prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ხევისბერი გოჩა — თავი XXII შინაარსი და გამარტივებული ტექსტი

ალექსანდრე ყაზბეგი · პროზა

გამარტივებული სასწავლო გადმოცემა · AI-ის დახმარებით

თავი XXII

კარგა ღამემ გაიარა. მოწმენდილ ცაზე მთვარეს კაშკაში გაჰქონდა და ნაზი სხივით იქაურობას ანათებდა.

ონისე და ძიძია იმავე ადგილას ისხდნენ, სადაც სიყვარულის ცეცხლმა დასცა და დაიმონა; ორივე ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულიყვნენ და დაბანგულებივით (ანუ გაბრუებულებივით) სიტკბოების ნეტარებას ეძლეოდნენ.

მთვარის შუქი ნაზად ეთამაშებოდა ძიძიას დათენთილ (ანუ დაღლილ, მოშვებულ) სახეს, რომელსაც ონისე არ ასვენებდა და მთვარეზე მობრუნებულს ხან გაშმაგებით ჩასცქეროდა, ხანაც გიჟივით კოცნიდა და ეხვეოდა. ყოველი მათი ერთმანეთთან მიახლოება, მიკარება ათრთოლებდა, როგორც მოუსვენარი ნიავი წნორის ფურცელს, და კვნესაშერეული სიტკბოებით აღსავსე გულს აფართხალებდა.

ორივეს დავიწყებოდა სად იყვნენ, დავიწყებოდათ თავიანთი თავი და მხოლოდ ერთს ცდილობდნენ, რომ ერთი მეორეში გადაქცეულიყო.

ესენი ამ თავდავიწყებაში იყვნენ, როდესაც ერთბაშად გავარდა თოფი და შეყვარებულები ფეხზე წამოცვივდნენ.

ბედნიერებით გატაცებულ და თავდავიწყებულ ონისეს, მხოლოდ ახლა მოაგონდა თავისი ვალი და სამწუხარო სიმართლემ გულზე მწარე ჭახრაკი (ანუ სიმწარე, ტკივილი) მოუჭირა. მის თვალწინ წუთში გაირბინა მლოცავი გოჩას სურათმა, მოაგონდა მისი სიტყვები და თავმოყვარეობამ ცრემლები გადმოადინა.

მას თვალწინ გადაეშალა შემაძრწუნებელი სურათი მისი ამხანაგების ამოჟლეტისა, რომლებიც ონისეზე დაიმედებულნი მიწოლილიყვნენ და უზრუნველად დაეძინათ.

ქვევით გაიმართა მკვირცხლი (ანუ სწრაფი, ინტენსიური) თოფის სროლა. თოფები ელავდნენ, ცეცხლები ენებივით გრძელდებოდნენ და გრიალით აქრობდნენ ლომებივით მამაცთა სიცოცხლეს.

ონისემ შეხედა ძიძიას, გული აუდუღდა და გუნებაში გაურბინა სიტყვებმა: მაცდურად მომხიბლა და მაცდურად დამღუპა!.. მშვიდობით, ჩემო ვაჟკაცობავ!

ამ სიტყვებით ის გაქანდა თავქვე, რომ თავის ამხანაგებთან ერთად თავი დაედო და გამოესყიდა წუთით თავისი დავიწყება, მაგრამ გვიანღა იყო: მტერს მათი სანგარი, სიმაგრედ გაკეთებული, აეღო და მათი დროშა ონისეს დახოცილი ამხანაგების გვამებზე ფრიალებდა.

მთავარი დეტალები და რთული სიტყვები

თავი XXII

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

გამარტივებული ვერსია: prep.ge, AI-ის დახმარებით. ეს სასწავლო გადმოცემაა და არა ავტორის ორიგინალი ან აუცილებლად მოკლე შეჯამება. ზუსტი ფორმულირებები შეადარე ორიგინალს. საფუძველი — ალექსანდრე ყაზბეგი. ორიგინალის წაკითხვა.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.