თავი VIII
ჯვრისწერამ ჩვეულებრივი მხიარულებით ჩაიარა: შეკრებილი ხალხი, მაყრები და განსაკუთრებით ქალები არ ისვენებდნენ და ყოველთვის საჩურჩულო მასალას პოულობდნენ. ერთხელ მომზადებულნი გასართობად, არ გაუშვებდნენ შემთხვევას, რომ არ გაეხარხარათ, თუნდაც სასაცილო არაფერი მომხდარიყო.
მხოლოდ პატარძალი იდგა ქვასავით დამუნჯებული და გოჩა, რომლის სახეც რაღაც დამკვიდრებული, პატივსაცემი სხივით ბრწყინავდა. მას აშკარად ეტყობოდა, რომ გულწრფელი რწმენით იყო გატაცებული და მთლიანად მისცემოდა თავის გრძნობას. უზენაესს გულწრფელად ევედრებოდა.
გოჩა იყო თავისი ხალხის მშობელი მამა და, მაშასადამე, ასეთი ამაღლებული და მნიშვნელოვანი შემთხვევის დროს, როგორიც ქორწინებაა, თავისი შვილებისთვის რომ არ ელოცა, არ იქნებოდა. ამასთანავე, მას სწამდა, რომ ხალხისგან ამორჩეული, ღმერთისგანაც ამორჩეული უნდა ყოფილიყო, რადგან ხალხის ჩვეულებებში აღზრდილს, ანდაზად ქცეული რწმენა, „ხმა ღვთისა და ხმა ერისა“, სისხლსა და ხორცში ჰქონდა გამჯდარი.
გოჩა დარწმუნებული იყო, რომ მის გულწრფელ ვედრებას უზენაესი შეისმენდა და, რწმენით დაიმედებული, იმ კაცის სახე, გულმხურვალე ლოცვის დროს, რაღაც ძლევამოსილ, ხალხის დამმორჩილებელ სურათს წარმოადგენდა.
ასეთი იყო მოხუცი გოჩას სახე, რომელსაც განუწყვეტელმა ზრუნვამ, ფიქრმა, გამოცდილებამ და გონებრივმა მუშაობამ კიდევ უფრო მეტი პატიოსნების, ჭკუის და ადამიანობის ბეჭედი დაასვა. ეს სახე ხანდახან იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ რას ეხებოდა მისი აზრები და გონების მიმდინარეობა. ამგვარადვე ეცვლებოდა ფერი სახეზე.
ხანდახან რაღაც სევდა შეუკრავდა წარბებს, შეჭმუხნიდა შუბლს, მაგრამ ეს იყო ერთი წუთით მზეზე გადაფარებული ღრუბელი, რომელსაც მხოლოდ წუთით შეეძლო დაჩრდილვა. მლოცველის თვალები, ცისკენ მიპყრობილი, ისევ ძლევამოსილი, გამარჯვებული შუქით აინთებოდა.
გოჩას აშკარად ეტყობოდა, რომ მისი მრავალგვარად გამოცდილი გული რაღაც უბედურების მოახლოებას გრძნობდა. მისი გამოცდილი თვალებისთვის შვილის ერთი დანახვაც საკმარისი იყო, რომ მის საქციელში, ავადმყოფობის ნაცვლად, სხვა მიზეზი დაენახა. მაგრამ რა იყო ეს მიზეზი, საიდან ქროდა ნიავი, რომელიც მას, როგორც ნადირს, სუნს აყრიდა და აკრთობდა, – მოხუცი ვერ მიხვდა.
ჯვრისწერა დასრულდა. მეფე-დედოფალი სახლში წაიყვანეს, კერას შემოატარეს და გააშორეს, რათა დედოფლისთვის ქალებში მისვლით გარკვეული თავისუფლება მიეცათ. ხალხი კი გოჩას თავმჯდომარეობით სადილად დალაგდა.
რა თქმა უნდა, სიძეც, თავზე ფოჩებიანი გვირგვინით, იქვე შუა ადგილას დასვეს. ტოლ-სწორები გარს შემოეხვივნენ და ხუმრობით გართულს და ბედნიერებით გახარებულს, დროს ატარებინებდნენ.
დაიწყო საერთო მხიარულება, სმა, სიმღერა და „სმურები“ (ხალხური ლექსები). ხანდახან რომელიმე მოხუცი აიღებდა ფანდურს და თითების დაკვრით სევდიან სიმებს ააჟღერებდა. იქვე სევდიანად, მაგრამ შთამბეჭდავად დასძახებდა რომელიმე გმირის ლექსად მოთხრობილ ამბავს.
ამ წუთებში გამხიარულებული, აყაყანებული ხალხის ხუმრობა ერთბაშად შეწყდებოდა, ჩამოვარდებოდა სრული სიჩუმე და გულის ძგერით ყურს მიაპყრობდნენ სახალხოდ წარმოთქმულ სიტყვას, სადაც ქვეყნისთვის თავდადება და სამსახური, ვაჟკაცობა და პატიოსნება ისე უხვად ჯილდოვდებოდა და სადაც კაცის მოვალეობა ცხოვრებაში ისე ნათლად იხატებოდა და ისწავლებოდა...
ამას ისევ შეცვლიდა „სმური“, მერე „გოგონა“ (სიმღერა) და ასე გრძელდებოდა გათენებამდე.
– IX –