– XXII –
კარგა ღამემ გაიარა. მოწმენდილს ცაზედ მთვარეს კაშკაში გაჰქონდა და ნაზის სხივით იქაურობას ეკამკამებოდა.
ონისე და ძიძია იმავ ადგილს ისხდნენ, სადაც ტრფიალების ცეცხლმა დასცა და დაიმონა; ორნივ ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულიყვნენ და დაბანგულებსავით სიტკბოების ნეტარებას ეძლეოდნენ.
მთვარის შუქი ნაზად შესთამაშებდა ძიძიას დათენთილს სახეს, რომელსაც ონისე არ უსვენებდა და მთვარეზედ მობრუნებულს ხან გაშმაგებით ჩასცქეროდა, ხანაც გიჟსავით ჰკოცნიდა და ეხვეოდა. ყოველი მათი ერთმანეთთან მიახლოვება, მიკარება ათრთოლებდა, როგორც მოუსვენარი ნიავი წნორის ფურცელს, და კვნესაშერეულის სიტკბოებით აღსავსე გულს აფართხალებდა.
ორთავ დავიწყებოდათ სად იყვნენ, დავიწყებოდათ თავიანთი თავი და მხოლოდ ერთს-ღა ცდილობდნენ, რომ ერთი მეორეში გადაქცეულიყო.
ესენი ამ თავდავიწყებაში იყვნენ, როდესაც ერთბაშად გავარდა თოფი და შეყვარებულები ფეხზედ წამოცვივდნენ.
ბედნიერებით გატაცებულს და თავდავიწყებულს ონისეს, მხოლოდ ეხლა მოაგონდა თავისი ვალი და სამწუხარო ჭეშმარიტებამ გულზედ მწარე ჭახრაკი მოუჭირა. მის თვალწინ წუთზედ გაირბინა მლოცავი გოჩას სურათმა, მოაგონდა იმის სიტყვები და თავმოყვარეობამ ცრემლები გადმოადინა.
მას თვალწინ გადეშალა შემაძრწუნებელი სურათი მისის ამხანაგების ამოჟლეტისა, რომელნიც ონისეზედ დაიმედებულნი მიწოლილიყვნენ და უზრუნველად დაეძინათ.
ქვეით გაიმართა მკვირცხლი თოფის სროლა. თოფები ელავდნენ, ცეცხლები ენებსავით გრძელდებოდნენ და გრიალით განაქრობდნენ ლომებრივ მამაცთა სიცოცხლეს.
ონისემ შეჰხედა ძიძიას, გული აუდუღდა და გუნებაში გაურბინა სიტყვებმა: მაცდურად მომხიბლა და მაცდურად დამღუპა!.. მშვიდობით, ჩემო ვაჟკაცობავ!
ამ სიტყვებით ის გაჰქანდა თავქვე, რომ თავის ამხანაგებთან ერთად თავი დაედო და გამოესყიდა წუთით თავის დავიწყება, მაგრამ გვიან-ღა იყო: მტერს მათი სანგალი, სიმაგრედ გაკეთებული, აეღო და მათი დროშა ონისეს დახოცილი ამხანაგების ხროვაზედ ფრიალებდა.