prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ხევისბერი გოჩა — თავი XV

ალექსანდრე ყაზბეგი · პროზა

– XV –

მოთავეთ დიდხანს ლაპარაკი არ დასჭირდათ, რადგანაც ყველას წინადვე ან სიკვდილი, ან თავისუფლება ჰქონდათ გადაწყვეტილი. იქნენ ამორჩეულნი ჯარის მოთავენი, ბელადნი, ქამანდარნი და შუაკაცნი, რომელნიც მთიულებთან მოსალაპარაკებლად უნდა გაეგზავნათ.

ყველაზედ უფროსობა და განკარგულების მიცემა კი უფლებისამებრ გოჩამ მიიღო თავის თავზედ.

ამ ჩვეულებრივი მოლაპარაკებისა და გადაწყვეტილების შემდეგ, რომელშიაც ხალხის სურვილი და წადილი გამოითქმოდა, გოჩამ შუაკაცები მთიულეთს გაამგზავრა და ყრილობა კი დაითხოვა, რათა სამის დღის განმავლობაში მომზადებულიყვნენ, მოწყობილიყვნენ და ქუდზედ კაცი სიონის მინდორზედ გამოსულიყო, რადგანაც მტერს ამ ადგილებში უპირებდნენ გზის შეკვრას.

ხალხი დაიშალა და წავიდ-წამოვიდა, გოჩასა და სოფლის მედროშეთა გარდა, რომელთაც უკანასკნელად უნდა ელოცათ და ხევის კეთილდღეობა შეევედრებინათ ღვთისთვის.

მომავალ ხალხში, სხვათა შორის, ონისეც ერია და ძალზედ გამალებული მოდიოდა თავის სოფლისკენ, სადაც დიდიხნის უნახავს ძიძიასთან შეხვედრის ნეტარება მოელოდა.

ტოლ-სწორნი, რომელნიც ონისეს გარს შემოჰხვეოდნენ, არ უსვენებდნენ თუშებისა და ფშავლების ამბის გამოკითხვით. მაგრამ ონისე მხოლოდ ერთს საგონებელს წაეღო და ამისთვის უსიამოვნოდ და მოკლედ უპასუხებდა.

ისინი ჩამოვიდნენ იმ ადგილს, სადაც ხევის ქალი და რძალი სამების ქედს მოსდებიყო: შავხილსა, ხახამასა და ქუბსა ჰკრებდა.

- უყურე-ღა, ონისევ! ქალები ცხორსავით არ მოსდებიან ამ ველსა. - უთხრა ონისეს ვიღაცა მოხევემ და გაიშვირა ქალებისკენ ხელი. ონისემ მხოლოდ იმისთვის მიიხედა იქით, რომ თავიდგან მოეშორებინა თავისმომძულებელი მოსაუბრე, რომელიც უშლიდა თავის ფიქრებს დაჰკვირვებოდა და მთლად გულის მოძრაობას ჩაჰბრუნებოდა. მაგრამ, რაწამს მიიხედა, რაწამს თვალი გადაავლო იქაურობას, გული როგორღაც შეუთამაშდა, რამდენჯერმე გაიბრძოლა და შესდგა. ონისე შეჩერდა, გაფითრდა და შუბლზედ ხელი გადისვა.

- რა მოგივიდა? - ჰკითხა ამხანაგმა, რომელმაც პირისახეზედ ცვლილება შეატყო.

- არც რაი, არც რაი... - საჩქაროდ უპასუხა ონისემ და ბოლოს დაუმატა: - ჭაჭმა ბანდული გაგლიჯა და ფეხიც გამიჭრა.

ამ სიტყვებით კოჭლობით მივიდა ქვასთან, ჩამოჯდა და ფეხსაცმელის ხდა დაიწყო.

- მაი, მე გაგხდი, - მიუახლოვდა პირველი მოსაუბრე.

