– XII –
ერთს დღეს, არხოტის ერთი მთის ძირას, სადაც თუშებს საზაფხულოდ ცხვარი ედგათ, მწყემსები შეყრილიყვნენ და საღმრთო გაემართათ. მწყემსთა შორის მრავალი მოხევეები იყვნენ, რომელთაც თუშების ცხვარი „დაეზიარებინათ“ და აქ ელოდნენ ყავლის გასვლას.
საკლავები მოხარშულიყო და მოგროვილი ხალხი ერთმანეთს ეთავაზებოდნენ, რომ რიგზედ უფროსობით დამსხდარიყვნენ; ნახევარი წილი ხალხისა კიდეც დალაგებულიყო, როდესაც ქედზედ გამოჩნდა ვიღაცა კაცი, გაშიშვლებული თოფი გადაეგდო მხარზედ, წამოეკეცა ჩოხის კალთები და გამალებული მოაბიჯებდა; მოხდილი ქუდი ხელში ეჭირა და მით ჩქარ-ჩქარად იწმენდდა შუბლსა, რომელზედაც ხვითქი გადმოსდიოდა.
როგორც ეტყობოდა, მომავალი შორის გზიდგან უნდა ყოფილიყო და უეჭველად საჭირო საქმეზედ წასული, რადგანაც ყოველ ფეხის გადადგმაზედ ცდილობდა ნაბიჯისთვის მოემატებინა და მით გძელი გზა შეემოკლებინა. მთაზედ მყოფმა ხალხმა მომავალს შეჰკრა თვალი და ყურება დაუწყო. მთაში მგზავრი ძნელად ჰხვდება, და ამისათვის ახლადმოსულისაგან ყველა ახალს ამბავს მოელის ხოლმე; ყველას იმედი აქვს რომ თავის სოფლის, თუ სახლობის მდგომარეობაზედ რასმე გაიგონებს და ამის გამო მომავლის ყოველ ნაბიჯს მოუთმენლობაში შეჰყავს მომლოდინე და გულის ძგერით ასურვებს მის ჩქარა მოახლოვებას.
სწორედ ასე იყო ეხლაც : ყველანი წამოიშალნენ და სიტყვებით: „ვინ იქნება? ძალუმ ჩქარა კი მოდის...“ - დაუწყეს ყურება.
მზე მომავლის მხრიდგან იყო და, რადგანაც მწყემსებს შუქი პირდაპირ სახეში სცემდა, ამისთვის იმათაც ხელებით მოეჩრდილებინათ თვალებისთვის და ისე გასცქეროდნენ. მაყურებელთ შორის ონისეც ერია, რომელსაც მოუთმენლობა ყველაზედ მომეტებულად დასტყობოდა და ყველაზედ წინ გასულიყო, რომ უცნობს სხვაზედ ადრე შეჰყროდა.
უცნობი ჯერ შორს იყო და ღელე ჰქონდა გამოსავლელი, რომელშიაც ჩქარა ჩაეფარა. ონისე თვალს არ აშორებდა ამ ადგილს, სადაც ის კაცი უკანასკნელად დაინახა.
მომავალმა ამოიარა ღელე, თავი ამოჰყო ფერდობზედ და ონისემ ერთი შეჰკივლა და სიხარულით მომავლისკენ შავარდენსავით გაქანდა. იცნო თავისი მეზობელი და თავისთან ერთად შეზრდილი მოხევე.
- გზა მშვიდობისა, დათაუ! - შორიდგანვე შესძახა გახარებულმა ონისემ.
- მშვიდობა მოგცეს უფალმა, - გადაუხადა სალამი დათამ.
ორნივ მიახლოვდნენ ერთმანეთს, შესდგნენ და გადაეხვივნენ. მასუკან გაშორებულნი რაოდენსამე ხანს ჩუმად დარჩნენ. ონისეს ვერ მოეხერხებინა ეკითხა რამე, რადგანაც ძალზედ მოწოლილი სურვილი ათასის ამბის ერთად შეტყობისა ნებას არ აძლევდა, რომ ერთერთიდგან დაეწყო გამოკითხვა და დათა კი თითქოს გასჯიბრებოდა და განგებ არას ეუბნებოდა.
ახლადმოსული მეტად დაფიქრებული იყო, რომ მის მხრით ეს სიჩუმე ონისეს ხუმრობად მიეღო; უეჭველია, იმას რაღაცა უბედურება მოელოდა და დათა იმიტომ აგვიანებდა ხმის ამოღებას.
ონისემ შეჰხედა და ფერი ეცვალა.
- რაი ამბოვია, მითხარ? - თითქმის ხვეწნით და კანკალით წარმოსთქვა ონისემ და უანგარიშოდ ხელები წინ გაიშვირა, თითქოს ეშინოდა არ წაქცეულიყო.
- ამბოვი... მივიდეთ ბინაში და გეტყვით, ყველას გიამბობთ.
ონისეს, როგორც მარტო ერთს საგანზედ დაფიქრებულს, სხვა ვერა წარმოედგინა-რა, რომ საქმე ძიძიას შეეხებოდა და ეგონა, რომ ახლადმოსული სიბრალულით არ უმჟღავნებდა.
