თავი XIV
მეორე წლის შემოდგომამდე სიბნელეში ისხდნენ მამამზე და ბორდოხანი. თერთმეტი თვე გავიდა და უკვე მაცნეები უნდა გაეგზავნათ, რათა წლისთავისთვის მოეწვიათ მოტირალები და მოზარეები. სწორედ იმ ღამეს მამამზემ უსიამოვნო სიზმარი ნახა:
თითქოს იგი და ტოხაისძე პაპისეულ საძვალეში, ჭიაბერის სამარხის ქვაზე ისხდნენ და დამწუხრებულები საფლავის ჯვარს შესცქეროდნენ.
ეს აღარ იყო უბრალო ქვის ჯვარი, რომელიც ბორდოხანმა დაადგმევინა მშენებლებს, არამედ კლარჯეთური ძელიცხოველი.
ჯვარს მიწაში ფესვები გაედგა და გაზრდილიყო, კაცის სიმაღლე გამხდარიყო. მაჯის სისქე ვაზი შემოხვეოდა გარს.
დააცქერდნენ: ვაზს რქა (ახალი ყლორტი) აეყარა.
მამამზე გაოცდა: ვინ დარგო ძელიცხოველი ჭიაბერის საფლავზე? ადგნენ, მიუახლოვდნენ.
შეირხა რქანაყარი ვაზი.
დახედეს: აღარც ვაზი იყო სადმე, აღარც რქა.
უზარმაზარი გველი შეტოკდა, გარს შემოეხვია ჯვარს. კისერი გაიგრძელა, თავი გაასავსავა და ორკაპიანი ენით ღრუბლიან ცას მისწვდა.
ტოხაისძემ ჭიაბერისგან ნაჩუქარი ხმალი გაიძრო და გველს თავი წააცალა.
გველის თავი მიწაზე დაეცა, პირი დააბჩინა და იქედნურად (ბოროტად) იცინის.
მამამზეს გამოეღვიძა, ადგა, სარკმლის ხვრელთან მივიდა. ცისკარი (დილის ნათელი) მოსდგომოდა ბნელ ოთახს.
ავადმყოფი ბორდოხანი თივაზე ბორგავდა (მოუსვენრად მოძრაობდა).
მამამზემ შავლეგ ტოხაისძე იხმო და სიზმარი უამბო.
სთხოვა: „წამიყვანე ჭიაბერის საფლავზე“.
ციხის ეზო გადაიარეს.
სიბნელეში ჯდომას უცნაურად შეეცვალა მოხუცი. თმა-წვერი ჭვარტლიან მატყლსავით გამხდარიყო. ძლივს მოკელანობდა (ნელა მიდიოდა), ერთ მხარეს სახლთუხუცესის მხარს ეყრდნობოდა, მეორე მხარეს კი შინდის ჯოხს.
მწუხარება მკერდზე მიყრდნობოდა საგოდებელში დუმილს. წინაპართა საფლავები ხავსს დაეფარა, ქვის ჯვრები შექანებულიყო, ლოდები სვიას, ხვიარას და კაჭაჭს მოეცვა. ალვის ფოთლები მოწყენილად ცვიოდა მიწაზე.
მამამზე გაოცდა, ახალი სამარხი რომ ვერსად იპოვა. ირგვლივ ერისთავთ-ერისთავებისა და მათი ცოლების ხავსმოდებული ლოდები ეყარა.
ჭიაბერის საფლავს თავზე წაადგა, ჯოხით გადაფოცხა ფოთლები.
მამამზე შეშფოთდა.
„ვინ მოიპარა ლოდი?“ სიზმარი უცებ გაახსენდა.
„მე ავიღე ლოდი“, გამოუტყდა ტოხაისძე.
გაოგნებული მამამზე ტოხაისძეს შესცქერის და ეგონა, გუშინდელი სიზმარი გაგრძელდაო.
„ეს ხომ პაპაჩემის, გვარამის ლოდია, შავლეგ“.
„დიახ, ეს გვარამის ლოდია, თქვენი პაპის, ერისთავთ-ერისთავო“.
