prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ხევისბერი გოჩა — თავი XXI

ალექსანდრე ყაზბეგი · პროზა

– XXI –

ონისე გასვლის უმალ გაემართა ნაროვანისკენ, სადაც მთის ბილიკებზედ უნდა გასულიყო და თავისი გუნდის უფროსის ბრძანებით მტერზედ თვალი დაეჭირა და მათი მოახლოვება დროზედ შვეტყობინებინა.

ის მიდიოდა ჩვეულებრივის სიფრთხილით, როდესაც მის წინ რაოდენიმე მანძილზე ქვა ვიღამაც შეანძრია. ონისე ვეფხვივით გადახტა გზას იქით, ამოესაფრა ქვასა და ღამის მშვიდობიანობის დამრღვევს მოელოდა.

კარგა ხანმა გაიარა, სანამ ხვეულს ბილიკზედ გამოჩნდებოდა ვინმე, მაგრამ ფეხის ხმა, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა, აშკარად ესმოდა. წუთიც და გზაზედ ქალი და კაცი გამოჩნდა, რომელთაც ერთი დატვირთული ვირი მოჰყვანდათ. აშკარად ეტყობოდა, რომ ესენი მწყემსები უნდა ყოფილიყვნენ, რომელთაც მთიდგან ჯარისთვის ყველი მოჰქონდათ.

ონისე დარწმუნდა, რომ მომავლები მოხევენი უნდა ყოფილიყვნენ და ის იყო თავის საფარიდგან გასვლას აპირობდა, როდესაც აშკარად გაიგონა თავისი სახელი და სული განაბა.

მომავლები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და თითქოს მათ შორის უკმაყოფილება ეტყობოდა.

ორნივ გაუსწორდნენ ონისეს და დასასვენებლად ქვაზედ ჩამოსხდნენ.

- ქალაუ, - დაიწყო კაცმა, - ღვთის მადლმა, რომ მეტი მოთმენა აღარ შემიძლიან... ჩამოვდნი, დავილიე შენის ლოდინითა და შენი გული ვერ გალხვა.

- რაი ვქნა, თუ კი არ მიყვარხარ.

- ვითმენდი და აბა... აქამომდის ზღვას დააშრობდა, რაც გულში ცეცხლი მენთების... მომკვდარვიყავ მაინც, გზა მოგეცემოდის.

- რაისთვი თავს არ მანებებ!.. რაი გინდა ჩემგან? ძალად ხომ ვერ შეგიყვარებ?

- თავი საით დაგანებო? ცოლი ხარ, ქვეყანაში მეც ქუდი მხურავს.

- მაშ რაი გიყო?

- რაი მიყო და ცოლობა უნდა გამიწიო.

- კარგი-ღა, ღვთის მადლსა, ბიჭაუ!.. გითხარ არ მიყვარხარ-მეთქი და გათავდა!

კაცი გაჩუმდა რაოდენსამე ხანს და თავჩაკიდებული იყო. შემდეგ წყნარად წამოიხედა, მისი თვალები ელვარებდნენ.

- იყუჩე, ქალაუ!.. შენი თავი მაინც შეიბრალე, თუ მე აღარ გებრალები.

ქალმა შეჰხედა და მხრების აწევით უპასუხა:

- შესაბრალებელი რაი მაქვს! მომკლავ და გული დამშვიდდების...

- მაშ აღარ იქნების?.. არც როდის არ დამიბრუნდები, არ შემიყვარებ?

- არა.

კაცმა ხანჯლის ტარს გაივლო ხელი, მაგრამ ისევ თავი შეიკავა.

- მაშ იმისი უნდა იქმნა?.. გგონია, რომ დაგანებებ?.. დაგითმობ იმას?.. ღვთის მადლმა, შენც მოგკლავ, იმასაცა, ჩემს თავსაც ზედ დაგაკლავთ და შენით კი არვის ვახარებ.

- აი, მომკალ!.. ცხვებს რაისთვი ექადი, რას ემართლები! - ქალმა მიუშვირა მკერდი და სიბრაზისაგან აღგზნებულის თვალებით დაუწყო ყურება.

კაცი აიმღვრა და წამოვარდა.

- მაშ სიკვდილი გინდა?.. კარგი, მოგკლავ, მაგრამ მოგკლავ მაშინ, როდესაც ონისეს თავს მოგიტან...

ამ სიტყვებით კაცი გადახტა გზას იქით და უგზო-უკვლოდ ონისეს ბინისკენ თავქვე დაეშვა. ქალმა დაიკივლა, მივარდა იმ ადგილს, სადაც კაცი ბეგობას გადაეფარა და მწარედ შესძახა:

- გუგუაუ, გუგუაუ!.. ნუ დამღუპავ, რას ჩადი!.. ვაიმე დაღუპულმა! - წამოიძახა იმან და გაქანდა ფრიალო კლდისკენ.

ის-იყო მიუახლოვდა კლდის ნაპირს და გადავარდნას აპირობდა, როდესაც ვიღამაც ხელი გაავლო და გულში ჩაიკრა.

ქალმა მოიხედა და ღონემიხდილმა ძლივს-ღა წარმოსთქვა:

- ონისე! - და კაცის ხელებზედ მიელუშა...

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ალექსანდრე ყაზბეგი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.