– XX –
ბინდბუნდი იყო; დღე წყნარადა ჰქრებოდა. მზის უკანასკნელი შუქები სევდიანად ესალმებოდნენ მთის წვერებს. გაგულისებული ნისლი უშიშრად ამოდიოდა დედამიწიდგან და ოშხივარსავით ეფინებოდა მწვანე მინდორს. სოფლის სიონის სამრეკლოდგან ღამის გუშაგებს თავთავიანთ ადგილებზედ გასვლა ანიშნეს.
ზარის ხმა დანოტიოებულს, გაჟღენთილს მძიმე ჰაერში როგორღაც მწუხარედ ჟღრიალებდა. მოხევეთა გუშაგებს რაღაცა განსაკუთრებული მოუსვენებლობა ეტყობოდათ. ყველას პირისახეზედ მზრუნველობის ბეჭედი დასტყობოდა; გაფრთხილებულნი სმენად და ჭვრეტად გადაქცეულიყვნენ; მცირედი მოძრაობა არ გამოეპარებოდათ და თუ თვალით ვერ დაინახავდნენ, მოძრაობის ხმას ყურს მაინც არის მოჰკრავდნენ.
ასეთია მდგომარეობა კაცისა, როდესაც იგი აღელვებულია, მოელის რასმე. მოხევეთაც გამოეცხადათ, რომ მომავალს ღამეს ნუგზარ უნდა დასცემოდა და ყველანი ემზადებოდნენ გაუფრთხილებლობით არა წაეგოთ-რა და სხვა კი ღმერთზედ და შემთხვევაზედ მიეგდოთ.
ამ საერთო მზადების დროს, გოჩას საწოლის კარები ვიღამაც შეაღო და იქავ კარებში შეჩერდა. მოხუცი ქუდმოხდილი პატარა ჯვარცმის წინ იდგა და მხურვალედ ლოცულობდა. მას მაღლა აეღო თავი და თვალები ზეცისკენ მიეპყრო. შეხურებულ გულს სისხლის მოძრაობა აეჩქარებინა. მუდამ სწორედ დალაგებული თმა, ეხლა ძარღვთა ჟრიამულს აეშალა. გადაჭიმულს ყელზედ გამაგრებული და სისხლით გაჭედილი ნეშტვები ხნიერებისაგან მოღმენჭილს კანს ქვეშ ამობურცებოდა.
ის ხმას არ იღებდა, მაგრამ სახის მოძრაობაზედ აშკარად ეტყობოდა, რომ გრძნობის ალს მთლად მოებურა მისი არსება, შემორტყმოდა გულსა და სისხლს უჩუხჩუხებდა.
შემოსულმა ვერ გაჰბედა ამ წმინდა მყუდროების დარღვევა, წყნარ-წყნარად თითონაც დაემორჩილა ამ სურათის ძალას, ჯერ გახევდა, მერე წყნარ-წყნარადვე თავი მოეხარა, მუხლები ჩაეკეცა და დაჩოქილი დარჩა. მან იგრძნო, რომ მოხუცის ვედრებაში მისი სახელიც ისმოდა; კიდევ ერთი წუთიც და აშკარად გაიგონა: „ღმერთო, პირნათლად ამყოფე ჩემი ონისე!“ და ამ სიტყვებზედ კარებთან მყოფი შეჰკრთა.
შეჰკრთა მოხუციც მის მოძრაობაზედ; მოიხედა და დასუსტებული წყნარად წამოდგა. მივიდა შვილთან ლასლასით, დაადო თავზედ ხელი და აღელვებულმა მთრთოლვარეს ხმით განიმეორა:
- ღმერთო, ჩემი შვილი პირნათლად ატარე!.. ადრევე მოუსპე სიცოცხლე, სანამ გაწბილდებოდეს, ქუდი მოეხდებოდეს!..
ამ სიტყვებზედ მოხუცს გამხდარ ღაწვებზედ გადმოედინა მდუღარე ცრემლები, რომელნიც საჩქაროდ მოიწმინდა და გაფრთხილებით აქეთ-იქით მიიხედა, თითქოს ეშინოდა, რომ არავის დაენახა. ონისეს გულმა ვეღარ გაუძლო, მოხუცის მოჩვილების ხილვით თითონაც მოლბა და თვალები წვიმაში მზის მსგავსად გაუბრწყინდა.
იმან იგრძნო, რა რიგად უყვარდა მამას, რა უნდა ეგრძნო მის გულს, როდესაც შვილი განსაცდელში იქნებოდა და ეს განსაცდელი კი იქავ ახლოს ზურგს უკან ედგა; რამდენიმე წუთის შემდეგ მთვარის შუქზედ მახვილი გაკრიალდებოდა და ჰაერში სტვენით და ზუზუნით წამოსული, ვინ იცის, ვის პირზედ ღიმილს გააცივებდა, ვის გრძნობის მოჩუხჩუხე წყაროს ყინვასავით მოასწრობდა.
- მამაისი, რაი გატირებს?
- ვინ იცის, რაი შეგემთხვევა, - ჩურჩულით წარმოსთქვა მოხუცმა.
- რაი უნდა შემემთხვას? - გაუმაგრა გული ონისემ, - ღმერთი მოწყალეა!.. მტერს გავაბრუნებთ და თავად მშვიდობიანად დავრჩებით.
- ბრძანოს უფალმა, - წარმოსთქვა მოხუცმა და ხელები აუთრთოლდა: - წადი, ონისე, დროა... ღმერთიმც იქმნების შენი მფარველი... თუ სიკვდილი შეგემთხვა, ისიც უფლის ნებაა... ერთხელ ნაშობი ერთხელ მოკვდების!.. მაგრამ ვაჟკაცად კი მოკვდი... ისე მოკვდი, რომ ხევს შენი დამარხვა არ ეთაკილებოდეს.
- მაგას ნახავ!
- არ დაივიწყო, რომ სადაც შენი მამა-პაპა გაჩენილა და დამარხულა, სადაც მათი ძვლებია ჩაფლული, იმას გედავებიან და არ დაანებო... მათაც ცოტა ჭირი არ უნახავთ თავიანთ მიწა-წყლის დაცვის დროს, მათის სისხლის ნაკადულს მიწა ქვესკნელამდის გაუჟვენთავს... ახლა თქვენ იცით, რასაც იქთ...
მოხუცი შესდგა, დააცქერდა შვილსა, რამდენჯერმე სცადა კიდევ რაღაცის თქმა, მაგრამ სიტყვა გაუწყდა და მხოლოდ ცოტა ხანს შემდეგ ხელი გაუქნია და ძლივსღა წარმოსთქვა:
- წადი, კარგია...
ონისე სწრაფად გამოვიდა და გაემართა დანიშნულ ადგილისკენ, მოხუცი კი იმავ ადგილიდგან თვალს ადევნებდა იმ დრომდის, ვიდრე შვილი სახლის კედლებს არ მოეფარებოდა.
მერე ოდნავ ამოიხვნეშა, გადისვა შეჭმუხვნილს შუბლზედ ხელი და წარმოსთქვა:
- ახლა ჯარს უნდა მივხედო.