– XVIII –
სულ სხვა გზით წამოვიდა გიორგის ლაშქარი. მეფემ ლარგვისის ციხეში გაათია ღამე და ქორსატეველას მიადგა დილით. მამამზე და ტოხაისძე დიდის ამალით შემოეგებნენ მას.
მამამზე «მამაშვილურად» გადაეხვია გიორგის, მარჯვენა მხარზე აკოცა ჩვეულიბისამებრ.
ბევრი ევედრა მეფეს ბორდოხან, დილამდის დარჩითო ჩვენსას. მეფე დაჰპირდა ფხოვიდან მობრუნებულნი უეჭველად გამოგივლითო.
«ქალს ათხოვებო, ბორდოხან ბატონო, ასე გადმომცეს ქორწილია მოსალოდნელი».
ბორდოხანს სახე აელეწა, შედრკა. ხელაღებით უპასუხა:
«რა დროს გათხოვებაა ბალღისა, ჯერ მხოლოდ თორმეტი წლისაა, მეფევ ბატონო, კატაი».
ისაუზმეს თუ არა, დაიძრა ლაშქარი.
მეფის მოლოდინისაგან დამფრთხალი ხალხი მიუვალ მთებში გახიზნულიყო, დაცარიელებული სოფლები უპატრონო ძაღლების, მოხუცებისა და ავადმყოფების ამარა მიეგდოთ.
სამრეკლოზე ჯერ კიდევ ეკიდნენ თავჩაქინდრული ხევისბერები თოკით. ეკლესიები გამოეკეტნათ, რადგან ბერები და ხუცები დაეხოცნათ, ან თავათ ისინი გაქცეულიყვნენ მცხეთას.
ხევის ყელებთან დახოცილი გზირები ეყარა; სვავები ჰკორტნიდნენ ნადირის მიერ დაძიძგნილ ცხედრებს.
ზვიადის მიერ გამოგზავნილი მალემსრბოლი გოიმზვარესთან წამოეწია გიორგის.
კოლონკელიძემ მძევლები მოიღოო, დიდოთა და ღილღვთა ბრბოები ფხოვის მთებს გადაღმა გადავრეკეთ, კახას ჯარი თორღვაის ციხეს შემოეწყოო, ცხრაკარში ველოდებით ბრძანებას მეფისას, იწერებოდა ზვიადი.
გიორგიმ ეს დააბარა მალემსრბოლს უშიშარაისძეს:
როცა მე შემოგითვლი: პანკისს წადი-მეთქი, ეს ნიშანი იქნება, მე კვეტარის ციხეში დაგიხვდები, მყისვე ლაშქრიანად მოდიო, - გოიმზვარეს გასცილდნენ თუ არა, დაწინაურდა ჯვარისმტვირთველი. თორმეტი თორიანი რაინდი სეფე-დროშას ახლდა, მოშორებით მეფე მოდიოდა, სამასი შუბოსანი თან მოსდევდა. ათასზე მეტი მონასპა უკან მოჰყვებოდა მეფის ამალას, მაგრამ ეს ლაშქარი ჯერაც არ იყო შემოსული გოიმზვარეში.
დაღმართში მიმავალი ურმის გზა ხევის უბეში იკარგებოდა, წაბლის ტყეები დაიწყო უსიერი, მელიები გადარბოდნენ გზაზე.
მეფემ თვალი მოჰკრა, ხევის უბიდან თორიანი მხედრები გამოვიდნენ და გაუსწორდნენ თუ არა ჯვარისმტვირთელსა და მედროშეს, მყისვე დაქვეითდნენ, რაინდთა წესისამებრ, პატივითა ხილვამოუწყვეს მეწინავეთ, ეამბორნენ და ისევ შესხდნენ ცხენებზე და გიორგის ამალისაკენ გამოემართნენ.
გიორგიმ კოლონკილიძე იცნო, გზა წვრილი იყო და არ სჩანდა, თუ რამდენი სპა ახლდა ერისთავს.
ისრის მისაწვდენზე კვლავ დაქვეითდა კოლონკელიძე და მისი ამალა, ახლა უფრო მოკრძალებულად გაუმართეს პატივითა ხილვა მეფესა და მის ამალას.
როცა თავმოდრეკილი კოლონკელიძე ეახლა მეფეს და ხელზე ეამბორა, მან ნაძალადევად გაუღიმა ცბიერ ერისთავს.
