– VIII –
დამრეცილი გზა სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა. მელქისედეკი თავს ძლივს იკავებდა ჯორზე. მოთავდებოდა ერთი აღმართი, ახლა მეორე დაიწყებოდა. ავიდოდნენ მწვერვალზე, მხარმარცხნით გაუხვევდნენ, ისევ ახალ აღმართს შეუდგებოდნენ, ისევ და ისევ.
ბოლოს გამოჩნდა ქორსატეველას ციხე-დარბაზი და საბრძოლო გოდოლები სწორედ იმ მწვერვალზე, სადაც ამდენ ხანს მხოლოდ ღრუბლებს ჰხედავდა კათალიკოსი.
ახლა კი ხანგრძლივად აღმასვლამ ისეთი უცნაური გულის ძგერა მოჰგვარა მელქისედეკს, იგი ვეღარც ღრუბლებს ჰხედავდა და ვეღარც ქორსატეველას ციხეს.
ცალ მხარეს სტეფანოზ ბერი მიჰყვებოდა ჯორით, ცალი მკლავი მამამზეს ეჭირა, გაფითრებული მელქისედეკ მიცვალებულივით იჯდა ჯორზე და ყოველ წუთში ელოდა ძირს ჩამოვარდნას.
უკვე ქორსატეველას პირველ გოდოლს მიადგნენ, მაგრამ მელქისედეკმა სავსებით დაჰკარგა ცნობიერება და ოთხმა ბერმა ხელით ჩამოიღეს იგი უნაგირიდან.
მამამზის მეუღლე ბორდოხანი ფანატიურად მორწმუნე იყო, იგი შორიდან თაყვანს სცემდა მელქისედეკ კათალიკოსს, როგორც «შესანიშნავ მწყემსს ქრისტეანობისას და ეკლესიათა დიდ აღმშენებელს».
პირველ გოდოლთან დაუხვდა იგი კათალიკოსს თავის შიმუნვარებითა და მოახლეებით. როცა სულთმობრძავი მღვდელმთავარი ჯორიდან ჩამოიღეს, მანდილოსნები მისცვივდნენ მას.
ზოგი ხელ-ფეხზე ეამბორა კათალიკოსს, ზოგიც ტანისამოსის კალთებს უკოცნიდა.
ორხოვით, ფარდაგებით და ნატებით მორთულ დარბაზში შეიყვანეს კათალიკოსი და ტახტზე დაასვენეს.
მამამზე ფრიად შეშფოთებული იყო, რადგან კარგად იცოდა, მეფე გიორგი უთუოდ ჭიაბერს შესწამებდა კათალიკოსის სიკვდილს და ეს უცილოდ გაამძაფრებდა ისედაც გამწვავებულ ურთიერთობას.
ბორდოხან, ერისთავის მეუღლე, ღაწვებს იხოკდა, მთელი სიცოცხლე იმის ნატვრაში იყო, მელქისედეკ კათალიკოსი თვალით ენახა ოდესმე.
სამგზის წავიდა მის სანახავად მცხეთას და სამგზისვე ხელი მოეცარა, მელქისედეკი ხან უფლისციხეს აღმოჩნდებოდა წასული, ხან არტანუჯის ეკლესიების ასაშენებლად და მოსაკაზმავად.
ახლა უჩვეულო ბედნიერებას ეღირსა ბორდოხან, მელქისედეკ კათალიკოსი ქორსატეველას ციხე-დარბაზს ეწვია, მაგრამ უკვე სულთმობრძავი და განწირული.
ცამეტი წლის კატაი გაოცებული შესცქეროდა ატირებულ დედას და ვერ გაეგო, თუ რად აწუხებდა მას ამ ჩონჩხადქცეული მოხუცის სიკვდილი?
ბორდოხან ძველი ქართველი მანდილოსნების დარად აქიმობაში განსწავლული იყო ფრიად. ერთი წუთი მოისაზრა, მებადური ბიჭები ჩააგზავნა არაგვში და ორაგულის ლიფსიტები დააჭერინა საჩქაროდ. დიდხანს უზილეს ცივი ტილოთი გულ-მკერდი კათალიკოსს ბორდოხანმა და მისმა უფროსმა დამ რუსუდანმა, გონს მოიყვანეს ძლივს.
მამამზემ თავათ შემოიტანა ლანგარზე დაწყობილი ცოცხალი ლიფსიტები.
ადგა ბორდოხან ერისთავი, საკუთარი ხელით დააცალა ლიფსიტებს ფრთები, ისე, როგორც კარაბადინში ჰქონდა ეს წამლობა ამოკითხული, და თორმეტი ლიფსიტა სათითაოდ გადააყლაპინა მელქისედეკს, სულ რამდენიმე წუთში კათალიკოსი გამომჯობინდა.
