– XXVII –
ხალხი დაწყნარდა; დაასაფლავა თავიანთი დახოცილები, მაგრამ ჯერ არ იშლებოდა, თუმცა დარწმუნებული იყო. რომ ნუგზარ ასე მალე ვეღარ მოუბრუნდებოდა და საკმაოდ დაფრთხობილს ოსებს ისე ადვილად ვეღარ დაიყოლიებდა მოხევეებზედ გასალაშქრებლად.
ამ გორაკის ერთს ადგილას რგვალად შემოწყობილს ქვებზედ მოგროვილიყვნენ თემისა და ჯარის თავები. იქვე მოსულიყვნენ დეკანოზი სასოფლო დროშებით და ხევის ბერს გოჩას გარს შემოჰხვეოდნენ. ეს წრე მხოლოდ ერთის მხრით იყო გახსნილი და იქ დანარჩენი ხალხი მოგროვილიყო. ყველას პირისახეზედ რაღაცა ჭმუნვარება ეტყობოდა; კაცი ვერ გაარჩევდა, ეს იყო გლოვა თავიანთ დაკლებულობისა, თუ რომელიმე უსიამოვნობის მოლოდინი.
გოჩას და მასთან ერთად თემის უფროსებს თავები ჩაეკიდათ და ხმაამოუღებელნი რაღაცა ფიქრს ეძლეოდნენ. მეტისმეტი მძიმე მდგომარეობა იყო, სურათი შავად და ბნელად მოცულიყო, მაყურებლის გული ჰკვნესოდა მოლოდინით.
ერთბაშად გოჩამ აიღო თავი და იქაურობას სევდიანი თვალი მოავლო. ონისე, რომელიც ხალხში იდგა და გოჩას შეჰყურებდა, გაჟრჟოლდა, თვალი ვეღარ გაუსწორა მოხუცს და თავი დაჰხარა.
გოჩა დააკვირდა ონისეს, მაგრამ ჩქარა ისევ თვალი მოაშორა და წყნარად, მაგრამ მტკიცედ წარმოსთქვა:
- მოიყვანეთ დამნაშავენი.
ხალხი შეინძრა, გაიპო ორად და თემისაგან არჩეულის მსაჯულების წინ წარსდგნენ ორი ოსი და გუგუა.
ხალხი ცახცახით უყურებდა ამ სურათს და მოელოდა იმ წუთს, როდესაც უზენაესის უფლება უნდა მიეღო და ვინ იცის რა უნდა გადაეწყვიტა.
- გაუხსენით ხელები, - ბრძანა გოჩამ და მისი ბრძანება მსწრაფლად აღსრულდა.
ამის შემდეგ გოჩამ, ხევის ბერმა, იდაყვი დაიდო მუხლზედ. ხელით თავი მიიბჯინა და, მთლად სმენად გადაქცეული, ისე დარჩა.
თემის თავებიდგან ყველაზედ უფროსი წამოდგა, გავიდა შუა ადგილას, დაიჩოქა და წარმოსთქვა:
- ხალხო და ჯამაათნო!.. სმენა იყოს და გაგონება... აი. თქვენს წინა სდგას ორი ოსი... ექვსი წელია მას შემდეგ, რაც ესენი ჩვენს თემობაში მოვიდნენ, შეგვაბრალეს თავი და შეგვატყობინეს, რომ თავიანთ ხალხში აღარ ეცხოვრებათ, რადგანაც კაცი შემოჰკდომოდათ და სდევნიდნენ... ჰაი, ჰაი, რომ ნებისნებად კაცის სიკვდილი არ ვარგა, ცოდოც არის, მაგრამ როცა კაცს გაუჭირდების, არამც თუ ცხოსა, თავსაც კი მოიკლავს ხოლმე...
კაცის შემოკდომა უბედურებაა და უბედურები ითხოვდნენ ხევისაგან ლუკმა პურსა და თავშესაფარსა... ხევი ჩვეული არაა სტუმარს დაემალოს, მთხოვარაი არ განიკითხოს; ხევმა მისცა მათ ბინა, აუშენა სახლი, დაუთმო სახნავები, ხევმა იძმო და მოსვენებული ცხოვრება მისცა... ამათ რითი-ღა გადაგვიხადეს მადლობა?.. ჩვენს მტერს უჩვენეს მოსავლელი ბილიკები, ჩვენს ჯარს მოულოდნელად თავს წამოაყენეს და ვინც ამათ ლუკმა მიაწოდა, საკიდელი ჩამოაკიდებინა, ისინი ღალატით გააწყვეტინეს... რას იტყვით, ხალხო და ჯამაათნო!.. ყველა შეგატყობინეთ, ყველა გაგაგებინეთ, სახუმრო არ არის კაცის სიკვდილი.
მოხევე წამოდგა, დაუკრა ყოველს მხარეს თავი და თავის ადგილას დაჯდა.
- იმართლეთ თავი, თუ შეგიძლიანთ, - წარმოსთქვა გოჩამ, რომელსაც მდგომარეობა არ შეუცვლია.
მაყურებელნი მოუსვენრად ტოკავდნენ, მაგრამ საქმეში კი არ ერეოდნენ. ოსების დანაშაული მეტად აშკარა იყო, რომ კიდევ თავის მართლებას მოჰყოლოდნენ და ამისთვის დაეცნენ მუხლებზედ და ტირილით ეხვეწებოდნენ პატიებას, მაგრამ მსაჯულნი მათ მუდარისადმი ყრუდა რჩებოდნენ. ისინი შეჯგუფდნენ გოჩასთან, ცოტა ხანს რაღაცა არჩიეს და ისევ თავთავიანთ ადგილას დასხდნენ. ცოტა სიჩუმის შემდეგ, გოჩამ აიღო თავი და წარმოსთქვა:
- ორნივ ჩაქვავდეს!
ამ სიტყვებმა ხალხში ჟრიამულად გაირბინა და ოსებს ფერი სრულიად დააკარგვინა. ერთი მათგანი მიუახლოვდა გოჩას, რომელმაც გადაწყვეტილების წარმოთქმის შემდეგ ისევ თავი ჩაჰკიდა და ღრმა საგონებელში წავიდა.
- გოჩავ, გემუდარები: - დაიძახა ოსმა: - ყმად გაგიხდები, ოღონდაც დამიხსენ.
- ჩაქვავდეს! - იმავ ხმით გაიმეორა გოჩამ.
- მაშ უნდა მომკლან, ჩამაქვაონ?! - დაიძახა ოსმა და ფეხზედ წამოვარდა: - დეე მომკლან, მაგრამ შენც აღარ გაცოცხლებ!
ამ სიტყვებთან ერთად, ოსის ხელში გაიელვა ხანჯალმა, რომელიც ჩოხის ქვეშ ჰქონოდა დამალული. ხალხი ერთბაშად მიაწყდა იმ ადგილს, ბურთსავით შეიკუმშა და როდესაც გაიშალა, გოჩა ისევ ისე მედიდურად იჯდა! ადგილიც კი არ შაეცვალა მოხუცს მხოლოდ ზიზღი აღძროდა თვალებში, რომელნიც იქავ ჩახოცილს ოსებს დაჰყურებდნენ.