prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ხევისბერი გოჩა — თავი V

ალექსანდრე ყაზბეგი · პროზა

– V –

ღამე იყო ცივი და ნისლიანი, თუმცა თოვლის გამო საკმაოდ განათებული. ხანგამოშვებით ქვენა ქარი ზუზუნით უბერავდა და წვრილი, მაგრამ ხვრიში თოვლი მიმავლებს პირისახეს უწკეპლავდა.

პატარა ბიჭი, მთლად ტყავში, ნაბადში და ყაბალახში გახვეული, ცხენს მიერეკებოდა, რადგანაც თოვლს გზა ჩაეჩუმქრა და ცხენს სიარული უძნელდებოდა და გასავლელი გზა კი ჯერ ბევრი ჰქონდათ.

მაყრიონი, გახურებული ჯირითობით და წარსულის ქეიფით, მარხილს კარგად დაჰშორებოდა და ხან ცხენების ერთმანეთზედ მიგდებით, ხან ერთისაგან მეორის ქუდის გატაცებით და გადაგდებით, მესამისაგან კიდევ გაჭენებულის ცხენიდგან გადაზნექით და ისე აღებით კიდეცა თბებოდნენ და დროსაც ატარებდნენ.

ონისე იჯდა მარხილზედ, გადაეგდო თავიდგან ყაბალახი, გადაეწია ქუდი და გახურებული შუბლი და სახე გამყინავის ქარისთვის მიეშვირა.

წმინდა ჰაერმა, თუ ხანის გამოვლამ იმას თითქოს მოაზრების საშუალება მისცა და მხოლოდ ეხლა დააკვირდა თავის მდგომარეობას. მხოლოდ ეხლა იგრძნო პირველად გაღვიძებულის გრძნობის სიტკბოება და მასთან ის მტანჯავი მდგომარეობა, რომელიც ვალად სდებდა გვერდით მყოფს სატრფოს სრულიად სხვა გვარად მოჰქცეოდა.

იმას მიექცია პირი ქარისა და თოვლისაკენ, რომელთაც აღარაფერი უშლიდა და სხაპა-სხუპით სცემდა პირისახეში; ის მათგან მოელოდა რაოდენადმე შეღავათსა და დამშვიდებას.

იმას ეგონა, რომ შუბლის გაგრილებისთანავე სისხლიც დაუმშვიდდებოდა და ავარდნილი გული თავისავე დონეში ჩავარდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ფიქრი ატყუებდა და დაღონებული ხედავდა, რომ მის გულში აღმოუფხვრელად ჩასახულიყო ძიძიას სახე და წყნარად, ფრთხილად და სიამოვნებით არხევდა; არხევდა იმ სიფრთხილით და მზრუნველობით, როგორც მშობელი თავის პირმშოს, როგორც ყაჭის პარკს ნაზი ნიავი, რომელსაც ძვირფასის ქმნილების აღორძინება ბუნებისგანვე ჰქონდა მინდობილი.

ონისემ სიტყვა მისცა თავის თავს, რომ ქალისკენ არ მოეხედნა, არ დალაპარაკებოდა მას, რადგანაც იცოდა, რა საშიში განსაცდელი იყო მისთვის ამგვარი საქციელი.

იმას არამც თუ მიხედვისა და დალაპარაკებისა ეშინოდა, არამედ განძრევას, მომეტებულს ამოქშენასაც კი ვერა ჰბედავდა, რათა რომელიმე მოულოდნელობით არ შეეწყვიტა ის ხასიათი, რომელზედაც თავშეკავება ეკიდება.

ძიძიაც იჯდა გაჩუმებული, თავდახრილი და ხმას არ იღებდა. ვინ იცის, იმის გულში რა მოძრაობდა, მისი აზრები რაგვარს ტალღებს ააგორებდა, საითკენ და რა ძალით მიაქროლებდა, ან რომელს საგანს ჩასცივებოდა. რა სურათი წარმოსდგომოდა თვალწინ და გაწამებული ზედ დაჰკდომოდა.

მაყურებლისათვის მისი გული ამ წამში იყო ბნელი უფსკრული, სადაც კაცი ვერაფერს გაარჩევდა, საიდანაც ვერას ამოიკითხავდა, და მისი გულის მოძრაობის შეტყობის მსურველი პასუხისმიუცემლად, იმედგადაწყვეტილი უკანვე უნდა დაბრუნებულიყო.

ძიძია იჯდა გამოქარგულს თხელს ახალუხში და ზეიდგან წამოგდებული ჰქონდა შალი, რომელიც ავდრისა და ქარისაგან საკმაოდ ვერ იფარავდა. ის თანდათან თოშდებოდა, მაგრამ ხმას მაინც არ იღებდა, თუმცა სიცივე ძვალსა და რბილში გასჯდომოდა და მეტად აწუხებდა.

იმის „ხელისმომკიდეს“ ეს შემთხვევა თავში არც კი მოჰსვლია, იქამდის გართულრყო თავის საკუთარის მდგომარეობით. იმას ცოტა ფიქრი არ უნდოდა, რადგანაც ნათესავობამ სათემოდ ძიძიას მომავალი მის სინიდისს და მზრუნველობას ჩააბარა. ამ ქალის სახელი და პატივი, ქმრის წინაშე დაცვაც კი მისი მოვალეობა გამხდარიყო, ხოლო მთიელთ შეხედულობით, „ანაბარი მგელმაც კი იცის“. და ამ დროს, როდესაც თითონ მას შესდგომოდა მაცდურად გრძნობა, ჩასვლოდა სულის საძირკვლამდის და ძვალსა და ტვინს უწოვდა, შეუბრალებლად უღრღნიდა, ონისეს ამისთანა ძნელად შესასრულებელს მოვალეობასა სდებდნენ.