„ჭიაბერის ლოდი რაღა იქნა, შავლეგ?“
„გადავმალე, ერისთავთ-ერისთავო, ჭიაბერის ლოდი“.
„რატომ გააკეთე ეს, შავლეგ?“
„საჭიროდ მივიჩნიე და იმიტომაც, ერისთავთ-ერისთავო“.
„როგორ თუ საჭიროდ მიიჩნიე?“
„არ ვიცი, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე!“
„რას ლაპარაკობ, უბედურო შავლეგ?“
„სიფრთხილე სიბრძნის დედაა, ერისთავთ-ერისთავო“.
„გარკვევით თქვი, რისი თქმაც გინდა?“
„სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ ყველაფერი ერთად არ ითქმის, ერისთავთ-ერისთავო“.
„მაინც?“
„განა არ იცით, გიორგი მეფე გულმხეცია? თუ საქმე გაუჭირდა და ცოცხლებს ვერაფერს დაგვაკლო, მიცვალებულზე იძიებს შურს“.
მამამზეს მუხლი მოეჭრა, პაპისეულ ლოდზე ჩამოჯდა, ხელისგულზე ყბა დააყრდნო და მიწას დააჩერდა მდუმარედ.
„განა არ გახსოვთ, ერისთავთ-ერისთავო, ხურსი აბულელი სარკინოზებთან რომ გაექცა მეფეს? ციხე წაართვა, ხურსის ვაჟების ძვლები ამოთხარა აბულელთა საძვალედან, ღორსა და ძაღლს ათრევინა“.
„მაგრამ მეფე ხომ შეგვირიგდა, ჭიაბერის დაკრძალვაზე ტიროდა და ორმოცზეც აქ იყო.“
„ამის მიზეზი სხვა რამ იყო, ერისთავთ-ერისთავო.“
„მაინც რა?“
„ჭიაბერის დაკრძალვაზე მეფე სხვა ვინმეს უყურებდა.“
მამამზე გაოცდა.
„ვის გულისხმობ მაინც?“
„შორნას, კოლონკელიძის ქალს.“
„ნუთუ გიორგი ასეთი ბოროტია? არა, ამას ვერ დავიჯერებ, შავლეგ, ის ხომ გულწრფელად დასტიროდა იმ დღეს ჭიაბერს.“
„დასტიროდაო? ეგ რატომ გიკვირს, ერისთავთ-ერისთავო? მკვლელებს და ლოთებს ასე სჩვევიათ: ჯერ ღვინითა და სისხლით მთვრებიან, შემდეგ კი ცრემლების ღვრას იწყებენ.“
„რას ამბობ, შავლეგ?.. მკვლელიო? რა ბრალი მიუძღვის მეფე გიორგის ჭიაბერის სიკვდილში? ჭიაბერი ხომ ძელიცხოველის რისხვამ იმსხვერპლა.“
„ძელიცხოველის რისხვამო? ნუთუ შენც გჯერა ეს ზღაპარი, ერისთავთ-ერისთავო? მსტოვარმა ბერებმა გაავრცელეს იგი ქორსატეველას ციხეში. თუ მაგ ჯვარს დასჯა შეეძლო, თალაგვა კოლონკელიძე უნდა მოეკლა უპირველეს ყოვლისა, ფხოველთა ამბოხი ხომ თალაგვამ წამოიწყო?“
მამამზე დადუმდა, ისევ ჭიაბერის საფლავს მიაშტერდა.
„გარკვევით თქვი, რისი თქმაც გინდა, შავლეგ?“
„გიორგი მეფემ და ზვიად სპასალარმა მოკლეს ჭიაბერი! ამის თქმა მინდოდა, ერისთავთ-ერისთავო, სხვა არაფერი.“
„ღმერთს ნუ გმობ უსაფუძვლოდ, შავლეგ.“
„საფუძველს თუ მოიკითხავთ, ეგეც ხელთა მაქვს, ერისთავთ-ერისთავო.“
„რა საფუძველი?..“
„პირუთვნელად მოგახსენებთ: სანამ ბორდოხანი, შენი მეუღლე, ბნელში ზის, ძელიცხოველის ჯვართან მიმიყვანე და ყველაფერს ნათელს მოვფენ შენს თვალწინ.“
გაოცდა მამამზე, რაღაც საშინელი და გაუგონარი მზაკვრობისათვის უნდა აეხადა ფარდა შავლეგს.