- არა მინდა-რა, შენაი ჭირაიმე, არა!.. მე თავად გავიხდი. - უპასუხა ონისემ, რომელმაც აღარ იცოდა, რა საშუალება ეხმარა, რომ მარტო დარჩენილიყო.

- ბეჩაო ჩემო თაო, - დაიწყო ისევ უცნობმა: - რას მეხათრები, ბალღი ხომ არა ხარ? მაი, - გაგხადო! - გაიშვირა ხელები.

- არ მინდა, მე თავადაც გავიხდი, - ვეღარ მოითმინა ონისემ და შეუტია, მაგრამ ჩქარა ისევ თავი შეიკავა და დამშვიდებით უთხრა:

- აგერ მზე გადიწვერა, ნუღარა გვიანობ... მე დაღალული ვარ პატარას დავისვენებ.

მეორე მოხევემ შეჰხედა, აღარა უთხრა-რა, ჩამოიფხატა თვალებზედ ქუდი და გასწია.

ონისე კი ღორღიანებში გადავიდა და იქ ისე მიიმალა, რომ ჩამომვლელებს ვერ შეემჩნიათ, თუმცა თითონ იმათაც ჰხედავდა და მოხილე ქალებსაც, რომელთ შორის ძიძიაც იყო, უთვალთვალებდა...

სამებაში მყოფი ხალხი მალე ჩამოიკრიბა, რადგანაც ყველა შინ მიეშურებოდა, რომ დანიშნულ დროსთვის მომზადება მოესწრო და ზოზინობისთვის ამხანაგების სასაყვედურო არ გამხდარიყო.

ონისე იჯდა თავის საფარში და გულის ძგერით გასცქეროდა ქალებს, სადაც ხილსა ჰკრებდნენ და თავისუფლად ერთმანეთს ელექსებოდნენ.

მარტო ძიძია განმარტოებულიყო ამ საერთო მხიარულებას და ცალკე გასული, ფერწასული და დაღონებული თავაუღებლივ ხილსა ჰკრებდა.

შორიდგან რომ შეგეხედნათ ქალებისთვის, მაშინათვე იფიქრებდით, რომ ძიძია იმათ თაბუნს არ ეკუთვნოდა, იმათთან საერთო არა ჰქონდა-რა და არც არაფერი აკავშირებდა მათთან. ონისე გულამღვრეული გონებადაფანტვით შესცქეროდა მოხევის გოგოს და ჰგრძნობდა, რომ მისი ფიქრების მიზეზი ის იყო; უნდოდა დაეძახნა: აქა ვარ, აქ მოდი, მე ვარ შენი ტოლი, მხოლოდ მე შემიძლიან შენი გახარება, მაგრამ სიტყვა პირში უწყდებოდა, რადგანაც ძიძიას ამხანაგებისთვის არ უნდოდა შეეტყობინებინა არც თავისი სიახლოვე და არც გულის პასუხი. ის ერიდებოდა ძიძიას სახელის გატეხას, მოყივნებას ქვეყანაში.

ქალები თანდათან უახლოვდებოდნენ იმ ადგილს, სადაც ონისე იყო დამალული, და მათს მოახლოვებაზედ კი მოხევეს ცახცახი ეკიდებოდა. ისა ჰგრძნობდა, რომ ძიძიას მოახლოვებასთან ერთად რაღაც ძალა ემატება, რომელიც თანდათან მაგრადა ჰკრავს და ჰბოჭავს მოხევის გულს, თანდათან მეტის სიმძლავრით და მედგრად იზიდავს თავისკენ.

ერთბაშად ქალები გაბრუნდნენ სრულიად სხვა მხრისკენ და ონისემ კი სიხარულით კინაღამ შეჰკივლა, რადგანაც დაინახა, რომ ძიძია დანარჩენს ამხანაგებს გამოშორდა და პირდაპირ მოხევესკენ წამოვიდა.

