prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ხევისბერი გოჩა — თავი XVII

ალექსანდრე ყაზბეგი · პროზა

– XVII –

ვიდრე მოხევენი სამზადისში იყვნენ და თავიანთ ადგილებს ამაგრებდნენ, ნუგზარ ერისთავიც არ იყო გულზედ ხელდაკრებილი და ყოველის ღონისძიებით ცდილობდა თავისი ჯარი გაემრავლებინა, რათა აუარებელის რიცხვით ხევს თავს დასხმოდა და ერთბაშად ძლიერის შეტევით მოემტვრია მოხევეთა სიკერპე.

ის არ კმაყოფილდებოდა ოსების და მთიულების უმრავლესის ჯარით, იმას უნდოდა საქმეში ჩაერია ხანდოსხეველნი, ჭართლელნი და გუდამაყრელნი, რომელთანაც კაცები გაეგზავნა და დღედღეზედ პასუხს მოელოდა. ამათ გარდა ის მოელოდა კიდევ ლეკებს, რომელთა დაპირებაც დიდად აიმედებდა.

ნუგზარ ამგვარს საქმეებში გამოცდილი იყო, კარგად იცნობდა ხევსა. თავს არ აიმედებდა, რომ საქმე სახუმროდ გათავებულიყო, ის ვაჟკაცი და შეუბრალებელი იყო, სისხლის ღვრა მისთვის დროს გასატარებელი მეჯლიში იყო, მაგრამ მას გოჩასი ეფიქრებოდა, რადგანაც ამის მოაზრების და გამოცდილების სახელიც მთელს მთაში გავარდნილი იყო.

ერთს დილით გარიჟრაჟზედ მთიულების ურდოში შევიდა ტანად მოსული და კარგად ჩასხმული ვიღაცა წვერიანი კაცი. იმის ჯაჭვის პერანგი, თვლებით და მძიმედ ოქროთი მოჭედილი ხმალი, ოქროთივე ნაჭედი ჩაჩქანი ამტკიცებდა, რომ ის უბრალო მთიულებს არ ეკუთვნოდა და რომელიმე გამოჩენილი გვარისა უნდა ყოფილიყო.

იმის ტლანქი პირისახის ნაკვთები, სქელი და რაოდენადმე გადმობრუნებული ტუჩები, მსხვილი მოგრძელო ცხვირი, განიერის ნესტოებით და პატარა, ქუთუთოებ შეშუპებული თვალები ამტკიცებდნენ მის შეუბრალებლობას და დაუდგრომელს მხნე ხასიათს.

ხშირი გაერთებული შავი წარბები ნაოჭად შეკრულს შუბლთან ერთად უფრო მომეტებულს სიმკაცრის ბეჭედს ასვამდნენ იმის ისეც უსიამოვნო სახეს და რამდენიმე ხაზი, რომელიც თვალის კილოებიდან სხვადასხვა მხარეს შუქსავით იბნეოდნენ, აშკარად გიჩვენებდნენ, რომ ცხოვრებაში მოთმინების მიმყოლი არ უნდა ყოფილიყო. იმის მისვლასთან ერთად მთიულების ურდო შეინძრა და უფროსი კაცები მისალმებით მიეგებნენ.

ხალხი მისვლის უმალ ქუდს უხდიდა და მდაბლად თავის დაკვრით ეუბნებოდა:

- ბატონს ნუგზარს გაუმარჯოს, ბატონს ნუგზარს ვახლავართ! - და ისიც სიამპარტავნით და მედიდურად ოდნავ თავის მოხრით სალამის ღირსად ძლივსა ჰხდიდა.

ნუგზარ მივიდა იმ ადგილს, სადაც ურდოს შუაგულში ცეცხლის პირას ნაბადი იყო დაგდებული და ზედ მოიკეცა. მთიელთა ჯარის უფროსნი გარს შორი-ახლო შემოეხვივნენ.

- დასხედით, სიტყვა მაქვს, - მოკლედ, მაგრამ ბრძანებელის კილოთი და ბოხის ხმით დაიწყო ნუგზარმა.

მთიულებმა მოიკეცეს ბალახიანს ველზედ და მოთმინებით ელოდნენ, რას ეტყოდა იმ ხანებში ქართლში ნათესავების შემწეობით გამძლავრებული ერისთავი.