კოლონკელიძეს გული მოეცა, როცა გიორგის გვერდით მომავალი მამამზე დაინახა, ხოლო მისუკან სახლთუხუცესი - ტოხაისძე.
მეფის ამალას თვალი შეავლო კოლონკელიძემ, ინანა: დიდი ლაშქრით რად არ შევეგებეო გიორგის. ასე ეგონა მარტოოდენ სამასი მონასპა ახლდა მეფეს.
ეს წაბლის ტყე ჩინებული იქნებოდა ჩასასაფრებლად.
გზა შეღმართებს მიჰყვა, ამასობაში უკან მომავალი ლაშქრის მეწინავენი წამოეწიენ მეფის ამალას, კოლონკელიძეს გუნება გაუფუჭდა. აღარ იცოდა, ბოლოს რადმენი ათასი ცხენოსანი თან ახლდა გიორგის.
მეფის საუბრის კილო სამშვიდობოს იძლეოდა ნიშანს. მშვიდი იყო ბუნებით გიორგი, ენამზეობას მოკლებული, მაგრამ ამაოდ მოუბარი და სახით სათნო.
წყნარი და მზიანი საღამო იყო, ცხენების ერთობლივი ფრუტუნი, ხევის წყლის ამო ჩხრიალი, ცას მიწვდენილი მთების სილურჯე, შაბიამანის ფერი მაღალი ცა, - ეს ყოველივე მშვენიერ გუნებას უქმნიდა მეფეს და მის ამალას. გიორგი მეფე, კოლონკელიძე და მამამზე თავთავიანთი მხლებლებით ისე ტკბილად მოსაუბრობდნენ, თითქოს ყველას დავიწყნოდა, საომრად რომ უნდა შეხვედროდნენ ამ ხეობაში ურთიერთს.
კოლონკელიძეც ამოდ შესაყრელი კაცი იყო, - ტანმორჩილი, ტანხმელი, მაგრამ მშვენიერი ვაჟკაცი; წვერი გაჟღალებოდა ოდნავ, მაგრამ ჭაბუკური იერი გადაჰკრავდა სახეზე, თაფლისფერ თვალებიდან სიჭაბუკის ცეცხლი გამოკრთოდა.
მეფემ ორ-სამჯერ ესროლა მზერა გვერდით მომავალს, გაახსენდა ის საღამო მცხეთობას, როცა კოლონკელიძე ცხენოსნობაში ეპაექრებოდა შორენას. და-ძმას უფრო წააგავდნენ იმ ჯირითში ისინი, ვიდრე ხუმრობით გაჯიბრებულ მამა-შვილს.
წაბლები სცვიოდნენ გზაზე გადმოსულ შტოებიდან, სადღაც ხევში ხარირემი ყვიროდა. კვერნები დაშლიგინებდნენ ცადაწვდენილ სოჭის ხეებზე.
მეფემ განზრახ აუჩქარა ცხენს, კოლონკელიძე აიყოლია და როცა მცირე მანძილზე დაშორდნენ ამალას, კოლონკელიძემ ფრთხილად წამოიწყო «სამწუხარო გაუგებრობის» ამბავი. ეს ყველაფერი «დიდოთა და ღილღვთა ბრბოებს» გადააბრალა უტიფრად და როცა ამას ამბობდა, თაფლისფერ თვალებს არ აშორებდა გიორგის.
დიდის მადლობით ახსენებდა სპასალარს, ფხოვის მთებს გადაღმა გადარეკაო «ის მურტალნი» ზვიადმა, თანაც შესჩივლა შეფარვით მეფეს, მძევლები შევაძლიე, აბჯრის ალაფა აიღო, ხევისბერები მაინც მოაშთოო, მორჩილების ნიშნად საბელგამობმულნი ყელზე.
მეფემ ცხენი შეაყენა, მალემსრბოლი იხმო, ზვიადთან წასვლა უბრძანა. დააბარა: ხევისბერებს არ ახლოო ამიერიდან ხელი. შეუთვალა: ცხრაკარი დააგდეო მყისვე და ზეგ დილამდის მიცადეო პანკისში.
პანკისის ხსენებამ იმედი განუმტკიცა ერისთავს, ალბათ პანკისიდან აპირებსო გიორგი ჰერეთის ქორ-ეპისკოპოზის დალაშქვრას.
