– XVI –
სადაც ეხლა საქართველოდგან ჩრდილოეთისკენ გზა მიდის, სოფ. კობის ქვეიდგან, რაკი სამტვეროს მინდორს ჩამოსცდება, გზა გრკალსავით იხრება და სამმხრივ ჩამოლესილს სიონის კლდეს სარტყელსავით ერტყმება. ზედ კლდის წვერზედ ამაყად ამართულა მაღალი კოშკი, რომელიც მედიდურად და მტრის გულის გასახეთქად სდარაჯობს იმ ხეობას.
ეს ადგილი მბრძანებლობს იქ გასასვლელს ადგილებზედ და მოსავლელი მხოლოდ ნაროვანის უღელტეხილიდგან აქვს. შემკობილი მშვენიერის საძოვრით, წყალითა და ტყითა, ბუნებითვე ძნელს გასატეხს სიმაგრედ შექმნილი, ხევისთვის წარსულს ცხოვრებაში ერთსა და უპირველეს სანუგეშო ადგილად ითვლებოდა. სიონის კლდის თავზედ გადაშლილიყო პატარა მინდორი და ზედ გაეშენებინათ ჭაჭით და ბასრი ქვით აგებული სახლები, რომელნიც ბუნებისგანვე გამაგრებულს ადგილს უფრო მეტად ამაგრებდნენ.
აი ეს ადგილი გახლდათ, სადაც ხევი იკრიბებოდა, რომ წარსულის დროის მტარვალის წადილს წინ გადასდგომოდა და მისი მოსისხლე სურვილი შეემუსრა.
რადგანაც გოჩას ხევის დასაცველად მეტად ბევრი ხალხი სჭირდებოდა, ამისათვის ხევის ბერმა გასცა განკარგულება, ვისაც ხევში იარაღის ტარება შეეძლებოდა, ყველა ბრძოლის ველზედ გამოსულიყო, ხოლო რათა დედაკაცებიც უსაქმოდ არ დარჩენილიყვნენ ამ საერთო საქმეში, ვალად დაედოთ მთებიდგან, სადაც ცხვარი საწველად ედგათ, ჯარისთვის ყველი, ერბო და რძე ეზიდათ. პური კი ყველას თავთავიანთ სახლიდგან უნდა მოსვლოდა.
ამგვარად მოზიდული ხორაგი ყველას თანასწორად ეძლეოდა, თუმცა მიმღებთ შორის ისეთნიც ერივნენ, რომელთაც საკუთარი ცხვარი სულაც არა ჰყვანდათ.
ტყვია საკმარისი ჩამოჰქონდათ ხდიდგან, გვარჯილას ჰკრებავდნენ შიგვე სოფელს სიონში გამოქვაბულს კლდეებში, სადაც თეთრ მარილსავით მიწაზედ ეყარა და გოგირდი კი წინადვე ჰქონდათ დამზადებული. იქვე სწვავდნენ არყის ხესაც და ამგვარად ამზადებდნენ თოფის წამალსა.
მოხევენი ამაგრებდნენ აგრეთვე სიონის წინ მდებარე სამტვეროს ტყესა და საზოგადოდ ისე ემზადებოდნენ, თუ ბედი უკუღმა დაუბრუნდებოდათ, ძვირად დაესვათ თავიანთი დამარცხება.
ერთს ბნელ ღამეს, როდესაც კაცი თვალთან მიტანილს თითსაც კი ვერ გაარჩევდა, სამტვეროს თავში მოისმა წყნარი ხმაურობა რამდენისამე მომავლის კაცისა. ისინი მოუახლოვდნენ იმ ადგილს, სადაც ბილიკი ტყეში შედიოდა. მაგრამ ერთბაშად იძულებულნი იქმნენ შემდგარიყვნენ, რადგანაც გაიგონეს რამდენისამე კაცის ხმა.
- ვინაა? შესდგეს, თუ თავი ებრალება.
ამ სიტყვებთან ერთად მომავალთ იგრძნეს, რომ მათ მკერდებს თოფის ტუჩები შეეხოთ. ისინი შესდგნენ.
