თავი XII
ერთადერთი, რაც შეიცვალა, ის იყო, რომ მოხუცს ადამიანის სახე აღარ შერჩენოდა. უზომო მწუხარებას დაელია მისი გაბრწყინებული, ახალგაზრდული სახე.
– XII –
ჭიაბერი მამაპაპისეულ საძვალეში დაასაფლავეს. მხოლოდ მესამე დღეს დაიშალნენ სტუმრები, ახლობლები და შორეული ნათესავები.
კათალიკოსი თავისი ამალით გუდამაყარში გადავიდა. ოთხივე ეპისკოპოსი თან ახლდა. ჯვარისმტვირთველი წინ უძღოდა შავოსანთა პროცესიას – ხელში მიჰქონდა ძელიცხოველის ჯვარი.
გზებსა და მოედნებზე, ვიწრო ქუჩებსა და ჩიხებში უამრავი ხალხი ხვდებოდა მელქისედეკს. ნახევრად შიშველი მონები, მშიერი ქალები და მუწუკებიანი ბავშვები გზებზე ეყარნენ.
სოფლებიდან გამოსული კეთროვნები და ეპილეფსიით დაავადებულები, ღარიბები და ქადაგად დავარდნილები ათასგვარ სიზმრებსა და გამოცხადებას აუწყებდნენ ტრიუმფით მიმავალ „ქრისტეს მოსაყდრეს“.
მომჩივანნი ქვის სახლების ბანებზე, ხეებსა და გალავნებზე ადიოდნენ. კათალიკოსი შეჩერდებოდა, საჩივრებს ისმენდა, დაკეტილ ეკლესიებს ხსნიდა, მოწესეებს ნიშნავდა, ბავშვებს ნათლავდა, პურ-მარილს იღებდა და ისევ მიჰყვებოდა ვიწრო ბილიკებს.
ფოთლოვანი ტყეები დამთავრდა. ქორისფერი კლდეები ცის სილურჯეს ეხებოდნენ მწვერვალებით. არწივები ფრთხებოდნენ ჯვარისმტვირთველის ჯორის თქარუნზე, მხრებს გაშლიდნენ და ღრუბლებს უახლოვდებოდნენ.
სოჭისა და ნაძვის ხშირი ტყეებით დაფარული მთები დამთავრდა. ისევ ხრიოკი ქარაფები გამოჩნდებოდნენ ცის დასავლეთით. ჯიხვის ჯოგები მშვიდად ჩადიოდნენ მჟავე წყაროებთან, არაფრად აგდებდნენ შავოსანთა ლაშქარს.
გადახრუკულ, უნაყოფო მთებში სამლოცველოების კარზე გამოტანილი პურ-მარილი აბა რას გააძღებდა გამხდარ ბერებს.
აღდგომის შემდგომ პერიოდი იყო. სოფლებში ბატკნის ხორცისა და ხინკლის მეტი არაფერი მოიძებნებოდა. ბერებს შორის ეპისკოპოსები და „თავადთაგანნი ძმანი“ ხორცს არ ჭამდნენ. თავად კათალიკოსი ხმელი პურითა და წყლით იკვებებოდა. მწირები და მორჩილები, „ახალგაზრდა ძმები“ ვეღარ იოკებდნენ შიმშილს. სოფლებში გაგზავნილები საჭმლის სათხოვნელად, ფარულად ლორს მოიპარავდნენ ხოლმე და ჭამდნენ.
ბოლოს ისე გაჭირდა საქმე, რომ კლდეების უბეებში მიყუჟულ სოფლებშიც ვეღარ შოულობდნენ საზრდოს. როგორც კათალიკოსი, ისე მისი მხლებლები ველური მცენარეების, ღანძილისა და ღოლოს ამარა დარჩნენ.
რაც უფრო მაღლა მიიწევდნენ, მით უფრო აუტანელი ხდებოდა მელქისედეკისთვის გზა. მშიერსა და ძალაგამოცლილს კვლავ გაუმძაფრდა გულის დაავადება. ჰაერი არ ჰყოფნიდა, მაგრამ ფანატიკოსი ბერი სიკვდილს არ ნებდებოდა.
ორჯერ დაუვარდა ჯორი, ორჯერვე შეუცვალეს. მესამეც სულს ღაფავდა გაბრაზებისგან აქშინებული, გაჭირვებით მიფოხრიკობდა ჯორის ზურგის სიგანე ბილიკებზე.
სამ ეპისკოპოსს სამივე ცხენი დაეხოცა გზაში. ახალგაზრდა ძმები ნდობით აღსავსენი უთვალთვალებდნენ ლეშებს, მაგრამ ხელსაყრელი დრო ვერ მოიხელთეს. სამი მორჩილი ფეხით წავიდა, ეპისკოპოსებს ჯორები დაუთმეს, თავად კი ფეხით გაუდგნენ გზას.