- ხალხო! - დაიძახა ნუგზარმა და ხმაში მრისხანება დაეტყო: - გუდამაყრელებსა, ხანდოსხეველებსა და ჭართლელებს უარი შემოუთვლიათ ჩვენს დახმარებაზედ და ვფიცავ ანანურის ღვთისმშობელს, რომ მკაცრად გადავუხდი მაგ უარისთვის, გავუმწარებ სიცოცხლეს და მზეს დავუბნელებ... ვეცდები, რომ მათ სოფლებში იმდენი ყვავილი არ გაწითლებულიყოს, რამდენსაც მათი სისხლით შევღებავ, იმდენი ყორანი არ მოიპოვებოდეს, რამდენსაც შავად შევმოსავ... იმათ მოთავეებს ჩემის ხელით ამოვგლეჯ გულებს, სიამოვნებით გამოვწურავ სისხლს და ჩემი გული მაშინ დამშვიდდება, როდესაც ხელი იგრძნობს მათს უკანასკნელს ფართხალს...

აქ ნუგზარ შესდგა რამოდენსამე წამს. მისი თვალები ბოროტების ცეცხლით აინთნენ და ჩასისხლიანდნენ. მსმენელთ შორის ბევრნი ისეთნი იყვნენ, რომელნიც პირზედ ღიმილით სიკვდილს ათასჯერ პირმომცინარნი შეჰგებებოდნენ და განუწყვეტლივ ბრძოლაში გული კაჟად გადაქცეოდათ, მაგრამ იმათაც კი ვეღარ შეიმაგრეს თავი და ნუგზარის სიტყვებზედ რაღაცა აღშფოთებამ უსიამოვნო ჟრუანტელად გაურბინა სხეულში. ხალხში სრული სიჩუმე იყო, ყველას სული გაენაბა.

- მაგრამ ეგ შემდეგისაა!.. მოხევეებისთვის ჩვენცა ვკმარვართ... მე არ მინდოდა ბევრი ბრძოლა, ვფიქრობდი ერთბაშად გამესრისა ისინი, მაგრამ არა უშავს-რა... ხმლის თითო მოქნევის მაგიერ, ოროლჯერ მოვიქნიოთ და ისევ ის იქნება... ნუღარ ვიგვიანებთ, წავიდეთ დღესვე!

ნუგზარ, რომელიც თანაგრძნობის ყიჟინს მოელოდა, ერთბაშად შესდგა; ხალხში სიჩუმე ოდნავის შერხევითაც არ დარღვეულა. ნუგზარმა შეჰხედა იმათ და სახეს სიბრაზის ალმურმა გადაჰკრა.

- ხალხო, ეს რა ამბავია? - წარმოსთქვა იმან ცუდად დაფარულის თავშემაგრებით.

ამაზედაც სრული სიჩუმე იყო პასუხად. ნუგზარმა ვეღარ მოითმინა და მრისხანედ წამოიძახა:

- აქაც ღალატია, თუ შიში?!. ლაჩარო დიაცებო... ვინ გაჰბედავს ჩემს წინ უარს?!. ვინ არ გამომყვება? - ნუგზარ დადგა განზედ და კრებას ისეთ რიგად დაუწყო ყურება, თითქოს თვალებით შეჭმას უპირობდა.

მთიულთა მოთავეთ შორის გამოვიდა ერთი და პირდაპირ ნუგზარს დაუდგა.

- მე, შენი კვნესა-მე!.. მე არ გამოგყვები.

ამ სიტყვებზედ ნუგზარმა თოფის წამალსავით იფეთქა, გაივლო ხმალს ხელი, მაგრამ თავი ისევ შეიკავა.

- შენა?.. შენ ამბობ მაგას?.. მაგრამ მართალი ხარ... შენი კაცობა ვის გაუგონია, შენი საქმე მანდილოსნებთან ყოფნაა... წადი შინ, მოუჯექ დედაკაცებს, ბრძოლის ველზედ შენ რა ხელი გაქვს?.. შენს მაგიერ შენი ჯარი მოთავედ სხვას ამოარჩევს და, უეჭველია, ის შენზედ გულადი იქნება.

მთიული, რომელიც მოთმინებით ელოდა ნუგზარის სიტყვების გათავებას, ერთბაშად გაიმართა წელში და მხოლოდ ხმის მცირედს კანკალზედ შეატყობდით, რომ საწყენი სიტყვები გულამდის ჩასწდომოდა.