მამამზემ იცოდა, რომ გიორგი მეფე გულმკაცრი იყო, მაგრამ თუ მას თვალთმაქცური ცრემლის ღვრაც შეეძლო, ეს არ ეგონა მას!
მის ხელში დავაჟკაცდა გიორგი, უხეშია იგი და ამაყი, მაგრამ მლიქვნელიც თუ იყო, ეს არ იცოდა მამამზემ.
ციხე-დარბაზში რუსუდანსა და კატაის ჯერ კიდევ ეძინათ, როცა მამამზემ და ტოხაისძემ დიდი დარბაზი გაიარეს და ჭიაბერის საწოლ ოთახში კარი გადაკეტეს. ტოხაისძე პირდაპირ მიეჭრა ძელიცხოველის ჯვარს.
მამამზეს შვილივით ჰყავდა იგი გაზრდილი და შეძრწუნდა, როცა ტოხაისძე ასე უშიშრად მიუახლოვდა „სასწაულთმოქმედ კლარჯეთელ ჯვარს“. არ იცოდა, თუ რას მოიმოქმედებდა ტოხაისძე. „ხელი არ ახლოო“, უნდა ეყვირა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო და თავი შეიკავა.
ტოხაისძემ გადმოიღო ძელიცხოველი. ყუთი გახსნა და ჯვარი ამოიღო, სუნი მოუდინა და ისევ მაგიდაზე დაასვენა.
„აბა მობრძანდი, ერისთავთ-ერისთავო, და უყნოსე ამ ჯვარს.“
მამამზე წამოდგა, გაოგნებულივით დაბარბაცდა, მაგრამ ძალა მოიკრიბა, მიუახლოვდა, დასწვდა და უყნოსა ჯვარს.
„სუნი თუ მოგდისო?“ – ეკითხება ტოხაისძე.
„სუნი დიახაც უდის, მერე რა? შეიძლება ეს ოფლის სუნი იყოს, ადამიანის ოფლის სუნი, ხანგრძლივად ნახმარ და ნაამბორებ ჯვრებს რომ უდის ასეთი. სხვა რამ სუნიც რომ უდიოდეს, მერე რა?“
„რაო და, მე ამას მოგახსენებთ: ეგ ჯვარი მოწამლულია, ერისთავთ-ერისთავო.“
„რას ბოდავ, შავლეგ, გონს მოდი, საბრალოვ.“
„მე იმას მოგახსენებთ, რომ ეს ჯვარი მოწამლულია, სხვას არაფერს.“
„ყველა, ყველა, მაგრამ მელქისედეკ კათალიკოსი ამას არ იკადრებდა. როგორ? მელქისედეკმა ეს იცოდა და განზრახ აამბორებინა ჭიაბერს?“
„არა, შესაძლოა ეს არ ცოდნოდა მელქისედეკს, მაგრამ იგი უბრალოდ გულუბრყვილოა. მელქისედეკი იმ დროს მეფისა და სპასალარის ხელში ბრმა იარაღი იყო.“
„არა, შენ ცდები, შავლეგ, ჩვენ ხომ ვიცით, კოლონკელიძეც ეამბორა ჯვარს, მაგრამ არაფერი დაშავებია.“
„ეგ მეც ვიცოდი, ერისთავთ-ერისთავო, ამიტომაც დაგეთხოვეთ გასულ კვირას. კვეტარის ციხეში გახლდით, თალაგვას წვრილად გამოვკითხე: კოლონკელიძეს ყუთისთვის უამბორია მხოლოდ.
