prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ხევისბერი გოჩა — თავი XIV

ალექსანდრე ყაზბეგი · პროზა

– XIV –

სამების ტაძარი სდგას ყინვარწვერიდგან თავქვე მინდვრად წამოსულს ქედის ბოლოზედ, სადაც პატარა გორას მრგვლად და მოხდენილად თავი აუმართავს და თერგის მხარეს კი ერთბაშად მძიმე დაღმართად დაშვებულა სოფელ გერგეტამდის. აშენებული თლილის ქვით, საკმაოდ დიდი ტაძარი, სამრეკლო და საბჭო, რომლისთვისაც ჯერ ბუნებას შემოუვლია მაგარი კლდის კედელი და მერე ზოგიერთს ადგილებში კაცის ხელს კიდევ უფრო შეუმაგრებია, ამაყსა და სასიამოვნო სურათს წარმოადგენს.

ამ ადგილს ახლო-მახლოდ არა აქვს სათალი ქვა, რომლითაც ტაძარი აშენებული არის, წყალიც საკმაო სიშორეზედ ქვევით ხევში ჩამოუდის. გზად მხოლოდ ერთი პატარა ხვეული ბილიკი შესდევს, რომელზედაც ქვევითი კაციც კი გაჭირვებით ადის. ასე რომ პირველსავე შეხედვაზედ კაცი განცვიფრებაში მოდის და ნებაუნებლივ თავის თავს ეკითხება: საიდგან მოუტანიათ ამ ჩინებულის შენობისთვის მასალა, ან რითი მოუზიდნიათ?

საკმაოა ამ შენობის ნახვა, რომ კაცმა გაიგოს, რა შეუძლიან ხალხის შეერთებულს ძალას და მათს ამაღლებულს სულიერს მდგომარეობას. ტაძრის კედელში მხოლოდ ერთს ადგილს ჩატანებულია მარმარილოს ქვა, რომელზედაც ქარსა და ნიაღვარს ჯერ ვერ მოუსწვრია სრულიად ამოეშალა ზედ წაწერა და მწიგნობარს კიდევ შეუძლიან გაარჩიოს სიტყვები „...ხარი ლომა... მწყემსი თევდორე...“ - ეს ორი სახელია, რომელთაც, უეჭველია, დიდი ღვაწლი მიუძღოდათ ამ ხევის წარსულის დიდების აშენებაზედ.

მიმავალი ხალხი შეეფინა მთის გვერდოზედ და სწორედ იმ დროს, როდესაც ხალხი შეგროვდა მინდორზედ, ტაძრის გალავნიდგან ჯერ წვერი ამოჰყო დროშის ჯვარმა და მერე მთლად დროშაც გამოჩნდა, რომელიც გაშლილიყო და წყნარად ფრიალებდა. წუთზედ მთელი ხალხი მუხლებზედ დაეცა და მიწასთან გაერთებით თაყვანი სცა სახალხო წმინდანს.

კედელზედ გადმოჩნდა ქუდმოხდილი კაცი, გძელის გაშლილის თეთრის თმით და წვერით. ხამის უმტვერო თეთრი პერანგი, რომელზედაც უბრალო თოკი ქამრად შემოეჭირა, რაღაცა საოცნებოდ მოგაჩვენებდათ მოხუცს. გაბრწყინვებული, მაგრამ დამყარებული მოხუცის სახე, ზრუნვითა და მჭმუნვარებით სავსე, ყველას გულს იგებდა და მისვე უნებურად იმორჩილებდა.

ხალხს მოჰშორდა სასოფლო დროშები, რომელნიც ტაძრის გალავანში შეიტანეს თეთრჩოხა მედროშეებმა და რამდენსამე წუთს შემდეგ დროშის თავს გარს შემოახვიეს. ყველა გაჩუმდა, დაწყნარდა. ჰაერმაც კი იგრძნო, რომ უნდა დამშვიდებულიყო, თავი მოეხარა ამ სახალხო ყრილობის წინაშე, რომელსაც დღეს უნდა გადაეწყვიტა ხევის ბედი.

მოხუცმა შეანძრია დროშა და ამ საერთო სიჩუმეში გაისმა პატარა ზარების წკრიალი, რომელმაც შეაკრთო მუხლმოყრილი ხალხი და ძარღვებში ჟრუანტელსავით გაურბინა.

- ამწყალობებენ, ამწყალობებენ! გოჩა ამწყალობებს! - ჩურჩულმა ხალხში ნიავსავით გაირბინა და შესწყდა.

გოჩამ კიდევ შეანძრია დროშა, კიდევ გააწკრიალა ზარები და პირჯვრის გადაწერით მოჰყვა წყნარად, ტკბილად და დინჯად ხალხის დალოცვას. საერთოდ ხალხის დალოცვის შემდეგ დაიწყო იმათი დამწყალობება, ვისაც სათემოდ თავი გამოეჩინა და შრომა და ჯაფა არ დაეშურებინა თავის ხალხის კეთილდღეობისთვის. დაამწყალობა ისინი, ვინც მტრის განსადევნად მდევარში პირველი გასულიყო, დაამწყალობა ის ვაჟკაცნი, რომელნიც იარაღს გამართულს, ინახავდნენ და გაათავა უფლის ვედრებით, რომ მას ხევზედ ხელი არ აეღო და ყოფილიყო მისი მფარველი ყოველს გაჭირვებაში მრავალჟამიერ.

დამწყალობების დროს გოჩას ყოველს შესვენებაზედ ხალხში გრგვინვასავით გაირბენდა: „ამინ შენს მადლსა“. ამ ხმას მთები მისცემდნენ ბანსა და ათასგვარად შეცვლილ ხმად ჰაერში დაფანტავდნენ.

