– LIV –
დიდი დროშა კარის ალაგთან იდგა.
მეფესთან სადილად აწვიეს იმავე დღეს ერისთავები დედაწულიანად, ბიზანტიელნი, პატრიციები, მიტროპოლიტები და ეპისკოპოზები.
მელქისედეკ კათალიკოსი, ზვიად სპასალარი, მთავარეპისკოპოზი რაჟდენი, ჭყონდიდელი, ანჩელი, მაწყვერელი და მტბევარი თავთავის ალაგას იდგნენ, ხოლო მხარმარცხნით - ბიზანტიელი დიდებულები; კატეპანი ნიკიფორე კასავილა, პატრიციუს ქრისტეფორე დელფოს, სევასტოს თეოდორე ლამპროს (სამივენი ვერცხლის ფორიანნი, უხმლოდ), ამორელი მიტროპოლიტი კამახა, სმირნელი იოანე, როდესელი არქიელი ეპიფანეს, ტრაპეზუნდელი რომანოზ და თორმეტი უდაბნოთანი ქართველნი.
მეფემ უბრძანა მანდატურთწინამდგომს და მან არგანი დააგდო.
ამირეჯიბმა აიღო იგი.
მანდატურთწინამდგომი მთავარი ტახტის წინაშე მიდგა.
პური მოიღეთო.
ბრძანა მეფემ.
პურის წინაობა იურვა მანდატურთწინამდგომმა.
კათალიკოსი, სპასალარი, განმგეთუხუცესი, დიდებულები და სტუმრები ზეწამოდგნენ.
მეფე გიორგიმ კათალიკოსი აწვია პირველად.
სუფრა აკურთხა მელქისედეკმა, ილოცა, პირველად მანვე გასტეხა პური.
ტაბაკი მანდატურთწინამდგომმა და ამირეჯიბმა დასდგეს. მოიტანეს სამეფოის ტაბლანი ოქროისა და ვერცხლისანი, მოიღეს სამწდეურნი ბაგრატეულნი, ოქროსანი სრულად.
ოქროს ტაბაკზე მარგალიტით მოოჭვილი კოვზი იყო, ვერცხლისტარიანი, ერთი.
ახლა მოლარეთუხუცესი წამოდგა, მანდატურთუხუცესი თავის ადგილზე დაჯდა.
კათალიკოსს, ჭყონდიდელს, ქართველ და ბიზანტიელ დიდებულებსა და ეპისკოპოზებს ამირეჯიბმა დაუდგა ტაბაკი.
განმგეთუხუცესმა სამ-სამი ჯამი მოართვა თითოთა.
საწოლის უხუცესი მწიგნობართუხუცესის გვერდით მოთავსდა, მათ მიჰყვნენ ხელოსანნი და ხელისუფალნი, ბოლოს მერემეთუხუცესი, ფარეშთუხუცესი და მეჯინიბეთუხუცესი.
ლოყებღაჟღაჟა, გრძელულვაშიანი, ნიკაპგამოპუტული ჭაშნაგირი იდგა.
მოჰქონდათ შეჭამადი მრავალნაირი, ხელისგულზე ისხამდა, თავათ სინჯავდა ყველაფერს. მოიღებდნენ ღვინოს მრავალგვარს, პირველად მოსვამდა ჭაშნიკს.
კატეპანს, ნიკიფორე კასავილას მოვლილი ჰქონდა მთელი მსოფლიო, ხატაეთიდან ირლანდამდის.
მაინც გაოცებული შესცქეროდა ოქროისა და ვერცხლის ჭაღებს, დიდი დარბაზის კუთხეებში დადგმულს, ბაგრატეულ სამწდეურებს, ოქროს ლანგარებს, აზარფეშებს და ფიალებს, ხატაურ და ირანულ ჭურჭელს.
უთვალთვალებდა უცნაურ ცერემონიებს საქართველოს მეფის ბრწყინვალე სასახლისას.
საქართველო მას წარმოდგენილი ჰქონდა როგორც ნახევრად წარმართული სამეფო.
სარკინოზთა ხალიფების კარზე ელჩად ნამყოფს უკვირდა: მუსლიმების დარად ხელით როდი ჭამდნენ, არც ყაყანებდნენ პურობის დროს, პირიქით, სავსებით მდუმარედ შეექცეოდა დიდი და მცირე სადილს.
ბიზანტიელი ეპისკოპოსები მეფის სუფრაზედაც განაგრძობდნენ კამათს აღდგომის კალენდარის გამო. (იმჟამინდელ ბიზანტიაში დიდი პოლემიკა ჰქონდათ ღვთის მეტყველებს, როგორ მოეწყოთ წელთაღრიცხვა ისე, ქრისტეანული აღდგომა ებრაელების პასექს არ დამთხვეოდა).
მთავარეპისკოპოზი რაჟდენი ვნებიანი პოლემისტი იყო, ახლაც გულით ეწადა ამ კამათში ჩარეულიყო, მაგრამ იცოდა: გიორგის არ უყვარდა, როცა ქართველნი ბიზანტიური საქმეების გამო გამართავდნენ კამათს, ამიტომაც ახლად მორთმეულ ორაგულებზე ამოიყარა ჟინი.
"ვიგრი" დაარქვა ღორმუცელობის გამო გიორგიმ მას, მართლაც წააგავდა იგი კროკოდილს, გრძელზე უგრძესი ცხვირითა, ფართოდ გაჭრილი პირითა და ფორეჯიანი, ხორკლიანი სახითა.
ცნობისმოყვარე კატეპანმა დაითვალა ასზე მეტი სხვადასხვაგვარი შეჭამადი სუფრაზე მოტანილი.
