმა ჭორები, ათასნაირი ზღაპრები შესთხზა მოცლილი ქალების უქმმა ფანტაზიამ.

მდაბიორის ქალი ყოფილაო შუშანიკ. გუთნისდედა ყვარებია ერთი, მოხუც ერისთავს მიათხოვესო ძალით.

აყირავებულ სახნისზე წამოგებულა გუთნისდედა იგი, გამოქცევიაო ბებერ ერისთავს შუშანიკ.

აწუხებდნენ მოკრძალებულ მონაზონს გამუდმებული გამოკითხვით დები, და როგორც მახინჯ ქალებს ეს სჩვევიათ ხოლმე, უკან დასდევდნენ, უჭვრეტდნენ, როცა მარტოკა მოახელებდნენ. მკერდზე მიიკრავდნენ და ჰკოცნიდნენ.

უფრო მეტად დაამშვენა მისი სახე ჯვალოს სამოსმა, სძლისპირების გალობის დროს ყინცვისის ანგელოსს მიაგავდა იგი მჭმუნვარეს.

ერთხელ საღამოს ლოცვის შემდეგ, კვიპაროსის ქვეშ ისხდნენ ეფემია და შუშანიკ.

მოშორებით ალვის ხე იდგა ქარაფის კიდეს, კბოდეს გადაღმა თვალშეუდგამი უფსკრული იყო.

მდუმარედ შესცქეროდნენ ჩამავალი მზის სხივთა თამაშს სვეტიცხოვლის გუმბათზე.

ოქროს ფურცლებით იყო გადახურული ტაძრის ზეთავი მაშინ, და ეს სანახაობა დიახაც ახარებდა თვალს.

ვიღაც ენაჭარტალა მონაზონი უკითხავად მიეკედლა ამ ორთა.

მათ ფერხთით დაცუცქდა, სვეტიცხოველს გადახედა. ამოიოხრა და ეუბნება უფროს მონაზონს:

"იცი, დედაო ეფემია, რა მომხდარა გუშინ მცხეთაში? "

ეფემიას ყოველივე კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი ამ ცხოვრებასთან, გულგრილად ეუბნება ცნობისმოყვარეს:

რა მომხდარაო, დაო?

"ამ ტაძრის ხუროთმოძღვარს, ვიღაც ლაზს, შეჰყვარებია ერისთავის ასული, ძალუმად ლამაზი ყოფილა მაგ დიაცი. ქა. მეფე გიორგის ნდომია იგი საცოლედ, ხუროთმოძღვრის სიყვარული არჩია თურმე მაგ სულელმა დედოფლობასა.

ეს მეფეს გაუგია, მერმე წაუსწრეს თურმე შეყვარებულებს, ქა, დიაცი გაქცეულა, მაგრამ საწმერთული დარჩენია ხუროთმოძღვრის სასთაულს ქვეშ. განრისხებულა მეფე გიორგი, ქა, მკლავი მოუჭრიათ იმ ლაზისათვის ბოლოს" .

შორენას მიწისფერმა გადაჰკრა ამის გამგონეს, სავსებით ჩაეფერფლა თვალები.

მოაგონდა: მართლაც რომ დაიკარგა საწმერთული ხოხბისყელისფერი, ამ ორი კვირის წინად. მცირე ხანს გატვრინული იჯდა, მერმე წამოდგა, მთვარეულივით წაბარბაცდა ქარაფისაკენ, ალვის ხემდის რა მიაწია, ეფემიამ მიაძახა:

სად მიხვალო, შუშანიკ!

ახლავე მოვალო, დედაო ეფემია.

ესა სთქვა, პირჯვარი გადაიწერა, გარღვეულივით დაბარბაცდა და გადაეშვა ქარაფიდან შორენა.

ჯერ ისე მხრებგაშლილი წავიდა ძირს, როგორც გაფრენილ ანგელოსებს ჰხატავდნენ ხოლმე ფრესკის ოსტატები. მერმე, დიდ მანძილზე სრბოლისას ორგზის გადატრიალდა ჰაერში და როცა კლდის ქიმზე დაეცა თავქვე, მიწამდის არ დაჰყოლია სული.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.