ხოლო ჭიაბერს... ხომ გახსოვს, დიდ დარბაზში, ჩვენს თვალწინ გაახსნევინა მელქისედეკმა ჯვარისმტვირთველს საკეტები, ხოლო ყუთი თავად გახსნა, ძელიცხოველის ჯვარი ამოიღო და ტუჩისპირამდე მიუტანა ჭიაბერს.“
გველნაკბენივით წამოიჭრა მამამზე.
„შენი ნათქვამი სიმართლეს ჰგავს, შავლეგ, მაგრამ როგორ შევამოწმოთ, მოწამლულია თუ არა ჯვარი?“
„ბრძენთა ხმობა არ დაგვჭირდება, ერისთავთ-ერისთავო. ჭიაბერის შავი მწევარიც ადვილად გაარკვევს ამას. ეს ძაღლი სიცოცხლეში უერთგულესი იყო, მაინც სიკვდილის პირზეა საბრალო, უკანასკნელად დაუმოწმებს ერთგულებას პატრონს.“
ეს თქვა და დარბაზიდან გავიდა ტოხაისძე.
შეძრწუნდა მარტო დარჩენილი მამამზე, თვალი დაადგა ძელიცხოველს. ჯვარი თუჯისფრად იყო გამხდარი, საუკუნეების მანძილზე კოცნით ალაგ-ალაგ სიშავე გადაცლოდა, სწორედ იმ ადგილზე, სადაც უკოცნიათ იგი, იმ ადგილზე, სადაც ჭიაბერი ეამბორა უკანასკნელად.
მიუახლოვდა მამამზე ჯვარს.
„მივალ და ვემთხვევიო“, – ფიქრობდა იგი, – „ეს ბოლოს მოუღებს იმ საშინელი სიზმრის გაგრძელებას, რომელსაც ცხოვრება ერქვა“, მაგრამ უკან დაიხია. მას ეს უნდოდა: ღვთისა და კაცის ღალატში სრულებით დარწმუნებულიყო.
შემდეგ ამისა... შემდეგ ამისა ახალი მიზანი ექნებოდა მის ცხოვრებას – ჭიაბერის სისხლის აღება.
ჰაერი არ ეყო, წამოდგა, ციხის სათვალთვალო ფანჯარასთან მივიდა. აქედან მოჩანდა წინაპართა სამარხი და ძველთაძველი სამლოცველოს ნანგრევები. აჩქარებულა ტოხაისძე, სანამ მამამზე ცოცხალია, ჭიაბერის საფლავს ვერავინ შეურაცხყოფს. გამობრუნდა, თვალი გადაავლო ჭიაბერის სამოსს, ზეზისას, მის აბჯარსა და მის ჩაფხუტს, კედელზე დაკიდებულ ფარებსა და ხმლებს.
„მე მოვეკალი იმ საშინელ ჯვარს, შვილო, და შენ აგეღო ჩემი სისხლი, აჰ, ნეტავ მართლაც“..
ტოხაისძე არსად ჩანდა, მთელ საუკუნედ მოეჩვენა წამი.
კარი შემოაღო შავლეგმა. შავი მწევარი მოჰყავდა თოკით. მოდიოდა შავი მწევარი, სიზმარში ნანახ გველივით იკლაკნებოდა იგი.
ტოხაისძემ ქონის ნაჭერი ამოიღო ჯიბიდან და გაუსვა ძელიცხოველს სწორედ იმ ადგილზე, სადაც მრავალგზის ნაამბორევი ეტყობოდა. ძაღლის ცხვირთან მიუტანა ჯვარი. ძაღლმა დაჰყნოსა იგი, სისხლისფერი ენით გალოკა ჯვარი.
შავლეგ ტოხაისძემ აიღო ჯვარი, ისევ ყუთში ჩასდო და მაგიდაზე დასდო.
„ქრისტეს ჯვარი იყო ჩვენი ხალხის უბედურების მთავარი მიზეზი. ამ ბოროტების სათავე ბიზანტიონია, ერისთავთ-ერისთავო.
