თავი II
სტუმრები ხალხით სავსე სახლში შევიდნენ, სადაც უფროსი კაცები დახვდნენ, სასიძოს გზა დაულოცეს, კერას შემოატარეს და „ხელისმომკიდესთან“ და სახლის უფროსთან ერთად კერის პირას, თავში დასვეს. შეკრებილი ხალხიც ისევ დალაგდა, ისევ გაიმართა ლხინი და თასების გაგზავნა-გამოგზავნა ჩვეულებრივი „სმურებით“ (სადღეგრძელოებით).
აქ მხოლოდ კაცები იყვნენ, ქალები არსად ჩანდნენ. მათი ხმა ისმოდა სახლის უკანა კუთხიდან, სადაც სენა (ქალების ოთახი) იყო გამართული. იქ გაემართათ ტაშ-ფანდურა და იქვე მიიზიდნენ ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც გატაცებით შესცქეროდნენ ლამაზად მოცეკვავე ქალებს.
ყველა მხიარულად თამაშობდა, მაცდურად გამოუხტებოდნენ ახალგაზრდა ბიჭებს, რომელსამე „შავ ბიჭს“ (გამორჩეულ ბიჭს) ეშმაკურად ჩაუკრავდნენ თვალს და ესეც, რაღაც ძალით აღგზნებული, წახალისებული გაეკიდებოდა ხან წყნარად დამშვიდებულ, წყალივით მიმდინარე და ხან მთის მდინარესავით გაცოფებულ და გაშმაგებულ ქალს.
აი, გარბის, შეშინებულ არჩვსავით, მოხევის შავთვალა ქალი. მისი სახე სრულ შიშს გამოხატავს, რადგან არწივივით მკლავებგაშლილი კაცი მისდევს თავის მსხვერპლს. ნაზი არსება თანდათან დუნდება, კაცი ეწევა. აი, წუთიც და გულში ჩაიკრავს შეშინებულ, ქედანივით აკანკალებულ ქალს, მაგრამ მოლოდინი არ უმართლდება. ერთბაშად გატრიალებული ქალი ხელიდან ეცლება და მეორე მხარეს გამხტარი ფეხებს ათამაშებს. გულდაწყვეტილი კაცი გასცქერის და ხედავს თავის მსხვერპლს მომხიბვლელი ღიმილით და მოჟუჟუნე (მკვეთრი, მოციმციმე) თვალებით, რომლებიც მას იწვევენ, ეპატიჟებიან და თითქოს ეუბნებიან: „დამიჭირე და მე გაგრძნობინებ სიცოცხლის სიტკბოებას!“
ონისე და გუგუა, რომლებსაც დღეს სერიოზულობა უნდა გამოეჩინათ, უძრავად ისხდნენ, თუმცა გული და სული მხიარულ ახალგაზრდებთან ჰქონდათ და ჩუმჩუმად გასცქეროდნენ იმ მხარეს, საიდანაც ლხინისა და თამაშობის ხმა მოდიოდა. გუგუა სურვილით იწვოდა, რომ თავისი სანატრელი ძიძიასთვის თვალი ჩაეკრა, ონისეს კი უნდოდა, რომ ქორული (მკვეთრი, მახვილი) თვალი გაეყარა ვინმესთვის განურჩევლად, ვინც უნდა ყოფილიყო ის, ოღონდ მის თვალებსაც ელვარება ჰქონოდა, ტუჩებს მიმზიდველობა, ლოყებს სიყმაწვილის ელფერი და გულს სისხლის ამაჩუხჩუხებელი ძალა.
რამდენიმე წუთიც არ გასულა, როდესაც ხალხი გაიყო და მათ შორის გამოჩნდა ვიღაც მოხუცი ქალი. ყველანი ფეხზე წამოდგნენ და მიესალმნენ მოხუცს, რომელიც პირდაპირ „ხელისმომკიდესთან“ მივიდა, გულში ჩაიკრა და უთხრა:
– აბა, ჩემო ყველავ (ძვირფასო), ჩემს ქალა-შავას (რძალს) შენ გაბარებ... შენ უნდა მოუარო, შენ უპატრონო, მისი გამჯავრებელი (გამაბრაზებელი) შენ უნდა გააბრაზო!
– ღმერთს არ მოეტყუება, ხაზუავ, რომ, რაც ხელიდან გამომივა, თავს არ შევიშურებ, – უპასუხა ახალგაზრდა კაცმა და დაამატა არასახუმარო (სერიოზული) ტონით: – ვინც მაგას აწყენინებს, იმას ჩემთან ექნება საქმე და, ღვთის მადლმა, ჩემთან მასხარაობას (ხუმრობას) კი არავის არ ვურჩევ.
– გუგუა ბავშვია, – დაამატა მოხუცმა, – და სოფელი კი ჭრელი (მრავალფეროვანი, ჭორიკანა)... კაცის ენას რა არ შეუძლია, დაარიგე ეს ბავშვი, სხვის ენას ნუ მიჰყვება, ქვეყანაზე მტერი არ დაილევა და იმათ სიტყვას რომ მიჰყვეს, ე მაგ ქალა-შავას ჩამომიდნობს, დამილევს (გამიუბედურებს, გამინადგურებს)...
– რისთვის, რისთვის ამბობ მაგას, ხაზუა! – გააწყვეტინა ონისემ: – გუგუა, მართალია, ბავშვია, მაგრამ არაა ლოთი და ავარდნილი (გაუზრდელი) კაცი... ამხანაგებს თავის მარჯვენა თვალივით უყვართ, ყველა თავს დასდებს მაგისთვის, იმიტომ რომ თავად გუგუაც ეგეთია მეზობლისთვის... გუგუა ვაჟკაცია და, ღვთის მადლმა, ჯალაბობაშიაც (ოჯახში, ცოლ-ქმრობაში) თავს არ შეირცხვენს.
– შენს პირს შაქარი, ჩემო ყველავ, შენს პირს შაქარი! – უპასუხა მოხუცმა და დაამატა, – ნუ დამძრახავ (ნუ გამკიცხავ), ონისე!.. ცას შევაბერდი (ძალიან მოვხუცდი), ადამის ჟამისა (ძველი დროის) შევიქენი და მაგ ერთი ქალის მეტი არაფერი გამაჩნია... მაგაზე ამომდის მზე და მთვარე, მაგაზეღა ვიბრუნებ სულს (მაგით ვცოცხლობ).
– კარგი, ხაზუა, სტუმარი ნუღარ შეაწუხე, – დასძახა ვიღაც მოხუცებულმა კაცმა და დაამატა: – წაიყვანე და პატარძალი ჩააბარე.
– ასე, ასე, შენაი ჭირიმე (შენ გენაცვალე)... იარე, ონისე! – მოხუცი დედაკაცი გაუძღვა ონისეს და გუგუამ კი შურით სავსე თვალები გააყოლა, რადგან იქ უნდა დარჩენილიყო და ძიძიას ხილვამდე კიდევ რამდენიმე საათი უნდა გასულიყო.