იმ წუთში ონისე ისეთს მდგომარეობაში იყო, რომ დათამ იმის მდგომარეობისა არა იცოდა-რა და, მაშასადამე, მის სიბრალულსაც ვერ იგრძნობდა.
აღგზნებული გონება ფარვანად გადაჰქცეოდა, მისთვის მხოლოდ ერთს ადგილს ანათებდა სიწმინდის ლამპარი და მას დასტრიალებდა, მას ევლებოდა თავსა. სხვა საგანი არც მის გულს, არც მის აზროვნებას არ ეკარებოდა.
- მითხარი, ბალღო, ნუღარ მიმალავ, - ძლივს წარმოსთქვა ონისემ და დაუმატა: - დასაკლავს ხარს რაიღა ყურება უნდა?
ახლადმოსულმა შეხედა ონისეს და დაინახა, რომ სამარის ფერი დასდებოდა. იფიქრა, რომ ონისეს უეჭვლად ეგონა, შინ რაიმე უბედურება შეემთხვა და მისი შეეშინდაო.
- ბეჩა, რაი მოგსვლია? ყველანი მშვიდობით არიან.
- ნუ მომატყუებ, ღთის მადლსა!
- არა, სპარს-ანგელოზის მადლმა. აბა რაისთვი მოგატყუებ.
ლაპარაკი ისევ შესწყდა. დათა გაბრუნდა მწყემსებისკენ და ონისეც ინსტინქტიურად უკან გაჰყვა.
- დათაუ, მაშ რად არ მეუბნები, რაი ამბავია? - ისევ ეჭვმა გაურბინა გულში.
- მშვიდობის მეტი არა ვიცი-რა.
- მოიცა-ღა! - შეაყენა ონისემ, მაგრამ ლაპარაკის გაგრძელება კი ვეღარ მოახერხა; სიტყვა ძიძიაზედ უნდოდა ჩამოეგდო, მაგრამ მისი სახელის წარმოთქმა ვერ გაებედნა. დათა იდგა და ლაპარაკის გაგრძელებას ელოდა.
- რაი გინდა? - ჰკითხა იმან ბოლოს.
- მე... მე... მამაი კარგადაა? - ძლივს გაიგნო ენა.
ახალადმოსულმა გაოცებით შეჰხედა.
- გონსა ხარ, ბიჭაუ, თუ არა?
- მაშ მიამბე, მითხარ... მითხარ ყველაფერი, ყველას ამბავი, - აჩქარებით დაიწყო ონისემ და ისეთის მუდარებით შეჰხედა, რომ კაცს შეეცოდებოდა.
- გოჩაც მშვიდობითაა, შენი ბიძაცა, ღთის მადლით შენი ჯალაბობა ყველა მშვიდობითაა... ისრე არიან, ღთის მადლმა, თიკნის ყურიც არ დაჰკლებიათ.
- მაშ რაი ამბავია?
- რაი ამბავია და ნუგზარ ერისთავს ჩვენი ყმად გახდომა გაუზრახავს.
- რაო? - გაიკამათა ონისემ ისეთის ხმით, თითქო არ სჯეროდა.
- თუ არ დამმორჩილდითო, ლაშქრით თავს დაგესხმით და ამოგწყვეტავთო.
- მანამ ნურას სჭამს, სანამ ხევი ვერც ამოსწყვიტოს და ვერც ყმად გაიხადოს, - ამაყად წარმოსთქვა ონისემ და შუბლი შეიჭმუხვნა.
ამ ლაპარაკში მოვიდნენ სხვა მწყემსებიც.
- აბა ეგ ნიადაგ ეგრე იქნების, მაგრამ ნუგზარის მოუსვენრობა სათემოდ გავარდნილია... რაკი ერთს იტყვის, თავადაც იცით, რომ უსისხლოდ აღარ დადგების...
- მაშ ხევში რას აპირობენ? - იკითხეს იქეთ-აქეთ.
- ემზადებიან... თუ ძალა მოინდომეს, უჩხუბრად ვერ მოვრჩებით: მთებში ყველგან ბიჭები გაგზავნეს, რომ საცა ჩვენი მწყემსები არიან, მოაგროვონ, მეც აქ გამომგზავნეს. მთელი მთიულეთი შეუყრია. ოსებიც მას მისდგომიან და ჩვენზედ წამოსულან... ეხლა თრუსოს ხეობაში თურმე დგანან.
- წავიდეთ, წავიდეთ! - გაისმა რამდენიმე კაცის ხმა, რომელთაც იარაღს გაივლეს ხელი, თითქოს ეხლავ ომში უნდა შერეულიყვნენ.
- ოსებს რაიღა უნდათ? - იკითხა ონისემ, რომელსაც ამ საქმემ ძიძია ერთის წუთით დაავიწყა.
- ოსები ვითომ შუაკაცობენ და საქმით კი წყალს ამღვრევენ... თავად ჩვენთან ვერა გაუწყვიათ-რა და ახლა ნუგზარაის იმედი აქვსთ.
- აბა, ბიჭებო! გვიანობისა აღარაა! - დაიძახა ონისემ და დაუმატა: - რაიც ამბოვია, იქაც გავიგებთ.
- წავიდეთ, წავიდეთ! - მისცეს პასუხად და გაქანდნენ თავიანთ ბარგისა და თოფებისაკენ.