- ვინა ხარ? - იკითხა ისევ იმ უცნობმა, რომელიც პირველში გამოელაპარაკა.
- ჩვენა: წმინდი-სამების ყმები, - იყო პასუხი.
- სად მიხვალთ?
- გოჩასთან.
- საიდგან მოდიხართ?
უშიშრად ეპასუხებოდა ერთი მომავალთაგანი, რომელმაც დაუმატა: - ონისე, შენ არა ხარ?
- ჰო, მე ვარ, - უპასუხა ონისემ და პირისახის ახლო მიტანით ჩააკვირდა უცნობს: - აჰუ, ვეღარ გიცან, თოლიკაუ!.. მოხვედ მშვიდობით.
- მშვიდობა მოგცა უფალმა, - უპასუხა ახლადმოსულმა და დაუმატა: - გოჩა სადაა, იმის ნახვა გვესწრაფის.
- იარეთ, - მიუგო პასუხად ონისემ და გაუძღვა წინ.
თოლიკე იყო ერთი იმ შუაკაცთაგანი, რომელიც მთიულებთან იყვნენ გაგზავნილნი და ყოველი მოხევე გულის თრთოლით მოელოდა მათს დაბრუნებას.
რასაკვირველია, ონისესაც გულით უნდოდა შეეტყო, რა პასუხი მისცეს მთიულებმა, მოუხდებოდათ დამოყვრებულ ხალხთან ჩხუბი, თუ მშვიდობიანად მოშორდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო საიდუმლოება არ გამოაშკარავებულიყო, - კითხვას ვერც კი ჰბედავდა.
იმას არც კი შეუმჩნევია, რომ ამ გამოკითხვის სურვილი ჰქონდა და თავის სიმუნჯით ამ საგანზედ ამტკიცებდა, რაოდენად პატივსა სცემდა ხალხის სარგებლობას და რაოდენად ესმოდა სიჩუმის საჭიროება.
შუაკაცებიც ქვასავით გაჩუმებულები მისდევდნენ ონისეს და იმ წუთს რომ ასო-ასოდ დაეჭრათ, მინდობილს პასუხზედ საჭიროებამდე ხმას ვერ გააწყალებინებდნენ. იმათ კარგად ესმოდათ, რადგანაც საუკუნოებით შესჩვეოდნენ, ერთს მომეტებულს სიტყვას ხანდისხან რა ვნების მოტანა შეუძლიან.
ისინი მივიდნენ გოჩასთან, რომელიც მოსულთ დანახვისთანავე ფეხზედ წამოიჭრა, შეიყვანა შუაკაცები საწოლში და დასხა უბრალო ფიცრის ტახტზედ, რომელიც ხევის ბერს სარეცელადა ჰქონდა გაკეთებული.
ონისე, რომელიც იქვე იდგა, ელოდა გოჩას ბრძანებას და მოხუცმაც დიდხანს არ დააგვიანა.
- ბალღო, ამათ მოჰყევ? - ჰკითხა იმან ონისეს.
- ჰაი, ჰაი, - იყო პასუხი.
- კარგი, წადი, მიჰხედე შენს ამხანაგებს. ვინძლოთ, ფრთხილად იყვნთ, - უთხრა გოჩამ და მბრძანებელის კილოთი დაუმატა: - არავინ გამოგეპაროსთ, თორემ თქვენის თოლების მეტი ვეღარა გიხსნით-რა.
- ბეჩაო ჩემო თაო! - ამაყად წამოიძახა ონისემ და მედიდურად დაუმატა: - ქუდები არ გვხურავს?! მშვიდობით. - ოდნავ თავი დაუკრა და გამოვიდა.
- ღმერთმა ხელი მოგიმართოს, - დალოცეს ახლადმოსულებმა და მამამ კი თუმცა ხმა არ გასცა, მაგრამ ისეთის სიყვარულით გაადევნა თვალი, იმდენი სიამოვნება გამოიხატებოდა იმის სახეზედ შვილის პასუხის დროს, რომ ყველა აშკარად დაინახავდა, - მოხუცს მზე და მთვარე ონისეზედ ამოსდიოდა.