დამპალი ქალაქია ბიზანტიონი. ბასილი კეისრის სასახლეში ბევრი რამ გავიგეთ ჭიაბერმა და მე. თვალების დაბნელება, ადამიანის ცოცხლად დამარხვა, ძელზე გაყვანა, მოწამვლა, ორივე ხელის მოჭრა და მკვლელის მიჩენა. ეს ყველაფერი ბიზანტიონში ისწავლეს ჩვენმა მეფეებმა. ბასილი კეისარმა ცეტინიუმთან ბრძოლის მეორე დღეს თხუთმეტ ათას ბულგარელს დასთხარა თვალი.
ახლა უფლისწული ბაგრატი ჰყავთ მანდ ბერძნებს მძევლად, იქ უკეთეს ამბებს ასწავლიან მას და როცა იგი მობრუნდება, მაშინ გვიხაროდეს...
შემზარავი სისასტიკე გამოიჩინა თავად გიორგი მეფემ ოლთისში, ათასზე მეტ ბერძენ მონასპას თვალები დასთხარეს. ორი ათას ტყვეს თავი წააცალეს, სამასი ტყვე ცოცხლად დამარხეს.
დამპალი ქალაქია ბიზანტიონი, გარყვნილებისა და ღალატის ბუდე. სამი თვე ემზადებოდა ბასილი კეისარი სარკინოზების წინააღმდეგ სალაშქროდ. სასახლეში ვცხოვრობდით ჭიაბერი და მე, ერთი ანისელი სომეხი დაგვიმეგობრდა, იგი გვიამბობდა ყველაფერს დეტალურად.
საეკლესიო კრებები მიდიოდა იმ დროს. ორი თვე გაგრძელდა ერთი. ეს გამოჩერჩეტებული აღმოსავლეთის პატრიარქი, ქორეპისკოპოსები, ეპისკოპოსები, სწავლულები და ბერები ორი თვე ერთმანეთს ეპაექრებოდნენ იმის გასარკვევად, თუ რამდენ ანგელოზს დაიტევს ნემსის წვერი?
კეისრის სასახლე ომის სამზადისში იყო, მაინც ამ კრებებს ესწრებოდა დიდი და მცირე. სარკინოზების საფრთხე კარზე იყო მოსული.
„წევსო თუ დგასო მამაღმერთი? შეუძლია თუ არა ღმერთს უმამოდ შვილი გააჩინოს, უველოდ მთა, ან მეძავი აქციოს ქალწულად?“
ყველა ამის გამო ლაპარაკობდა და კამათობდა. ეს იყო...“
შავლეგ ტოხაისძეს სიტყვა პირში გაუწყდა, შავი მწევარი უეცრად წაიქცა და დაიწყო ფხარკალი. ისევ წამოიწია, წინა თათებზე წამოდგა, იატაკზე დაეცა კვლავ. ტარაბუასავით დატრიალდა რკალივით მოხრილი ძაღლი, პირიდან კარაქისფერი დუჟი მოსდიოდა და საწყალობლად ხაოდა.
მამამზე და ტოხაისძე თავზე დაადგნენ სულთმობრძავ ცხოველს.
წინა თათების ბრჭყალებით ფხაჭნიდა იგი იატაკს, მერე უკანა ფეხები შეატოკა და კვლავ დაიწყო ფხარკალი. უკანასკნელად დაიწკმუტუნა, წაიგრძელა კისერი, მოყვითალო გუგები მიაშტერა მამამზესა და ტოხაისძეს, დაემორჩილა სიკვდილს.
„ახლა ხომ გჯერა, ერისთავთ-ერისთავო, ქრისტეს რელიგია ქალებისა და ბავშვების მოსატყუებლად რომ მოუგონიათ მღვდლებს?“
ორივე ხელისგული შუბლზე იტკიცა მამამზემ: „ვაი!“ – წამოიძახა და წელში მოხრილი ჩამოჯდა სკამზე.
ტოხაისძე დარბაზიდან გავიდა და როცა მწევრის გვამი გაიტანეს, იგი კვლავ მობრუნდა.