გარდა ამისა, კიდევ ერთი რამ აძლევდა კოლონკელიძეს ნუგეშს: ერისთავს გუმანი ჰქონდა: მეფე შეფარვით ეტრფოდა შორენას.
ისიც იცოდა: დედოფალთან უთანხმოება რომ ჰქონდა უწესო დედათა მოყვარულს.
გაახსენდა გურანდუხტის ნათქვამი: შიმუნვარებს უნახავთ, შორენას უჭვრეტდაო თურმე იდუმალ ჭიაბერის ორმოცზე მეფე.
ტოხაისძის ნაამბობიც ემთხვეოდა ამას ყოველივეს, გიორგიმ ჯვარი მოაწამვლინა ფარსმანს, ჭიაბერი იმადაც მოაკვლევინა, რათა დედოფალს გაეყაროს და შორენა შეირთოსო ცოლად.
ამ წუთში დაბეჯითებით ირწმუნა კოლონკელიძემ: შესაძლოა შორენას შესართავად მოსულიყოსო მეფე.
თალაგვას ახლა აღარ მოსწონდა უკვე მამამზე ერისთავისა და ტოხაისძის ჩამოსვლა.
თუ გიორგი მართლაც გაეყრებოდა ცოლს და შორენას შეირთავდა, კოლონკელიძე მზად იყო ჰერეთლის ქორ-ეპისკოპოზთან ომში დახმარებოდა მას. მეფესთან დამოყვრება ახალ ასპარეზს აღუთქვამდა თავმოთნე ერისთავს.
ეს ყოველივე ურთიერთს დაერთო, ამიტომაც გულმხიარული წარუძღვა იგი საომრად მოვლენილ სტუმრებს.
კოლონკელიძემ შიკრიკი აფრინა კვეტარის ციხეში, მეფისა და მისი ამალის მისაღებად მოემზადენითო, დააბარა სახლთუხუცესთან.
ციხისთავი, შვიდი ხევისთავი და ცამეტი ხევისბერი ჩამოეგებნენ სტუმრებს, ერისთავის მეუღლე გურდანუხტი, შორენა შიმუნვარებითურთ ციხის კარებთან დაუხვდნენ მეფეს.
ორას ორმოცდაათი ხარი დაჰკლეს იმ საღამოს. შვიდი ირემი და სამასზე მეტი ცხვარი.
პურობის დაწყებამდის მეფე და ერისთავი განმარტოვდნენ, მცირე ხანს ისაუბრეს, შემდგომ ამისა, ხუთი ტაოელი აზნაური ციხისთავი და სამი ხევისთავი დაისწრეს თათბირზე.
დასთქვეს: მეორე დღესვე წასულიყვნენ პანკისს მეფე და ერისთავი, იქიდან შეეტიათ ჰერეთის ციხეებისათვის.
მეფემ ლალისთვლიანი ბეჭედი წამოაცვა ერისთავს ცერზე, ერთი საყურე, ერთი რაინდული სარტყელი ბიზანტიური, ერთი ხელი აბჯარ-მუზარადი, სამი თოროსანი ცხენი, დროშა და შუბი მიუბოძა. ზავის პირობა მისცა, «სამარადჟამოდ და დაურღვეველი და კვეტარის საერისთავოს შეუვალობა სრული».
კოლონკელიძემ ციხის ეზოში გაიყვანა მეფე, აჩვენა ქალტა ირმებისა. ირმის მთელი ჯოგი ჰყოლოდა ციხეში.
გარემოცვის დროს ვკლავთო ხოლმე ამ ირმებს, როცა მშვიდობაა, ვაშენებთო.
ეუბნება გახარებული მასპინძელი სტუმარს.
მეფეს თვალები გაუბრწყინდა ამ მშვენიერი ცხოველების პირისპირ მდგარს. კისერი მოიღრიჯეს ხარებმა და ფურებმა, ატორტმანდა ქორბუდიან რქებისა ტევრი.
ნუკრები მორცხვად იმალებოდნენ მოთვინიერებულ ფურების ლაჯებში, მათ ჯერაც არ გასცლოდა დედის მუცლიდან დაყოლილი ველური დარცხვენილობა. მხოლოდ ერთი, უმშვენიერესი ნუკრი, მთლად ლომისფერი და ამაყად ყელმოღერილი იდგა განაპირას, ჯახველის ქვეშ. როცა გიორგი მიეახლა, იგი ადგილიდან არ დაძრულა, თავისი მშვენიერი გიშრისფერი თვალებით შესცქეროდა ახალმოსულს.