ონისეს ქშენამ იქამდის მოუმატა, რომ გულმა ძალზედ დაგადუგი დაუწყო და განუწყვეტლივ სულსა სტაცებდა.

ძიძია გამოვიდა ღორღებზედ, დასდგა კალათა და ჩამოჯდა იქვე მოჩუხჩუხე წყაროსთან, რომელსაც მიაპყრო სევდიანი თვალები და დაფიქრდა.

ონისე მიიბრძოდა ქალისკენ, მაგრამ რაღაცა გრძნობა ძალას ართმევდა და გაუბედაობაში აგდებდა. ხანდახან იმ მდგომარეობამდისაც კი მიდიოდა, რომ პირმოკუმულს სუნთქვაც კი ვეღარ გაებედა, რათა ჰაერის მცირედის მოძრაობითაც არის მისთვის მყუდროება არ დაერღვია და ნაზი ქმნილება არ დაეკრთო.

ძიძიამ ერთბაშად ამოიოხრა, მოერია თვალებზედ ცრემლები და წყნარის ზუზუნით მღერა დაიწყო. მერე მარგალიტსავით გადმოეკიდა გრძელსა და შავს წამწამებზედ ცრემლი; იმას მოჰყვა მეორე და ქალმა წყნარად ტირილი დაიწყო.

ონისემ სატანჯავს ვეღარ გაუძლო და ჩუმად მიუახლოვდა.

- ქალაუ, რაი გატირებს? - ნიავსავით ჩუმის ხმით ჩასჩურჩულა ონისემ, მაგრამ ეს ხმა იქამდის ძლიერად ეჩვენა ძიძიას, რომ მხოლოდ შემოხედვა მოასწრო და გაშეშდა. ძიძია იჯდა გაქვავებულსავით, შესცქეროდა ონისეს და მხოლოდ ტუჩების მოძრაობა უმტკიცებდა, რომ რიღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ მოეხერხებინა.

- მითხარ, ქალაუ, მითხარ... - დაიწყო ისევ ონისემ და ძიძიას წინ ჩაიჩოქა: - რაისთვი მერიდები, განა შენი ხელისმომკიდე არა ვარ?

ძიძია შეინძრა, მის ლოყებს სიცოცხლის ნიშანი დაეტყო, ელფერი შეუთამაშდა, თვალებმა ბრწყინვა დაუწყეს და გაოცებულს ტუჩებზედ სიხარულის ღიმილი დაეტყო. ძიძია კარგა ხანს იყო იმ მდგომარეობაში, როდესაც კაცს გაოცება ნებას არ აძლევს თავისი გრძნობა გამოირკვიოს. ბოლოს წინ გამოიშვირა ხელები და წყნარად, მაგრამ გარკვევით, წარმოსთქვა:

- ონისე!.. საით მოხვედი?

ონისე თანდათან უახლოვდებოდა ქალსა, რადგანაც ნახევრად მიწოლილი ხელებზედ დაყრდომილიყო და ხელები კი ცახცახით თანდათან ქალს უახლოვდებოდნენ. მოხევე შესცქეროდა ძიძიას აღგზნებულის თვალებით და აშკარად სჩანდა, რომ ამდენი ხნის განშორებას მის გულში ტრფიალების ცეცხლი არამც თუ ვერ გაექრო, არამედ უფრო გაეძლიერებინა და მისი გული სატრფოსთან შეყრის სურვილს უფრო გაეკაპასებინა.

მის მეცადინეობას ამაოდ ჩაევლო, რადგანაც მხოლოდ ერთი შეხვედრა ძიძიასთან, ერთი თვალის მოკვრა საკმარისი იყო, რომ ყოველისფერი ხელახლად გადაევიწყებინა და აკანკალებულის ხმით და მთრთოლვარე ტუჩებით მარტო ამ ქალის სახელი შერჩენოდა, თითქოს მისთვის ქვეყანაზედ ამის მეტი სიტყვა აღარ მოიძებნებოდა...

