prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ხევისბერი გოჩა — თავი VI შინაარსი და გამარტივებული ტექსტი

ალექსანდრე ყაზბეგი · პროზა

გამარტივებული სასწავლო გადმოცემა · AI-ის დახმარებით

თავი VI

– VI –

ვინ იცის, შეყვარებულთა ალერსი რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, თუ ერთ მოულოდნელ შემთხვევას არ დაეშალა. ერთ მაყარს ძალიან შესცივნოდა და მოუნდა არაყით გათბობა, ამისათვის შეაჩერა ცხენი და მარხილს ელოდა, რომელშიც ტიკჭორები ეწყო.

როდესაც მარხილი გაუსწორდა, დაინახა, რომ ონისეს, რომელიც თითქოს სიცივეს ემალებოდა, თავი ნაბადში ჩაეყო. ასეთი საქციელი მთის კაცს არ მოეწონა, რადგან მამაკაცს სიმხდალე ქალისთვის არ უნდა ეჩვენებინა: ეს, მთიელთა შეხედულებით, სირცხვილიც იყო და დამამცირებელიც, და ამხანაგის საქციელი კი დანარჩენების სახელსაც იმდენად შეეხებოდა, რამდენადაც თვითონ მოქმედს.

ამისთვის მაყარმა ონისეს მათრახი გადაჰკრა და თუმცა ხუმრობით, მაგრამ საგრძნობლად უთხრა:

– რას აკეთებ, გუგრიანო, თუ არ გაიყინე?

ონისე შეკრთა და გაჟრჟოლდა. მან წამოიხედა და ჯერ კიდევ წინა წუთებით დაბნეულს თავისთვის ანგარიში ვერ გაუწია. თავიდან ის მხოლოდ იმას გრძნობდა, რომ მას დაურღვიეს სიტკბოება, დაუშალეს წუთიერი ბედნიერება. მაგრამ რატომ, ვინ? ამაში ანგარიში ვერ გაუწია.

მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ ერთ წუთს იყო. ონისე სწრაფად გონს მოვიდა და აშკარად დაინახა შეუწყალებელი ჭეშმარიტება, რომელიც უსპობდა არა მხოლოდ ამ წუთის სიამოვნებას, არამედ მომავალ მოსვენებაზედაც კი იმედს აკარგვინებდა, და ცივი ოფლი დაასხა.

წუთის წინ ის იყო შეპყრობილი მხოლოდ ერთი გრძნობით: მას უყვარდა გაუაზრებლად, ხარკს აძლევდა ამ ძალას; მაშინ ყველაფერი დავიწყებოდა, ყველაფერი: ხალხიც, მათი მოვალეობაც, წესებიც, თვით აზროვნებაც და მარტო ათრთოლებული გულის ფართხალს მისცემოდა, მით უფრო სასიამოვნოს, რომ ამითვე პასუხს აძლევდნენ; – ახლა კი ის იყო კაცი, რომელიც აფასებდა, ანგარიშს აძლევდა თავის მოქმედებაში და წონიდა თავის მდგომარეობას.

ონისემ აშკარად დაინახა შეცდომა, აშკარად იგრძნო თავისი სურვილის აღსრულების შეუძლებლობა და სინანულის ნაპერწკალმა მწვავედ გაჰკრა გონებაში: – „მაშ ტყუილად თრთოდა მისი გული სანეტარო მომავლის მოლოდინით?.. მაშ ტყუილად ენთებოდა და მოუსვენრად ფეთქავდა მისი გული? ამაოდ ტყუვდებოდა და ამ გრძნობითვე აღელვებულ ძიძიასაც ტყუილად იწვევდა ალერსისთვის?“

ეს კითხვები სწრაფად ებადებოდნენ თავში, სწრაფადვე ცვლიდნენ ერთმანეთს და ერთ გადაწყვეტილებამდე მიდიოდა, ერთი პასუხი შეეფეთებოდა და ყურში მწარედ თითქოს ვიღაცა ჩასჩურჩულებდა: „ტყუილად იკლავ თავს“.

– ბიჭო, რა მოგსვლია, მთვრალი ხომ არ ხარ? – გაწყვიტა სიჩუმე მაყარმა, რომელსაც ონისე გაშტერებით შეჰყურებდა.

– ჰაი, რა? – თქვა ონისემ, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გაშორებოდა გულსა და გონებაში ჩაჭედილ გრძნობას.

– ავად ხომ არ ხარ? რას აკეთებ?

– არ ვიცი, ღვთის მადლმა!.. ისე უგუნებოდ რაღაცას ვაკეთებდი.

მაყარი მიუახლოვდა მარხილს, გადაიხარა ცხენიდან და პირდაპირ სახეში შეხედა ონისეს, რომელმაც თავი იქით მიაბრუნა და გაბრაზებით თქვა:

– რას მიყურებ, რა გინდა ჩემგან?

– არაფერი, – გაიკვირვა მაყარმა და დაამატა: – მინდოდა მენახა, სიცხე ხომ არ გქონდა, გაწითლებული ხომ არ იყავი?