გიორგიმ ხელი გაუშვირა: თფუჩიო, - უთხრა.
ნუკრი უფრო ახლოს მოვიდა, ჯერ დახედა გაწვდილ ხელს, შემდეგ თავისი უფრო ახლოს ხორკლიანი ენით გალოკა იგი.
«აი ეს შორენას საყვარელი ნუკრია ნებიერა, ობოლია, ამტომაც შეივრდომა იგი და თავათ გაზარდა შორენამ».
სთქვა კოლონკელიძემ.
ახლა ყველაზე უფრო დიდსა და მშვენიერ ფურს დაუწყო მზერა გიორგიმ.
«სამოცდაათი მეწველი მყავს ასეთი, თორმეტ წყვილს ხვალვე გაახლებთ მცხეთაში».
ეუბნება ერისთავი მეფეს.
თავის სიცოცხლეში არაფერი ისე არ შეჰხარბებია გიორგის სხვისი, როგორც ეს ირმის ჯოგი, ეს ირმის ჯოგი და შორენა...
«შორენა აწი ვეღარ გახდება « სხვისი», რადგან ჭიაბერი აღარაა ამქვეყნად, ხოლო ირმის ჯოგი?.. ირმის ჯოგი... ვნახოთ რა მოხდება ამაღამ»...
ეს გაიფიქრა მეფე გიორგიმ და ჯიქურ შეხედა კოლონკელიძის თაფლისფერ თვალებს. ამ წუთში ვერავითარი მზაკვრობა ვერ დაიჭირა ამ თვალებში. ეტყობოდა, იგი მართლა აპირებდა თორმეტი წყვილის გაგზავნას მცხეთაში.
პურობა დაიწყო. მემაშხალეთ ალყა და ქონი შემოზიდეს და მაშხალები აანთეს.
აწრიალდა მეფე გიორგი. გულით ეწადა: პურობის დაწყებამდის მოესწრო ზვიადს.
უეცრად ძრწოლამ აიტანა, ვაჲთუ, მალემსრბოლი უშიშარაისძე გზაში შეეპყრო რომელიმე ხევისთავს. უშიშარაისძე დაცდილი ჰყავდა ომებში გიორგის, ფეხებით რომ დაეკიდნათ, იგი არ გასთქვამდა საიდუმლოს, მაგრამ ეს იყო, მთელი გეგმები აერეოდათ ზვიადსა და გიორგის.
თუ უშიშიარაისძე ცხრაკარამდის ვერ მიაწევდა, ზვიადი პირდაპირ გაიგებდა ქარაგმულად შეთვლილს, ლაშქრიანად აიყრებოდა ალბათ და მართლაც წავიდოდა პანკისს».
თუ უშიშარაისძე მშვიდობით ჩასულია ცხრაკარში, მაშ რად იგვიანებდა ზვიადი ამდენს ხანს?
არც პანკისი იყო შორს, მაგრამ გიორგიმ დანამდვილებით არ იცოდა, რას მოუწყობდა მეფესა და ამალას მელაძუა ერისთავი, ხომ შესაძლო იყო ღვინო მოეწამლათ, ან ირმის ხორცში გაერიათ მცირედი შხამი?
უმთავრესი მაინც ეს იყო, მეფე გიორგის არ უნდოდა პურ-მარილის მიღება.
პურობა გათავდა თუ არა, ნადიმი დაიწყო მყისვე, როცა მეფის სადღერგრძელო შეისვა, შორენამ თავათ მიართვა სამადლობელი ჯიხვი გიორგის.
ამ საღამოს ადრინდელზე მეტად მოეწონა მეფეს ერისთავის ასული.
დაქალებულიყო შორენა. ქალწულურ ტანკენარობას მისას სრულიადაც არ არღვევდა მოწიფულობის მაცნე სავსება ხორცისა, ოდნავი სიყვითლე მაინც შერჩენოდა ღაწვებზე; ძაძა მუქყვითელ სამოსს შეეცვალა ირანული აბრეშუმისას, რომელსაც მწყრისფერი იერი გადასდიოდა ზოგან.
