prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ხევისბერი გოჩა — თავი XIX

ალექსანდრე ყაზბეგი · პროზა

– XIX –

ნუგზარის მოძრაობა მოხევეთათვის ფარულად არა რჩებოდა, რადგანაც ერთის მხრით ოსებს უთვალთვალებდნენ თავგამოდებული მოხევეები, რომელნიც უშიშრად ხან საიდგან მოექცეოდნენ მტრის ჯარს და ხან საიდგან, დაწვრილებით ტყობილობდნენ მათს მდგომარეობას და ყოველ დღევე ხევის ბერს გოჩას უამბობდნენ; მეორეს მხრით ენის ტანტალს დაჩვეული ოსები საიდუმლოს ვერ ჰფარავდნენ და ყოველ ამბავს სიხარულით თითო კანძ მატყლად ჰყიდდნენ.

ერთს საღამოს მზე ჯერ არ ჩასულიყო, როდესაც გოჩამ შემოიკრიბა თავისი ხალხი და დამწყალობების შემდეგ დაიძახა:

- ხალხო და ჯამაათო! ნუგზარისგან მთიულების გაშორებამ ომი თავიდგან არ აგვაცილა... მათ მაგიერ ნუგზარს ლეკის ჯარი მოსვლია... რაისთვი დაგიმალოთ, ბრძოლა გაცხარებული იქნების ბევრის დედაი ჩაიცვამს შავსა, ბევრი მშობელი გულში ვეღარ ჩაიკრავს თავის ნაშობს... იმად, რომ მტერი ძლიერია და ნუგზარ კი სისხლით გაუმაძღარი... იცოდეთ, სახუმრო საქმე არაა, მაგრამ რამდენადაც ბრძოლა გაცხარდების, რამდენადაც საქმე გაჭირდების, იმდენადაც გამარჯვებას მეტი ფასი ექნების...

რაი ვუყოთ, რომ ერთზედ ათი მოვა?! ასიც რომ მოვიდეს, მაინც გამარჯვება ჩვენი იქნების, იმად რომ ჩვენ ღმერთთანაც და კაცთანაც მართალნი ვართ... ჩვენ გვიცვივიან სახლში, ჩვენ გვიპირობენ აკლებას, ჩვენს დედაკაცებს გაწბილებას და ამგვარი საქმის საწინააღმდეგოდ სიკვდილი, ღვთის მადლმა, სანეტაროც არის!.. ვინა ხართ ბედნიერი, ვის გიცემსთ ქუდოსანთ გული, ვის გერჩით მკლავი?.. ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის!

- დედამც შეურთამს ცოლადა, ვინც კარზე მომდგარს მტერს გამოექცეს, ვინც სიკვდილს შეუშინდეს... მოღალატეს რისხავდეს სამება!

- ო-ომენ! - იყო საერთო გრგვინვასავით პასუხი, რომელიც ახლო მყოფმა მთებმა ბანსავით რამდენჯერმე გაიმეორეს. ხალხი აღელდა და აიშალა, გოჩას თვალებს კი ცრემლი მოერია და გულმა ვეღარ გაუძლო, რომ შურით არ წამოეძახნა:

- ნეტავი თქვენ, რომ ყმაწვილები ხართ, ჯანი და ღონე გერჩისთ. ნეტავი თქვენ, რომ იბრძოლებთ. ნეტავი იმას, ვინც ამგვარს საქმეში მოკვდების, სასუფევლის გზა გაკაფული აქვს.

ამ სიტყვების შემდეგ ყველანი შემოჯგუფდნენ საყდრის გალავნის კედელთან, სადაც საარაყე ქვაბებში საკლავები იხარშებოდა, რათა საერთო პურის ჭამის დროს ერთმანეთს გამოსალმებოდნენ და თავიანთ ადგილებზედ გასულნი თავის მოვალეობას შესდგომოდნენ. ვინ იცის, ხვალ ვისი მზე დაბნელდებოდა, ვისი თვალი დაიხუჭებოდა, ვისი დედა ატირდებოდა მდუღარე ცრემლით.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ალექსანდრე ყაზბეგი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.