თავი XX
ნაწილი XX
ბინდბუნდი იყო; დღე წყნარად ქრებოდა. მზის უკანასკნელი სხივები სევდიანად ესალმებოდნენ მთის წვერებს. გაბრაზებული ნისლი უშიშრად ამოდიოდა დედამიწიდან და კვამლივით ეფინებოდა მწვანე მინდორს. სოფლის სიონის სამრეკლოდან ღამის გუშაგებს თავიანთ ადგილებზე გასვლა ანიშნეს.
ზარის ხმა ნესტიან, მძიმე ჰაერში როგორღაც მწუხარედ ჟღრიალებდა. მოხევეთა გუშაგებს რაღაც განსაკუთრებული მოუსვენრობა ეტყობოდათ. ყველას სახეზე ზრუნვის ნიშანი დასტყობოდა; გაფრთხილებულნი სმენად და ჭვრეტად (ანუ ყურადღებიანად მოსმენად და ყურებად) გადაქცეულიყვნენ; მცირედი მოძრაობა არ გამოეპარებოდათ და თუ თვალით ვერ დაინახავდნენ, მოძრაობის ხმას ყურს მაინც მოჰკრავდნენ.
ასეთია ადამიანის მდგომარეობა, როდესაც ის აღელვებულია, რაღაცას ელის. მოხევეებსაც ეცნობათ, რომ მომავალ ღამეს ნუგზარი უნდა დასცემოდათ და ყველანი ემზადებოდნენ, რომ გაუფრთხილებლობით არაფერი წაეგოთ, და სხვა კი ღმერთზე და შემთხვევაზე მიეგდოთ.
ამ საერთო მზადების დროს, გოჩას საწოლის კარები ვიღაცამ შეაღო და იქვე, კარებში შეჩერდა. მოხუცი ქუდმოხდილი პატარა ჯვარცმის წინ იდგა და მხურვალედ ლოცულობდა. მას მაღლა აეღო თავი და თვალები ცისკენ მიეპყრო. გაცხელებულ გულს სისხლის მოძრაობა აეჩქარებინა. მუდამ სწორად დალაგებული თმა, ახლა ძარღვების ფეთქვას აეშალა. გადაჭიმულ ყელზე გამაგრებული და სისხლით გაჭედილი ნეშტვები (ანუ კისრის ძარღვები) სიბერისგან დანაოჭებულ კანქვეშ ამობურცვოდა.
ის ხმას არ იღებდა, მაგრამ სახის მოძრაობაზე აშკარად ეტყობოდა, რომ გრძნობის ალს მთლიანად მოეცვა მისი არსება, შემორტყმოდა გულს და სისხლს უჩუხჩუხებდა.
შემოსულმა ვერ გაბედა ამ წმინდა სიმშვიდის დარღვევა, წყნარ-წყნარად თვითონაც დაემორჩილა ამ სურათის ძალას, ჯერ გაშეშდა, მერე წყნარ-წყნარადვე თავი მოხარა, მუხლები ჩაეკეცა და დაჩოქილი დარჩა. მან იგრძნო, რომ მოხუცის ვედრებაში მისი სახელიც ისმოდა; კიდევ ერთი წუთიც და აშკარად გაიგონა: „ღმერთო, პირნათლად ამყოფე ჩემი ონისე!“ და ამ სიტყვებზე კარებთან მყოფი შეკრთა.
შეკრთა მოხუციც მის მოძრაობაზე; მოიხედა და დასუსტებული წყნარად წამოდგა. მივიდა შვილთან ლასლასით (ანუ ნელა, ძლივს), დაადო თავზე ხელი და აღელვებულმა, აკანკალებული ხმით გაიმეორა:
„ღმერთო, ჩემი შვილი პირნათლად ატარე!.. ადრევე მოუსპე სიცოცხლე, სანამ გაწბილდებოდეს, ქუდი მოეხდებოდეს (ანუ შეურაცხყოფილი გახდებოდეს)!“
ამ სიტყვებზე მოხუცს გამხდარ ღაწვებზე გადმოედინა მდუღარე ცრემლები, რომლებიც სასწრაფოდ მოიწმინდა და გაფრთხილებით აქეთ-იქით მიიხედა, თითქოს ეშინოდა, რომ არავის დაენახა. ონისეს გულმა ვეღარ გაუძლო, მოხუცის მოჩვილების (ანუ ცრემლების) ხილვით თვითონაც მოლბა და თვალები წვიმაში მზის მსგავსად გაუბრწყინდა.
მან იგრძნო, რა რიგად უყვარდა მამას, რა უნდა ეგრძნო მის გულს, როდესაც შვილი განსაცდელში იქნებოდა და ეს განსაცდელი კი იქვე ახლოს, ზურგს უკან ედგა; რამდენიმე წუთის შემდეგ მთვარის შუქზე მახვილი გაკრიალდებოდა და ჰაერში სტვენით და ზუზუნით წამოსული, ვინ იცის, ვის პირზე ღიმილს გააცივებდა, ვის გრძნობის მოჩუხჩუხე წყაროს ყინვასავით მოასწრებდა.
„მამა, რა გატირებს?“
„ვინ იცის, რა შეგემთხვევა,“ – ჩურჩულით წარმოსთქვა მოხუცმა.
„რა უნდა შემემთხვას?“ – გაუმაგრა გული ონისემ, – „ღმერთი მოწყალეა!.. მტერს გავაბრუნებთ და თავად მშვიდობიანად დავრჩებით.“
„ბრძანოს უფალმა,“ – წარმოსთქვა მოხუცმა და ხელები აუთრთოლდა: – „წადი, ონისე, დროა... ღმერთიმც იქნება შენი მფარველი... თუ სიკვდილი შეგემთხვა, ისიც უფლის ნებაა... ერთხელ დაბადებული ერთხელ მოკვდება!.. მაგრამ ვაჟკაცად კი მოკვდი... ისე მოკვდი, რომ ხევს შენი დამარხვა არ ეთაკილებოდეს (ანუ არ შერცხვენოდეს).“
„მაგას ნახავ!“
„არ დაივიწყო, რომ სადაც შენი მამა-პაპა გაჩენილა და დამარხულა, სადაც მათი ძვლებია ჩაფლული, იმას გედავებიან და არ დაანებო... მათაც ცოტა ჭირი არ უნახავთ თავიანთი მიწა-წყლის დაცვის დროს, მათი სისხლის ნაკადულს მიწა ქვესკნელამდე გაუჟღენთავს... ახლა თქვენ იცით, რასაც იზამთ...“
მოხუცი შეჩერდა, დააცქერდა შვილს, რამდენჯერმე სცადა კიდევ რაღაცის თქმა, მაგრამ სიტყვა გაუწყდა და მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ ხელი გაუქნია და ძლივსღა წარმოსთქვა:
„წადი, კარგია...“
ონისე სწრაფად გამოვიდა და გაემართა დანიშნული ადგილისკენ, მოხუცი კი იმავე ადგილიდან თვალს ადევნებდა იმ დრომდე, ვიდრე შვილი სახლის კედლებს არ მოეფარებოდა.
მერე ოდნავ ამოიხვნეშა, გადაისვა შეჭმუხნულ შუბლზე ხელი და წარმოსთქვა:
„ახლა ჯარს უნდა მივხედო.“
ნაწილი XXI