სხეულის კიდურები დარგძელდებოდა, გულ-მკერდისა და თეძოების სისავსე ჰარმონიულად შერწყმულიყო ისეთ სიმრგვალეში, როგორიც მწყერს სჩვევია ხოლმე რთველის მიწურულში, ამ ძვალწვრილსა და ხორცმრავალ არსებას.
მეფე შეფარვით უმზერდა მის გვერდით მჯდარ შორენას და მამაკაცის ქორულმა მზერამ ეს შენიშნა: ისეთ მიჯნამდის მიწეულიყო მგლოვიარე სასძლო, როცა ქალობა სძლევს ხოლმე გლოვას და დიაცური სიკეკლუცე თავის მშვენების გამოსაჩენად მოირგებს სიმძიმილის ნიშნად სატარებ სამოსსაც.
კიდევ შეხედა შორენას, შეუძლებელი იყო რაიმე მზაკვრობა ხლებოდა ამ მშვენიერ, შეურყვნელ თვალებს. ეს იყო, მის მზერაში გიორგიმ დაიჭირა ის ველური დარცხვენილობა, რომელიც ირმის ნუკრების გამოხედვაში შენიშნა წეღან.
როცა ჯიხვი გამოართვა და ნუშისგულივით თეთრ ხელებს დაჰხედა, ასეთი ხელებით მორთმეული საწამლავიც საამური იქნებაო ალბათ, ეს გაიფიქრა და გამოსცალა ჯიხვი.
გაახსენდა ჭიაბერის მიერ ოვსთა მეფის მოწამვლა ქორსატეველას ციხეში.
გამოსცალა თუ არა, რაღაც უცნაურმა შიშმა შეიპყრო მეფე გიორგი, «უშიშო ვითარცა უხორცო» (როგორც მატიანე ახსენებს მას).
ერთ წუთში ისევე მოიცა გული, გაუხარდა ხელ-ფეხი რომ ესხა კვლავ და მოძრაობა შეეძლო, ახლა ხმის გაღება მოუნდა და ეუბნება შორენას:
«შენი ნუკრი მაჩვენა თალაგვამ, მშვენიერი ცხოველია ნებიერა».
შორენას იამა, მეფესაც რომ მოსწონებოდა მისი საყვარელი ნუკრი, გაუკვირდა: სახელიც რომ დახსომებოდა მისი. რაღაც უნდოდა ეპასუხნა, მაგრამ გამოსაღები ხმა სადღაც ხორხის არეში გაუწყდა და საკუთარ ხელებს დახედა მორცხვად.
დიდი ხანია რაც მისი ხმა არ გაეგონა მეფეს, ამიტომ ასეთი რამე უთხრა:
«თალაგვა მიამბობდა: ობოლიაო ნუკრი, დედამისი რა იქნა?»
«წრეულს მყვირალობის დროს გაგვექცა დედამისი. საერთოდ ფურები უკეთ იტანენ ტყვეობას, ვიდრე ხარები, განსაკუთრებით თუ ნუკრი ეყოლათ, მაგრამ ნებიერას დედა გამონაკლისი იყო.
იგი ერთმა დიდოელმა მოჰგვარა სამი წლის წინად მამას. ბევრი ვეცადეთ, არ იქნა მისი მოთვინიერება. ჩემი ხელით ვაჭმევდი, მარილს ვალოკინებდი, მუდამ ტყისკენ ეჭირა თვალი.
მყვირალობის დროს აუტანელია მათი ბღავილის მოსმენა. მე მთელი ღამე არა მძინავს მყვირალობის დროს.
ნებიერას დედა წრიალებდა განსაკუთრებით, დაიწყო თუ არა ამ წელს მყვირალობა, დღისით და ღამით ბღაოდა ბედშავი, საჭმელს პირს არ აკარებდა, ბოლოს წყლის სმაც აღიკვეთა, ჩვენ შეგვეშინდა, ვაჲთუ მოკვდესო დარდისაგან. მერმე ეს იყო, მონადირეებს უბრძანა მამამ, თოკით წაეყვანათ მთაში, მჟავე წყალი მოსვასო ეგების.
როგორც კი მთები დაინახა, შემზარავი ყვირილი ასტეხა თურმე, მჟავე წყალს დაეწაფა და მოიკლა თუ არა წყურვილი, ერთი გადაბღავლა მთებს, ყურები დასცქვიტა, და გადაეშვა ქარაფიდან»...
