– XXV –
ჯერ კიდე დღე-ღამე არ გაყრილიყო, როდესაც სიონის სიმაგრეში მთელი ხევის ჯარი მოძრაობაში მოვიდა, მათ შეეტყოთ, რომ ნუგზარის შეერთებულს ჯარს მათი სანგალი აეღო, და შიგ მყოფ მოხევეთ გუნდისაგან მხოლოდ მცირე რიცხვი-ღა გადარჩენილიყო. ყველა აღგზნებულიყო გადახდის სურვილით და თვალებანთებულნი, პირგამეხებულნი ხმამაღლად გადახდევინებას ითხოვდნენ.
- სისხლი, სისხლი! მოძმეთ სისხლი ავიღოთ! - იძახდა მთლად ხალხი და ამ სიტყვის მეტი მათგან სხვა არა გაიგონებოდა-რა. მათ შორის მხოლოდ ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც არაფერი არ ავიწყდებოდა, როგორს მდგომარეობაშიაც უნდა ჩავარდნილიყო და ყოველთვის დროსა პოულობდა საქმის ყოველივე მხრისათვის ყურადღება მიექცია.
ეს გახლდათ გოჩა და ამისთვისაც იმან დაიბარა სანგალზედ გადარჩენილი მოხევენი.
გოჩას დიდი იმედი ჰქონდა თავის შვილისა და ის კი იქ იყო; მაშ როგორ მოხდა, რომ მტერი შეუმჩნევლად დაეცა?
- მითხარით, ჩქარა მითხარით: საქმე როგორ იყო? - დაიწყო გოჩამ, რაწამს დაბარებულები დაინახა.
- რაიღა როგორ იყო, - დაიწყო ერთმა მოსულთაგანმა: - ოსი ბეჩირაი და თაფსირუყო წასულიყვნენ მტრებთან, მოსავლელი გზა ეჩვენებინათ და მტერი სანამ თავს არ წამოგვადგა, ვერა გავიგეთ-რა...
მოსაუბრე გაჩერდა და გოჩა კი მთლად სმენად გადაიქცა. მისი გული თრთოდა და თითქოს რაღაცა უსიმოვნებას მოელოდა.
- ცხო? ცხო თუ აღარვინ ყოფილა? - იკითხა გოჩამ ცოტა სიჩუმის შემდეგ და წარბები შეეკრა.
- ბარემდის, რომ იმის მეტი არვინ ყოფილიყო?
- ცხო ვიღაა? - საჩქაროდ იკითხა გოჩამ და თვალები აენთო.
ის ჩააცქერდა მოსაუბრეს, რომელსაც მოღალატის დასახელება თითქოს უჭირდებოდა.
- ვინაა-მეთქი? - მკაცრად გაიმეორა გოჩამ.
- გუგუაი.
- როგორა, როგორ სთქვი? - ზარდაცემულსავით წარმოსთქვა მოხუცმა და ყელმა ხრიალი დაუწყო. გოჩას ეგონა, რომ სმენამ უღალატა.
- გუგუაი! - გაიმეორა მოხევემ.
მეტისმეტად ძნელი გასაგონი იყო გოჩასთვის თავისი მეზობლის დასახელება, იმ მეზობლისა, რომელიც იმის სამწყსოს ეკუთვნოდა და, მაშასადამე, გუგუას ზნეობრივს მიმართულებაში მასაც წილი უნდა სდებოდა.
- უფალო, რაი შეგცოდეთ, რომ მოძმეთ ღალატიც გვაჩვენე! - წარმოსთქვა მოხუცმა და თვალები ზეცას მიაპყრო.
მის გულს მწარედ სდაგავდა ამგვარი შეურაცხყოფა მთელის ერობისა და კარგად ესმოდა, რომ შესაძლებელი იყო ამ მაგალითს ხალხზედ მეტად ცუდი გავლენა ჰქონოდა.
მოხუცი ისევ ჩაფიქრდა, გაჩუმდა და დიდხანს ხმაამოუღებელი იდგა. იმის პირისახე ამ ხანში მთლად მოძრაობდა და ააშკარავებდა, რომ მისი გონება შეუწყვეტლად მუშაობდა და მოაზრებაში იყო.
ბოლოს მოხუცმა გადაისვა შეჭმუხვნილს შუბლზედ ხელი, რამდენჯერმე შეჰხედა გამომცდელის თვალით მოსაუბრეს და პირველად დაეტყო გაუბედაობა. მისი თვალები თითქოს ხვეწნასა და საყვედურს ერთად გამოსთქვამდნენ. მაგრამ რა გასჩენოდა ხევის ბერს, ხევის მმართველს უბრალო მეომართან ან სახვეწარი, ან სასაყვედურო?
გოჩას ერთადერთი შვილი ჰყვანდა, ონისე დაღუპულის სანგალის დამცველთა შორის იყო და ის არსადა სჩანდა... მაშ რა იქნა. რატომ არ ეუბნებოდა რასმე მოსაუბრე უბედურს მამას?.. თუ მოკვდა, რატომ მის გმირულის სიკვდილის ამბით არ ანუგეშებდა მშობლის სევდამოცულს გულს?
ყველა ეს მოხუცს სწრაფად წარმოუდგა გონებაში და მედგრად მიწყვეტ-მოწყვეტა დაუწყო მის გულსა. მოხუცმა ვეღარ მოითმინა და კიდევ წყნარად შეხედა, მოიკრიბა უკანასკნელი ძალა და წარმოსთქვა:
- ონისე რაიღა იქნა, რას მიფრთხილდები?
- ონისე, ბეჩავი!.. კინაღამ გაგიჟდა... ჩვენ რომ არა ვყოფილიყავით, მტერს თავს შეაკლავდა, ღთის მადლმა.
გოჩა ამ მხრით რაოდენადმე დამშვიდდა: იმისი შვილი ცოცხალი იყო და ვაჟკაცად ეჩვენებინა თავი. სხვა რაღა უნდოდა?
- ეხლა სადღაა?
- ეხლა ბატარაი დამშვიდდა და ამხანაგებთანაა! - უპასუხა ისევ იმ მოსაუბრემ და ცოტა სიჩუმის შემდეგ დაუმატა: - ასეთია ბეჩავი, რომ დანა პირს ვერ გაუხსნის.
მოხუცი დაკმაყოფილდა ამ კითხვებით და დამშვიდდა, რაოდენადაც მის მდგომარეობაში დამშვიდება შეიძლებოდა.
- უთხარ, დამნაშავენი დაამწყვდიონ და კარგად თვალყური ადევნონ... ჩვენ კი ღმერთი ვახსენოთ და მტერს მოძმეთ სისხლი მოვთხოვოთ, - წარმოსთქვა გოჩამ და გამოვიდა გარეთ, სადაც ჯარი უკვე მოგროვილიყო და მოუთმენლად ელოდა მტერზედ გალაშქრების წამს.