ბორდოხან ფერხთით დაუვარდა მელქისდეკს, რელიგიურ ექსტაზში შესული სტიროდა და ტანისამოსის კალთებს უკოცნიდა კათალიკოსს.
გულამრეზილმა ჭიაბერმა ვერ აიტანა ასეთი უსიამო სურათის მზერა. მამას უჩურჩულა: პურობის დაჩქარებისათვის ვიზრუნებო, და მყისვე გავიდა დარბაზიდან.
კათალიკოსი წამოდგა. მიიხედ-მოიხედა და ვერსად ნახა ხატები და ჯვრები გარშემო კედლებზე.
მოაგონდა მსტოვარი ბერების მოტანილი ცნობა, - ქორსატეველას ციხე-დარბაზი გაძარცვესო წარმართმა ფხოველებმა. ჯვრები და ხატები ხმლებისა და სატევრების შესამკობად გადაადნესო.
ჯვარის მტვირთველს ვაშკარანების გახსნა უბრძანა.
მამამზეს წამუყო და ჭიაბერი ახმობინა.
ჭიაბერი შემოვიდა და უჩურჩულა მამას: პურობისათვის მზად იყავითო. მცირეწლოვანი კატაი შემოუძღვა შიმუნვარებს, პირსახოცი მხარზე ეფინა.
თავმოდრეკილი მივიდა კატაი, ხელზე ეამბორა კათალიკოსს, შემდეგ თავათ აიღო სურა და ხელი დააბანინა ჯერ მელქისედეკს, შემდეგ ოთხივე ეპისკოპოზს.
ხელის ბანა რომ მოთავდა, ამინაშატის ხატი აიღო კათალიკოსმა, გადასცა მამამზეს, მის წინაშე მონურად ქედმოდრეკილს, და დასძინა: მეფემ გისახსოვრათო.
მამამზემ დაიჩოქა ბალღივით, ჯერ მუხლზე ემთხვია. შემდეგ ხელზე, მერმე ამინაშატის ხატს აკოცა და ფარისევლური სასოებით ჩაიკრა იგი მკერდში, ისევ გამოიღო და ხელახლა ემთხვია.
ახლა ჭიაბერი მოიხმო კათალიკოსმა, შორიახლო მდუმარედ მდგარი.
როცა ეს ოქროსკულულებიანი გოლიათი ეახლა, ჰაერში ჯვარი გადასახა სახეშეჭმუხვნილმა მელქისედეკმა, მერმე ძელისცხოველის ჯვარი ამოიღო ლუსკუმიდან, დააცქერდა მის ფერხთით დამუხლულის თავთუხისფერ კულულებს და მკაფიოდ სთქვა:
«მეფედ მეფემან გიორგიმ, აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა ბატონმა გიბრძანა, ერისთავთ-ერისთავო, ჭიაბერ»... - თანაც შთაგონებულად ზეასწია ხელი.
«მეფეთ მეფემან გიორგიმ გიბრძანა, - განიმეორა მტკიცედ და ხმა აუკანკალდა კათალიკოსს, - განაგდო ეშმაკეული, ქრისტეს შჯულად მოიქცე კვლავ და მოკრძალებით ემთხვიო ამ ძელიცხოველსა».
ეს უთხრა და ზედ ტუჩთან მიუტანა ჯვარი მის ფერხთით დაჩოქილს.
ყველანი თავჩაქინდრული შესცქეროდნენ ამ სცენას, ბორდოხან კუთხეში დაჩოქილი სტიროდა ბალღივით, მოხუცი აზნაურებიც ფეხზე იდგნენ და სასოებით ისმენდნენ კათალიკოსის ქადაგებას, რომელშიაც მელქისედეკი აფრთხილებდა ყველას, ვისაც რაიმე წილი სდებოდა ფხოველთა მიერ მოწყობილ ამბოხში, ემუქრებოდა ძელიცხოველის სახელით.
შავლეგ ტოხაისძე განმარტოებით მიყუჟულიყო ბნელ კუთხეში, ბრაზმორეული აკრიჭინებდა თავის წვეტიან, ნადირისებურ კბილებს.
ჭიაბერი ზიზღნარევი ძრწოლით ემთხვია ჯერ ჯვარს, შემდეგ კათალიკოსის მარჯვენას. წამოდგა თუ არა იგი, მელქისედეკმა დაოკებული ბრაზის ნატამალი დაიჭირა მის მშვენიერ, ცისფერ თვალებში.