«მონადირეები?»
იკითხა გიორგიმ.
«ერთმა ხელის გაშვება მოასწრო ხოლო მეორე, დიდოელი არ მოეშვა, თან გადაჰყვა უფსკრულში».
«ასე ძნელია თავისუფლების დათმობა», ეუბნება გიორგი და ჯიქურად შესცქერის თვალებში ქალს.
თუ ნადირობო?
შეეკითხა გიორგი.
«როგორ არა?»
«რაზე?»
«ჯეირანზე , შველზე».
«ირემი თუ მოგიკლავს?»
«ირემი ჯერ არ მომიკლავს».
«მარტო დადიხარ მთებში?»
«არა, მამასთან, როცა მამას არა სცალია, არსაკიძესთან?».
«არსაკიძე ვინღაა?»
«ჩემი ძუძუმტეა». ღვინისაგან ლოყები შეეფაკლა გიორგის, ცხენით ნამგზავრი მიეძალა ირმის ცურს (ირმის ცურის მწვადი უყვარდა განსაკუთრებით მას).შორენა ისე ბრწყინავდა, გიორგი უდიდეს ბედნიერებას განიცდიდა მის სიახლოვეს. ამ წუთში მას ერჩივნა უბრალო აზნაური ყოფილიყო და არა მეფე. მალემსრბოლი უშიშარაისძე მართლაც შეეპყრო რომელიმე ხევისთავს და ზვიადი მართლაც წასულიყო ლაშქრითურთ პანკისს.
სწორედ ამ წუთში მეორედ წარგზავნილი მალემსრბოლი შემოიყვანეს, ჯიქურ წამოვიდა მეფისკენ.
გიორგის გაუხარდა. - ალბათ ნანატრ ამბავს მომახსენებსო მალემსრბოლი, უშიშარაისძეს ჩაუსწრებდა იგი:
თავმოდრეკილი მიეახლა მალემსრბოლი და მოახსენა: ზვიადი გეახლებათო ახლავე.
მეფე აიმღვრა, მაგრამ მღელვარება მყისვე დაიოკა.
კოლონკელიძე სუფრის ბოლოს იჯდა, ზვიადის ხსენებაზე უსიამო ჟრუნტელმა დაუარა.
გაოცდა თანაც: აკი პანკისს უნდა წასულიყო ზვიადი?
ეს გაიფიქრა ერისთავმა და ოცდაათი შუბოსანის თანხლებით შემოვიდა ზვიადი დარბაზში.
არც ეს ეპრიანა კოლონკელიძეს, ზვიადს დიახაც მართებდა ხმლიანად ხლება მეფისა, მაგრამ ჯერ არსად სმენოდა თალაგვას, საჭურველიანი რაინდები შემოსულიყვნენ იმ დარბაზში, სადაც მეფე იმყოფებოდა.
ამაზე უარესიც მოხდა ამ წუთში.
თოროსნები კარებთან შესდგნენ, ხოლო ზვიადი მეფეს როდი ეახლა, ჯიქურ წამოვიდა მასპინძლისაკენ, უსალმოდ თავზე დაადგა და მტკიცედ აუღელვებლად ამცნო:
აფხაზთა და ქართველთა მეფეთ მეფის გიორგის სახელით გიბრძანებ: ციხის კლიტენი ჩამაბარეო.
გიორგიმ თავი ჩაღუნა.
კოლონკელიძემ ერთი გახედა მის პირდაპირ მჯდარ მეფეს, გაშრა, გაფითრდა, ისევ გაწითლდა და წამოდგომა დააპირა, მაგრამ თავისი ბანჯგვლიანი მარჯვენა ისე მაგრად დაედო მის მხარზე ზვიადს, ადგილიდან ვერ დაიძრა კოლონკელიძე.
წამოცვივდნენ ფხოველი რაინდები, კარებს მისცვივდნენე ხევისთავები, მაგრამ ზვიადის მონასპათ გზა მოუჭრეს უიარაღოთ.
შორენამ შეცხადებულივით იკივლა, მიეჭრა უკვე ზეამდგარ მეფეს:
მე მაპატიეო მამა.