- ჩვენი თავი, ნუგზარაუ, მეფემ შენ ჩაგაბარა... შენი სახელი დღეს მეფის სახელია და იცი, რომ იმის სახელი გიფარავს, მთიული ქართველთ მეფის წინ ხელს ვერ გასძრავს... რად მლანძღავ?.. ჩვენგან არც ერთი არ წამოვა, არც ვინ არ მოგექომაგება... რაი გვაქვს გასაყოფი მოხევეებთან?.. არა, ხალხო? - მიუბრუნდა მთიული დანარჩენებს.

- მართალია, მართალი, ლომისის მადლმა! - გრგვინვასავით გაირბინა ხალხის ხმამ. ამის ნახვაზედ ნუგზარი რაოდენადმე შეჰკრთა და აირია, რადგანაც ამგვარად საქმის დატრიალებას არ მოელოდა, მაგრამ, როგორც გამოცდილმა კაცმა, თავი მალე შეიკავა და უფრო დაწყნარებით ჰკითხა:

- მაშ სიტყვა რად მომეცით, რადა მპირდებოდით?

- შენ გვითხარ, რომ პირ-იქითელს ოსეთზედ უნდა გავილაშქროთო, გვითხარ, რომ ჩვენს მეფეს ეწინააღმდეგებიანო, მოგვატყუე, რომ მოხევეებს ოსების მხარე უჭირავსთო და იმად წამოგყევით.

- მართალი არის... მოხევეებს ოსების მხარე უჭირავსთ, უნდა გადავახდევინოთ.

- ტყუილია. ტყუილი! - ერთხმად იგრიალა ხალხმა.

ნუგზარ სიბრაზით ტუჩებს იკვნეტავდა და გულით უნდოდა შეეტყო, ვინ შეატყობინა მთიულებს ეს ამბავი.

- ვინ გითხრათ, რომ ტყუილია? - ერთბაშად წამოიძახა ნუგზარმა, რომელიც იმედობდა, რომ მოღალატის სახელს გაიგონებდა.

- თავად გვითხრეს, თავად! - მოისმა რამდენისამე კაცის ხმა.

- და თქვენც დაუჯერეთ?! ჰა, ჰა, ჰა, ჰა! - ბოროტად გაიხარხარა ნუგზარმა.

- რად არ უნდა დაგვეჯერებინა?

- იმიტომ, რომ თქვენი შეშინებიათ და უნდათ თავიდგან მოგიშორონ.

- ტყუილია, ტყუილი! - განიმეორა ხალხმა საერთოდ.

ნუგზარ მთლად გალურჯდა სიბრაზისაგან, რადგანაც ამგვარ პასუხს ის დაჩვეული არ იყო. იმ წუთში იმას რომ შესძლებოდა, იქავ ყველას გასრესდა, გაანადგურებდა, მტვრად აქცევდა და ქვეყანაზედ გაჰფანტავდა, მაგრამ ისეთს მდგომარეობაში იყო, რომ ნებაუნებლიედ თავი უნდა შეეკავებინა.

- მაშ იმათი სიტყვა გჯერათ? - იკითხა ნუგზარმა.

- გვჯერა, ლომისის მადლმა! - მისცა რამდენმამე კაცმა პასუხი: - გვჯერა იმად, რომ მოხევის კაცები იყვნენ, შემოგვფიცეს და ჭდე დასდეს... ჭდეს საით ეღალატების, არა, ხალხო?

- არ ეღალატების, არა!.. წავიდეთ, დავბრუნდეთ შინა! - ყვიროდნენ მთიულები, რომელნიც აიშალნენ, აირივნენ და თავიანთ ბინას ხელი წამოავლეს.

კარგა ხანს გრძელდებოდა ჟღავილ-ჟღუილი და ჩოჩქოლი, რომელიც მხოლოდ მაშინ შესწყდა, როდესაც მთიულები პირველს ბეგობას გადაეფარნენ. დაცარიელებულს მინდორზედ მარტო ერთი კაცი-ღა დარჩა. იმისი დაღვრემილი სახე ღრმა ფიქრს წაეღო და მთლად გაფითრებულიყო.

კარგა ხანმა გაიარა, რომ ეს კაცი ასე გაქვავებული იდგა, თითქოს განძრევის თავიც აღარა ჰქონდა. მერე ერთბაშად აიქნია თავი, დააღრჭიალა კბილები და მუქარით წამოიძახა: - თქვენი ფეხი დამკარით, თუ დღევანდელი დღისთვის არ გადაგიხადოთ!

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ალექსანდრე ყაზბეგი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.