prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ხევისბერი გოჩა — თავი VI

ალექსანდრე ყაზბეგი · პროზა

– VI –

ვინ იცის, შეყვარებულთ ალერსი სანამდის გაგრძელდებოდა, თუ ერთს მოულოდნელს შემთხვევას არ დაეშალა. ერთს მაყარს მეტად შესცივნოდა და მოეწადინა არაყით გათბობა, ამისათვის შეეყენებინა ცხენი და მარხილს ელოდა, რომელშიაც ტიკჭორები ეწყო.

როდესაც მარხილი გაუსწორდა, დაინახა, რომ ონისეს, რომელიც თითქოს სიცივეს მოჰფარებოდა, თავი ნაბადში ჩაეყო. ამგვარი საქციელი მთის კაცს არ მოეწონა, რადგანაც მამაკაცს სიმხდალე დედაკაცისთვის არ უნდა ეჩვენებინა: ეს, მთიელთ შეხედულობით, სირცხვილიც იყო და დამამცირებელიც, და ამხანაგის საქციელი კი დანარჩენების სახელსაც იმდენად შეეხებოდა, რამდენადაც თითონ მომქმედს.

ამისთვის მაყარმა გადუქნია ონისეს მათრახი და თუმცა შეხუმრებით, მაგრამ საგრძნობლად უთხრა:

- რას სჩადი, გუგრიანო, თუ არ გაიყინე?

ონისე შეჰკრთა და გაჟრჟოლდა. იმან წამოიხედა და ჯერედ კიდევ წარსულის წუთებით დაფანტულს თავისთვის ანგარიში ვერ მიეცა. პირველში ისა გრძნობდა მხოლოდ, რომ მას დაურღვიეს სიტკბოება, დაუშალეს წუთის ბედნიერება. მაგრამ რადა, ვინა? ამაში ანგარიში ვერ მიეცა.

მაგრამ ამგვარს მდგომარეობაში მხოლოდ ერთს წუთს იყო. ონისე ჩქარა გონს მოვიდა და აშკარად დაინახა შეუწყალებელი ჭეშმარიტება, რომელიც უსპობდა არამც თუ ამ წუთის სიამოვნებას, არამედ მომავალს მოსვენებაზედაც კი იმედს აკარგვინებდა, და ცივი ოფლი დაასხა.

წუთის წინ ის იყო შეპყრობილი მხოლოდ ერთის გრძნობით: მას უყვარდა ანგარიშმიუცემლად, ხარკს აძლევდა ამ ძალას; მაშინ ყველაფერი გადაჰვიწყებოდა, ყველაფერი: ხალხიც, მათი მოვალეობაც, დებულებაც, თვით მოაზრებაც და მარტო მთრთოლვარე გულის ფართხალს მისცემოდა, მით უფრო სასიამოვნოს, რომ ამითვე პასუხს აძლევდნენ; - ეხლა კი ის იყო კაცი, რომელიც სჯიდა, ანგარიშს აძლევდა თავის მოქმედებაში და სწონავდა თავის მდგომარეობას.

ონისემ აშკარად დაინახა შეცდომა, აშკარად იგრძნო თავის წადილის აღსრულების შეუძლებლობა და სინანულის ნაპერწკალმა მწვავედ გაჰკრა გონებაში: - „მაშ ტყუილად თრთოდა მისი გული სანეტარო მომავლის მოლოდინით?.. მაშ ტყუილად ენთებოდა და მოუსვენრად ტოკავდა მისი გული? ამაოდ სტყუვდებოდა და ამ გრძნობითვე აღელვებულს ძიძიასაც ტყუილად იწვევდა საალერსოდ?“

ეს კითხვები სწრაფად ებადებოდნენ თავში, სწრაფადვე სცვლიდნენ ერთმანეთს და ერთს გადაწყვეტილებამდე მიდიოდა, ერთი პასუხი შეეფეთებოდა და ყურში მწარედ თითქოს ვიღაცა ჩასწივლებდა: „ტყუილად იკლავ თავს“.

- ბიჭაუ, რაი მოგსვლია, დამთვრალი თუ არა ხარ? - გასწყვიტა სიჩუმე მაყარმა, რომელსაც ონისე გაშტერებით შეჰყურებდა.

- ჰაი, რაი? - წარმოსთქვა ონისემ, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გაჰშორებოდა გულში და გონებაში ჩაჭედილს გრძნობას.

- ავად თუ არა ხარ? რას სჩადი?

- არ ვიცი, ღვთის მადლმა!.. ისე უგუნებოდ რასმე შევიქენ.

მაყარი მიუახლოვდა მარხილს, გადაიზნიქა ცხენიდან და პირდაპირ პირისახეში შეჰხედა ონისეს, რომელმაც თავი იქით მიიბრუნა და გაბრაზებით წარმოსთქვა:

- რას მიყურებ, რაი გინდა ჩემგან?