როცა მოღუშული, მდუმარე სახეზე თანაგრძნობის ნატამალიც ვერ ჰპოვა მუხლი მოეკეცა და გიორგის ფერხთით დაეცა ატირებული.
მეფე დასწვდა, ბალღივით აიყვანა იგი ხელში და ნატებით მორთულ ტახტზე დაასვენა გულშემოყრილი.
გამობრუნდა მეფე და დარბაზიდან აპირებდა გასვლას. ახლა გურანდუხტი მივარდა ღაწვებდახოკილი, მუხლზე მოეხვია მეფეს:
ნუ დამიქცევ ოჯახს, ამ ერთხელაც შეუნდე თალაგვას.
გვიმსახურეო მე და ჩემი უბედური თანამეცხედრე, ჩემი ერთად-ერთი შვილი.
სამოსის კალთებს უკუცნიდა, ეხვეოდა მუხლებზე.
მეფემ წამოაყენა ერისთავის მეუღლე, თავაზიანად შეაშვებინა სამოსის კალთისათვის ხელი, მშრალად, უგულოდ უთხრა:
ომში სპასალარია მბრძანებელი, მე არას მკითხავსო ზვიადი.
ზვიადის შუბოსნებმა შეჰკრეს კოლონკელიძე, მისი სახლთუხუცესი, სამი ხევისთავი და შვიდივე ხევისბერი.
ამასობაში ციხის ტალანებში, მთავარი ციხისა და გოდოლების ჩარდახებზე ხელჩართული ბრძოლა მიდიოდა.
ციხის ეზოში სცვიოდნენ მეომრების ცხედრები, ბღაოდა დამფრთხალი ირმის ჯოგი, ილეწებოდა კარები, პრიალებდნენ ფარები, კვნესოდნენ, ხვნეშოდნენ დაჭრილი მეომრები, ყვიროდნენ ჩარდახებიდან გადაყრილი მხედრები, ჭიხვინებდნენ ცხენები, ტალანებში დაშლიგინებდნენ მემაშხალენი და სწორედ მემაშხალეებზე გაიმართა ნამდვილი ნადირობა, ყველას ეს უნდოდა, როგორმე მაშხალა ჩაეგდო ხელში, მტერი და მოყვარე გაერჩიათ ურთიერთისაგან.
გათენებამდის გრძელდებოდა ასეთი უთავჟამო აურზაური, არავინ იცოდა ვის დარჩებოდა კვეტარის ციხე და მისი გოდოლები დილით!
ვიდრე მარიხი ჩაჰქრებოდა ცაზე, მემაშხალენი დახოცეს სრულიად, მაშხალები აღარსად იყო, ბნელში დარჩენილი მეომრები აიტუზნენ კედლებზე და შესწყდა ომი.
ინათლა თუ არა, ქოსსა ჰკრეს კვეტარის ციხეში:
საყვირები სცეს გარს მომდგარმა ჯარებმა. ციხეში მომწყვდეულმა სამასმა ტაოელმა ნაშუადღევს ძლივს აიღო პირველი საბრძოლ გოდოლი.
ციხისთავი შეიპყრეს და ჩარდახიდან გადმოაგდეს.
ზვიადის ლაშქარმა და მეფის სპათა ათასეულმა სამივე გოდოლი შელეწეს სამხრობამდის.
ნასამხრალზე ციხის ეზოში ოთხი მარგილი დაარჭვეს, ცეცხლი დაანთეს იქვე. სამმა მონასპამ დილეგიდან გამოიყვანეს ნაგვემი ერისთავი კოლონკელიძე და მარგილებზე ხელ-ფეხით მიაკრეს.
მერმე მოვიდა ტფილისელი ჯალათი საღირა, წვერგაბურძგვნილი, ცალთვალა კაცი, რომელსაც მარღია კამეჩს მიუგავდა ის ერთადერთი თვალი და სახე ნახანჯლარებით დაჩეხილი ჰქონდა სავსებით.
ამოიღო საღირამ ჯიბიდან ორი რგვალი ფირფიტა რკინისა, ადამიანის თვალზე უფრო ფართე ოდნავად, ორ შამფურზე წამოაცვა ორივენი, გაჩაღებულ ცეცხლში შესდო და აუღელვებლად უცდიდა მათ გახურებას. მერმე გამოიღო კვლავ და ასევე მშვიდად მიადო სათითაოდ ორივე თვალზე ხელფეხგაკოჭილ კოლონკელიძეს.