თავი ასწია მამამზემ:
„შენ მართალი ხარ, შავლეგ, ცამდე მართალი, ქალებისა და ბავშვების მეტს არავის სჯერა ქრისტეს ჯვარი.“
„შესაძლოა, მაგ გამოყრუებულ კათალიკოსს და ორიოდე ბერს მცხეთაში.“
„შესაძლოა.“
მცირე ხანს ორივენი დუმდნენ, ბოლოს მამამზემ დაარღვია დუმილი:
„არც მეფე გიორგის სწამს ქრისტე და მისი ჯვარი. ბასიანთან ომის დროს კეისარმა მშვიდობა ითხოვა. გიორგიმ მას ზავის წერილი გაუგზავნა. ამის შემდეგ მეფემ ზვიადი გაგზავნა, ზვიადმა ბასიანის კიდე დალაშქრა და ბერძნების ჯარები უკან დაახევინა.
ბასილი ქართველებისგან ღალატს არ ელოდა. კეისარმა ბრძანა, ზავის წერილი ჰოროლის წვერზე დაეკიდათ.
ჰოროლი აღმართა და თქვა:
„ნახე, უფალო, ეს წერილი და ის საქმეები, რასაც ისინი აკეთებენ.“
ამის შემდეგ კეისარმა გადმოიღო ძელიცხოველი (ჯვარი, რომელზეც იესო ქრისტე აცვეს), მიწაზე დააჭდო და ხმამაღლა შესძახა: „თუ მტრის ხელში ჩამაგდებ, სამუდამოდ აღარ გცემ თაყვანს.“
შემდეგ ჩვენ დავმარცხდით, უკან დავიხიეთ და გზაში ოლთისი გადავწვეთ. ქალაქიდან ჯერ არ ვიყავით გასული, რომ მეფეს შეატყობინეს: უფლის სახლი იწვისო. გიორგიმ ცეცხლმოდებულ ეკლესიას გადახედა, ზვიადს დაავალა, ჩაექროთო, შემდეგ კი ცხენს დეზი ჰკრა.
ცეცხლში გახვეულ ტაძარს უკანასკნელად გულგრილად შეხედა.
მამამზე ადგა, ჭიაბერის მუზარადი და ხმალი გადმოიღო, მაგიდაზე დადო და ტოხაისძეს ეუბნება:
„შემომფიცე, შავლეგ, რომ ჭიაბერის სისხლს ავიღებთ. შენ ჭიაბერის ძუძუმტე ხარ და მასთან ფიცვერცხლი გაქვს ნაჭამი.“
„მე იმ დღეს შევფიცე მის საფლავს, როცა პაპისეული ქვა დავადე ზედ.
არ გვინდა ქრისტეს ჯვარი, არ გვინდა მეფე გიორგი, არც ზვიად სპასალარი, არც მელქისედეკ კათალიკოსი. მცხეთა და უფლისციხე ისეთივე ბუდეა გულგახრწნილობისა, როგორიც ბიზანტია.
ბერძნებს ეს უნდათ: ჩვენი წმინდანები დავგმოთ და მათ ეკლესიებში ვილოცოთ. ჩვენი წინაპრების სალოცავები დაგვინგრიეს, თავიანთი ხატები და ჯვრები შემოგვაჩეჩეს ხელში.
ბერძნებს ეს სურთ: ჩვენი ენა დაგვავიწყონ და თავიანთი შემოგვჩარონ პირში, ჩვენი წარსული დავივიწყოთ და მათი შევისწავლოთ, ჩვენი ტანსაცმელი შემოგვაძარცვონ, მათი ჩავიცვათ. თუ ჩვენს კერპებს ვახსენებთ და მათსას ვგმობთ, მაშინვე პირზე აკერიათ: „ღმერთის მგმობელი, მწვალებელი და ჯაშუში.“
ამიტომაც გვინდოდა მე და კოლონკელიძეს მეფე გიორგი შეგვეპყრო, ჭიაბერი ტახტზე დაგვესვა. მცხეთას ავიღებდით, უფლისციხეს ალყას შემოვაწყობდით, თმოგვის ციხეს ავიღებდით და ფანასკერტის ციხესაც. დედოფალს ბედიის მონასტერში მონაზვნად აღვკვეცავდით, ამირას თბილისიდან გავაგდებდით, არმაზსა და ზედაზენს აღვადგენდით, მელქისედეკ კათალიკოსსა და მის შავჩოხიან ჯაშუშებს ქართლოსის საფლავზე დავაკლავდით. მაგრამ შენ ტყვედ გვეგულებოდი მცხეთაში. მე თავიდანვე არ მომწონდა ახალ წელს სადღესასწაულოდ მცხეთაში წასვლა.“
„ვაი, ჩემს თავს! – თქვა მამამზემ, შუბლზე შემოიკრა ხელი, – ნეტავ წამოსულიყავით და ჩემთვის წაეჭრა მეფე გიორგის თავი. იმ საშინელ დათვს არ გადავყროდი ნადირობისას, უთუოდ გავექცეოდი.“
„თავად მეფეც ბიზანტიის მტერია, მაგრამ გიორგი დაბნეულია. მელქისედეკ კათალიკოსსა და ფარსმან სპარსს შორის ირყევა მუდამ.
