– III –
დაბნელებულს სენაში, რომელსაც ოდნავ ანათებდა მბჟუტავი კვარი, კასრებსა და ქილებს შუა იჯდა პატარძალი ძიძია თავის რამდენიმე ამორჩეულის მეგობრებით, რომელნიც მის გართობას ცდილობდნენ.
ძიძია იყო თექვსმეტის წლისა, მაშასადამე, ასაკში მოსული ქალი, სრულიად გაშლილი და გადაფურჩქნული, სიტყვით, იმ ხანში, როდესაც ძარღვებში აღელვებული სისხლი ქაფდება, სდუღს და ჩუხჩუხით მომდინარეობს, როდესაც გული მიილტვის რაღაცა ჯერედ უცნობის ბედნიერებისაკენ და თრთოლით შესთამაშებს ყვავილებს და ბუნებას, სიცოცხლე ედემად ეშლება, ცხოვრება სიამოვნების ნექტარს ექადის.
ის იყო ტანადი, ლამაზი, მშვენიერის დაკოკრებულის ლამაზის თხელის ტუჩებით, რომელნიც თითქოს საკოცნელად მომზადებულიყვნენ. თეთრ-ყირმიზს, ატლასის მსგავს სახეზედ დასთამაშებდა მხურვალების ნიშანი ელფერი, რომელიც თავის დღეში გატყაპულს სიწითლედ არ გადადიოდა; მოჟუჟუნე, ლურჯი ცისფერი თვალები მაცდურად უკამკამებდა და გულის გამგმირავს ისართ ისროდა; შავი გრძელი წამწამები გარს მცველებად მოსდგომოდა და წვრილი, ხავერდისებრივი წარბები გრძლად გადასჭიმოდა; სქელი შავი თმა ორს ნაწნავად თეთრ ბროლივით ყელს სუროსავით შემოჰხვეოდა, - სიტყვით, ძიძია ნახატი მშვენიერება იყო და მისი მნახველი ვერ გასძლებდა, არ ეთქვა: „ცხონდეს შენი მშობელიო“.
ძიძიას შეტრფოდნენ ბევრნი, ძალიან ბევრნი, რამდენჯერმე მისი მოტაცებაც კი სცადეს, მაგრამ, როგორც ეტყობოდა, მისი ბედ-იღბალი გუგუა იყო და მას დარჩა.
რაკი გუგუამ თავისად დაასახელა ძიძია, რაკი ქალმაც პირობა მისცა, იმას ისე ადვილად ვეღარავინ გაუბედავდა რასმე, რადგანაც ამგვარს შემთხვევაში გუგუას ხუმრობა არ უყვარდა და მალე დააბნელებდა იმის მზეს, ვინც წინ გადადგომას მოიწადინებდა.
თუმცა ძიძია თხოვდებოდა თავისის სურვილით, თუმცა მოსწონდა თავისი გუგუა და არა ერთი ღამე გაეთენებინა მასთან ჩქარა შაერთებაზედ ფიქრით, არა ერთხელ მოზმანებოდა მისი ლომებრივი, ვაჟკაცის სახე, მაგრამ დღეს, როდესაც ის უნდა გამოსალმებოდა თავის სახლს, მეგობრებს, ჩვეულებას, როდესაც ქალობიდგან დედაკაცობაში პირველი ნაბიჯი უნდა შაედგა, გული როგორღაც აუკანკალდა და წარსული შენანდა.
ამ წარსულს ის კარგად იცნობდა, კარგად ჰქონდა იგი შეთვისებული; ის იყო ყოველთვის და ყველასგან განებივრებული, ყველას უყვარდა, ყველა უალერსებდა და, ვინ იცის, მომავალიც ამასვე მისცემდა?
ქალი ჰგრძნობდა რაღაც ინსტიქტიურს მღელვარებას და ანგარიში ვერ მიეცა თავის თავისთვის. ამ მდგომარეობას მოეპარა მისთვის ფერი, ნაზად გაეცრიცა და ამ ფერს კიდევ უფრო მეტად დაემშვენებინა მისი ანგელოზებრივი სახე.
