– XVIII –
თრუსოს ხეობის გამოსავლელში, სადაც თერგი ვიწრო ხეობიდგან თავს აღწევს და იშლება კობის გადაჭიმულს ვაკეზედ, ოსების უკანასკნელს სოფელს ოქროყანასთან, საკმაოდ ხალხი მოგროვილიყო და მხიარულის სიმღერით დროს ატარებდა.
თუმცა ეს მხიარულება და განუწყვეტელი ყიჟინა ამტკიცებდა, რომ შეკრებილი ხალხი რაღაცა სიამოვნებაში იყო, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ ისინი არც რომელსამე დღეობას შეეყარა, რადგანაც არც ერთი ქალი არ მოჩანდა მათ შორის, და არც რომელსამე სახალხო დროს გატარებას; ყველანი თავიდგან ფეხებამდე შეჭურვილნი იყვნენ და ურიცხვი ბარგაკიდებული ცხენები ჭიხვინით ტოტებსა სცემდნენ მიწას და აქეთ-იქით მოუთმენლად მიიზიდებოდნენ.
ხალხი მოძრაობდა და რაღაცა მღელვარებაში იყო, ეტყობოდათ, რომ აქ დაბინავებას არ აპირობდნენ და მალე გზად უნდა გამართულიყვნენ.
ესენი ამ ლხინში იყვნენ, როდესაც თრუსოს ხეობის ხვეულს ბილიკზედ კორიანტელი ავარდა და მომღერლების ყურადღება მიიქცია.
ყველანი გაჩუმდნენ, გაიშალნენ და იმ ადგილს დაუწყეს ყურება, საიდგანაც მოჩანდა მტვერი. მტვერი თითქოს მოძრაობდა, ადგილს იცვლიდა და შეკრებილს ხალხს თანდათან უახლოვდებოდა.
აშკარა იყო, რომ რამდენიმე მხედარი ცხენებს მოაჭენებდა, მაგრამ ცხენების ფეხით ავარდნილი მტვერი და გზის ნაპირას მყოფი ქვები მაყურებელთ უშლიდა მომავალნი დაენახათ. ცოტა ხანმაც ამ მდგომარეობაში გაიარა და ერთს ჩამოლესილს კლდის ნაპირზედ, ერთბაშად, თითქოს მიწიდგან ამოიზარდნენო, გამოჩნდა რამდენიმე ცხენოსანი.
ამ ადგილს ბილიკი ისე ვიწრო იყო, რომ გეჩვენებოდათ, თითქოს მომავალნი კლდიდგან ცხენებს გადმოხტომას უპირებენო; ისე ჰქონდა კლდეს ცხვირი წამოწვდილი, რომ მომავალთა სურათი ცის ტატნობზედ იხატებოდა, მედიდურს და გულისშემტაცებს ოცნებად მოგეჩვენებოდათ და გასურვებდათ მათთვის თვალი არ მოგეშორებინათ, მაგრამ სწრაფად გამოჩენილები სწრაფადვე ჩაიმალნენ ამაღლებულს ქედის უკან, ისე, თითქოს წუთზედ ამოჩენილნი წუთზედვე მიწამ ჩანთქაო.
თუმცა ამ სურათის ცვლილება წუთზედ მოხდა, მაგრამ შეყრილის ხალხისათვის ეს მცირე ხანიც საკმარისი იყო, რომ მგზავრები ეცნო.
- ნუგზარაი, ნუგზარაი მოდის! - დაიძახა სიხარულით ხალხმა და სიამოენების ღიმილმა გაურბინა პირისახეზედ.
დიაღ, ეს გახლდათ ნუგზარი, რომელიც მოაჭენებდა თავის ერთგულის ოსების ურდოსკენ, სადაც პირობისამებრ ისინი უნდა მოგროვილიყვნენ, აქ შეერთებოდნენ მთიულებს და საერთო ძალით ხევზედ გალაშქრებულიყვნენ.
სიტყვა არ უნდა, რომ იმათ გულით უნდოდათ გადახდევინება იმ ხალხისა, რომელიც მათსა და ქისტეთს შუა სოლსავით შეჭედილიყო და დამეზობლებულ ხალხთათვის საშუალება მოესპო, გადაუხდევინებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს დასცემოდა.
ოსებს უნდოდათ გასრესა იმ ხალხისა, რადგანაც, შუაში შეჭრილი, ყოველ მხრივ მტერშემორტყმული თავშეუწყვეტლივ იცავდა საქართველოს ალაყაფის კარს და მარჯვნივ თუ მარცხნივ მამულის სადიდებლად ბასრს გორდას იქნევდა.
რაღა თქმა უნდა, რომ ნუგზარის მიშველება იმათ წადილს ეთანხმებოდა და ამ ბრძოლის შემდეგ ისინი იმედობდნენ, რომ ფართო ასპარეზი დარჩებოდათ თავისუფალის ავაზაკობისათვის.
ოსებს ძალიან გაეხარდათ ნუგზარის დანახვა, მაგრამ მისგან ისე ცოტა ხალხით მოსვლა მაყურებლებს მეტად აკვირვებდა, რადგანაც ნუგზართან ერთად მთიულებსაც მოელოდნენ; ოსებმა სრულიად არა იცოდნენ-რა მთიულების შინ დაბრუნებისა, რადგანაც უკანასკნელები პირდაპირ ლომისის მთაზედ გადასულიყვნენ და ოქროყანას მოგროვილ ოსებს ვეღარ შეხვდებოდნენ.
- მარტო რად მოდის? საკვირველია, ღვთის მადლმა! - იძახდნენ ოსები, მაგრამ ისევ მალე მშვიდდებოდნენ ზოგიერთების პასუხით:
- ალბად ჯარი უკან მოდის და ეგ კი თავდარიგის მისაცემად წინ წამოსულა.
