prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ხევისბერი გოჩა — თავი XI

ალექსანდრე ყაზბეგი · პროზა

– XI –

გაიარა ბნელმა და გულჩათხრობილმა ზამთარმა და მასთან ერთად გაქრა სევდის ამშლელი ტყვიის ფერი ღრუბელი, რომელიც მწუხრის ზეწარსავით აბნელებდა მთის წვერებს და ხევებს. მასთან ერთად გაჰქრნენ ჩრდილოეთის ცივი ქარებიც, რომელნიც ბაიყუშურის ზუზუნით გაყინულს თოვლს აყრიდნენ დედამიწის გაცოცხლებულს სურნელოვანს ფარდაგს და სულშეხუთულს ახმობდნენ, ფშვნეტდნენ და მტვრად აქა-იქ აბნევდნენ.

ბუნება შეიცვალა: მოუსვენარი ზუზუნა ქარების ადგილი წყნარად მრხეველმა ნიავმა დაიჭირა, მიწა შეთბა და მოაცოცხლა მცენარენი, ბალახმა იგრძნო თავისი ძალა, წამოიწია და თეთრად გადაფარებული თოვლის სუდარი ჯერ დედამიწას ააშორა და მალე, მზის დახმარებასთან ერთად, წყლად აქცია და ქვევით ხევებში ხრიალით და უგზო-უკვლოდ გააქანა. მძიმე, უსიამოვნო ტვირთისგან განთავისუფლებულმა კავკასიის მთებმა თითქოს თმები შეიბერტყეს და დამასევდიანებელის ყინულის მაგიერ მწვანე ხავერდი გადაიფარეს.

გაიღვიძეს ყვავილებმა და ნაზად თავის გადაგდ-გადმოგდებით დაუწყეს ერთმანეთს არშიყობა. გაშმაგებული მზის სხივი მოუსვენრად ჰლამობდა მათის მშვენიერებით დატკბობას, მაგრამ მდელოთ კეკლუცნი მორცხვად პირს არიდებდნენ. მარტო დაუსვენარს ფუტკარს ვერ ემალებოდნენ და ნებას აძლევდნენ სურნელიანი ფერფლი მოეკრიბა თავის ნაზის, რბილის, ბუსუსიანის ფეხებით და გაშმაგებულს ამოეწოვა აქ სანეტარო ნექტარი.

დილის ნამი მარგალიტსავით ესხმებოდა სიცოცხლით სავსე მწვანე ფოთლებს და მზისგან მეტად გახურებულს მცენარეთ რაოდენადმე აგრილებდა.

ჰაერში გაისმა გალობა და ჭიკჭიკი ფრინველებისა, რომელთაც მთელი სამოთხის ნეტარება მოელოდათ; ტკბილის ძახილით მოუსვენრად იწვევდა ამხანაგი ამხანაგს ამ ნეტარებისთვის. ყველა გაცოცხლებულიყო, ყველას გული სცემდა და მიიბრძოდა ტოლთან საფართხალოდ.

ბუნების ამ საერთო მეჯლიშს დაჰყურებდა ონისე, რომლის გულსაც ჯერ გაზაფხული არ სწვეოდა და ზამთრის ღრუბელსავით ნისლმოხვეული მწარედ ჩაბნელებულიყო.

ყველასთვის ტკბილი, გასახარებელი იყვნენ ეს მედიდური სურათები, მაგრამ ონისეს გულს კი მარტო ნაღველს აწვეთებდნენ და სიტკბოების მაგივრად ძირმწარეს აპკურებდნენ.

ონისე ოხრავდა, ჰქშინავდა, მოსვენება ვერ ეპოვა და დაჭრილს ლომსავით გამედგრებული გმინვით დადიოდა მთა-ბარად.

ისა სწუხდა და ღონდებოდა, უნდოდა თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო, უნდოდა თავიანთი ანკარა წყაროს ჩუხჩუხი გაეგონა, რადგანაც სხვა ქვეყნის წყალის არამც თუ გემო, არამედ ხმაურობაც კი ისეთს მოალერსედ აღარ ეჩვენებოდა, როგორც ვეფხსავით გააფთრებულის, კლდიდგან კლდეზედ მხტუნავის თერგისა.

ონისეს ეხლა თავის ქვეყნის იმ ადგილების ნახვაც კი სანეტაროდ გაჰხდომოდა, რომელნიც უწინ თვალდასანახად ეჯავრებოდა, მაგრამ თავის მხარეში მიბრუნება ვერ გაებედა, რადგანაც ეშინოდა, ღონეს არ ეღალატნა და მამის სიტყვები: „იცი, ვისი გორისა ხარ?.. ქვეყანა არ გააცინო“, რომელსამე უცაბედო შემთხვევას არ გადაევიწყებინა.

ონისეს იმედი ჰქონდა, რომ ძიძიასთან დაშორება გულის ცეცხლს გაუქარვებდა; ამავე აზრით ეარშიყებოდა თუშის ტანად ქალებს; იმედი ჰქონდა, რომ მათი ალერსი დააკმაყოფილებდა, მაგრამ რაწამს ტკბილს სიტყვას ვისმე ეტყოდა, რაწამს მიუახლოვდებოდა რომელსამე თვალჟუჟუნას, მაშინვე ძიძია მაცდურად დაებადებოდა თვალწინ და კეკლუცის, ჭკუის ამრევის ღიმილით დაუწყებდა ცქერას; დაუწყებდა ცქერას, აღუშფოთებდა სისხლს, გულს, მთელს არსებას. ის შემოსცინებდა და ამ ღიმილში გამოიხატებოდა სიტყვები: „თავს უბრალოდ აწყვეტ, ვერსად წამიხვალ“. და ეს საკმარისი იყო, რომ ანგელოზის სახე ონისეს ეშმაკად მოსჩვენებოდა.

ამგვარად ატარებდა ონისე დროსა და უიმედოდ, უბრალო ბრძოლაში ჰლევდა ყმაწვილკაცობის გრძნობას და ცეცხლსა.

ძნელი და მწარე იყო მისი ცხოვრება, მაგრამ მაინც ყოველთვის მისი ფიქრები ერთისა და იმავე გადაწყვეტილებით თავდებოდა და ეს გადაწყვეტილება იყო, რომ ძიძია არ უნდა ჰყვარებოდა და უნდა დაევიწყა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ალექსანდრე ყაზბეგი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.