prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ხევისბერი გოჩა — თავი IX

ალექსანდრე ყაზბეგი · პროზა

– IX –

ამ საერთო მხიარულების დროს, როდესაც გუგუას სახლში თავმოყრილთ გულები მხიარულად ყინულზედ გამოსულს უზრუნველს ბატკნებსავით თამაშობდნენ, ონისე პირქვე ეგდო და დამძიმებული, გახურებული თავი ბალიშიდგან ვერ აეღო.

მას სისხლი მოსწოლოდა თვალებში და დროგამოშვებით ბრჭყვიალებით უელავდა, თავი ძალზედ გაჰბრუებოდა და საფეთქლებში თითქოს ჩაქუჩებსა სცემდნენ; ყურებში ხუილის ხმა გაისმოდა და ტანი ცეცხლსავით გახურებული რაღაცა მოუსვენრობაში ამყოფებდა. ჩქარ-ჩქარა და ძალზედ ქშენა აშკარად ამტკიცებდა, რომ რაღაც აწუხებდა და იმის მოშორება თითქოს მკლავების უაზრო წყვეტებით უნდოდა.

ამ მდგომარეობაში მყოფი ონისე ხან მთლად გაცივდებოდა და ხან ცივ ოფლსავე დასხული წამოტრიალდებოდა, წამოჯდებოდა, უსაგნოდ გაუშტერებდა რასმე თვალებს, თავი და მკლავები ჩამოუცვივდებოდა და, ნახევრად ტუჩებგახსნილი, რაოდენსამე ხანს ასე დარჩებოდა.

მერე ისევ მოუსვენრად მიეგდებოდა და თვალწინ დაუწყებდნენ თამაშს სხვადასხვა სურათები, ერთი მეორეზედ უფრო საოცნებო, უფრო გასაშტერებელი, მაგრამ იმათ არავითარი გადასაბამი, შემაერთებელი ნასკვი არ მოსდევდა.

მაგრამ ეს თავდავიწყება იყო წუთისა, რადგანაც ონისემ ერთბაშად დაიკივლა და გაფითრებული ფეხზედ წამოიჭრა. შესდგა, წუთზედ მოიფშვნიტა გახურებული თვალები, რომლებშიაც ეკლებსავით რაღაცა სჩხვლეტავდა და სიტყვებით: „არ იქნების, არ მოხერხდების!“ კარებისაკენ გაქანდა.

- სად მიხვალ? - იქავ შეაყენა ვიღაცას ხმამ და კარების ზღურბლზედ გამოჩნდა გოჩა, რომელსაც ანთებული კვარი ხელში ეჭირა.

- გოჩა! - მოულოდნელობის გამო უკან მოწყვეტით წამოიძახა ონისემ და შესდგა.

მოხუცმა შეჰხედა შვილსა, აათვალიერ-ჩაათვალიერა, შევიდა სახლში და ჩამოჯდა.

- დაიჭი, კედელში გაამაგრე, - გაუშვირა მამამ კვარი, რომელიც ონისემ გამოართვა და ბუხრიდგან გამოშვერილს ჭაჭზედ დადო.

- სად მიდიოდი? - ისევ იმ მბრძანებელის, თუმცა დამშვიდებულის კილოთი გაიმეორა ხევის ბერმა.

- არც-სადა, - ვეღარა მოახერხა-რა ონისემ.

- ეგ პასუხი არაა, - შეიჭმუხვნა წარბები მოხუცმა, რომელსაც უნდობლობა არ უყვარდა.

- ქორწილში ვაპირობდი წასვლას...

- რაიღა ქორწილისაა, ეხლა იქ გალექებული ხალხის მეტი ვინღაა?

- მთები ჩამოთოვლა და ნადირებს ქვევით ჩამოჰყრიდა; ვამბობდი, ქორწილში ვინმე მონადირე იქნებოდა, „ნამგალად“ გავიხდიდი და ნადირობ ერთად წავიდოდით.

ონისემ ეს სატყვები ხელად მოიგონა, რადგანაც მამა ჩასცქეროდა და მას კი გულის გადახსნა არ უნდოდა.

- ბალღო, რას ხუმრობ?

- რაისთვი ვხუმრობ? - მოუთმენლად შეჰხედა ონისემ, რომელსაც გადაჰკიდებოდნენ და აღარ ეხსნებოდნენ.