როდესაც გოჩამ დალოცვა გაათავა, ხალხს გამოუცხადა ნუგზარ ერისთავის სურვილი.

აქამდის მშვიდად და წყნარად მყოფი ხალხი ერთბაშად შეინძრა. ერთბაშად აღელდა და უკმაყოფილების გამო კარგახანს ბორგავდა.

- გაჩუმდით! - რამდენჯერმე გაიმეორა ხმა-მაღლად გოჩამ და, კარგა ხანს შემდეგ, დაიწყო.

- ღმერთი დიდია და გულუხვი!.. თავის გაჩენილს კიდეც დაარჩენს... ჩვენც არ დაგვკარგავს... რაი უნდა ჩვენგან ნუგზარას, რაისთვი გვეჭრება ოჯახობაში?.. ჩვენც ვიცნობთ ქართველთა მეფეს და დღემც გაშავებია იმ მოხევეს, უკუღმართადამც მოჰქცევია იმ ქართველის დედას წუთი, რომელმაც მეფის გაჭირვებაში შვილი შეიბრალოს, ხალხისთვის სახლიც, ნაშობიც არა გასწიროს!..

ვემსახურებით ჩვენთა მოძმეთა და აგრეც უნდა იყოს. მაშ ძმა რაისია, თუ გაჭირვების დღესაც ძმას არ მიეშველების?.. მაგრამ ნუგზარაი კი თავს იგდებს და, დღეს გაძლიერებულს, გაუმაძღარი თვალი ჩვენკენ მოუქცევია, ორი მეზობელი ერთურთს უნდა წაჰკიდოს, მოხევე და მთიულნი ერთურთს შეახოცოს და თავად კი გაბატონდეს... რას იტყვით, ჯამაათნო!.. ნუგზართან ბრძოლა ადვილი არაა, მთიულთაც ძმობა დავიწყებიათ და ჩვენზედ გამოლაშქრებას აპირობენ... დავმორჩილდეთ?

დამშვიდებული ხალხი ისევ შეირყა და აღელდა; გრგვინვასავით გუგუნი ხალხისა გაერთებულიყო და ჰაერს მხოლოდ ერთი მედგარი სიტყვა არყევდა.

- არა, არა, არა! - განუწყვეტლად ისმოდა ხალხში.

ერთბაშად მინდორზედ ხალხის წინ ერთი ყმაწვილი ბიჭი გამოვიდა, რომელმაც ხელით ხალხს გაჩუმება ანიშნა და დაიწყო:

- გოჩაუ! რაისთვი გვეკითხები მაგას!.. ხევმა ძმობა იცის და, ღთის მადლმა, მოკეთედ მყოფს მეზობლისთვის ჩვენგანი ყველა თავს გადასდებს... მოკვდეს ის კაცი, ვინც მოძმეს ვერ გაიტანს, შერცხვეს ის ქუდოსანი, ვინც მეზობელს ღალატად შეადგების!.. მაგრამ ის მოხევეც დაიმარხოს, ვინც ყმად გახდომა ისურვოს!..

ნუგზარაი ცხოგან გახელებულა და ჰგონია ჩვენი დამორჩილებაც ადვილ იქნების. მთიულთაც დავიწყებიათ ჩვენი კაცობა და პურმარილი: ჩვენზედ მოდიან... ერთხელ დაბადებულებს ერთხელ გვინდის სიკვდილი... გავწყდეთ, ხალხო, და ცხო ხალხს კი ნუ ვიბატონებთ!

- გავწყდეთ, გავწყდეთ, - იყო ამ სიტყვების საერთო პასუხი.

მოლაპარაკეს მიუახლოვდა ვიღაცა მოხუცი, დაეყრდო ჯოხზედ და მიუბრუნდა:

- ონისევ! ღთის მადლმა, კარგი მამის შვილი ხარ და თავადაც კარგი ვაჟობა გეტყობის... ჰაი, ჰაი, რომ ვაჟკაცს შერცხვენილს სიცოცხლეს სიკვდილი ურჩევნიან, გაწბილებას - ცოცხლივ მიწაში ჩამარხვა... რაიც სთქვი, ღთის მადლმა, კარგადა სთქვი და აგრეც უნდა ყოფილიყო!.. მაგრამ მთიულნი ჩვენი ძმები არიან, იმათ მაცდურად შესდგომია ნუგზარაი, ჯერ ვეცადნეთ მათთან მორიგებას და ოსებისა კი რაი მორიდება გვინდა.

ამ სიტყვებზედ ხალხი ორ დასად გაიყო. ერთი ითხოვდა პირდაპირ შებმას განურჩევლად, ვინც უნდა ყოფილიყო მოწინააღმდეგე, მეორეს კი მოძმედ შეცდომისთვის მორიგების უცდელად შებმა არ უნდოდა.

ხალხი კარგა ხანს მღელვარებდა და არავითარს გადაწყვეტილებას არ ადგებოდა.

გაისმა ისევ ზარების წკრიალი, რომელმაც ხალხში ისევ სიჩუმე ჩამოაგდო.

- ხალხო! - დაიწყო გოჩამ, - გვიანობისა აღრაა, მტერი კარს მოგვდგომია, გამოვიდნენ თემის თავები... მტერსა და მოყვარესა ყველას დახვედრა უნდა... თემის კაცი! - დაიძახა იმან.

ამ სიტყვების შემდეგ ხალხიდგან გამოვიდნენ ჯგუფ-ჯგუფად ამორჩეულები და გასწიეს წმინდის სამების საბჭოში, სადაც ხევის ბერის გოჩას თაოსნობით, ხევის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ალექსანდრე ყაზბეგი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.