prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ხევისბერი გოჩა — თავი XXIV

ალექსანდრე ყაზბეგი · პროზა

– XXIV –

ისინი მიდიოდნენ ჯგუფად, გაჩუმებულნი, დახოცილნი. პირისახე ზაფრანად გარდაჰქცეოდათ, ტუჩები მოჰკუმოდათ და თვალები ცეცხლებსავით ანთებოდათ.

მეტისმეტად ძნელი იყო მათი მდგომარეობა, რადგანაც მტერთან შებრძოლებაც კი ვერ მოესწროთ და ისე უნდა დამორჩილებულიყვნენ, ან დიაცებრ გამოქცეულიყვნენ, ან არა და ცხვრებსავით კისერი მიეშვირათ, რომ სისხლით გაუმაძღარის ნუგზარის ჯარს შეუბრალებლად ხანჯალი, ან ხმალი გამოესვა.

ბრძოლას გულით მოწადინებულებს, თითო სროლაც კი ვერ მოეხერხებინათ, ისე დაეცნენ თავზედ და ვინ იცის რამდენი სალექსე ქებაშესასხმელი ბიჭი, მეზობელთ იმედი, ამხანაგებისთვის თავმოსაწონი, უცდელად გაფუჭებულიყო.

ვინც გადარჩნენ, ან იმათ რაღა მოელოდათ? სათემოდ მოყივნება, რადგანაც მთაში გაუფრთხილებლობით საქმის წახდენა მასხარად ასაგდებია, დამარცხება კი - უბედურება!.. პირველ შემთხვევაში ყველასგან ზიზღი, დამცირება მოელის, მეორეში კი - სიბრალული და თანაგრძნობა.

მიმავალნი მოხევენი იქამდის დაეხოცა თავიანთ უბედურებას, რომ თავიანთ თავს იმის ანგარიშსაც ვეღარ აძლევდნენ, თუ როგორ მოეპარა მათ ნუგზარის ჯარი ისე, რომ მოძრაობა ვერც კი გაეგოთ.

იმათ მხოლოდ ერთი დასამშვიდებელი ის-ღა ჰქონდათ, რომ სამი კაცი შეკრული მიჰყვანდათ და მათის აზრით ესენი იყვნენ ოსების და ლეკების გზის მაჩვენებლები. ამათ შემოეპარებინათ იმათი ჯარი და მოხევეთათვის გარს შემოერტყათ.

ამ დაჭერილთ შორის იყო ორი ოსი, რომელნიც თავიანთ ხალხს ადრიდგანვე გამოჰქცეოდნენ და ხევს შემოჰხიზნებოდნენ, ამათგან გაცემა და ჯაშუშობა შესაძლებელი იყო, მაგრამ მესამე დაჭერილი უხეთქავდა მათ გულსა. ის იყო მოხევე და მისი საქციელი მთელს ხევს ჩირქად ეცხებოდა.

დაღონებული, დასუსტებული და სულიერად დაცემული ონისე მისდევდა ამ ხალხს და თვალი ვერავისთვის გაესწორებინა.

- ონისე, შენც დაგიჭირეს? - ერთბაშად გაიგონა იმან, შეჰკრთა, მიიხედა და გაშტერდა.

იმის თვალწინ იდგა გაფითრებული და აღელვებული გუგუა, რომელიც მთლად კანკალებდა.

- გუგუა! - ბოლოს ძლივს მოახერხა ონისემ და ანიშნა შეკრულს ხელებზედ: - რაი მოგსვლია, რაისთვი შეუკვრიხართ?

- ღალატს მაბრალებენ, - ყრუდ წარმოსთქვა იმან და მეტის სიბრაზით გადააფურთხა.

ონისე ამ კაცს კარგად იცნობდა, გამოცდილი ჰყვანდა და დარწმუნებული იყო, რომ მისგან ამხანაგების ღალატი შეუძლებელი იყო. ამის გარედ, ამ უბედურობის შემთხვევის წინედ, გუგუა ძიძიასთან ერთადა ნახა, თავის ყურებით გაიგონა მათი ლაპარაკი და დაინახა, რომ სრულიად სხვა აზრით გასწია მოხევეთა ბინისაკენ. გუგუას ონისეს სიკვდილი უნდოდა, ონისე იყო მისი მტერი, მისდამი აღვსებოდა გული მძულვარებით.

„მაგრამ, იქნება“... - ერთბაშად გაურბინა ონისეს თავში: „ამ კაცს ჩემი მტრობა ედო გულში, მაგ ჯარის მშვიდობიანობა მე მქონდა მონდობილი და შურისძიების გრძნობამ მოღალატედ გახადა?“ - ონისეს წარბები შეეჭმუხნა და უსიამოვნო გრძნობა კბილების ღრჭიალზე დაეტყო.

- რაისთვი არას მეუბნები? - დაიწყო ისევ გუგუამ.

- რაი-ღა გითხრა?

- მაშ არა გაქვს-რა სათქმელი? - მწარედ წარმოსთქვა გუგუამ და დაუმატა: - იყოს, მეც გავჩუმდები... უფალს მადლობა უთხარ, რომ თავს ვეღარსაით ვიმართლებ. თორემ, ღთის მადლმა, მზეს დიდხანს არ გაცქერინებდი... ეხლა დღე შენია. შენი ყვავილი გაიშალა, შენი მზე გაბრწყინდა... ალბათ უფალს ეგრე უნდა და დეე გაბრწყინდეს... სიკვდილს არ ვნანობ, მაგრამ ვაი ამითი, რომ ყველასთვის მოძმეთ მოღალატე დავრჩები.

ამ სიტყვების შემდეგ გუგუამ ჩაჰკიდა თავი, თითქოს მძიმე ტვირთი დააწვა კისერზედ, მწარედ ამოიხვნეშა: „ოჰ-ჰ!“ და განშორდა ონისეს; ონისეს გულს კი ერთი წვეთი ნაღველი-ღა აკლდა, რომ გავსებულიყო და გუგუამ დამატებით ჩაუწვეთა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ალექსანდრე ყაზბეგი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.