– VII –
აგერ შევიდნენ სოფელში, მიუახლოვდნენ საყდარს, რომლის წინაც იდგა ვიღაც წარმოსადეგი მოხუცი, გათეთრებული როგორც თოვლი, და მხიარულად შეჰყურებდა მომავალთ. იმისი კეთილი სახის გამომეტყველება დახაზული იყო რაღაცა გვარის ხაზებით, რომელნიც პირველსავე შეხედვაზედ პატივისცემას გაგრძნობინებდათ და ჭკვიანი თვალები, გულკეთილობის გარეშე, ბრძანებლობით გამოიყურებოდნენ.
გათეთრებული, ლაზათიანის შეხედულებით, მბრძანებელის მიხვრა-მოხვრით და მედიდურის, მტკიცე სახის გამომეტყველებით ელოდა ხევის ბერი გოჩა, მმართველი მამა თავის ხალხისა, ახალგაზდებს. იმას პირველს უნდა დაელოცა მექორწილენი და მშობლიურის ლმობიერებით ესურვა მათი ბედნიერება. ონისემ შეჰხედა თავის მამას, რომლის წინაშეც მთელი ხეობა თავს იხრიდა და რომლის სიტყვაც გადაუბრუნებლად სრულდებოდა, და ფერმა მეტად გადაჰკრა, პირი მომეტებულად გაუშრა.
მარხილი შესდგა, მაგრამ ონისე იქამდის დაფანტულიყო, რომ გადმოსვლაც კი ვეღარ მოეხერხებინა, სანამ მამამ არ დასძახა:
- გადმოხე, რაღას ელი?
ყმაწვილი ბიჭი ჩამოხტა ანგარიშმიუცემლივ, დადგა იქავ და, მკვდარს დამსგავსებული, გაქვავებული შეჰყურებდა ხალხს, რომელიც იმის თვალში ბუზსავით ირეოდა.
პატარძალს მიეხვივნენ დედაკაცები, ჩამოსვეს და გოჩასთან მიიყვანეს, რომელმაც მოიხადა ქუდი, ახსენა ღმერთი და უთხრა:
- გაკურთხოს უფალმა. - ხელი გამოართვა და მაშინვე დაამატა: - ბეჩაუ, მთლად გაყინულხარ... მთლად კანკალებ.
ამ სიტყვებთან ერთად იმან მიაშველა მეორე ხელიც და ქალის ნაზს ხელებს ისე დაუწყო სრესა, თითქოს მათი გათბობა უნდოდა. მერე მოაშორა ერთი ხელი, გაუშვირა იქავ მდგომს გუგუას და საცოლეს ხელი ხელში ჩაუდო.
- უფალმა შეგაერთათ, კაციმც ნუ გაგაშორებსთ! - მტკიცედ წარმოსთქვა მოხუცმა.
ამ სიტყვებზედ ქალი თითქოს უმეტესად გაჟრჟოლდა და ქშენას მოუმატა, ონისე კი წატორტმანდა, მაგრამ იქავ მყოფმა ვიღაცა კაცმა დაიჭირა. ხალხმა დაიძახა „ჯვარული“ და მეფე-დედოფალი საყდარში შევიდნენ, სადაც შემოსილი მღვდელი ელოდათ და გოჩა კი შვილს მიუბრუნდა.
- რაი მოგსვლია? - ჰკითხა იმან და გამომცდელის თვალით დაუწყო ყურება.
- არც რა, - მოკლედ უპასუხა ონისემ და თავი დაღუნა, რადგანაც მამის ცქერისათვის ვერ გაეძლო.
- რაღა არც რა, რომ ადამიანის ფერი აღარ გაძევს და ფეხზედაც ძლივს-ღა სდგეხარ?
- უგუნებოდ რასმე შევიქენ.
- უგუნებოდ? - გააგრძელა მამამ და კიდევ დააკვირდა: - მაშ ქორწილში რაი გინდა? შინ წადი და დაწექ... ხელისმომკიდე სხვა იქნება ვინმე.
ამ ლაპარაკში ჩამოერივნენ გუგუას ნათესაობა, დაუწყეს ონისეს ხვეწნა, რომ ამისთანა დროს თავი არ დაენებებინა და თვისი მეგობარი გუგუა მარტოკა არ დაეგდო, მაგრამ ონისეს გაუხარდა, რომ მისთვის მეტად სატანჯავს სურათს მოჰშორდებოდა და თავის უბედურებას თვალით მაინც აღარ უყურებდა. გაბრუნდა და ლასლასით გასწია თავიანთ სახლისკენ, სადაც ბნელა „საწოლში“ პირქვე დაეგდო.
გოჩა კი შევიდა და ჯვარისწერასთან ერთად უყურებდა პირბადე ჩამოფარებულს ქალს, რომელსაც წამდაუწუმ აჟრჟოლებდა და ხანგამოშვებით ქშენას ძალზედ უმატებდა.
რამდენიმე კაცი, რომელიც გოჩასთან იდგნენ, მიუბრუნდნენ მოხუცს და გულმტკივნეულად ეუბნებოდნენ:
- ბეჩავი, როგორ შესცივნია!..
მაგრამ გოჩა, პასუხის მაგივრად, შუბლზედ ხელს გადაისვამდა და ისეც შეჭმუხვნილს წარბებს მეტად შეიჭმუხვნიდა.
ჯვარისწერა ჩვეულებისამებრ მიდიოდა: ონისეს მაგივრად „ხელისმომკიდედ“ სხვა ვიღაცა ყმაწვილი ბიჭი გამოიყვანეს. ყველაფერი მომზადდა. მღვდელი მივიდა ჯერ კაცთან და ჰკითხა: სურვილით ირთავს ამ ქალსა და ჰსურს ჯვარისწერა, თუ არა? კაცმა გაიღიმა, შერცხვა და თავის დაქნევით თანხმობა გამოაცხადა. მერმე ამავე კითხვით მიუბრუნდა ქალსა, რომელსაც სიცოცხლის ნიშანი მარტო სუნთქვაზედ და მხრების მოძრაობაზედ ეტყობოდა.
ქალმა პასუხის მაგივრად მარტო თავი დაღუნა და მის მაგივრად სხვა დედაკაცებმა, ყოველთვის სხვის მაგიერ მოპასუხეთ, - ყაყანი დაიწყეს.
- ჰაი, ჰაი, რო სურს!.. რაიღა კითხვა უნდა?.. თუ არ სდომოდა, აქ რაღად მოვიდოდა?.. ართმევდნენ ერთმანეთს სიტყვას, მაგრამ ძიძია კი ჩუმად იყო.
- მაშ შენის ნებით იწერ ჯვარსა? - განიმეორა მღვდელმა.
- თავის ნებით იწერს, ჩემო ყველაო, თორემ მოძალადე ვინა ჰყავს! - მოისმა ისევ დედაკაცებისაგან და დაკმაყოფილებული მღვდელი შეუდგა მეშვიდე საიდუმლოს აღსრულებას.