- ძიძიაუ, ძიძიაუ!.. - იმეორებდა ის მეათასედ და ხმა ისეთგვარად ტრიალებდა, ისეთგვარად გამოისმოდა, რომ მართლადაც თავის გრძნობის გამოსათქმელად უკეთესს ვეღარას მოიგონებდა.

ეს სახელი ონისესთვის მეტად ძვირფასი იყო, რომ მისი თანაბარი სხვა სიტყვა კიდევ რამ ჰქონოდა, ან ისეთის ძალით წარმოთქმა შესძლებოდა. აშკარა იყო, რომ ძიძიაცა გრძნობდა ამ სიტყვებს, რადგანაც გაკვირვება თანდათან შორდებოდა; მისი ნაზი სხეული ონისესკენ იხრებოდა და კეკლუცი სახე, რომელიც თანდათან მეტად ენთებოდა, მოხევეს უახლოვდებოდა.

გაიარა წუთმაც და ორი დაბნედილი ქმნილება, ერთმანეთის სუნთქვისაც კი ერთმანეთში გადამნერგავნი, მიუახლოვდა და გაშმაგებული შესცქეროდა ერთმანეთს. სწორედ ამ დროს ცელქმა და მოუსვენარმა ნიავმა დაჰქროლა და ძიძიას მოგლიჯა თავშალი. ხშირი და გრუზი შავი დალალები გადმოსცვივდნენ და ონისეს სახეს ციგლიგი დაუწყეს. ეს-ღა აკლდა, რომ ორთავეს უკანასკნელი ძალაც მიხდოდათ და მათი ტუჩები წუთზედ შეწებებულიყვნენ...

ვინ იცის, სადამდის გაგრძელდებოდა, სადამდის გასტანდა მათი ტრფიალი, თუ მოახლოვებული ქალების ხმაურობას შეყვარებულნი თავდავიწყებიდამ არ გამოეყვანა.

ძიძიას მოაგონდა თავისი მოვალეობა, რომელიც ხალხის რწმუნებით ხელისმომკიდეს ანათესავებდა, და ამ ფიქრმა გასჭვალა. წარბები შეეკრა, სახე დაეპრანჭა და მეტისმეტმა ტკივილმა, რომელიც გულსა და ღვიძლში უვლიდა, გააფითრა. ქალმა ხელისკვრით მოიშორა ონისე და ფეხზედ წამოიჭრა, გაბრუნდა და უკან მოუხედავად გაემართა ამხანაგებისკენ. ონისე კი იმავ ადგილს დარჩა გაწამებული და დაღონებული, რადგანაც ჯერ კიდევ ვერ გაეგო, რა მიზეზი იყო ძიძიას ისე წასვლა.

ძიძია შეუერთდა ქალებს, რომელთაც ჩამოიარეს ღორღიანი ადგილი და ონისე კი გულის ძგერით უცქეროდა თავის სანატრელს, რომელსაც ქორწინების შემდეგ ტუჩებზედ პირველად გადაჰშლოდა ვარდი, თვალებში გაჰბრწყინვებოდა სიამოვნების ნაპერწკალი და ჯეირანსავით ყელმოღერებული კოხტად მიგოგავდა.

ონისე უყურებდა გულის ძგერით. ნებაუნებლივ გუნებაში კითხვა ებადებოდა: „ასე თავი რად დაანება, რატომ არა უთხრა-რა, ან კიდევ შეჰხვდებოდა როდისმე მასთან ალერსი?“

ქალები გასცდნენ და ონისეც წამოდგა ზეზედ. ის გაიზმორა. მედიდურად მიიხედ-მოიხედა და რაღაცა ძალა იგრძნო, რომელსაც თავის თავს დღემდის ვერ ამჩნევდა. ძიძიას უყვარდა - ქვეყანა თავისი ეგონა!..

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ალექსანდრე ყაზბეგი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.