ზოგს ასე ჰგონია: კოლონკელიძის მიერ დანგრეული ხატების ბედი აწუხებდა გიორგის. ჭიაბერი რომ შორენას ირთავდა, ეს აგიჟებდა მეფეს.
შარშანწინ მცხეთობისას ნახა შორენა პირველად. სავსებით დაავიწყდა, რომ იგი მეფე იყო და თავდაჭერა მართებდა. კათალიკოსი და დედოფალი ტაძარში დატოვა, ყმაწვილივით აგვეკიდა მე და ჭიაბერს.
როცა წამოსვლა დავაპირეთ, შორენას მიეჭრა, ცხენზე ასვლაში თავად დაეხმარა. ამის შემდეგ, უნაგირზე გადამჯდარ ქალს მიწვდა, ცხენი იფარა, კაბის ტოტი აუწია და წვივზე აკოცა. ჭიაბერს ეს არ დაუნახავს, რადგან იმ წუთში ჯდებოდა ცხენზე.
ჭიაბერის ტირილში მე თვალს არ ვაშორებდი მეფეს. იგი ფარულად უყურებდა მგლოვიარე ქალს. ორმოცზეც იმიტომ მოვიდა, რომ შორენა ხელახლა ენახა.“
მამამზე ერისთავი წამოდგა, ჭიაბერის ხმალი აიღო ხელში.
ორხოვით დაფარულ მაგიდაზე დაარჭო და ტოხაისძეს უთხრა:
„შემომფიცე, შავლეგ, მხოლოდ იმისთვის ვიცოცხლოთ, რომ ჭიაბერის სისხლი მეფე გიორგის ვაზღვევინოთ.“
„ვფიცავ ჩვენი წინაპრების სალოცავს, გველსავით წავაცალო გიორგი მეფეს თავი.“
ეს თქვა შავლეგ ტოხაისძემ, დაიჩოქა და ზეასწია თავისი გაჯაგრული, შავი მარჯვენა.
მამამზეს სიზმარი ენიშნა (ანუ სიზმარი ახდა).
მეორე დღესვე კოლონკელიძესთან გაგზავნა შავლეგ ტოხაისძე, რათა ტოხაისძეს ყველაფერი დეტალურად მოეხსენებინა მისთვის. შეთანხმდნენ: ჯერ კოლონკელიძე ეკლესიებისა და ხატების დანგრევას დაიწყებდა, შემდეგ არაგვის ხეობაში გადმოვიდოდა, საერთო ძალით ალყას შემოარტყამდნენ უფლისციხეს და მცხეთას.
ბორდოხანი იმ დღესვე სიბნელიდან ამოიყვანა მამამზემ, ძაძა გაიძრო და ცოლს ამცნო: შავლეგ ტოხაისძეს უნდა მივათხოვოთო კატაი.
შეკრთა ბორდოხანი, მეფის მიერ მელქისედეკის პირით დანაბარები გაახსენდა მაშინვე. შეშინებულმა ამის თქმა გაბედა ქმარს:
„მეფე რას იტყვის?...“
„მეფეს მე გავცემ პასუხს.“
– XV –