თავი XII
ერთ დღეს, არხოტის ერთი მთის ძირას, სადაც თუშებს ზაფხულობით ცხვარი ედგათ, მწყემსები შეკრებილიყვნენ და საღმრთო ტრაპეზი გაემართათ. მწყემსთა შორის ბევრი მოხევე იყო, რომლებსაც თუშების ცხვარი „გაეზიარებინათ“ (ანუ წილი ჰქონდათ) და აქ ელოდნენ ყავლის (საქმის) დასრულებას.
საკლავები მოხარშულიყო და შეკრებილი ხალხი ერთმანეთს სთავაზობდა, რომ რიგზე, უფროსობის მიხედვით დამსხდარიყვნენ; ხალხის ნახევარი უკვე დალაგებულიყო, როდესაც ქედზე გამოჩნდა ვიღაც კაცი, გაშიშვლებული თოფი გადაეგდო მხარზე, ჩოხის კალთები აეკეცა და გამალებული მოაბიჯებდა; მოხდილი ქუდი ხელში ეჭირა და ამით ჩქარ-ჩქარა იწმენდდა შუბლს, რომელზეც ოფლი გადმოსდიოდა.
როგორც ეტყობოდა, მომავალი შორი გზიდან უნდა ყოფილიყო და უეჭველად საჭირო საქმეზე წასული, რადგან ყოველ ფეხის გადადგმაზე ცდილობდა ნაბიჯისთვის მოემატებინა და ამით გრძელი გზა შეემოკლებინა. მთაზე მყოფმა ხალხმა მომავალს შეხედა და ყურება დაუწყო. მთაში მგზავრი იშვიათად ხვდება, და ამიტომ ახლადმოსულისგან ყველა ახალ ამბავს ელის ხოლმე; ყველას იმედი აქვს, რომ თავისი სოფლის, თუ ოჯახის მდგომარეობაზე რამეს გაიგონებს და ამის გამო მომავლის ყოველი ნაბიჯი მოუთმენლობაში აგდებს მომლოდინეს და გულის ძგერით უსურვებს მის ჩქარა მოახლოებას.
სწორედ ასე იყო ახლაც: ყველანი წამოიშალნენ და სიტყვებით: „ვინ იქნება? ძალიან ჩქარა კი მოდის...“ – დაუწყეს ყურება.
მზე მომავლის მხრიდან იყო და, რადგან მწყემსებს შუქი პირდაპირ სახეში სცემდა, ამისთვის იმათაც ხელებით მოეჩრდილებინათ თვალებისთვის და ისე გასცქეროდნენ. მაყურებელთა შორის ონისეც ერია, რომელსაც მოუთმენლობა ყველაზე მეტად ეტყობოდა და ყველაზე წინ გასულიყო, რომ უცნობს სხვაზე ადრე შეხვედროდა.
უცნობი ჯერ შორს იყო და ღელე ჰქონდა გამოსავლელი, რომელშიც ჩქარა ჩაეფარა. ონისე თვალს არ აშორებდა ამ ადგილს, სადაც ის კაცი უკანასკნელად დაინახა.
მომავალმა ამოიარა ღელე, თავი ამოჰყო ფერდობზე და ონისემ ერთი შეჰკივლა და სიხარულით მომავლისკენ შავარდენივით გაქანდა. იცნო თავისი მეზობელი და მასთან ერთად გაზრდილი მოხევე.
– გზა მშვიდობისა, დათაუ! – შორიდანვე შესძახა გახარებულმა ონისემ.
– მშვიდობა მოგცეს უფალმა, – გადაუხადა სალამი დათამ.
ორივე მიუახლოვდა ერთმანეთს, შეჩერდნენ და გადაეხვივნენ. ამის შემდეგ განცალკევებულნი ცოტა ხანს ჩუმად დარჩნენ. ონისეს ვერ მოეხერხებინა რამე ეკითხა, რადგან ათასი ამბის ერთად შეტყობის ძლიერმა სურვილმა არ მისცა ნება, რომ ერთიმეორის მიყოლებით დაეწყო გამოკითხვა, და დათა კი თითქოს ეჯიბრებოდა და განგებ არაფერს ეუბნებოდა.
ახლადმოსული მეტისმეტად დაფიქრებული იყო, რომ მის მხრიდან ეს სიჩუმე ონისეს ხუმრობად მიეღო; უეჭველია, მას რაღაც უბედურება მოელოდა და დათა იმიტომ აგვიანებდა ხმის ამოღებას.
ონისემ შეხედა და ფერი ეცვალა.
– რა ამბავია, მითხარი? – თითქმის ხვეწნით და კანკალით წარმოთქვა ონისემ და უანგარიშოდ ხელები წინ გაიშვირა, თითქოს ეშინოდა არ წაქცეულიყო.
– ამბავი... მივიდეთ ბინაში და გეტყვით, ყველას გიამბობთ.
ონისეს, როგორც მხოლოდ ერთ საგანზე დაფიქრებულს, სხვა ვერაფერი წარმოედგინა, რომ საქმე ძიძიას შეეხებოდა და ეგონა, რომ ახლადმოსული სიბრალულით არ უმჟღავნებდა.