გასაოცარი მამაცობა გამოიჩინა კვეტარის ერისთავმა, მან ერთხელ დაახველა მხოლოდ.
შიშხინებდა დავსილი თვალები, სისხნარევი, გამურული სითხე წურწურით ჩამოსდიოდა სახეაღგზნებულ კოლონკელიძეს გაჟღალებულ წვერზე.
როცა ორივე თვალის სისველე ამოაშრო საღირამ, ხელი შეუშვა, გააცივა რკინის ფირფიტები, მზრუნველი ხელით შეჰხვია ორივენი მჩვრებში და ჯიბეში ჩაიდო ისევე.
ერთ წუთში საოცრად დაუსივდა და გამოეცვალა კოლონკელიძეს სახე. იგი უკვე აღარ ჰგავდა თაფლისფერთვალება ერისთავს კვეტარისას.
ზვიადმა ბრძანა და დააქციეს ოთხივე გოდოლის ზღუდენი. მეფემ ერთადერთი სათხოვარი შეუსრულა გურანდუხტს: მთავარი ციხე დაურღვეველი დასტოვეს, რათა თვალდაბნელებულ კოლონკელიძეს და მის თანამეცხედრეს იქ დაელიათ სიცოცხლის დღენი.
გადასწყდა: შორენა წამოეყვანათ ტყვედ, რათა არავინ ჩაესიძებინა კოლონკელიძეს და შურისგებას არ გამოდგომოდა. ათი შიმუნვარი გამოატანა შორენას დედამ და ვარდისახარ პირისფარეში მისი.
ხელები გაუკრეს კონსტანტინე არსაკიძეს, შორენას ძუძუმტეს, რომელიც პირველად მივიდა კვეტარის ციხეში მეფის სპათა შემოსვლის მაცნედ. სამასიოდე მონასპა წაიყვანეს ტყვედ.
ათი შიმუნვარი გამოაყოლეს შორენას, მთელი საგანძური კვეტარის ერისთავისა და ირმის ჯოგი. მხოლოდ ერთი მეწველი ირემი დაუტოვეს გურანდუხტს.
* * * * * * *
შავლეგ ტოხაისძეს იმედი გაუცრუვდა. მას აგრე ეგონა: კოლონკელიძე ჭკუას იხმარდა, ციხეში შეიტყუებდა მეფეს და ზვიადს, თვალებს დასთხრიდა ორივეს, შემდგომ ამისა საერთო ძალით გაჟლეტდნენ მეფის ლაშქარს.
ახლა თავათ ქენჯნიდა თავის თავს: რად არ მოვწამლეო მეფე ქორსატეველას ციხეში საუზმობის დროს?
მოწამლული ღვინო მზად ჰქონდა, მაგრამ გამბედაობამ უღალატა, რადგან ერჩია სხვისი ხელით მოგლეჯა ნარისა.
დიდ აღმართში მოსართავი გაუწყდა მამამზეს,ლაშქარს ჩამორჩნენ მამამზე და ტოხაისძე.
ვიდრე მეჯინიბე მოსართავს გამოცვლიდა, შავლეგმა იდროვა და უჩურჩულა: მეფე და ზვიადი მოვიწვიოთო ქორსატეველას ციხეში.
ჭენებით დაეწიენ ამალას.
ხელახლა მოიპატიჟა მამამზემ გიორგი, ეს ღამე ჩვენსას გაათენეო. ზვიადსაც იგივე სთხოვა.
სპასალარიც ფრიად მოქანცული იყო, თავდაპირველად იგი დაეთანხმა, მაგრამ ოჩანის ნაციხარს რა მიაღწიეს, გუნება შეეცვალათ მიპატიჟებულთ,მადლობა მოახსენეს და მოკლეებით გასწიეს უფლისციხისაკენ.
მცხეთაში მისვლისთანავე ირმის ჯოგი სასახლის ეზოში დააბინავეს, შორენა და მისი შიმუნვარები ჩაჰკეტეს ღართისკარის ციხეში, ხოლო კონსტანტინე არსაკიძეს ერთი საკანი მიუჩინეს მთავართა სანათლოის უბანში, ძველი ბაზილიკის ნანგრევებს გადაღმა, სადაც ფარსმან სპარსი ცხოვრობდა მაშინ.