როგორც კი მელქისედეკს გული შეუღონდებოდა, გაიოზ და სტეფანე ბერები მივარდებოდნენ, ჯორიდან ჩამოსვამდნენ, ცივი ტილოთი დაუზელდნენ გულის არეს. შემდეგ რომელიმე ჩქერალთან ბადეს გადააგდებდნენ, ორიოდე პატარა თევზს დაიჭერდნენ, ცოცხლად გადააყლაპვინებდნენ. ავადმყოფი ისევ მოიკრებდა ძალას და განაგრძობდა მგზავრობას.
კვეტარის საერისთავოში გადასულებს ფეხქვეშ ეგებოდა გარშემო შეკრებილი ბრბო.
კოლონკელიძე უკვე კვეტარში ჩასულიყო. ერისთავმა მელქისედეკს ბოკოწნის ხევის თავში მოციქულები დაახვედრა. საკლავები და თაფლით სავსე ჭურჭლები გამოუგზავნა. კოლონკელიძე კვეტარის ციხეში მობრძანებას სთხოვდა.
შეძრწუნებული ფხოველები დალახვრული თვალებით უყურებდნენ ჯვარისმტვირთველის ხელში აღმართულ ძელიცხოველს. თავს იშიშვლებდნენ, პირჯვარს იწერდნენ, კათალიკოსს კალთებს უკოცნიდნენ.
პირველი ათასი წლის მიწურულს ქრისტიანულ ქვეყნებში ხელმეორედ წარღვნას ელოდნენ. წნორის ფოთოლივით ცახცახებდა ბიზანტია, იტალია და საფრანგეთი. საქართველოში ბერები ეფესოს წერილს იმოწმებდნენ და მეორედ მოსვლით ემუქრებოდნენ ხალხს.
სწორედ იმ დღეს, როცა მელქისედეკი ქორსატეველას ციხეს ეწვია, ნოკორნას მონასტერში დაყუდებულმა ბერმა ევდემონმა დაიწყო ლაპარაკი. მან მეორედ მოსვლის დაგვიანება ასე ახსნა: კათალიკოსი საქართველოს შემოვლას მოუნდა, ახლა ფხოვში მოდისო, თან მოაქვსო ძელიცხოველი, რათა ფხოველთა მონათვლა მოასწროს განკითხვის დღემდე და ეკლესიების დამანგრეველებს ღვთის რისხვა დაატეხოს თავზე.
თალაგვა კოლონკელიძე ჭიაბერის სიკვდილმა დააფიქრა. ახლა ევდემონ ბერის წინასწარმეტყველებამ მიიპყრო მისი ყურადღება. კვეტარს მიაშურა, რათა იქ დახვედროდა მელქისედეკს. როცა კათალიკოსის ამალა ციხეს მიუახლოვდა, კარის ეკლესიაში ზარი დარეკეს.
კოლონკელიძე და მისი ამალა სამი ეჯის მანძილზე ჩამოეგება მელქისედეკს.
მუზარადმოხდილმა, ჯავშნიანმა რაინდებმა დაიჩოქეს გზის პირას. კოლონკელიძეს ყელზე თოკი ჰქონდა გამობმული. მან ჯერ კალთები დაუკოცნა კათალიკოსს, შემდეგ ხელზე ეამბორა, ბოლოს კი ძელიცხოველის სალოცავს ემთხვია.
მთელი კვირის განმავლობაში კოლონკელიძის სასახლეში თავზარდაცემული დაბორიალობდა დიდი და მცირე. ჭიაბერის მაგალითით დაშინებულნი, დღე-დღეზე ელოდნენ კოლონკელიძის სიკვდილს.
ღამეებს უთევდა სახლეული. მოახლეები საგალობლებს გალობდნენ. დილა გათენდებოდა, ერისთავი პირჯვარს გადაიწერდა, რომ ღმერთმა კიდევ ერთი დღის სიცოცხლე აჩუქა.
მოულოდნელად კოლონკელიძეს საფეთქლები აუჟღალდა, წვერი გაუჭაღარავდა, უცნაურად მოტყდა და შეშინდა.
პაპისეული ლოცვანები გამოჩხრიკა, დილასა და საღამოს ლოცვებს აკითხვინებდა, თავადაც იზეპირებდა ფსალმუნის ლექსებს, კარის ეკლესია ხატებით მორთო, კვეტარის ბასტიონის თავზე კი ჯვარი აღამართინა.
მელქისედეკმა ამასობაში ეკლესიები და მონასტრები აღადგინა. მოწესეები დანიშნა, ორ ათასზე მეტი მოუნათლავი მოხუცი და ბავშვი მონათვლინა ბერებს და ქორსატეველას ციხეში დაბრუნდა.
თალაგვა კოლონკელიძე ნოკორნას მონასტერში წავიდა ოჯახის წევრებითა და საკლავითურთ.
გადარჩენისთვის მსხვერპლი შესწირა ნოკორნას ხატს.
ფხოველები გაოცებულნი იყვნენ, რომ კოლონკელიძე ძელიცხოველის რისხვას გადაურჩა.
თავად ერისთავი თავს ინუგეშებდა: „ალბათ ყელზე გამობმულმა თოკმა გადამარჩინაო.“
– XIII –