მეგობრები ანუგეშებდნენ, ეხუმრებოდნენ, როდესაც მოისმა ხმა:
- „ხელისმომკიდე“ მოდის, „ხელისმომკიდე!“ - და ყველანი ზეზედ წამოცვივდნენ. ძიძიამ იგრძნო, რომ თითქოს მას გულში რაღამაც უჩხვლიტა. მთელს სხეულში გაურბინა რაღაცა უსიამოვნო გრძნობამ და ფეხზედ წამოდგომით საჩქაროდ ჩამოიფარა პირბადე.
ოთახში შემოვიდნენ ხაზუა, ვიღაცა მოხუცებული კაცი, ონისე და ყმაწვილი ქალები, რომელნიც შემოეხვივნენ ძიძიას. დაიწყეს გამოსასალმებელი სიმღერა, სადაც საგრძნობელის სიტყვებით ყმაწვილს ქალს თავის წარსულთან და მეგობრებთან ასალმებდნენ და ტირილით და კოცნით თითონაც ესალმებოდნენ.
ბოლოს, შესწყდა სიმღერა, მოხუცმა კაცმა აანთო წმინდა სანთელი, წყნარად გადაიწერა პირჯვარი, მივიდა ქალთან, გამოართვა ხელი, ახსენა ხეური ჯვარ-ანგელოზები დ მიუბრუნდა ონისეს:
- ონისევ! აჰა, ჩაგვიბარებია თქვენთვის ქალი წრფელი და შეურცხვენელი... დღეის ამას იქით შენ აგვირჩევიხარ ამის ძმად. - ამ სიტყვებზედ იმან გადასცა ონისეს ქალის მთრთოლვარე და გახურებული ხელი.
ონისემ რაწამს ამ ხელის მიკარება იგრძნო, როგორღაც შეჰკრთა, დაიბნა და თითონაც გაჟრჟოლდა, თუმცა ამგვარი მდგომარეობის მიზეზი ვერ აეხსნა.
- აბა შენ იცი და შენმა კაცობამ, როგორც დღეის ამას იქით მოუვლი და უპატრონებ... თქვენს სოფელში შენს მეტი პატრონი არავინ ეყოლების, შენ უნდა გაუწიო ძმობა.
- აბა, ღმერთს არ მოეტყუების, რომ თავს დავდებ მაგისთვის.
მოხუცი მივიდა, წყნარად ასწია პირბადე სწორედ იმ დროს, როდესაც ონისე ამბობდა:
- ეგ და - მე ძმა...
მაგრამ სიტყვა ნახევარზედ გაუწყდა, მთლად გათრთოლდა და მთვრალსავით წაბარბაცდა მაგრამ თავი ისევ შეიკავა.
- რაი მოგივიდა? - მიეშველა მოხუცი.
- არც-რა, არც-რა, დამცხა, თავს ბრუ რასმე დამეხვა, - ძლივსღა წარმოსთქვა ონისემ.
- ბევრი თუ არა სვი?.. მაიტა-ღა წყალი, - მიუბრუნდა მოხუცი იქ მყოფებს.
- არ მინდა, შენაი ჭირაიმე, - უპასუხა კაცმა, რომელსაც ქალის ხელი ჯერ კიდევ არ გაეშვა, თუმცა ჰგრძნობდა, რომ ეს ხელი სწვავდა, სდაგავდა მას, უღელვებდა სისხლს და გონებას აფანტვინებდა.
ონისემ მოისვა შუბლზედ ხელი, მაგრად მოიწურა ოფლი, პირდაპირ შეჰხედა ქალს და ხმამაღლა მტკიცედ წარმოსთქვა:
- იყოს თავდებად ზევით ღმერთი და ქვეშ დედამიწა, რომ ძიძია დასავით მეყვარება, გავუწევ ძმობას, მაგისთვის ძმაზედ უფრო მეტი ვიქნები! - ამ სიტყვებზედ ქალის ხელი კიდევ ერთხელ შეჰკრთა, კიდევ წყნარად გაჟრჟოლდა, ერთი შეჰხედა და მაშინვე თავი დაჰხარა. წყნარმა, მაგრამ ძლიერმა ოხვრამ ონისეს სიტყვა გაუწყვიტა პირში და გული მოუსვენრად გაუფართხალა.