იმ წუთში ონისე ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ დათამ მისი მდგომარეობისა არაფერი იცოდა და, მაშასადამე, მის სიბრალულსაც ვერ იგრძნობდა.
აღელვებული გონება პეპელასავით გადაქცეოდა, მისთვის მხოლოდ ერთ ადგილს ანათებდა სიწმინდის ლამპარი და მას დასტრიალებდა, მას ევლებოდა თავს. სხვა საგანი არც მის გულს, არც მის აზროვნებას არ ეკარებოდა.
– მითხარი, ბალღო, ნუღარ მიმალავ, – ძლივს წარმოთქვა ონისემ და დაუმატა: – დასაკლავ ხარს რაღა ყურება უნდა?
ახლადმოსულმა შეხედა ონისეს და დაინახა, რომ სამარის ფერი დასდებოდა. იფიქრა, რომ ონისეს უეჭველად ეგონა, შინ რაიმე უბედურება შეემთხვა და მისი შეეშინდაო.
– საბრალო, რა მოგსვლია? ყველანი მშვიდობით არიან.
– ნუ მომატყუებ, ღვთის მადლსა!
– არა, სპარს-ანგელოზის მადლმა. აბა რისთვის მოგატყუებ.
ლაპარაკი ისევ შეწყდა. დათა გაბრუნდა მწყემსებისკენ და ონისეც ინსტინქტურად უკან გაჰყვა.
– დათაუ, მაშ რატომ არ მეუბნები, რა ამბავია? – ისევ ეჭვმა გაურბინა გულში.
– მშვიდობის მეტი არაფერი ვიცი.
– მოიცადე! – შეაჩერა ონისემ, მაგრამ ლაპარაკის გაგრძელება კი ვეღარ მოახერხა; სიტყვა ძიძიაზე უნდოდა ჩამოეგდო, მაგრამ მისი სახელის წარმოთქმა ვერ გაბედა. დათა იდგა და ლაპარაკის გაგრძელებას ელოდა.
– რა გინდა? – ჰკითხა მან ბოლოს.
– მე... მე... მამა კარგადაა? – ძლივს გაიგონა ენა.
ახლადმოსულმა გაოცებით შეხედა.
– გონზე ხარ, ბიჭო, თუ არა?
– მაშ მიამბე, მითხარი... მითხარი ყველაფერი, ყველას ამბავი, – აჩქარებით დაიწყო ონისემ და ისეთი მუდარით შეხედა, რომ კაცს შეეცოდებოდა.
– გოჩაც მშვიდობითაა, შენი ბიძაცა, ღვთის მადლით შენი ოჯახობა ყველა მშვიდობითაა... ისე არიან, ღვთის მადლმა, თიკნის ყურიც არ დაჰკლებიათ.
– მაშ რა ამბავია?
– რა ამბავია და ნუგზარ ერისთავს ჩვენი ყმად გახდომა განუზრახავს.
– რაო? – გაიკამათა ონისემ ისეთი ხმით, თითქოს არ სჯეროდა.
– თუ არ დამმორჩილდითო, ლაშქრით თავს დაგესხმით და ამოგწყვეტთო.
– მანამ ნურაფერს შეჭამს, სანამ ხევს ვერც ამოწყვეტს და ვერც ყმად გაიხდის, – ამაყად წარმოთქვა ონისემ და შუბლი შეიჭმუხნა.
ამ ლაპარაკში მოვიდნენ სხვა მწყემსებიც.
– აბა ეგ ყოველთვის ასე იქნება, მაგრამ ნუგზარის მოუსვენრობა სათემოდ გავრცელებულია... რაკი ერთს იტყვის, თავადაც იცით, რომ უსისხლოდ აღარ დარჩება...
– მაშ ხევში რას აპირებენ? – იკითხეს იქით-აქეთ.
– ემზადებიან... თუ ძალა მოინდომეს, უჩხუბრად ვერ მოვრჩებით: მთებში ყველგან ბიჭები გაგზავნეს, რომ სადაც ჩვენი მწყემსები არიან, მოაგროვონ, მეც აქ გამომგზავნეს. მთელი მთიულეთი შეუკრებია. ოსებიც მას მისდგომიან და ჩვენზე წამოსულან... ახლა თრუსოს ხეობაში თურმე დგანან.
– წავიდეთ, წავიდეთ! – გაისმა რამდენიმე კაცის ხმა, რომლებმაც იარაღს გაივლეს ხელი, თითქოს ახლავე ომში უნდა შერეულიყვნენ.
– ოსებს რაღა უნდათ? – იკითხა ონისემ, რომელსაც ამ საქმემ ძიძია ერთი წუთით დაავიწყა.
– ოსები ვითომ შუამავლობენ და საქმით კი წყალს ამღვრევენ... თავად ჩვენთან ვერაფერი გაუწყვიათ და ახლა ნუგზარის იმედი აქვთ.
– აბა, ბიჭებო! გვიან აღარაა! – დაიძახა ონისემ და დაუმატა: – რაც ამბავია, იქაც გავიგებთ.
– წავიდეთ, წავიდეთ! – მისცეს პასუხად და გაქანდნენ თავიანთი ბარგისა და თოფებისკენ.
– XIII –