– VIII –
ჯვარისწერამ გაიარა ჩვეულებრივის მხიარულებით: მოგროვილი ხალხი, მაყრები და მეტადრე დედაკაცები არ ისვენებდნენ და ყოველთვის საჩურჩულო მასალას პოულობდნენ და, ერთხელ მომზადებულნი სამხიარულოდ, შემთხვევას არ გაუშვებდნენ, რომ არ გაეხარხარათ, თუნდა სასაცილო არა მომხდარიყო-რა.
მარტო პატარძალი იდგა ქვასავით დამუნჯებული და გოჩა, რომლის სახეც რაღაცა დამყარებულის, პატივსაცემის სხივით ბრწყინავდა. იმას აშკარად ეტყობოდა, რომ გულწრფელის რწმუნებით იყო გატაცებული და მთლად მისცემოდა თავის გრძნობას და უზენაესს გულწრფელად ევედრებოდა.
გოჩა იყო მშობელი მამა თავის ხალხისა და, მაშასადამე, იმისთანა ამაღლებულს შესამჩნევ შემთხვევის დროს, როგორიც ქორწინება არის, თავის შვილებისთვის რომ არ ელოცნა, არ იქნებოდა. ამასთანავე მას სწამდა, რომ ხალხისაგან ამორჩეული, ღმერთისაგანაც ამორჩეული უნდა ყოფილიყო, რადგანაც, აღზრდილს ხალხის ჩვეულებათა შორის, ანდაზად გარდაქცეული რწმუნებაც, „ხმა ღვთისა და ხმა ერისა“, სისხლსა და ხორცში გასჯდომოდა.
გოჩა დარწმუნებული იყო, რომ მისს გულწრფელს ვედრებას უზენაესი შეისმენდა და, რწმუნებით დაიმედებული, იმ კაცის სახე, გულმხურვალე ლოცვის დროს, რაღაც ძლევამოსილს, ხალხის დამმორჩილებელს სურათს წარმოადგენდა.
ასეთი იყო მოხუცებული გოჩას სახე, რომლისთვისაც განუწყვეტლივ ზრუნვას, ფიქრს, გამოცდილებას და გონებრივ მუშაობას უფრო უმეტესის პატიოსნების, ჭკუის და ადამიანობის ბეჭედი დაესვა. ეს სახე ხანდისხან იცვლებოდა იმის კვალობაზედ. თუ მისი აზრები და გონების მიმდინარეობა რა საგანს შეეხებოდა და ამგვარადვე ეცვლებოდა ფერი პირისახეზედ.
ხანდისხან რაღაცა მჭმუნვარება შეუხრიდა წარბებს, შეუკრავდა შუბლს, მაგრამ ეს იყო ერთს წუთს მზეზედ გადაფარებული ღრუბელი, რომელსაც მხოლოდ წუთით შეეძლო მოჩრდილება, - მლოცველის თვალები, ცისკენ მიპყრობილნი, ისევ ძლევამოსილის, გამარჯვებულის შუქით აინთებოდნენ.
გოჩას აშკარად ეტყობოდა, რომ მისი მრავალგვარად გამოცდილი გული რაღაცა უბედურების მოახლოვებასა ჰგრძნობდა, მისი გამოცდილის თვალებისთვის შვილის ერთი დანახვა კმაროდა, რომ მის საქციელში, ავადმყოფობის მაგიერ, სხვა მიზეზი დაენახა, მაგრამ რა იყო ეს მიზეზი, საიდანა ჰქროდა ნიავი, რომელიც მას, როგორც ნადირს, სუნს აყრიდა და აკრთობდა, - მოხუცი ვერ მიმხვდარიყო.
გათავდა ჯვარისწერა, მეფე-დედოფალი წაიყვანეს სახლში, შემოატარეს კერას და გააშორეს, რათა დედოფლისთვის ქალებში მისვლით რაოდენიმე თავისუფლება მიეცათ, და ხალხი კი გოჩას თავმჯდომარეობით ვახშმად დალაგებულიყო.
რასაკვირველია, სიძეც, თავზედ ფოჩებიან გვირგვინით, იქვე შუა ადგილას დაესვათ, ტოლ-სწორები გარს შემოჰხვეოდნენ და ლაჟღანდარობით გართულს და ბედნიერებით გახარებულს, დროს ატარებინებდნენ.
დაიწყო საერთო მხიარულება, სმა, სიმღერა და „სმურები“; ხანგამოშვებით რომელიმე მოხუცი გადმოიღებდა ფანდურს და თითების ჩაკვრით სევდიანს სიმებს ააჟღერებდა და ზედვე სევდიანად, მაგრამ საგრძნობლად დასძახებდა რომელსამე გმირის ლექსად მოთხრობილს მოქმედებას.
ამ წუთებში გამხიარულებული, აყაყანებული ხალხის ხუმრობა ერთბაშად შესწყდებოდა, ჩამოვარდებოდა სრული სიჩუმე და გულის ძგერით ყურს მიაპყრობდნენ სახალხოდ წარმოთქმულს სიტყვას, სადაც ქვეყნისთვის თავდადება და სამსახური, სივაჟკაცე და პატიოსნება ისე უხვად ჯილდოვდებოდა და სადაც კაცის მოვალეობა ცხოვრებაში ისე ნათლად იხატებოდა და შეისწავლებოდა...
ამას ისევ შესცვლიდა „სმური“, მერე „გოგონა“ და ასე გრძელდებოდა გათენებამდის.