ამ სიტყვების შემდეგ ოსების ურდოდგან განცალკევდა რამდენიმე გამორჩეული მხედარი, ამხედრდა და თავსბრუ დამხვევის სისწრაფით ნუგზარის მისაგებებლად გაჰქუსლა.
ყველანი მიაჭენებდნენ სიმღერით, თოფის სროლითა და ყიჟინით და თანდათან უახლოვდებოდნენ ერისთავს, რომელსაც ამხანაგებთან ერთად მთის ბილიკებიდგან ჩამოსვლა მოესწრო და გათქვირებულს ცხენს, მთლად ოფლში გაქანებულს, მოაქროლებდა.
ოსები და ნუგზარ გაექანნენ ერთმანეთისკენ და ცხენებს ჯილავი მხოლოდ მაშინ მოსწიეს, როდესაც მათი შუბლები თითქმის ერთმანეთს შეეხო. პირდაღრენილი ცხენები უკან მოაწყდნენ, უკანა ფეხებით ჩაიჩოქეს და გაქვავებულსავით შესდგნენ.
- და ფანდაგ რასტ! (გზა მშვიდობისათ) - მიესალმა ნუგზარ და პასუხად მიიღო:
- და ყუტა რასტ!
- სხვა?!. როგორა ხართ, რასა იქთ?
- კარგად ვართ, ღვთისა და შენის წყალობით.
- ჯარი მოგროვდა?
- მოგროვდა; ყველანი იქ არიან, - უპასუხა ერთმა, რომელიც მოსულს ოსებში თაობდა.
- ხომ არავინ დაჰკლებია? - მზრუნველობით კითხულობდა ნუგზარ და ცდილობდა მხიარულად სჩვენებოდა, თუმცა შუბლი შესჭმუხვნოდა და პირისახეზედ მწარე დუმილის ბეჭედი დასტყობოდა.
- თუ კი შენ დაუძახებ, უარს ვინ იტყვის? - მოუქასურა ოსმა და დაუმატა: - ყველანი აქ არიან, შენი ჭირიმე, ყველას შენი სამსახურისთვის თავი გადაუდვია.
ნუგზარს სიამოვნების ნაპერწკალმა გაურბინა გულში, სახე რაოდენადმე გაუღიმდა, მაგრამ მაშინვე ისევ გაფითრდა, შუბლი შეიჭმუხვნა.
- მადლობელი ვარ, მადლობელი, ჩემო ნავრუზ!
- აბა, რა მადლობას მიბრძანებ, შენი ჭირიმე, შენი სამსახურის ღირსიც კი არა ვართ, არა, ჩემმა მზემ!.. არა, ბიჭებო? - მიუბრუნდა ოსებს.
- ჰაი, ჰაი, რო აგრეა, - დაუმოწმეს სხვებმა.
ნუგზარ გაჩუმდა, რადგანაც მისი გონება მეტად სატანჯავს საგანს დააკვირდა, მისი მდგომარეობა ადვილი არ იყო, რადგანაც ოსების გულადობა მხოლოდ მთიულების დაამხანაგების გამო წარმოსდგებოდა და კარგად იცოდა, რომ, თუ იმათ მოშორებას თრუსოელები გაიგებდნენ, მათი დაჭერაც ძნელი-ღა იქნებოდა.
მაშ როგორ მოქცეულიყო, რომ ოსები არ შემოჰფანტოდა და მათზედ გავლენა არ დაეკარგა, როდესაც ეს უკანასკნელები ჭეშმარიტებას შეიტყობდნენ? ეთქვა ყველაფერი პირდაპირ, თუ დროსთვის მოეცადნა?
აი, ეს იყო ის მწარე ფიქრები, რომელთ გადაწყვეტასაც ნუგზარის მთელი არსება შეეპყრო და, ყოველთვის ამაყად მოსაუბრისთვის, დღეს პირში სიტყვა გაეწყვიტა.
- მართლა, შენი ჭირიმე, სულ არ დამავიწყდა! - დაიწყო ნავრუზმა.
- რაი ამბავია? - მოკლედ იკითხა ნუგზარმა.
- ლეკებში გაგზავნილი კაციც დაბრუნდა!
- დაბრუნდა?! სად არის? მიჩვენე ჩქარა! - მოუთმენლად წამოიძახა ნუგზარმა და თვალები გაუბრწყინდა.
- იქ, ბინაზედ არის.
- რა ამბავი მოიტანა?.. მითხარ, მითხარ ჩქარა!..
- ლეკებიც ამაღამ გადმოვლენო, - უთხრა ოსმა და ნუგზარი სიხარულით აინთო.
- მართალს ამბობენ, მართალს?! - დაფანტვით მივარდა ოსს, მაგრამ საჩქაროდ თავი შეიკავა, გასწორდა, გაიმართა ცხენზედ და კბილების ღრჭიალით წარმოსთქვა: - ახლა კი მე ვიცი.
ამ წუთის შემდეგ ნუგზარ ისევ გამოიცვალა და თუ წეღან რაღაცა მოლბობილი და თავმდაბლობის კილო გამოითქმოდა მის საუბარში, ეხლა სრული მბრძანებელი შეიქნა.
- მაშ გავწიოთ ბინაში და ხვალ მოხევეთა მზე დავაბნელოთ! - ეს წარმოსთქვა, შეიბერტყა, გასწორდა ღა გაათამაშა ცხენი მათრახის შემოკვრით. წუთს შემდეგ ისინი ოქროყანის ბანაკში გაჩნდნენ და ნუგზარ მბრძანებლობდა სრულის თავის მედიდურობით.