ქარმა, ავდარმა და სიცივემ თავისი იმოქმედეს: ქალმა ვეღარ გასძლო და გაჟრჟოლებულს ცახცახი დააწყებინა. მის პირველსავე მოძრაობაზედ ონისე გველის ნაკბენსავით შეჰკრთა და თავისავე უნებურად კისერი ქალისკენ მიეღრიჯა. იმან დაინახა თხელს ტანისამოსში ქალი და გული მოუკვდა. ძიძია, იმის ღმერთაი, სალოცავი, სიწმინდე ამ გაჭირვებაში იყო და იმას არც კი მოჰგონებოდა იმაზედ ზრუნვა!

ერთი თავის მიბრუნება, ერთი შეხედვა, ოდნათი მიკარება საკმარისი იყო, რომ თოფის წამალსავით ეფეთქა და მთელს სხეულს ცეცხლი მოსდებიყო.

- ქალაუ, მოგიკვდა ჩემი თავი!.. მთლად გათოშილხარ და მე კი არც კი მომაგონდი!.. - წარმოსთქვა ონისემ და ხმა ისე აუკანკალდა, რომ მღელვარება დაეტყო.

- არა მიშავს-რა, შენაი ჭირაიმე - წარმოსთქვა ქალმა ნაზის და, ვინ იცის, რა მიზეზის გამო ცრემლმორეულის ხმით.

- ბეჩაუ, არა მიშავს-რა რაია?.. შენ რომ ავად გახდე, მე რაიღა მეშველების? - ამ სიტყვებით ონისემ აიწია ნაბადის კალთა, წამოახურა ძიძიას, რომელსაც სველი შალი მოხსნა და იქვე მარხილში ჩააგდო. მერმე მაგრა მოიჭუჭკა ნაბადი და ნაზს წელზედ ხელმოხვეული ქალი მკერდზედ მიიკრა.

ამ ქალის მიკარებასთან ერთად ონისეს გული მეტისმეტად გათრთოლდა, შეიკუმშა და შესდგა, გათრთოლდა კიდევ, კიდევ და ერთბაშად აძაგძაგებულმა გზა მისცა გამოქანებულ ადუღებულ სისხლს, რომელიც მწვავედ და სანეტარო აღმაშფოთებლად მთელს სხეულში დაიმქრა, რომელმაც სხეულის ყოველს ძარღვში დაჰკრა.

ძიძიაც გაჩუმებული, გაწამებული და გაყუჩებული, თითქოს ამ კაცის მდგომარეობას შაეშინებინა, დაემონებინა, თუ გაეგებინებინა მისი გაჭირება, არ ეწინააღმდეგებოდა ონისესა. ამ კაცს დაეკარგნა მოაზრება, დაჰვიწყებოდა თავისი თავი, თავის მოვალეობა და თანდათან უფრო და უფრო ჰხვევდა ხელს, უფრო და უფრო იკრავდა გულში და ყოველ მოძრაობაზედ გონებასა ჰკარგავდა.

ის შაეპყრო მხოლოდ ერთს გრძნობას, რომელიც ტკბილად ჩასჩურჩულებდა, რომ ის ბედნიერია, რომ ამ ბედნიერებას ქვეყანაზედ არა შეედრება-რა. რაღა საქმე ჰქონდა ან ხალხთან, ან ქვეყანასთან, სადღა ეცალა მათზედ საფიქრებლად. ონისეს თავი წყნარ-წყნარად იხრებოდა, და უახლოვდებოდა ძიძიას სახეს, რომელსაც ძალზედ სწვავდა კაცის გახურებული ქშენა. ის თანდათან უახლოვდებოდა და ჩასჩურჩულებდა წარმოუდგენელის სიტკბოებით, იმ სიტკბოებით, რომლითაც მართლა წრფელის გულით შეყვარებულს შეუძლიან, როგორც შეყვარებულს კაცს, რომელსაც მრავალსიტყვიერება გადაჰვიწყებია.

- გცივა, კიდევა გცივა... ჩემო ყველავ!.. - მოკლედ და ნაწყვეტ-ნაწყვეტად ამბობდა ონისე, მაგრამ ამ ორიოდ სიტყვაში ხმას იმდენი მიხრა-მოხრა ჰქონდა, ისეთის ჰარმონიით იმკობოდა, რომ აშკარად შენიშნავდით აღგზნებულს საკირეს, მის გულში ანთებულს, გამხეცებულს სიყვარულს, მის მბრძანებლად გამხდარს.

ძიძია, კურდღელსავით განაბული, კაცს მიჰკრობოდა მკერდზედ და მისი ნორჩი გული შიშგარეულის სიხარულის ფართხალით უპასუხებდა ქალის მდგომარეობას. აქამდისა ჰფარავდა თავშეკავება, ამ წუთებამდის ძალა კიდევ შესწევდა გრძნობა დაეფარა. მაგრამ ეხლა, როდესაც ონისეს თავი თანდათან იხრებოდა, როდესაც იმის სახე თანდათან უახლოვდებოდა ძიძიას სახეს, უკანასკნელი ჰგრძნობდა კაცის გახურებულს ქშენას, ძიძიას გაუწყდა ხასიათზედ ჩამოკიდებული მოთმინება, თვითონაც მოუთმენლად ამოიქშინა და მადლიერი თვალები მისკენ მიაქცია.

შეპყრობილთ ერთის გრძნობით, აღგზნებულთ ერთ რიგის წადილით, რაღაცა უხილავი ძალა ერთმანეთისკენ იზიდავდა. წუთიც და სიტკბოებით დამთვრალთ-დაბნედილთ ტუჩები მათსავე გაუგებრად ერთმანეთს ჩაეწებნენ.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ალექსანდრე ყაზბეგი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.