prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ხევისბერი გოჩა — თავი XXIII

ალექსანდრე ყაზბეგი · პროზა

– XXIII –

ონისე თავგადაგლეჯილი მირბოდა თავქვე და გონებადაფანტულმა აღარ იცოდა, რა უნდა ექნა.

მტრის ლაშქარს აეღო მოხევეთ პირველი სანგალი და მისი დამცველნი თითქმის მთლად გაეწყვიტა. საცოდავი ჰგრძნობდა, რა ძვირად დაუჯდა წუთის თავდავიწყება, რომლის გამოც იმდენი მამაცი ბედის უცდელად, ბიჭობის გამოუჩენლად შეიმუსრა, და სინიდისის ყვედრებამ მწარედ დაუწყო ტანჯვა. გონება სინანულის მეტს ვეღარაფერზედ ვეღარას ფიქრობდა და დაძმარებულს გულს კი უწყალოდ რაღაცა ჰკუწავდა და ანადგურებდა.

ის გარბოდა და პირისახე გიჟს დამსგავსებოდა; ქუდი მოხდოდა, თმა ასწეწიყო და ტანისამოსი არეოდა. ამღვრეულს თვალებს თუმცა უნუგეშოდ, მაგრამ როგორღაც უცნაურად აქეთ-იქით ატრიალებდა. კაცი ვეღარ იტყოდა, იმ წუთში რას გამოსთქვამდა მისი სახე, რადგანაც მისი აზრის ტრიალი ელვასავით მკვირცხლი იყო და წუთზედ ათას რიგად იცვლებოდა.

ის მირბოდა გამარჯვებულის მტრის რაზმისკენ, რადგანაც გონება პირველი აზრის გაელვებას შეეპყრო და მხოლოდ იმას მოჰყავდა მოძრაობაში საკუთარს წადილს მოშორებული მოხევე. ეს იყო სიკვდილის წადილი და სიკვდილი უეჭველად იმ ხელით, რომელმაც მისი ამხანაგების სიცოცხლე გააქრო, იმ მახვილით, რომელიც მისი მეზობლების უბრალო სისხლით შეღებილიყო.

ის იყო ონისე იმ ჭალაში ჩავიდა, სადაც გამარჯვებული ოსები მხიარულის ვარაიდათი ფეხქვეშ ჰქელავდნენ მამულის დამცველთ პატიოსანს გვამებს და აპირობდნენ თავიანთ ბანაკისკენ გაბრუნებას, როდესაც წინ შეეფეთა რამდენიმე მოხევე, აღებულის სანგალის გუნდიდგან გადარჩენილნი.

- ვინა ხარ? - ერთბაშად ონისეს წინ გადაეღობნენ მოხევენი, რომელთაც თოფის ტუჩები დაადეს გულზედ.

- მე ვარ! - გაბრაზებით, მაგრამ თითქმის ტირილით შესძახა ონისემ, - მესროლეთ, მომკალით!.. მადლია თქვენთვის!

- აბაიმე, ონისე! - წამოიძახა ერთმა და ყველამ თოფები ჩამოუშვეს.

- მადლი უფალს, ცოცხალი გადარჩენილხარ, - დაუმატა მეორემ.

ონისემ დაღონებით შეჰხედა, მაგრამ მაშინვე თვალები ელვასავით გაუბრწყინდა: იმას ეგონა, რომ მოლაპარაკემ იცის მისი საქციელი და დასცინის, მთლად აენთო და იწოდა უხილავის ცეცხლით, რომელიც მით უფრო ძნელი იყო, რომ არ დარჩენოდა სახსარი, სადაც ძალზედ არ აღგზნებიყო და თავისი ძალა არ ეგრძნობინებინა.

- მომკალით, ღირსი ვარ, მომკალით!.. ღთის მადლსა, ნუღარ დამინდობთ! - ემუდარებოდა ონისე და მდუღარება გადმოსდიოდა, - მომკალით, გეუბნგეუბნებით, მადლია თქვენთვის!.. თუ დაბრმავდით, რომ ვაჟკაცი დიაცივითა ვტირი!..

მოხევეები გაშტერებულნი შეჰყურებდნენ ონისეს და ვერ მიმხვდარიყვნენ მის საქციელს.

- მაშ აღარ გებრალებით, აღარა?!. გინდათ ასე ვეწვალო?! მოსტყუვდით, ღთის მადლმა! ეგრე არ იქნების... ონისე ქვეყნად აღარ ივლის, მტერს არ გააცინებს!.. გიხარიანთ, გიხარიანთ განა?! ჰა, ჰა, ჰა, ჰა! - მწარედ გაიხარხარა ონისემ და გაჰქანდა მტრის ბინისკენ.

პირველის გაშტერების შემდეგ, იქ მყოფნი მოხევენი გონს მოვიდნენ, გამოეკიდნენ ონისესა და დაიჭირეს.

- სად მიხვალ, რას სჩადი, ბეჩაუ!.. გონთ-გამოსულხარ, თუ რაია?!. - ეუბნებოდნენ ონისეს, რომელიც ძალზედ იბრძოდა და ცდილობდა გაშვებინებოდა.

- რაი გინდათ, რად მიჭერთ?.. სადაც ამხანაგები დამილიეს, მეც იქ უნდა ჩავეკაფვინო... მაშ, თუ ეგრეა, თავად მოვიკლამ თავსა! - წამოიძახა ონისემ და ჩახმახწამოყენებულის დამბაჩის ლულა პირში მიიცა, მაგრამ ვიღამაც ხელიდგან გამოსტაცა და სიკვდილს ასე გადაარჩინა.

იქ მყოფთ ეგონათ, რომ ონისე მეგობრების გაწყვეტას აერია და, რადგანაც გონს ვეღარ მოეყვანათ, ამისთვის აჰყარეს იარაღი, შეჰკრეს და თან წაიყვანეს.

- უღმერთონო, რას მემართლებით? - გულსაკლავად წარმოსთქვა ონისემ და ჯავრისაგან გამოწვეული მდუღარე გადმოედინა: - რაი გინდოდათ, მოვეკალი... ჩემი სირცხვილი თქვენ რას შეგმატებთ?

კიდევ ბევრსა ლაპარაკობდა ონისე, რომელიც თანდათან სუსტდებოდა და წყნარდებოდა, მაგრამ იმას ყურს აღარავინ უგდებდა, რადგანაც ყველანი საშიშ მდგომარეობაში იყვნენ და იმ ადგილისკენ მიესწრაფებოდნენ, სადაც გოჩა დანარჩენის ხალხით გამაგრებულიყო.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ალექსანდრე ყაზბეგი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.