როგორც თავათ კასავილა, ისე დანარჩენი ბიზანტიელი სტუმრები მხოლოდ დატკბილულ საჭმელებს ეძალებოდნენ, არ იკარებდნენ პილპილიანს, ძმრიანსა და ნივრიანს, კოლხურ საჭმელებს.
ჩაკურატებული ბიზანტიელი არქიელები სასტიკად გაეჯიბრნენ ლოყებღაჟღაჟა ქართველ ეპისკოპოზებს, მუსრს ავლებდნენ არაგვის ორაგულებს, მტკვრის მურწასა და კარაქისფერ ციმორს, გუნებაში სწყევლიდნენ მზარეულთუხუცესს, შესანიშნავი ზუთხი და ზურგიელი პილპილითა და ნივრით რომ "წაეწყმიდა" .
მათაც ვიგრივით შეუტიეს ახალ ქვირითს, მაინც ვერა ძღებოდნენ, შამფურზე შემწვარ გოჭებისა და შებრაწულ ინდოურებისაკენ იჭვრიტებოდნენ ვნებიანი თვალებით.
სმირნელი მიტროპოლიტი იოანე ახლად დაბრუნებული იყო ანტიოქიიდან, სადაც იგი თორ-აბჯარში გადაცმული ებრძოდა სარკინოზებს ხმლით, ახლა მან ისე შეუტია არაგვის ორაგულებს, თვით ღორმუცელა ,, ვიგრი", იგივე რაჟდენი, ანჩელი და მტბევარი დაგვიჩაგრა ქართველებს.
ორგზის ფხა გაეჩხირა ყრონტში, ორი ქართველი ეპისკოპოზი უჯდა მას გვერდით, არც ერთმა იცოდა ბერძნული, მაგრამ წამოეშველა ფარსმანი, რომელიც თარჯიმანად იყო წვეული იმ დღეს, ხმელი ლავაში მიაწოდა დროზე.
გიორგიმ ბერძნულიც იცოდა და არაბულიცა, მაგრამ არასდროს კრინტი არ დაუძრავს უცხო ენაზე სასახლეში.
თავათ მეფე უხალისოდ ჭამდა, ეს უგუნებობა შორენასაგან გადაედო. სავსებით გაფითრებული და მდუმარე იჯდა იგი "თევზისფერ ძროხასა და გურანდუხტს შორის, ერისთავების ჩაქვირითებულ მეუღლეთა წრეში, არამიწიერი სილამაზით გაბრწყინებული.
შორენას შინ წასვლა უნდოდა წირვის შემდეგ, თავი სტკიოდა, მარტოკა ტირილი ერჩია ჭამას, მაგრამ გურანდუხტი დაემუქრა, თუ დღეს არ სწვევიხარ მეფეს, თმით გათრევო შინ მისულს უთუოდ.
ბერძენი სტუმრების სიახლოვე და მათი ენაც ახელებდა მეფეს, განსაკუთრებით კასავილას წრესგადასული ცნობისწადილი აბრაზებდა მას.
კატეპანი კასავილა ისე ლუკმას არ ჩაიდებდა პირში, ფარსმანისათვის არ ეკითხა: ამ საჭმელს როგორ აკეთებენო?
კიბოები ყვარებია სენატორს, როცა კოლხურად შემზადებული კიბოები მიართვეს, ასე იფიქრა: ამას მაინც არ ექნებაო პილპილი, შესჭამა თუ არა, ათუხთუხდა პირდამწვარი, მოურიდებლად გადმონერწყვა მარცხენა ხელისგულზე, შემდგომ ამისა ეკითხება ფარსმანს:
რომელ მდინარეში იჭერენო ამ პილპილიან კიბოებს?
ეს კიბოები კოლხეთის წყლებში მოაშენაო მეფე გიორგიმ, რათა ნამეტნავად ცნობისმოყვარე სტუმრებს ენა წასწვასო როგორმე.
ასე მიუგო ფარსმანმა.
ბევრი იცინა კასავილამ, როცა მისგანვე გაიგო, რომ ეს კიბოები "პილპილიანად როდი იბადებიან" თურმე, არამედ ხობოკვერას გამოაცლიან შიგნეულს, ბოლოდან გამოღებულ ხორცს გაურევენ ნიგოზს, პილპილსა და ნიორს, ისევე დატენიანო ხობოკვერას კიბოსას.
თავათ კასავილა იძულებული იყო ხელით ეჭამა, რადგან მარჯვენა ხელზე მხოლოდ ორი თითი ჰქონდა შერჩენილი.
ტრაბახობდა კიდევაც: შარშან რომის პაპთან ვიყავი წვეული, ბენედიქტ VIIΙ-ს ტრაპეზზედაც ხელით ვჭამდიო.
არსებითად ასე იყო საქმე :
როტა ცეტინიუმთან დამარცხებულ ბულგარებს თვალები დასწვა ბასილი კეისარმან, სწორედ ნიკიფორე კასავილა ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას.
ერთმა ბულგარელმა ითხოვა: საიდუმლოს გავთქვამო დიდს, თუ სენატორ კასავილასათვის მათქმევინებთო იდუმალ.
როცა მოუყვანეს მოხალისე ”მსტოვარი" კასავილას, ბულგარელი ეცა მას ყელში, მარჯვენა მოუქნია სენატორმა, გაცოფებული ტყვე მისწვდა და სამი თითი წასჭამა ბიზანტიელ დიდებულს.
სწორედ ამ ,,გმირობისათვის" მიიღო კატეპანის ხარისხი კასავილამ, ჩუმ-ჩუმად სხვას ტრაბახობდა იგი:
ცეტინიუმთან მე დავამარცხე ბულგარელები, თხუთმეტ ათასს დავუბნელეო თვალები.