prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ხევისბერი გოჩა — თავი IV

ალექსანდრე ყაზბეგი · პროზა

– IV –

ონისემ იგრძნო, რომ მას ზღვასავით მოაწვა აღელვებული სისხლი, რომელიც ჩუხჩუხით ხან გულისკენ გაქანდებოდა და აატოკებდა, როგორც ზღვის ზვირთები უიალქნო ნავს, ხან თავს ეძგერებოდა და ნისლსავით ეხვეოდა, უბნელებდა თვალებს და გონებას.

ყმაწვილი ბიჭი ჯავრობდა თავის თავზედ, ჯავრობდა, რომ აღძრული გრძნობა ვეღარ შეემაგრებინა, ავარდნილი გული ვეღარ შეეყენებინა, ცდილობდა ქალისთვის დასამშვიდებელი სიტყვა რამ ეთქვა, მაგრამ პირგამშრალი, თითქოს ყელში რაღაცა გახირებიაო, ენას ვეღარ იბრუნებდა. იმან საუკეთესოდ დაინახა, მალე მოშორებოდა იმ საფრთხეს, სადაც მისი არსება ასე სწრაფად იქმნა დამორჩილებული, გული ასე მოულოდნელად გაქელილი.

ონისე გამოეთხოვა ქალსა და გავიდა სამყოფო სახლში, სადაც დანარჩენი სტუმრები მხიარულობდნენ: ყმაწვილი ბიჭები ერთმანეთს ებაასებოდნენ და მოხუცი ხალხი კი საქართველოს მომავალს მდგომარეობაზედ ლაპარაკობდა.

ჩქარა მოიტანეს „სიფროები“, გაავსეს „ფუნთუშებით“ და მოვლილის ჭედილების მსუქანი ხორცით.

რადგანაც ეს ამბავი ზამთარში ხდებოდა და იმ ღამეს კი თოვლი მოდიოდა, ამისთვის ყველანი ჩქარობდნენ, რომ პურის ჭამა მალე გაეთავებინათ და შინ დაბრუნებულიყვნენ, რათა ჩამოსულს ზვავებს სადმე გზა არ შაეკრა და ახალ ჯვარდაწერილები გარეთ ცის ქვეშ არ დარჩენილიყვნენ.

საყველაწმინდო თასმაც ჩამოიარა; გვარის უფროსმა, სუფრის თავს „მარტოშკამზედ“ მჯდომარემ, აანთო წმინდა სანთელი, ახსენა ხეური ჯვარ-ანგელოზნი და მექორწილენი ღმერთს შეავედრა. მერე მიუბრუნდა ონისეს და რამდენიმე სიტყვით მოაგონა „ხელისმომკიდის“ მოვალეობა ქალისადმი და მოითხოვა მზითვის ყუთი, რომელიც ჩააბარა მაყრებს.

არ გაიარა წუთმა და ხელისმომკიდე ხელახლად წაიყვანეს სენაში, სადაც პატარძალი უნდა ჩაებარებინათ.

ონისეს ჯერ კიდევ ანგარიში ვერ მიეცა თავის თავისთვის და გაბრუებული, რაღაცა უცნაურს მდგომარეობაში მყოფი, სრულიად დაფანტული აღსრულებდა, რასაც კი ეუბნებოდნენ.

ის შეიყვანეს, მისცეს ქალის ხელი ხელში და მოისმა ისევ ჯვარული. ხელისმომკიდემ და ქალმა გამოსწიეს სამყოფო სახლისკენ, სადაც სიძე იყო, ამ სიმღერის ხმაზედ, რომელიც ონისეს დასაფლავების გალობის ხმად ეჩვენებოდა. იმათ გამოსვლაზედ გუგუა მთლად აინთო, ნაღვერდლად გაუბრწყინდა თვალები, შეკავებულმა სიამოვნების ღიმილმა შეუთამაშა ტუჩები და მორცხვობამ თავი დაახრევინა.

ონისემ მიიყვანა ქალი და გადასცა სასიძოს, რომელმაც გაშმაგებით საჩქაროდ მიაშველა თავისი ხელი. მხოლოდ საკვირველი ეს იყო, რომ ქალი თითქოს რამდენჯერმე შეჰკრთა და ხელისმომკიდის ხელის გაშვება ეძნელებოდა, მაგრამ გუგუამ გაავლო ხელი და ისეთ რიგად მოუჭირა, რომ ქალს ძვლებმა ჭახჭახი დაუწყეს და ტკივილისაგან კინაღამ შეჰყვირა.

ონისე გაუძღვა წინა და მას მიჰყვა მეფე-დედოფალი, სადაც საქმროს მარხილამდე უნდა მიეცილებინა, და იქ კი პატარძალზედ ზრუნვა ისევ ხელისმომკიდესათვის უნდა მიენდო. პირველ მარხილში ჩასხდნენ, ჩვეულებისამებრ, მხოლოდ ხელისმომკიდე და პატარძალი. მეფე ცხენით უნდა წამოსულიყო, რადგანაც ქალს ჯვარისწერამდის ვერ მიეკარებოდა. მეორე მარხილზედ დაუწყეს მზითევი და ამ სახით, მაყრების სიმღერით, თოფის სროლით და ყიჟინით გამოსწიეს შინისკენ.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ალექსანდრე ყაზბეგი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.