– ღამეში რა უნდა დაინახო, ღვთის მადლსა? – იმავე კილოთი უთხრა ონისემ და ცოტა სიჩუმის შემდეგ დაამატა: – სიცხეც მაქვს, თავიც მტკივა და მიბრუვდება.

მაყარმა ისე შეხედა, თითქოს არ უჯერებდა, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ თავშეკავებულმა ცხენს მკერდზე მათრახი გადაჰკრა, ეტყობოდა მას გონებაში რაღაც აზრმა გაურბინა, რადგან სიცივეც დაავიწყდა და არაყიც, რომლის დასალევადაც აქ მოვიდა.

კარგა ხანმა გაიარა საერთო სიჩუმეში, ყველა თავის გულისთქმას ჩაჰბრუნებოდა, თავის საკუთარ აზრებს დაჰკვირვებოდა და რაღაც უცნაურ დუმილში ჩავარდნილიყო.

ისინი ამ მდგომარეობაში იყვნენ, როდესაც ჰაერში გაისმა მხიარული სიმღერის ხმა და მას მოჰყვა ლექსი:

გაუსვი და გამოუსვი, ვითომ ჭიანურიაო; მეზობლის ცოლს ხელს ნუ ახლებ, ისიც შინაურიაო.

ამ სიტყვებმა მწარედ გაკენწლეს ონისეს გული, რომელსაც სიმღერა თანდათან უახლოვდებოდა, რადგან წინ წასული მაყრები შეჩერებულიყვნენ და მარხილების მოლოდინში ლხინი დაეწყოთ.

გავიდა რამდენიმე წუთი და გამოჩნდნენ ცხენოსნები, რომლებსაც მარხილი მიუახლოვდა.

ახალგაზრდა მაყრები ხუმრობდნენ ერთმანეთში, ეხუმრებოდნენ ონისესაც, მაგრამ იძულებულნი იყვნენ თავი დაენებებინათ, რადგან პირველად მოსულმა მაყარმა შეატყობინა, რომ ონისე ავად არის და იმათი ხუმრობისთვის არ სცხელა.

ამისთვის მაყრები დაშოშმინდნენ, მაგრამ მარხილს კი მაინც არ შორდებოდნენ.

მხიარულება ერთბაშად შეწყდა და მის მაგიერ რაღაც ჭმუნვით სავსე სიჩუმე ჩამოვარდნილიყო; ფხვიერი წვრილი თოვლი განუწყვეტლივ მოჰქროდა ცივი ქარისგან გამოტაცებული და მთლიანად ათეთრებდა ნაბდიან მგზავრებს.

ასე მიდიოდნენ გაჩუმებული მაყრები, გულჩახურული და ჩაბნელებული ხელისმომკიდე და მიჰყავდათ გამოუცდელი ქალი, რომლის გულსაც ნამდვილი სიყვარული პირველად ეგრძნო, მისი სიტკბოება ნახევრად გამოეცადა და ის კი არ იცოდა, მისი მომავალი რას შეამთხვევდა.

რამდენიმე წუთი და ხშირ ნისლში გაიბჟუტა შუქმა და შენობების ბუნდოვანი სილუეტები გამოჩნდა. კიდევ წუთიც და ყველამ შეამჩნია, რომ სოფელს მიუახლოვდნენ. მარტო ონისე იჯდა გაფითრებული, თავდახრილი და მწარე ფიქრებისგან წაღებული ვერაფერს ამჩნევდა.

მაყრებმა იგრძნეს, რომ მაყრიონის ასე ჩუმად მისვლა არ შეჰფეროდა არც იქაურ ჩვეულებას და არც იმათ სიყმაწვილკაცეს და ამიტომ დასჭყივლა ერთმა, გავარდა თოფი და მეორე გაქანდა მახარობლად. ყველა შეინძრა, აღელდა, სიცოცხლე გამოიჩინა. ჰაერში გაისმა სიმღერა და ყიჟინა, მგზავრებს სიცოცხლე დაეტყოთ.

გამოფხიზლდა ონისეც, მაგრამ ის სრულიად განშორებოდა დანარჩენებს, მისმა გულმა სრულიად სხვა იგრძნო. მან იცოდა, რომ სოფელში მისვლისთანავე კარგავდა სატრფოს, რომლის გამოუცდელობაც და სირცხვილიც ხალხის ჩვეულების წინააღმდეგ ვერ წაიყვანდა და მასთან ერთად დაკარგავდა მოსვენებასაც...

მთავარი დეტალები და რთული სიტყვები

თავი VI

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

გამარტივებული ვერსია: prep.ge, AI-ის დახმარებით. ეს სასწავლო გადმოცემაა და არა ავტორის ორიგინალი ან აუცილებლად მოკლე შეჯამება. ზუსტი ფორმულირებები შეადარე ორიგინალს. საფუძველი — ალექსანდრე ყაზბეგი. ორიგინალის წაკითხვა.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.