- არც რაი, - გაიკვირვა მაყარმა და დაუმატა: - მინდოდა მენახა, სიცხე თუ არ გქონდა, გაწითლებული თუ არ იყავი?

- ღამეში რაი უნდა დაინახო, ღთის მადლსა? - იმავე კილოთი უთხრა ონისემ და ცოტა სიჩუმის შემდეგ დაუმატა: - სიცხეცა მაქვს, თავიცა მტკივა და მიბრუვდება.

მაყარმა ისე შეჰხედა, თითქოს არ უჯერებდა, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ თავშეკავებულმა ცხენს მკერდზედ მათრახი-ღა გადაჰკრა, ეტყობოდა მას გონებაში რაღაცა აზრმა გაურბინა, რადგანაც სიცივეც გადავიწყებოდა და არაყიც, რომლის დასალევადაც აქ მოვიდა.

კარგა ხანმა გაიარა საერთო სიჩუმეში, ყველა თავის გულისთქმას ჩაჰბრუნებოდა, თავის საკუთარს აზრებს დაჰკვირვებოდა და რაღაცა უცნაურს დუმილში ჩავარდნილიყო.

ისინი ამ მდგომარეობაში იყვნენ, როდესაც ჰაერში გაისმა მხიარული სიმღერის ხმა და მას მოჰყვა ლექსი:

გაუსვი და გამოუსვი,

ვითომ ჭიანურიაო;

მეზობლის ცოლს ხელს ნუ ახლებ,

ისიც შინაურიაო.

ამ სიტყვებმა მწარედ გაკენწლეს ონისეს გული, რომელსაც სიმღერა თანდათან უახლოვდებოდა, რადგანაც წინ წასული მაყრები შემდგარიყვნენ და მარხილების მოლოდინში ლხინი დაეწყოთ.

გაიარა რამდენიმე წუთმა და გამოჩნდნენ ცხენოსნები, რომელთაც მარხილი მიუახლოვდა.

ყმაწვილი მაყრები ხუმრობდნენ ერთმანეთში, ეხუმრებოდნენ ონისესაც, მაგრამ იძულებულნი იყვნენ თავი დაენებებინათ, რადგანაც პირველად მოსულმა მაყარმა შეატყობინა, რომ ონისე ავად არის და იმათი ხუმრობისა არა სცხელა.

ამისთვის მაყრები დაშოშმინდნენ, მაგრამ მარხილს კი მაინც არა შორდებოდნენ.

მხიარულება ერთბაშად შესწყდა და მის მაგიერ რაღაცა ჭმუნვით სავსე სიჩუმე ჩამოვარდნილიყო; ხვრიში წვნიკი თოვლი განუწყვეტლად მოჰქროდა ქვენა ქარისაგან გამოტაცებული და მთლად ათეთრებდა ნაბდიან მგზავრებს.

ამგვარად მიდიოდნენ გაჩუმებული მაყრები, გულჩახურული და ჩაბნელებული ხელისმომკიდე და მიჰყვანდათ გამოუცდელი ქალი, რომლის გულსაც ნამდვილი სიყვარული პირველად ეგრძნო, მის სიტკბოება ნახევრად გამოეცადა და ის კი არ იცოდა, მისი მომავალი რას შეამთხვევდა.

რამდენიმე წუთი და ხშირს ნისლში გაიბჟუტა შუქმა და შენობების სურათები ბუნდად გამოჩნდა. კიდევ წუთიც და ყველამ შეამჩნია, რომ სოფელს მიახლოვებულან. მარტო ონისე იჯდა გაფითრებული, თავდაღუნული და მწარე ფიქრებისაგან წაღებული ვერაფერს ამჩნევდა.

მაყრებმა იგრძნეს, რომ მაყრიონის ასე ჩუმად მისვლა არ შეჰფეროდა არც იქაურს ჩვეულებას და არც იმათ სიყმაწვილკაცეს და ამიტომ დასჭყივლა ერთმა, გავარდა თოფი და მეორე გაქანდა მახარობლად. ყველა შეინძრა, აღელდა, სიცოცხლე გამოიჩინა. ჰაერში გაისმა სიმღერა და ყიჟინა, მიმავლებს სიცოცხლე დაეტყოთ.

გამოფხიზლდა ონისეც, მაგრამ ის სრულიად განშორებოდა დანარჩენებს, იმისმა გულმა სრულიად სხვა იგრძნო. იმან იცოდა, რომ სოფელში მისვლისთანავე ჰკარგავდა სატრფოს, რომლის გამოუცდელობაც და სირცხვილიც ხალხის ჩვეულების წინააღმდეგ ვერ წაიყვანდა და მასთან ერთად დაჰკარგავდა მოსვენებასაც...

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ალექსანდრე ყაზბეგი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.