- ამ ფიფქს თოვლში სანადიროდ საით გაისვლების?.. ზოვმა სადმე ჩაგმარხოს, ის თუ არ გინდა?

ონისემ ერთბაშად ვერ მოიაზრა, რომ ფიფქს თოვლში ნადირობა მართლა საშიში იყო და ამისთანა მოუაზრებლობა, უმიზეზოდ ძალად გაჭირვების თავს მოხვევა გამოცდილს მოხევეს არ მოეწონებოდა.

- რაისთვი? - მოიწადინა შვილმა შეცდომის გასწორება: - ქარი იყო და ქედებზედ თოვლებს აღარ დააყენებდა.

მოხევემ კიდევ შეჰხედა და ცოტა სიჩუმის შემდეგ უთხრა:

- იყუჩე, ბალღო! შენ ცხო რაიმე გაქვს გულში.

- რაი უნდა მქონდეს? - აჩქარდა ონისე.

- არ ვიცი და ამას არცა გკითხავ, - მტკიცედ უთხრა მოხუცმა და დაუმატა: - შენ ისა სთქვი: იცი, ვისი გორისა ხარ?

ამ სიტყვებზედ რიგი ონისეს შეჰხვდა, - გაკვირვებით შეეხედა მოხუცისათვის.

- ჰაი, ჰაი, რო ვიცი.

- აბა, მაშ მაგას ნუ დაივიწყებ, - თითის ქნევით უთხრა მოხუცმა და სწავლების კილოთი გააგრძელა: - ვინძლო ქვეყანა არ გააცინო...

ყმაწვილმა ბიჭმა თავი დაჰხარა, თითქოს დანაშაული იგრძნოვო და ლოყები წითლად აენთო.

- აბა, მაშ წადი, - წამოდგომით გააგრძელა მოხუცმა: - წადი, სადაც გინდა, ოღონდ ჩემს სიტყვებს ნუ დაივიწყებ... გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ და კაცი კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი.

ამ სიტყვებზედ მოხუცმა კვარს ხელი დაავლო და შვილთან ერთად დერეფანში გავიდა. იქ კიდევ შესდგა, შეჰხედა შვილსა, თითქოს რაღაცა უნდოდა ეთქვა, მაგრამ ხმაამოუღებლივ გაბრუნდა და სამყოფო სახლში შევიდა.

ონისე კი რამდენსამე ხანს იმავ ადგილს დერეფანში იდგა და ანგარიშმიუცემლად ადგილიდგან ვერ დაძრულიყო.

იმას ესმოდა, რომ შვილის მდგომარეობას მამა მიმხვდარიყო, მაგრამ სადამდე მიუღწევია ამ მდგომარეობას, მოხუცს ჯერ ვერ გამოერკვია, თუმცა ესმოდა, რომ ეს მდგომარეობა მის სახელსაც შეეხებოდა.

მამა ეუბნებოდა: „გახსოვდეს, ვისი გორისა ხარო“, და სწორედ ამ სიტყვებით აგონებდა იმ მოვალეობას, რომელიც ერთს პირს მთელს სახლობასთან აკავშირებს და მისი საქციელი მთელი ოჯახობის გამაპატიოსნებელი, თუ დამამცირებელი არის. მაგრამ, თუნდ ასეც არ ყოფილიყო, ონისესაც კარგად ესმოდა თავისი ვალი, წუთის თავდავიწყებას საკმაო დანაშაულადა სთვლიდა, ფიცულობდა, რომ აღძრულს გრძნობას გულიდგან აღმოიფხვრიდა და სწორედ ამ წადილმა წამოაძახა:

- წავალ, შევალ ქორწილში... ულვაში მაქვს, ქუდი მხურავს და გულიც უნდა დამმორჩილდეს.

ამ სიტყვებთან ერთად ის გაბრუნდა კიბისკენ, რამდენიმე გადახტომაზედ ჩავიდა ქვევით და მივიდა გუგუას სახლში, სადაც ჯერ კიდევ გაცხარებული ტაშ-ფანდურა და მხიარულება იყო, თუმცა გათენებას უკვე მოეღწია.

ყველანი სიხარულით მიეგებნენ ონისეს, რომელიც მისვლის შემდეგ ყველაზედ მეტს მხიარულებდა, ყველაზედ მეტს მღეროდა, ყველაზედ მეტს ოხუნჯობდა...

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ალექსანდრე ყაზბეგი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.